loading...

«

»

დეკ 23

რა განსხვავებაა ნეთბუქსა და ნოუთბუქს შორის?


მიუხედავად იმისა, რომ ნეთბუქი (Netbook) ჩვენს ცხოვრებაში სიახლეს არ წარმოადგენს, ადამიანთა უმეტესობამ, ჯერ კიდევ არ იცის, რით განსხვავდება ნეთბუქი ნოუთბუქისგან (notebook). ყველაფერი ძალიან მარტივია. მთლიანობაში, ნეთბუქი არის იგივე ნოუთბუქი, მაგრამ შეადრებით მცირე ზომის, ნაკლები წარმადობის და ოდნავ განსხვავებული დანიშნულების. ალბათ უმეტესობას სმენია, რომ ნოუთბუქები იყოფა რამდენიმე ტიპად. ესენია: სათამაშო ნოუთბუქები, ბიუჯეტური და ბიზნეს ნოუთბუქები, მაღალი წარმადობის და ა.შ. შეიძლება ითქვას რომ ნეთბუქიც არის ნოუთბუქის ცალკე ტიპი. გავარჩიოთ ყველა განსხვავება ნეთბუქისა, ნოუთბუქისგან.

ზომები

პირველი განსხვავება, რაც ადვილი შესამჩნევია ეს არის – ზომები. თავიდანვე ნოუთბუქები შეიქმნა, საქმიანი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველთვის გადარბენაზე იყვნენ და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო რომ ყოველთვის თან ჰქონოდათ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ კალკურატორი ან ბლოკნოტი. თანდათანობით ნოუთბუქებზე მოთხოვნა გაიზარდა და გამოჩნდა უფრო დახვეწილი, განვითარებული და სრულყოფილი პროდუქცია.

Posted Image

იყო სხვადასხვა ზომის ნოუთბუქები, მაგრამ შეუძლებელი იყო მათი ტარება ქალის პატარა ჩანთით, შარვლის ან კოსტუმის ჯიბით და ა.შ. სწორედ აქ გამოჩნდა და დაიკავა საპატიო ადგილი ნეთბუქებმა, რომელთა დისპლეის (ეკრანის) ზომა დიაგონალზე, არ აღემატება 25.4 სანტიმეტრს (10 inch)

წარმადობა

მეორე განსხვავება არის წარმადობა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ნოუთბუქები იყოფა რამდენიმე ტიპად. მათ შორის ყველაზე მძლავრი არის სათამაშო და მაღალი კლასის (High-End) ნოუთბუქები. როგორც წესი, ასეთ ნოუთბუქებში გამოიყენება ყველაზე თანამედროვე პროცესორები და ვიდეოკარტები.
Posted Image
ნეთბუქებში კი საპირისპიროდ, გამოიყენება საკმაოდ სუსტი პროცესორები, რომელთა სიმძლავრეც საკმარისია უბრალო ოპერაციების შესასრულებლად, მაგალითად, სურათების დასათვალიერებლად, ფილმების საყურებლად, ინტერნეტთან და საოფისე პროგრამებთან სამუშაოდ. ნეთბუქებს არ შეუძლით გაუშვან უახლესი თამაშები, რადგან მათი ვიდეოკარტები საკმაოდ სუსტია, რომლებიც მთლიანობაში წარმოადგენს დედაფაზე ინტეგრირებულ ჩიპს. თუმცა ზოგიერთ ნეთბუქს შეუძლია გაუშვას სამაოდ ძველი თამაშები, რომლებიც არც თუ ისე საინტერესოა მაგრამ არ სჭირდებათ მაღალი რესურსების მქონე სისტემა.

ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა


ყველა „მინუსის“ მიუხედავად, ნეთბუქებს აქვთ ერთი სერიოზული უპირატესობა ნოუთბუქებთან შედარებით. ეს არის – ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა. ნაკლები წარმადობა, ნიშნავს ნაკლებ ენერგო მოხმარებას. ამის წყალობით ნეთბუქებს შეუძლიათ ელემენტის ხარჯზე მუშაობა საკმაოდ დიდი დროის მანძილზე. მძლავრ ნოუთბუქებს, დატენვის გარეშე შეუძლიათ იმუშაონ 2–3 საათს, მაშინ როცა ნეთბუქი 2–3 ჯერ მეტხანს ძლებს. თანამედროვე ტექნოლოგიების და პროცესორის წყალობით, რომლებიც საჭიროებენ დაბალ ძაბვას, ნეთბუქების მუშაობის ხანგრძლივობა 12 საათამდე გაიზარდა. ვიმედოვნებთ რომ ახლო მომავალში კი ეს დრო კიდევ უფრო გაიზრდება.

კონფიგურაცია

კიდევ ერთი განსხვავება არის კონფიგურაცია. თუ კი ნოუთბუქში თქვენ ადვილად ნახავთ ოპტიკურ წამკითხველს, ვებ–კამერას და მრავალ სხვა პორტებს თუ შესაერთებლებს, ნეთბუქებში ყველაფერი სხვანაირადაა. მათ არ აქვთ ოპტიკური წამკითხველი (თუმცა არსებობს გამონაკლისებიც). შედეგად ოპერაციული სისტემის დაყენება ხდება გარე USB მატარებლიდან ან სხვა ხერხებით რომლებიც მრავლად არსებობს. ფაილების და პროგრამების ჩატვირთვაც ხდება ფლეშკიდან ან ინტერნეტიდან.
Posted Image
ნეთუქების უმეტესობას არ აქვს ვებ–კამერა, რაც აიხსნება იმით რომ ეს გაზრდიდა ხელსაწყოს ფასს. თუმცა ნეთბუქებში თქვენ აუცილებლად ნახავთ Wi-Fi მოდულს, როგორც ძირითად წყაროს ინტერნეტთან და შესაბამისად მთელ მსოფლიოსთან დასაკავშირებლად.

ფასი

კიდევ ერთი განხსვავება, ნეთბუქისა ნოუთბუქისგან არის ფასი. თითქმის ყველა ნეთბუქი არის ხელმისაწვდომი თავისი ფასის გამო მომხმარებლისთვის, რითაც ვერ დაიკვეხნის ნოუთბუქების უმეტესობა. თუმცა ნოუთბუქებს აქვთ ბიუჯეტური მოდელებიც, მაგრამ მაინც უფრო ძვირია ვიდრე ნეთბუქები.

Posted Image

დასკვნა

აქ მთავრდება ძირითადი განსხვავებები ნეთბუქსა და ნოუთბუქს შორის. საერთო ჯამში ნეთუქებმა საკმაოდ კარგად მოიკიდეს ფეხი დღევანდელ ბაზარზე და ყავთ ერთგული მომხმარებლებიც, რომლებიც თავის მხრივ გაერთიანდნენ ამ პროდუქტის გარშემო,მისი მცირე ზომის და ხელმისაწვდომი ფასის გამო.

ავტორი: ანზორ ჩხიკვაძე