loading...

«

»

დეკ 07

ქართული კომპიუტერული თამაში

კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია საკმაოდ პერსპექტიული სფეროა. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი უამრავ დროს ატარებს კომპიუტერთან მხოლოდდამხოლოდ იმისთვის, რომ ითამაშოს. ამასთან, ეს არის არა უბრალო გართობა და დროის გატარება, არამედ უდიდესი აზარტი. შესაბამისად, ამ ადამიანებს სჭირდებათ სულ ახალი და ახალი თამაშები. რაც თავისთავად ამ ბიზნესს საკმაოდ მომგებიანს ხდის და ამ სფეროთი სულ უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებას იწვევს. ამერიკელი ექსპერტების მონაცემებით, 1995 წელს ჩრდილოეთ ამერიკის სათამაშო ბაზარზე კაპიტალის წლიური ბრუნვა შეადგენდა სამ მილიარდ დოლარს. 2003 წელს კი, აშშ-ში სათამაშო “რკინისა” და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებული კომპანიების შემოსავალი გაიზარდა 10 მილიარდამდე, ხოლო მსოფლიო მასშტაბით – 25 მილიარდამდე. ამასთან, აქ არ არის დათვლილი შემოსავალი ონლაინ და “უმავთულო” თამაშებისგან.

ამ სეგმენტის განვითარებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა მიზნობრივი აუდიტორიის დემოგრაფიული პორტრეტი. თუ ათი წლის წინ სათამაშო პროდუქციის მომხმარებლები ძირითადად ძლიერი სქესის მოზარდები იყვნენ, ახლა მოთამაშის საშუალო ასაკი 29 წელია, ხოლო მომხმარებელთა ერთ მესამედს მანდილოსნები შეადგენენ.

მაშინ, როცა კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია მთელ მსოფლიოში საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, საქართველოში ეს დარგი ფაქტიურად არ არსებობს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ქართული თამაშები არ იქმნება. ამას კი თავისი მიზეზები გააჩნია: 1)კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი სტუდიის შექმნას საკმაოდ სოლიდური საწყისი კაპიტალი სჭირდება. ამაში შედის როგორც ოფისის დაქირავება, კომპიუტერული ტექნიკის შეძენა, ასევე ისეთი ხელფასების დაწესება, რომ შესაძლებელი იყოს კარგი სპეციალისტების მოზიდვა და მათი შენარჩუნება. ცარიელ ენთუზიაზმზე საქმის დაწყება კი ფაქტიურად შეუძლებელია და სათავეშივე განწირული. საქართველოში, ფაქტიურად, არც ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, ვინც ამ საქმეში ფულს ჩადებდა. 3D დიზაინერის ზვიად ბარათაშვილის თქმით, რამდენიმე წლის წინ მას ჰქონდა ასეთი ტიპის სტუდიის გახსნის იდეა. ამ იდეის გარშემო 10 სპეციალისტის შემოკრება მოხერხდა, დაიწერა მომავალი თამაშის სცენარი, თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა. მიზეზი კი საწყისი კაპიტალის არარსებობაა. “ის, ვისი დაინტერესებაც ამ საქმით მოხერხდა, მაშინვე ითხოვდა უკუგებას. თუ ჩადებდა 100 დოლარს, მაშინვე კითხულობდა როდის დავუბრუნებდით 1000-ს. არადა ეს ისეთი სამუშაოა, რომელიც ერთ და ორ თვეში მოგებას ვერ მოიტანს, თუმცა მომავალში საკმაოდ წარმატებულ ბიზნესად შეიძლება იქცეს.”-მიიჩნევს ზვიად ბარათაშვილი. გამოცდილი უცხოური კომპანიები ერთ თამაშზე საშუალოდ ორი წლის განმავლობაში მუშაობენ. ამის შემდეგ იწყება ამ თამაშის პრომოუშენი და გაწეული ხარჯების ამოღება მხოლოდ ორ-სამ წელიწადში ხერხდება. ოღონდ ამ შემთხვევაში ხარჯების ამოღებას თან სდევს საკმაოდ დიდი მოგება. საქართველოში კი ასეთი გრძელვადიანი პერსპექტივის პროექტებში კაპიტალის დაბანდებას ერიდებიან. თუმცა ამას სხვა მიზეზებიც აქვს.

2)ქართულ ბაზარზე პროგრამისტებს საკუთარი პროდუქციის გასაღების იმედი არა აქვთ. ეს კი პირველ რიგში აქ არალიცენზირებული პროდუქციის გავრცელებით არის გამოწვეული. მაშინ, როცა თამაშების რეალური ფასი რამდენიმე ათასს აშშ დოლარს აღწევს, საქართველოში გამოყენებული თამაშების დაახლოებით 98% მეკობრული გზით არის მოპოვებული. პროგრამისტის კახა ორკოშნელის აზრით, ხალხი ისეა შეჩვეული არალიცენზირებული პროდუქციის ყიდვას, რომ 5-7 ლარზე მეტს თამაშში არავინ გადაიხდის. “იმასაც ერთი ყიდულობს და დანარჩენები მისგან იწერენ, შესაბამისად, არანაირი ფინანსური ინტერესი არ არის აქ თამაშის დაწერის, ვინაიდან შენგან არავინ იყიდის, ერთ-ორ კვირაში კი მას აუცილებლად შავ ბაზარზე 4 ლარად ნახავ.”-ამბობს კახა ორკოშნელი.

ასეთ ვითარებაში გამოსავალი მხოლოდ კანონმდებლობის დარეგულირება შეიძლება იყოს, ვინაიდან საავტორო უფლებების იგნორირება არამხოლოდ ადგილობრივი წარმოების განვითარებას, არამედ საქართველოთი უცხოური ფირმების დაინტერესებასაც აფერხებს. მართალია, არსებობს კანონი საავტორო უფლებების შესახებ, თუმცა რეალურად ეს მექანიზმი არ მუშაობს. ზვიად ბარათაშვილის თქმით, საქართველოში ამ ბიზნესში კაპიტალის დაბანდებასთან დაკავშირებით იყო მოლაპარაკება ისეთ ცნობილ უცხოურ კომპანიებთან, როგორიცაა “ვირჯინი”, “EA Games” და სხვ. ამ კომპანიებს რამდენიმე პროექტიც გაეგზავნათ, მოიწონეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო საკმაოდ არასტაბილური რეგიონის სახელით არის ცნობილი აქ დამკვიდრებას მოერიდნენ, თუმცა მზადყოფნა გამოთქვეს დახმარებოდნენ ქართველ პროგრამისტებს საერთაშორისო ბაზარზე მზა პროდუქციის გასაღებაში. აქ კი ისევ ჩაკეტილ წრეს ვეჯახებით – თამაშის შექმნას საწყისი კაპიტალი სჭირდება. არადა “ცნობილი უცხოური კომპანიის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან, იმისთვის, რომ პროდუქცია წარმატებულად გავრცელდეს ის განთქმული ფირმის მიერ უნდა იყოს დამზადებული. ქართველი ოთხი-ხუთი პროგრამისტის მიერ დაწერილი თამაში საერთაშორისო ბაზარზე შეუმჩნევლად გაქრება. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის საზღვარგარეთის ბაზარზე გასვლა თითქმის არარეალურია.”-მიიჩნევს კახა ორკოშნელი.

3)საქართველოდან მასიურად ხდება “ტვინების გადინება”. ყველა ის სპეციალისტი, რომელიც უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს მიდის საქართველოდან. მაშინ, როცა კარგი თამაშის დაწერა საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტებს საჭიროებს. ეს სფერო იმდენად სწრაფი ტემპით ვითარდება, რომ თუ სისტემატურად არ აუმჯობესებ ამ დარგში შენს ცოდნას, ძალიან ადვილად შეიძლება ჩამორჩე მსოფლიო სტანდარტებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კარგი სპეციალისტი, ვისაც ხარისხიანი თამაშის დაწერა შეუძლია საქართველოში ჯერ კიდევ დარჩენილია. თუმცა ისინიც უმეტესად უცხოურ კომპანიებზე მუშაობენ. სათამაშო ინდუსტრიაში აუტსორსინგით დღეს 4-5 პროგრამისტია დაკავებული. ისინი ძირითადად რუსეთთან, ინგლისთან თანამშრომლობენ. ერთი პროგრამისტი ავსტრალიელებთან, ერთიც ფრანგებთან მუშაობს. უცხოურ კომპანიებთან რამდენიმე ქართველი გეიმერიც თანამშრომლობს. მაგალითად, ერთ-ერთი გეიმერი, რომელიც საქართველოში [Lod] Bagra-ს ნიკით არის ცნობილი, უკვე რამდენიმე წელია კომპანია “GSC-Game World”-ის პროდუქციის ტესტირებას ახდენს. ის მუშაობდა თამაშებზე: “Cossacks-Art of War”, “Cossacks-Back to War”, “American Conquest”, “American Conquest-Fight Back”, დღესდღეობით ის ახდენს თამაშის “Cossacks 2-Napoleonic Wars” ტესტირებას.

მართალია, ყველა მიზეზის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია არ არსებობს, თუმცა ცალკეული პროექტები მაინც იქმნება და ეს იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყანაში, მოზარდების თითქმის 70% სისტემატურად თამაშობს. თბილისში არსებული ინტერნეტ-კაფეების 90%-ში პერიოდულად ეწყობა ჩემპიონატები ქართველ მოთამაშეებს შორის. უკვე რამდენიმე წელია არსებობს კიბერ სპორტის ფედერაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ თამაშობენ არამარტო მოზარდები, არამედ ასაკოვანი ადამიანები, შესაბამისად ეს სფერო შეუძლებელია არ იყოს მიმზიდველი იმათთვის, ვისი პროფესიაც და პირადი ინტერესებიც ამ ბიზნესისკენ არის მიმართული.

დღეს საქართველოში კომპიუტერული თამაშების ერთადერთი სტუდია არსებობს. ეს არის კომპანია www.333.ge. რომელიც კომერციული ტიპის ინტერნეტ-სათამაშო სალონს წარმოადგენს. კომპანიის დირექტორის თემურ კახიშვილის თქმით, საიტზე წარმოდგენილი ყველა თამაში თავიდან ბოლომდე ქართულ პროდუქტს წარმოადგენს. თამაშის დაწერისას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საწყისი კოდის ე.წ. “დვიჟოკის” დაწერა არის. ამ პროექტში კი ყველაფერი საქართველოში არის შექმნილი. “მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გვეუბნებოდა, რომ არაფერი გამოგვივიდოდა, მაინც არ დავანებეთ ამ იდეას თავი. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ კი მივაგენით ისეთ სპეციალისტებს, ვისთან ერთადაც მოვახერხეთ ამ თამაშების დაწერა. დღეს საიტზე უკვე გვაქვს რულეტკა, ბლეკ ჯეკი, პოკერი, ვიდეო პოკერი, ნარდი. ასევე ახლო მომავალში ვაპირებთ დავწეროთ ბილიარდის, ჭადრაკის ქართული ვერსიები. დღეს კი ყველაზე დიდი პოპულარობით რულეტკა სარგებლობს.”-ამბობს თემურ კახიშვილი.

საქართველოში www.333.ge-ს წარმატების მიზეზი ის არის, რომ ეს თამაშები არ იყიდება, შესაბამისად, შეუძლებელია მათი გატეხვა და არალეგალურად გავრცელება. თამაში მხოლოდ აღნიშნულ საიტზე გარკვეული საფასურის სანაცვლოდ არის შესაძლებელი, რაც ელექტრონული კაზინოს ვარიანტს წარმოადგენს. როგორც ჩანს დღევანდელ პირობებში სწორედ ამან გაამართლა.

სათამაშო ონლაინ სერვერი პირველად 2002 წელს შეიქმნა პროგრამისტ კახა ორკოშნელის მიერ. ამ სერვერზე თამაში საიტზე www.games.ge შეიძლებოდა. პროექტი “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” საქართველოში ინტერნეტის განვითარების პროექტში შედიოდა. ეს იყო მთლიანად ქართული პროდუქტი, რომელიც რამდენიმე თამაშს მოიცავდა: ჭადრაკს, შაშშის, იაპონურ კროსვორდებს, ნარდს, ჯოკერს. თუმცა კახა ორკოშნელის თქმით, მან კომერციული განვითარება ვერ ჰპოვა და სავარაუდოდ მალე დაიხურება. თუმცა იმ ტექნოლოგიის გამოყენება, რომლის შემუშავებაც ამ პროექტისთვის მოხდა, შემდეგ სხვა სფეროშიც არის შესაძლებელი.

არსებობს ბევრი თამაში, რომელიც არ საჭიროებს “დვიჟოკის” დაწერას. მას ღია კოდი აქვს და ნებისმიერ საშუალო დონის პროგრამისტს შეუძლია მისი გადაკეთება. ასეთი “ქართული” თამაშები ხშირად იწერება, თუმცა სპეციალისტების აზრით, ამით მხოლოდ დამწყები, ვინც ამ გზით საკუთარი ძალების მოსინჯვას ცდილობს, პროგრამისტები არიან დაკავებულნი. მაგალითად, არსებობს Counter-Strike-ის ქართული ვერსია.

ზედმეტად პოლიტიზირებული საზოგადოების პირობებში, ბუნებრივია, პოლიტიკური თამაშების გაჩენაც. რამდენიმე წლის წინ შეიქმნა თამაში სახელწოდებით: “მოკალი არძინბა”. ეს იყო Flash-ში შესრულებული საკმაოდ მარტივი თამაში, რომელმაც თავისი პრიმიტიულობისა და პოლიტიზირებულობის გამო საკუთარი ადგილი ქართულ ბაზარზე ვერ დაიმკვიდრა და მალევე გაქრა. თუმცა საქართველო თავისი პოლიტიკური ბატალიებით როგორც მოთამაშეების, ასევე მწარმოებლების ყურადღებას მაინც იპყრობს. დაახლოებით ორი წლის წინ საქართველოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი თამაში პანკისის ხეობაზე “Ghost Recon”. ეს თამაში დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას.