loading...

«

»

მაი 08

რევოლუციური ტექნოლოგია შიდაწვის ძრავებისთვის

პროფესორ პეტერ ჰოფბაუერის სახელი რაიმეს გეუბნებათ? ალბათ მხოლოდ იმას, რომ მას პროფესორის წოდება აქვს, მაგრამ არა იმას, რომ ოცი წელი (1966-1986 წ.წ) ”ფოლკსვაგენში” იმუშავა, სადაც ”სახალხო ავტომობილებისა” და ”აუდის” მოდელებისთვის დიზელის ძრავებს ქმნიდა. დღეს ჰოფბაუერს საკუთარი კომპანია – ”ეკომოტორსი” აქვს და ალბათ სახელიდანაც მიხვდებით, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების შემუშავებითაა დაკავებული. ჰოდა, ამ კომპანიამ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ამცნო, რომ შემუშავებული აქვს შიდაწვის ძრავების ახალი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც, კომპაქტური ავტომობილი 100 მილის (დაახლოებით 160 კილომეტრის) გავლას ერთი გალონი (3.78 ლიტრი) საწვავით შესძლებს. ჰოფბაუერის ახალი ძრავი ჩვეულებრივი შიდაწვის ძრავების პრინციპით მუშაობს, რომელსაც გაცილებით რთული მრუმხარა მექანიზმის კონსტრუქცია აქვს. სამაგიეროდ, მას აღარ სჭირდება ცილინდრების თავსახური (თავისი გაზგამანაწილებელი რთული მექანიზმით) და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად გაზრდილი ხვედრითი სიმძლავრით გამოირჩევა. საერთოდ, ხვედრითი სიმძლავრე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ისეთებზე, როგორებიცაა: წონა, ზომა, გამოყენებული მასალები, საწვავის ეფექტურობა, ხახუნი, სითბოს გაცვლა (ბოლო ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია). ამ ფაქტორებიდან რომელიმეს გაუმჯობესება ხვედრითი სიმძლავრის გაზრდას იწვევს. ჰოფბაუერმა კი თავის ძრავში ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი გააუმჯობესა. მის მიერ წარმოდგენილი ოპოზიტურ-დგუშიანი და ოპოზიტურ-ცილინდრიანი ძრავი (OPOC – opposed-piston opposed-cylinder) ჩვეულებრივ (შესაბამისი ლიტრაჟის) ტურბოდიზელის ძრავებზე 30%-ით მსუბუქი, მეოთხედით კომპაქტური და ორჯერ ეკონომიურია. რა თქმა უნდა, ასეთი შესანიშნავი მახასიათებლები, სკეპტიკოსებს ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროფესორი თავისი ძრავის მუშაობის პრინციპს განმარტავს, ყველაფერი ადვილად გასაგები ხდება. ექსპერიმენტული ძრავი ორცილინდრიანია. ცილინდრები ერთმანეთის საპირისპიროდაა (ოპოზიტური განლაგება) განლაგებული. თითო ცილინდრში კი ერთის ნაცვლად, წყვილი დგუში მუშაობს, რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდებიან. ძრავში საწვავი ნარევის აფეთქება მუხლა ლილვის ყოველ სრულ შემობრუნებაზე ხდება. ცილინდრში დგუშები ერთმნეთის საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდება და შუა სივრცეში არსებულ არეში წვის კამერას წარმოქმნის, რომელიც თანდათან იკუმშება და საწვავ ნარევსაც ასაფეთქებლად ამზადებს. და როცა დგუშები ზედა მკვდარ წერტილებს უახლოვდებიან, მათ შორის ნაპერწკალი წარმოიქმნება, რაც შეკუმშულ საწვავ ნარევს აფეთქებს. ასეთ ძრავს ბევრი დადებითი თვისება აქვს. ჯერ ერთი, არ სჭირდება ცილინდრების თავი და მასში მოთავსებული გაზგამანაწილებელი მექანიზმი. შესაბამისად, მცირდება წონა და ხახუნის წინააღმდეგობა (ძრავს არ აქვს გამანაწილებელი ლილვი და სარქველები). ორი დგუშის და მათი მრუდმხარა-ბარბაცა მექანიზმის წყალობით, მუხლა ლილვი უკეთაა დაბალანსებული და მას ნაკლები საპირწონე ბალასტი სჭირდება (ესეც დაზოგილი წონა). იმის გამო, რომ დგუშები ერთმანეთის საპირისპიროდ გადაადგილდებიან, მათი სვლის სიგძრეც შემცირებულია. მოკლესვლიანი მრუდმხარა კი ძრავის ბრუნთა რიცხვის გაზრდის ფაქტორია. რა თქმა უნდა, ორი დგუშის მუშაობა ხახუნის ძალას ზრდის, მაგრამ ამას გამანაწილებელი ლილვის და სარქვლების არარსებობა აბალანსებს. რა თქმა უნდა, ჰოფბაუერის ძრავს უარყოფითი თვისებებიც აქვს, თუმცა არა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ აქ ჩამოთვლილი რომელიმე დადებითი ეფექტი დააკნინოს. ექსპერიმენტული ძრავის დახასიათებას კი მისი შესაძლებლობები აგვირგვინებს. 2.5-ლიტრიანი აგრეგატი 325 ცხენის ძალასა და 900 ნიუტონმეტრს (!) ავითარებს. ამასთან, მაბრუნი მომენტის მაქსიმალური მნიშვნელობა უკვე 2100 ბრ/წთ-ზე მიიღწევა. ჯერჯერობით, ჰოფბაუერი თავისი რევოლუციური ძრავის შესახებ, ამაზე მეტ ინფრმაციას არ ავრცელებს. ამ ეტაპზე, არც ისაა ცნობილი, თუ როდის აპირებს თავისი გამოგონების მასობრივ წარმოებაში დანერგვას. სამაგიეროდ, მის კომპანიას გამოცხადებული აქვს, რომ ამ ტექნოლოგიით შექმნილ ძრავს ხუთადგილიან ავტომობილზე გამოიყენებს, რომლის წარმოებაც მერმის უნდა დაიწყოს. სწორედ ამ ავტომობილმა უნდა შეძლოს 100 მილის ერთი გალონი საწვავით გავლა…