იან 23

შანხაი – აღმოსავლეთის დედოფლის კურიოზები

შანხაი ჩინეთის უდიდესი ქალაქია და მდინარე იანძიზე მდებარეობს. ქალაქი ქვეყნის უნიშვნელოვანესი კულტურული, ფინანსური და ინდუსტრიული ცენტრია. როტერდამისა და სინგაპურის შემდეგ ის მსოფლიოს ყველაზე დატვირთული საზღვაო პორტია. ქალაქს წარსულში უამრავი მეტსახელი ჰქონდა, მათ შორის – “აღმოსავლეთის პარიზი”, “აღმოსავლეთის დედოფალი”, “აღმოსავლეთის მარგალიტი” და “აზიის მეძავიც” კი. ეს უკანასკნელი სახელი 1920–30–იანი წლებში იქ კორუფციის, ნარკოვაჭრობის და პროსტიტუციის აღზევების შედეგი იყო.

მცირე რამ ისტორიიდან

თავიდან ერთი მიყრუებული მეთევზეთა სოფელი შანხაი ჩინეთის უმნიშვნელოვანესი ქალაქი მე–20 საუკუნის დასაწყისში გახდა. ქალაქის ფორმირებამდე შანხაი სონიანის პროვინციის ნაწილი იყო. სონგის დინასტიის პერიოდიდან თანდათან საქმიანი, სავაჭრო პორტი გახდა. ქალაქის კედელი 1553 წელს აშენდა, რაც დღეს შანხაის დაფუძნების თარიღად მიიჩნევა, თუმცა მე–19 საუკუნემდე ის, ჩინეთის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებისგან განსხვავებით, რაიმე განსაკუთრებულ როლს არ ასრულებდა და შესაბამისად არც ძველი კულტურის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი მოეპოვება.

შანხაის როლი რადიკალურად შეიცვალა მე–19 საუკუნეში, როცა მისმა სტრატეგიულმა მდებარეობამ მდინარე იანძიზე ის დასავლეთთან ვაჭრობისთვის იდეალურ ადგილად აქცია.

კლიმატი

შანხაიზე სუბტროპიკული კლიმატი მოქმედებს. ტემპერატურის თვალსაზრისით, წელიწადის ოთხივე დრო ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება. ქალაქში ცხელი და უნალექო ზაფხული იცის. ამ დროს ჰაერი 37 გრადუსამდე თბება. მიუხედავად ამინდის ცვალებადობისა, ქალაქის მოსანახულებლად ყველაზე სასიამოვნო სეზონი გაზაფხული და შემოდგომაა. ზამთარში ტემპერატურა 4 გრადუსამდე ეცემა. შანხაიში ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 42 გრადუსი, ხოლო ყველაზე დაბალი –12 გარდუსია დაფიქსირებული.

ფული

შანხაის, ისევე როგორც მთელი ჩინეთის, ეროვნულ ვალუტას იუანი წარმოადგენს. იუანის გარდა, ამერიკული დოლარითაც თავისუფლად ისარგებლებთ. ფულის გადაცვლა 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ. ერთი ამერიკული დოლარი 6,83 იუანის ტოლფასია.

მაღაზიებში, სადაც ფიქსირებული ფასები არ არის, შევაჭრება ჩვეულებრივი მოვლენაა. ტაქსის მძღოლებს, უსიამოვნებისათვის თავის ასარიდებლად, გირჩევთ, ფასზე წინასწარ მოურიგდეთ. რაც შეეხება ხელის ქირის დატოვებას, ეს სავალდებულო არ არის, მაგრამ სასტუმროში შესვლისას თუ შვეიცარს რამდენიმე იუანს აჩუქებთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ იმ სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით მიგიღებენ და მოგეპყრობიან.

ენა

ჩინელების ოფიციალური ენა ჩინურია. ჩვეულებისამებრ, ჩინურ ენაში მის ერთ–ერთ ვარიანტს, მანდარინს გულისხმობენ. საგანმანათლებლო სისტემა ოფიციალურ ენაზეა დაფუძნებული. ჩინური ენა დიალექტების სიმრავლით გამოირჩევა, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული კანტონია. შანხაიში ნებისმიერი ადამიანი ინგლისურს საფუძვლიანად ფლობს, რადგან სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებელში ინგლისური ენა ყოველთვის სავალდებულო საგნად ითვლებოდა. ასე რომ, შანხაიში მოგზაურობა გიდის გარეშეც არ უნდა გაგიჭირდეთ.

გადაადგილება

შანხაი უამრავი სარკინიგზო ხაზით, გზებითა და ყველა მიმართულებით მიმავალი ავტოსტრადებით მთავარ სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ქალაქს ორი აეროპორტი ემსახურება. პუდონგის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან აღმოსავლეთით 40 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. გირჩევთ, ცენტრამდე ე.წ. მაგლევის მატარებლით მიხვიდეთ, რომელიც საათში 431 კმ სიჩქარით დადის. მატარებელი დილის 6–დან ღამის 20:30 საათამდე ფუნქციონირებს და ბილეთის ფასი 50 იუანია. ჰონგჰიანგოს სახელობის აეროპორტი მხოლოდ შიდა ფრენებს ემსახურება.

შანხაიში რკინიგზის სადგურები მრავლადაა. ჩინეთის და მეზობელი ქვეყნების ქალაქებიდან შანხაის მიმართულებით მატარებლები ყოველდღიურად გადიან. შანხაიმდე მატარებლით მგზავრობას არაფერი ჯობს, უამრავი რასის ადამიანთან შეხვედრის გარდა, ულამაზეს ხედებსაც შეავლებთ თვალს.

შანხაიმდე გემით მგზავრობას მხოლოდ იაპონიიდან და ჰონგ კონგიდან შეძლებთ.

შიდა გადაადგილებისათვის, გირჩევთ, სპეციალური ბარათი შეიძინოთ. მისი გამოყენება შეგიძლიათ ავტობუსში, მეტროში და ზოგიერთ ტაქსიშიც კი. შანხაის მეტროს 12 ხაზი აქვს და უახლოეს მომავალში კიდევ 7 გაიხსნება. მეტროს ფასი, მანძილის მიხედვით, 3–9 იუანამდე მერყეობს. თუ არსად გეჩქარებათ, ავტობუსით მგზავრობა გაცილებით იაფია.

სამზარეულო

ჩინურ სამზარეულოს დიდი ისტორია აქვს. განუმეორებელი გემო, არომატი და მრავალფეროვნება – ამ სამი ელემენტის ჰარმონიულობა ჩინური სამზარეულოს მთავარი პრინციპია. გემოს ჩინურ სამზარეულოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამისათვის ჩინელები უამრავ არომატულ სანელებელს იყენებენ. მათთვის ჭამის პროცესი ყველაზე პატივსაცემი რიტუალია. ჩინელების განმარტებით, ჭამისაგან ადამიანი არაფერმა და არავინ უნდა მოაცდინოს.

ეგზოტიკური კერძების წყალობით, ჩინური სამზარეულო მსოფლიოს სამზარეულოებს შორის ერთ–ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. ჩინელები ჭამენ ყველაფერს, რასაც კი ბუნება აძლევთ, მათ შორის, ძაღლის, გველის, ბაყაყის ხორცს, ჩიტის ბუდეებს, მედუზებსა და უამრავ სხვა ჩვენთვის წარმოუდგენელ ცხოველსა თუ მწერს. ჩინელი კულინარების განცხადებით, საჭმელი არამარტო გემრიელი და სასარგებლო უნდა იყოს, არამედ ლამაზადაც უნდა გამოიყურებოდეს.

ჩინელებისათვის შუცვლელია ბრინჯი. ტრადიციული კერძების უმრავლესობა სწორედ ბრინჯით მზადდება. მათ შორის აღსანიშნავია შემწვარ ბრინჯში ჩალაგებული ბატკნის ხორცი, ასევე სანელებლებით შეზავებული შემწვარი ბრინჯი იანგცუ.

ზღვის პროდუქტების შემდეგ ჩინურ სამზარეულოში ცხვრისა და ღორის ხორცს უმთავრესი ადგილი უკავია. სხვადასხვა ბოსტნეულით შეზავებული ბატკნის ღვიძლი სანახავადაც და გემოთიც შესანიშნავია. ჩინელები კერძების უმრავლესობას სპეციალური ჩხირებით მიირთმევენ. მცირეწლოვანი ბავშვებიც კი მოხერხებულად ხმარობენ ჩხირებს.

ყოველდღიური კერძები ადვილად ხელმისაწვდომია, ხოლო სადღესასწაულო კერძების დასაგემოვნებლად რესტორნებს უნდა ეწვიოთ. განსაკუთრებით გემრიელია მანდარინული სამზარეულო, რომლის კერძების დემონსტრირებასაც ჩინელი მზარეულები ხშირად ახდენენ. მათ მხოლოდ უმაღლესი დონის რესტორნებში თუ გასინჯავთ. ჩინური კერძები ორთქლზე ან გავარვარებულ ტაფაზე სულ რამდენიმე წუთში მზადდება. ასე პროდუქტები ვიტამინებს ინარჩუნებს. ჩინელები კალორიებს არასოდეს ითვლიან და რამდენიც სურთ, იმდენს მიირთმევენ.

სასმელებს შორის მწვანე ჩაი პირველ ადგილზეა. ზოგიერთ რესტორანსა და კაფეში მას უფასოდაც კი მოგართმევენ. რაც შეეხება ალკოჰოლს, ჩინელები ადგილობრივი ლუდის, “ცინგთაოს” სმით ყველაზე დიდ სიამოვნებას იღებენ. ტურისტებს კი ბრინჯის ღვინის დაგემოვნების გარეშე არასოდეს უშვებენ.

ღირსშესანიშნაობები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მე–19 საუკუნემდე შანხაი, ჩინეთის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებისგან განსხვავებით, რაიმე განსაკუთრებულ როლს არ ასრულებდა და ამგვარად ქალაქში ძირითადად თანამედროვე არქიტექტურული ძეგლებია. განწყობის ასამაღლებლად გირჩევთ, ქალაქის დათვალიერება მე–16 საუკუნით დათარიღებული ე.წ. პინუინის ბაღით დაიწყოთ. იქ ათასობით ჯიშის მცენარე ერთდროულად ყვავის.

თანამედროვე არქიტექტურული ძეგლებიდან პირველ ადგილზეა “მარგალიტის კოშკი”, ეს არის ანძა, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე მაღალი შენობათაგანია მთელ აზიაში. ანძის სიმაღლე 488 მეტრს აღწევს. მასზე ასასვლელად 6 ლიფტი ფუნქციონირებს.

არ ინანებთ, თუ შანხაიში არსებული ურბანული დაგეგმარების მუზეუმს ეწვევით და მესამე სართულზე განთავსებულ 100 კვადრატული მეტრის მოდელს ნახავთ, რომლის წყალობითაც ადვილად მიხვდებით, თუ როგორი იქნება შანხაი 2020 წლისათვის.

საინტერესო სანახაობას წარმოადგენს მდინარე იანძის სანაპიროზე უბანი ბანდი, სადაც ისტორიული შენობა–ნაგებობების გვერდით თანამედროვე არქიტექტურული ძეგლებია განთავსებული. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის ჩინეთის კედელი შანხაის გასასვლელიდან იწყება და ბოხაის ზღვამდეა გადაჭიმული.

თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების მოყვარულები ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმს უნდა ესტუმრონ, სადაც ყოველკვირეულად სხვადასხვა თანამედროვე ხელოვანი თავის ნამუშევრებს გამოფენს.

ტაძრებიდან ტურისტების რაოდენობით ყოველთვის გამოირჩეოდა ბუდას ტაძარი.

ოჯახური დასვენებისათვის შანხაის ზოოპარკია გათვალისწინებული, სადაც პატარებიც სასიამოვნო და დაუვიწყარ დროს გაატარებენ.

უსაფრთხოების წესები

კრიმინალური თვალსაზრისით, შანხაი მეტნაკლებად დაცული ქვეყანაა. განსაკუთრებულ ყურადღებას სამართალდამცავები ტურისტულ სეზონზე იჩენენ, ამიტომ საფრთხეც ნაკლებია. დაიმახსოვრეთ, შანხაის ქუჩებში გადაფურთხება სასტიკად აკრძალულია! საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ზოგიერთ რესტორანსა და კაფეში, მოწევა აკრძალულია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება – ჩინელები ძალიან ცნობისმოყვარენი არიან. კურიოზია, მაგრამ შესაძლებელია, სრულიად უცნობი პიროვნება მოვიდეს და თქვენთვის უტაქტო, მათთვის კი ტაქტიანი კითხვა დაგისვათ. არ გაბრაზდეთ და ნერვებს არ აჰყვეთ. სწორედ ამიტომ ქალაქის ხელისუფლებამ ქუჩებში სპეციალური პლაკატები განათავსა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ტურისტთან ურთიერთობას ასწავლის. პლაკატებზე იმ კითხვების ჩამონათვალია, რომელთა დასმაც უცხოელებისათვის მიზანშეწონილი არ არის. როგორც ირკვევა, ჩინელები ძირითადად სტუმრის ასაკით, ხელფასითა და პირადი ცხოვრებით ინტერესდებიან.

ჩინელებისათვის სამყარო სამი ფერისაა – წითელი, შავი და თეთრი. ამ სამი ფერით გამოხატავენ განწყობას. წითელი ენერგიას, ბედნიერებასა და სიმდიდრეს გამოხატავს, შავი უბედურების სიმბოლოა, თეთრი კი დედის რძესთან ასოცირდება. ის აგრეთვე პატიოსნების სიმბოლოცაა.

უბის წიგნაკი

ქვეყანა – ჩინეთი;

უდიდესი ქალაქი – შანხაი;

მოსახლეობა – 17.420.000;

ვალუტა – იუანი;

ოფიციალური ენა – ჩინური.

წყარო: sana.ge

Bookmark and Share
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo ტეგები:
FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

0 შეაფასე შესაბამისი ვარსკვლავით

შემთხვევით შერჩეული პოსტები


გამოხატე შენი აზრი

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture.
Anti-spam image

:D :-) :( :o 8O :? 8) :lol: :x :P :oops: :cry: :evil: :twisted: :roll: :wink: :!: :?: :idea: :arrow: :| :mrgreen: