loading...

«

»

იან 23

თქვენთვის, გურმანებო

თქვენთვის, გურმანებო
მოხარშული გელაქნური ან კალმახი ნიგვზის საწებლით

მასალა: გელაქნური – 1 კილოგრამი; ნიგოზი – 200 გრამი; ნიორი – 2–3 კბილი; წყალი – 1,5 ჩაის ჭიქა; მარილი – გემოვნებით.

გელაქნური გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, ჩავდოთ ადუღებულ მარილწყალში და მოვხარშოთ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა მოიხარშება, ამოვალაგოთ ქაფქირით და დავაწყოთ თეფშზე. ნიგოზი, მარილი, ნიორი ერთად დავნაყოთ, გავხსნათ წყალში (არაჟნის სისქის) და მივიტანოთ მოხარშულ გელაქნურთან ერთად.

აჯაფსანდალი

მასალა: ბადრიჯანი – 1 კილოგრამი; პამიდორი – 500–600 გრამი; კარტოფილი – 500 გრამი; ხახვი – 2–3 თავი; ზეთი – 4–5 სუფრის კოვზი; მწვანილი – 5–5 ძირი; ნიორი – 2 კბილი; მწვანე წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვაყაროთ მარილი. ასე გავაჩეროთ სამი–ოთხი საათი. ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავაყაროთ მარილმოყრილი და კარგად გაწურული ბადრიჯანი. როცა მოიშუშება, დავასხათ გაფცქვნილი, დაჭრილი პომიდორი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი, წიწაკა, რეჰანი, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, ნიორი, ვადუღოთ კარტოფილის მოხარშვამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

ქათამი არაჟნითა და ბრინჯით

მასალა: ქათამი, არაჟანი – 500 გრამი, ბრინჯი – 1 ჩაის ჭიქა, მარილი, პილპილი, ნიორი – გემოვნებით.

დაჭრილ ქათამს მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი, წავუსვათ დანაყილი ან გატარებული ნიორი, დავალაგოთ ტაფაზე, მოვასხათ 500 გრამი არაჟანი და დავდგათ გრილ ადგილზე. ერთი საათის შემდეგ შევდგათ გაზქურაში, როცა ქათამი შეიბრაწება, გამოვიღოთ, ფრთხილად გადმოვალაგოთ თეფშზე. ტაფის ძირზე მოვფინოთ წინასწარ მოხარშული და გაწურული ბრინჯი, ზემოდან დავალაგოთ ქათმის ნაჭრები და ისევ შევდგათ გაზქურაში 10–15 წუთით. შემდეგ ფრთხილად გადმოვიტანოთ შესაფერის ლანგარზე ან გაშლილ თეფშზე ისე, რომ ბრინჯი კვლავ ძირში მოექცეს.

სიმინდის ფქვილის ხაჭაპური (ჭვიშტარი)

სუფთად გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვზილოთ რძესა და მაწონში. ავურიოთ ერთი–ორი კვერცხი. მოვაგუნდავოთ, გუნდა გავყოთ ორ ნაწილად და გავაბრტყელოთ. ერთი ფენა დავდოთ გახურებულ ქვის კეცზე, მოვაყაროთ 5–6 ჩაის ჭიქა დაფხვნილი იმერული ყველი, დავაფაროთ ზემოდან ცომის მეორე ნახევარი და გავაბრტყელოთ. ზემოდან მოვასხათ დაფხვნილი ყველისა და კვერცხის ნარევი. დავადოთ თუნუქის სახურავი, დავაყაროთ ნაცარნარევი ნაკვერჩხლები და გამოვაცხოთ გაწითლებამდე.

ლობიანი

ერთ ლიტრ თბილ წყალში გავხსნათ 100 გრამი საფუარი. შემდეგ შევურიოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. დავდოთ თბილ ადგილას, სანამ ცომი ამოვა.

ლობიოს მომზადების წესი: მოვხარშოთ ლობიო, გავწუროთ თუშფალანგზე. მიღებული მასა გავატაროთ და მოვშუშოთ სუფთა ქვაბში, შევაზავოთ მარილით, შავი პილპილით, შევაგრილოთ და ისე გამოვიყენოთ.

სატაცური ნიგვზით

მასალა: სატაცური – 1 კილოგრამი, ნიგოზი – 1,5 ჩაის ჭიქა, ნიორი – 2–3 კბილი, ქინძი – 3–4 ძირი, მარილი, წიწაკა, ძმარი – გემოვნებით.

სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, წყალში გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილწყალში. შემდეგ ხელით გავწუროთ. ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძი კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ძმარში და ავურიოთ სატაცურში.

ბალბა

მასალა: ბალბა – 1 კილოგრამი, ხახვი – 200 გრამი, მწვანილი – 4–4 ძირი, ბროწეული – 1 ცალი; მარილი, პილპილი – გემოვნებით.

გასუფთავებული ბალბა კარგად გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ. ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და მოვხარშოთ. წყალი გადავწუროთ, ბალბაში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, კამა, შავი პილპილი ან წიწაკა და მარილი. ზემოდან მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.

ტარხუნის ღვეზელი

მასალა: მაწონი – 1,5 ჩაის ჭიქა, კვერცხი – 3 ცალი (1 ზემოდან წასასმელად), კარაქი – 100 გრამი, სოდა – 1 ჩაის კოვზი, არაჟანი – 1 სუფრის კოვზი.

მასალა გულსართისათვის: ტარხუნა – 3 მოზრდილი კონა, მწვანე ხახვი – 2 კონა, კარაქი – 50 გრამი, კვერცხი – 2–3 ცალი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მაწონით, კვერცხითა და კარაქით მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ფქვილში შერეული სოდა, გადავკეცოთ რამდენიმეჯერ. ეს პროცესი გავიმეოროთ სამჯერ. ცომი დავდგათ ჯერ სითბოში (დაახლოებით 1 საათი), შემდეგ კი შევდგათ მაცივარში (არანაკლებ 2 საათისა). ცომი გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ გულსართი, გავასწოროთ, კარგად გავაბტყელოთ ცომის მეორე ნაწილი, გადავაფაროთ, ნაპირები კარგად მოვუკრათ, ზემოდან წავუსვათ არაჟანში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად (დაბალ ცეცხლზე).

გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად: ტარხუნა და მწვანე ხახვი გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ (ტარხუნას კლერტები უნდა გავაცალოთ), ჩავყაროთ ქვაბში და კარაქთან ერთად კარგად მოვშუშოთ. კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, დავჭრათ წვრილად და შევურიოთ მოშუშულ ტარხუნას და ხახვს. შევაზავოთ მარილითა და შავი პილპილით.

ფიგურული ნამცხვრები (“ტარტალეტკები”)

მასალა: კვერცხი – 2 ცალი, შაქრის ფხვნილი – 0,5 ჩაის ჭიქა, კარაქი – 250 გრამი, არაჟანი – 2 სადილის კოვზი, სოდა – 1 ჩაის კოვზი, ძმარი – 1 სადილის კოვზი, ვანილი, მურაბა – გემოვნებით.

ცალკე მასალა ბეზესათვის და კრემისათვის.

2 კვერცხის გული გავთქვიფოთ მიქსერით ნახევარ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად. თანდათან შევათქვიფოთ 250 გრამი დარბილებული კარაქი, 2 სადილის კოვზი არაჟანი, სოდა, ძმარი, ვანილი, დავაყაროთ 2–2,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი.

ავიღოთ ალუმინის სპეციალური ფორმები, წავუსვათ რაიმე ცხიმი, ჩავდოთ ცომის პატარა გუნდები და ხელით გავაბრტყელოთ ისე, რომ ცომი ჩავიდეს ფორმების ღარებში (ცომით ფორმა არ უნდა გავავსოთ, რადგან იგი ცხობაში იმატებს). როცა გამოცხვება, შევაგრილოთ, ამოვიღოთ ნამცხვრები, გავაცივოთ და მოვრთოთ ზემოდან. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ კარგად გათქვეფილი 2 კვერცხის ცილა, რომელსაც უნდა შევათქვიფოთ 3/4 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი. უნდა მივიღოთ ბეზეს სქელი მასა. ნამცხვარს შუაგულში ამოვჭრით (ამოვღრუტნოთ), ჩავდებთ რომელიმე კურკაგამოცლილ მურაბას (ალუბლის, ღოღნოშოს და სხვა), ან ხილფაფას. კრემის სპეციალური ფორმით დავასხათ ბეზე. მურაბის მაგივრად შეიძლება გამოვიყენოთ კრემი და ზემოდან ბეზე. შეიძლება ეს ნამცხვარი მოვრთოთ სხვადასხვა ფერის კრემით (ნამცხვრის ირგვლივ) შუაში კი ჩავდოთ რომელიმე მურაბა (თეთრი ბლის, გარგარის, ლეღვის და სხვა).