loading...

«

»

აპრ 22

მამა თეოდორე


ლოცვა ღმერთთან საუბარია. როცა ლოცვის სიხარულს ვიგრძნობთ, ვიგრძნობთ სულიერ დღესასწაულსაც.

– მამა თეოდორე, რას ნიშნავს ლოცვა და რა დანიშნულება აქვს მას მართლმადიდებელი ადამიანის ცხოვრებაში? ხშირად მორწმუნე ადამიანებს ეუბნებიან, ლოცვაში როგორ ხარჯავ დროსო.

– როცა ასეთი კითხვა ისმება – კაცო, საქმე უნდა აკეთო, მარტო ლოცვა გიშველის? ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გაცნობიერებული არა აქვთ ადამიანური ცხოვრების საზრისი და მიზანი. როდესაც რაიმე კითხვას ვსვამთ, ან კონკრეტულ მოვლენას ვაწყდებით, პასუხი იმ გადასახედიდან უნდა გავცეთ, თუ რა არის ჩვენი მიზანი. თუ ადამიანის მიზანი, რაც შეიძლება ბევრი საჭმლის ჭამა და ხორციელი სიამოვნების მიღებაა, ამგვარი ცნობიერების მქონე პიროვნებისთვის, რაც უნდა ბევრი ლოცვა ისწავლოს, რასაკვირველია, ლოცვის არსი საერთოდ გაუგებარი იქნება. მაგრამ თუ ადამიანი მიხვდება, რომ მისი ცხოვრების მიზანი და საზრისი არის მარადისობა, ღმერთთან მარადიულ ურთიერთობაში ყოფნა, მაშინ უკვე ყველაფერი თავის ადგილას დგება. რისთვის შეიქმნა ადამიანი? ღმრთის ხატად შეიქმნა. იგი არის არსება, რომელსაც დინამიკური განვითარების უფლება აქვს, უნდა გახდეს მსგავსი უფლისა. იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს ღმრთის მსგავსი, მას უფალთან ურთიერთობა სჭირდება, რომელიც არის წყარო სიცოცხლისა და მისი ადამიანობისა. ეს ურთიერთობა იწოდება ლოცვად.

– თქვენი საუბრიდან გამომდინარე, იკვეთება აზრი, რომ ადამიანი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მიწიერი ცხოვრების საზრისი, აუცილებლად უნდა ლოცულობდეს.

– აღვნიშნეთ, რომ ადამიანის ცხოვრების მიზანი ღმერთია. მაგრამ ეს მხოლოდ თეორიად დარჩება, თუ ღმერთი არ განვიცადეთ. უფალი ეხება ადამიანს და უპირველეს ყოვლისა, ეს გულში ხდება. ლოცვის გარეშე კი პიროვნება ამას ვერასდროს იგრძნობს. ლოცვა არის, ადამიანის მხრიდან, ღმრთისკენ მიმართული აქტიური ქმედება, ენერგია, შემოქმედებითი ნაბიჯი, რის გარეშეც ადამიანი ღმერთს ვერ იგრძნობს. ანუ ლოცვის გარეშე პიროვნება უფალს ვერ იგრძნობს და თუ ადამიანმა ღმერთი ვერ იგრძნო, მაშინ მისი რელიგიური ცხოვრება არაფრის მომცემი, ნულის ტოლი იქნება. ლოცვა იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება გვქონდეს და შევიგრძნოთ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე მთელი ჩვენი შინაგანი არსებით.

– თუმცა, ქრისტიანთა ცხოვრებაში ხშირია ლოცვის შემთხვევები, როდესაც შემოქმედის მიმართ ის განცდა, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, არ არის. როგორ უნდა მივაღწიოთ ისეთ ლოცვით მდგომარეობას, რომ უფალი ნამდვილად შევიგრძნოთ?

– შეიძლება, ქრისტიანმა 10–20 წელი, ყოველდღიურად იკითხოს ლოცვები, მაგრამ ვერ მიხვდეს, რას კითხულობს, თუ არ ჩაუღრმავდება წაკითხულის შინაარსს. როდესაც ადამიანი რელიგიურ ცხოვრებას იწყებს, პირველ რიგში, უნდა ჩაიხედოს ლოცვანის წიგნში და ნახოს შიგ რა წერია, შინაარსი გაიგოს, ინტელექტუალურად შეამოწმოს და მერე დასვას კითხვები, რატომ უნდა მიმართოს უფალს ამგვარად? ეს რაში სჭირდება? თუ კითხვები პასუხგაუცემელი ექნება, მოძღვართან უნდა მივიდეს, რომელიც მას აუხსნის თითოეულ სიტყვას, რასაც ის ღმერთს სთხოვს, რა მნიშვნელობა აქვს. ეკლესიას, ლოცვის ორიათასწლოვანი გამოცდილება აქვს და თუ ადამიანი დაეთანხმება ამ გამოცდილებას, შემდეგ ის დაიწყებს სისტემატურ ლოცვას. აუცილებელია, ლოცვის გააზრებული, გონებით კითხვა. ადამიანმა უნდა იცოდეს რას ევედრება უფალს. ამის გაცნობიერება პირველი ეტაპია. შემდეგი ეტაპი – ლოცვის თითოეულ სიტყვას გრძნობის გამოძახილი უნდა მოჰყვეს, გულიდან უნდა ამოვიდეს. ანუ როცა მე ღმერთს ვადიდებ, უნდა მიხაროდეს, როცა რაიმეს ვთხოვ, მის საჭიროებას უნდა გრძნობდე და როდესაც, ვთქვათ, ღმრთისადმი ვისწრაფვი, მე მისდამი სიყვარულს უნდა ვგრძნობდე. ამავე დროს, როცა უფლის სიდიადეზე ვსაუბრობ, გარკვეული შიშის განცდაც უნდა მქონდეს მისი სიდიადის გამო. ანუ ლოცვით, ადამიანში გრძნობა უნდა გაცოცხლდეს. ე.ი. მნიშვნელოვანია, ლოცვის შინაარსის გონებით გააზრება, გრძნობის გაცოცხლება. შენი ლოცვა ღმერთმა გაიგოს, ის ჯერ შენ უნდა გესმოდეს ინტელექტუალურად, ცნობიერად, სიღრმისეულად, გულისხმიერად, გრძნობისმიერად. მე ღმერთს ვადიდებ ლოცვაში, რადგან მიხარია ის, რომ ღმერთი არსებობს. ასევე, მიხარია, რომ ვარსებობ მე და ეს სიხარულიც კვლავ უფლის დიდებაში გამოიხატება.

– არის შემთხვევები, როდესაც ლოცვა გვეზარება, ან არ გვაქვს საიმისო განწყობა, გულითადად ვილოცოთ. თუკი უგულო ლოცვას უფალი არ ისმენს, ღირს კი თავი ვაიძულოთ ლოცვისთვის?

– უფალი პირდაპირ გვასწავლის, რომ სასუფეველი ცისა, ჩვენთვის, საკუთარ თავზე იძულებით გაიღება. თუ არ აიძულებ საკუთარ გულს, ნებასა და ხორცსაც კი, რომ ღმრთის წინაშე დადგეს და უფალი ეძებოს, ჩვენს ბუნებას ღმერთთან ყოფნა თითქმის არასოდეს მოუნდება. როდესაც ლოცვის სურვილი მიჩნდება, ეს ღმრთის მადლის ზემოქმედების ნიშანია, მაგრამ თუ ეს სურვილი არ მაქვს, ე.ი. ღმრთის მადლი ჩემგან განშორებულია და უფალი ჩემგან, საკუთარ თავთან ბრძოლისა და ღმრთის ძიების აქტიურ ქმედებას ელოდება. ამიტომ აუცილებელად უნდა ილოცოს ადამიანმა მაშინაც, როცა მას ეს არ სურს. ზოგჯერ, შეიძლება, ავადმყოფურად გაუჭირდეს ადამიანს ლოცვის წაკითხვა. იმიტომ, რომ იქვე ეშმაკი დგას, თორემ იმის ჩარაკრაკებას რა უნდა. უნდა მიხვდე რატომ გიჭირს.

– გარდა იმისა, რომ უგულო ლოცვას უფალი არ ისმენს, ის ადამიანს ცოდვათაც ერაცხება?

ცოდვად ითვლება, როცა ადამიანი ლოცვაში უგულობას ეგუება. არღვევს მცნებას, უფლის სახელს ამაოდ იხსენებს. ეს სასიკვდილო ცოდვების რანგში გადის.

– რა სახის ლოცვები არსებობს?

-არსებობს ლოცვა, როდესაც უფალს რაიმე სათხოვარს ვევედრებით. არსებობს ლოცვა, როდესაც ვმადლობთ ღმერთს, ანუ მადლიერების ნიშნად ვკითხულობთ მას. დაბალი სახის მადლიერებაა, როცა სათხოვარის შესრულების შემდეგ ვმადლობთ. მაღალი სახის მადლიერებაა, როცა არ აქვს მნიშვნელობა რამე შემისრულა თუ არა, უბრალოდ, მიხარია, რომ არსებობს ღმერთი, ვარსებობ მე და ამის გამო ვმადლობ შემოქმედს. და მესამე – სადიდებელი, როცა ჩემი ცხოვრების არსი და მიზანი ღმერთია. მას ვადიდებ, მეტი არაფერი მინდა. ეს უმაღლესი სახის ლოცვაა, რომელიც ყოველდღიურ ლოცვებშიც ვლინდება, როდესაც ვამბობთ, დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა! ხანდახან ადამიანები უგულოდ ჩაარაკრაკებენ ხოლმე ამ სიტყვებს, არადა, ამ სიტყვებში უნდა გამოვლინდეს ჩვენი ქრისტიანობისა და ადამიანობის სიდიადე.

– რომელ ლოცვას ურჩევდით მრევლს?

– ზოგს იესოს ლოცვა უყვარს, ზოგიერთს – “ღმრთისმშობელო ქალწულო”, “მამაო ჩვენო”, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, ჩვენი გული, როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის განიცდიდეს ღმრთისკენ სწარფვას, სწყუროდეს ქრისტე. ჩვენი ჩასუნთქვა–ამოსუნთქვა, გულის ძგერა, მუდამ დაკავშირებული იყოს უფალთან, ჩვენთვის მომკვდარ იესო ქრისტესთან. თავმდაბლობა ქრისტეს მცნებების აღსრულების გზით მოდის. ამავე დროს, გვჭირდება მადლი, რომელიც გვეძლევა ეკლესიაში, განსაკუთრებით უმაღლეს საიდუმლოებაში, ევქარისტიაში.

წყარო: too.ge