loading...

«

»

ოქტ 28

დედამიწის ღერძის გადახრა


სტატიის სანახავად შედით სრულიადში

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამიწის ღერძი 8 სანტიმეტრით გადაიხარა, ეს თემა საყოველთაო შეშფოთებისა და განხილვის საგნად იქცა. ინტერნეტსაიტებზე აღარაფერს ვიტყვით, იქ ლამის უკვე აპოკალიფსია გამოცხადებული, აფთიაქში შემთხვევით ერთი ახალგაზრდა ქალის ლაპარაკი მოვისმინე, ნაცნობს სრული სერიოზულობით ეუბნებოდა, მესამე შვილს რაღა გამაჩენინებს, ნეტა ეს ორიც არ გამეჩინა, ვერ ხედავ, დედამიწის ღერძი გადაიხარა, ვინ იცის, რა გველის, არ მინდა, ბავშვების საცოდაობას ვუყუროო. ამ ქალს სხვებიც აჰყვნენ, ყველამ თავისი ვერსია გამოთქვა კაცობრიობის მომავლის შესახებ… ბევრისგან გაიგონებთ, რა დროს პოლიტიკაა, ვერ ხედავთ, დედამიწა რა დღეშია, კაცმა არ იცის, ხვალ რა გველისო.

– დედამიწის ღერძის დახრილობაზე გავლენა ჩილეში მომხდარმა მიწისძვრამ იქონია. ასეთი მოვლენები ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ ეს ძალიან ფაქიზი დასაფიქსირებელია, ამიტომ მისი შემჩნევა მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, ანუ მე–20 და 21–ე საუკუნეებში გახდა შესაძლებელი. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე უფრო ძლიერი მიწისძვრებიც მომხდარა, რომლებსაც დაახლოებით იგივე ეფექტი ჰქონია, ანუ დედამიწის ღერძი გადახრილა, მაგრამ ეს არ დაფიქსირებულა, რადგან მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები არ ჰქონდათ.
დრომ 1,6 მემილიონედი წამით იკლო. ეს იმდენად ცოტაა, რომ წარმოსადგენადაც კი ძნელია. თანაც დედამიწაზე დღე–ღამის ხანგრძლივობა ყოველ საუკუნეში იზრდება. ეს მოვლენა ძალიან მდგრადია. სრული 24 საათი არასოდეს არის. როგორც წესი, ასტროლოგები აზუსტებენ, ვთქვათ, 1900 წლის მონაცემით, დღე–ღამის ხანგრძლივობა რამდენია და ა.შ. ყოველ საუკუნეში დღე–ღამის ხანგრძლივობა საშუალოდ მეათედი წამით იზრდება.
არაფერია მუდმივი, არც – დღე–ღამე, არც – წელიწადი, თუმცა ეს ცვლილებები იმდენად მცირეა, რომ საყოფაცხოვრებო დონეზე ამის შემჩნევა შეუძლებელია. დრო მხოლოდ 1,6 მეათედი მიკროწამით დაჩქარდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში დედამიწის დღე–ღამე იმაზე მეტად შენელდება, ვიდრე 1,6 მეათედი მიკროწამია. როგორც უკვე გითხარით, დღე–ღამის ხანგრძლივობა ყოველ საუკუნეში იზრდება.
– დედამიწის ნომერი პირველი საფრთხე კაცობრიობაა, მეორე – დედამიწის ახლოს მდებარე ობიექტები, ასტეროიდები. ეს ობიექტები მეცნიერებს სათანადოდ აქვთ შესწავლილი. დააკვირდნენ იმათ, რომლებსაც ჩამოვარდნის შემთხვევაში მართლაც შეუძლიათ, დედამიწას რეალური საფრთხე შეუქმნან და აღმოჩნდა, რომ ეს საფრთხე ნულთან ახლოს არის, ანუ თითქმის არ არსებობს. ასტეროიდი, რომელსაც აპოფისი ჰქვია, დედამიწასთან ახლოს მდებარეობს. არსებობდა ვარაუდი, რომ ის დედამიწას 2036 წელს დაეცემოდა. დაკვირვებით კი აღმოჩნდა, რომ ის ძალიან ახლოს ჩაგვივლის, მაგრამ დედამიწას არ შეეჯახება. ასე რომ, ეს საფრთხეც თითქმის ნულის ტოლია.
– ასი მილიონი წლის წინ დედამიწაზე გაცილებით მეტი რამ ხდებოდა, ვიდრე ახლა. რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მცირდება საშიში მოვლენების რაოდენობა. მოქმედი ვულკანების რიცხვმაც საგრძნობლად იკლო და, რაც დრო გავა, უფრო დაიკლებს. დედამიწის დაბერებაში იგულისხმება ნაკლები გეოლოგიური და ა.შ. აქტიურობა, რაც ადამიანებს კი არ უნდა აშინებდეს, პირიქით, სიმშვიდის საფუძველს უნდა აძლევდეს.