loading...

«

»

იან 30

“გარდატეხის ასაკი”

თუ რა ფსიქოლოგიური პროცესები ვითარდება გარდატეხის ასაკში მოზარდის ორგანიზმში, როგორ უნდა მოიქცენენ მშობლები, გარშემომყოფები, რა ფორმით მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია, რჩევა-დარიგებები, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოთერაპევტი, ნანა მამულაშვილი.

ნანა მამულაშვილი: “გარდატეხის ასაკი ყველა ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურია. ზოგადად კი ეს ეტაპი მოიცავს 12-13 წლიდან 15-18 წლამდე პერიოდს. არის შემთხვევი როცა ადამიანი მას 22-დან 30 წლამდე გადის. ისინი ამ ასაკში იწყებენ ბავშვური ფანტაზიების განხორცილებას, რაც სასურველი არ არის. უნდა ვეცადოთ, ხელოვნურად არ გადავავადოთ ეს პერიოდი, რადგან ის ადრე თუ გვიან ყველა ადამიანს აქვს გასავლელი. ჯობს, ბავშვმა დროულად გაიაროს ეს ეტაპი.

ეს პერიოდი საკმაოდ მძიმეა ბავშვისთვის. იმისათვის რომ ადამიანი სრულყოფილ მოზრდილ ადამიანად ჩამოყალიბდეს, ორგანიზმში მიმდინარეობს ფიზიოლოგიური, ანატომიური და შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძვრები.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ამ დროს ბავშვი ბავშვობის ასაკიდან გადადის მოზრდილობის, დიდობის ასაკში. ის ცხოვრება რაც მის მეხსიერებაში ამ დრომდე იყო, არის ბავშვური წლები. შესაბამისად, მან როგორ უნდა იცხოვროს როგორც დიდმა არ იცის, არ აქვს გამოცდილება. ამიტომ უჭირს, გამოვიდეს ბავშვური ქცევის სტერეოტიპიდან და გადავიდეს მოზრდილი, დიდი ადამიანის ქცევის სტანდარტებში.

ბავშვური საქციელი რომელიც მას ჩვევაში აქვს აღარ უნდა, სურს დიდობა, მაგრამ არ იცის როგორია ეს პერიოდი. ბავშვები ხშირად მანიპულირებენ კიდეც. როცა რაიმეს სთხოვენ, ამბობენ: მე პატარა ხომ აღარ ვარ, და თუ კი მისგან ითხოვენ იგივე მორჩილებას, მაშინ იშველიებენ სიტყვებს: – მე დიდი კი არ ვარ. ანუ, ამ დროს ბავშვს როცა უნდა დიდი, როცა უნდა პატარაა. მან მართლა არ იცის როგორ მოიქცეს.

მოზრდილთა ცხოვრებაში შემოდის ქცევის ახალი სტერეოტიპები: სიკეთე, სიყვარული, პასუხისმგებლობა, ვალდებულებები სწავლის, ოჯახის, გარშემომყოფების მიმათ. ყველა ინდივიდუალურად ართმევს თავს ამ პერიოდს. მნიშვნელოვანია ოჯახის წევრის პოზიცია ბავშვის მიმართ.

მშობლები შვილებს ვერ უგებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი მათაც გავლილი აქვთ…

მშობელს, ხშირად არ უნდა იმის გაგება, რომ მისი შვილი დიდია, არ უნდა მისი როგორც პატარა ბავშვის ხელიდან გაშვება. ამის გამო ხშირია შემთხვევები, როცა 16-17 წლის ადამიანს მუდმივი კონფლიქტი აქვს მშობელთან იმის გამო, რომ ის მისგან პატარა ბავშვის შესაბამის ქცევას ითხოვს. ბავშვს კი ბუნებრივი პროტესტის გრძნობა უჩნდება. კარგია, როცა მშობელი მის მიერ განვლილ ამ პერიოდს იხსენებს, მაგრამ აქაც ხშირად შეცდომები მოგვდის, რადგან ზუსტად ის რაც ჩვენ გვაქვს გადატანილი იგივენაირად ჩვენს შვილში ვერ განმეორდება, რაღაც განსხვავებული ფორმით გვეძლევა მისი გარდატეხის ასაკი. ბავშვი უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე მშობელი, რადგან მას ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, ამიტომ ის ვალდებულია მიეხმაროს ბავშვს, რათა მან ჰარმონიულად გადალახოს ეს პერიოდი.

ბავშვს, პირველ რიგში, მისთვის უსაყვარლესი ადამიანებისგან, მშობლებისგან და სხვა ოჯახის წევრებისგან სურს სიყვარული და აღიარება. ოჯახში, სადაც მშობელი არ ან ვერ გასცემს ამას, უცოდინარობისა თუ ფსიქოლოგიური სტრუქტურის გამო, მხოლოდ პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს და არ აღიარებს მას, ასეთ შემთხვევაში ბავშვი აღიარებისთვის სხვაგან ეძებს გზებს: ქუჩაში, სკოლაში, უბანში… თვითდამკვიდრება ხშირად ძალადობის ხარჯზე მოდის, არა იმიტომ რომ ეს ბავშვის თვისებაა, არამედ მასში აღიარების მოთხოვნილებაა და უნდა თვითრეალიზება და დამკვიდრება სამყაროში. ამიტომ, მშობელი, ბავშვს უნდა უადვილებდეს ამ პერიოდის გავლასა და ოჯახიდან სითბოს მიღება უნდა უზრუნველყოს.

საყურადღებოა, რომ მშობელსაც უწევს ქცევის სტერეოტიპის შეცვლა. სოციუმიდან გამოდინარე, დედა უფრო მეტ დროს ატარებს შვილთან, ვიდრე მამა. დედას მეტი შესაძლებლობა აქვს ჩაწვდეს შვილის სულს. თუმცა დედასაც და მამასაც უდიდესი როლი აკისრიათ შვილის აღზრდაში. მათ უნდა მოახერხონ, ბავშვთან დაამყარონ მეგობრული, თბილი ურთიერობა, შეინარჩუნონ ავტორიტეტი შვილის თვალში, რასაც ძალიან ხშირად ვერ ინარჩუნებენ, რადგან თვითონ არ გასცემენ აღიარებას ბავშვის მიმართ. შვილი კი სხვაგან მიდის. ამიტომ უნდა მოასწრო და მისცე შვილს, როგორც დამოუკიდებელ პიროვნებას, არსებობის უფლება.

როგორ უნდა დაარიგოს მშობელმა შვილი რომ მისი გაღიზიანება არ გამოიწვიოს?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ 12-13 წლამდე ასაკის ბავშვს უკვე აღებული აქვს ფასეულობები. ამიტომ ის მის სტერეოტიპებზე თავდასხმად აღიქვამს ჭკუა-დარიგებას. მოზარდს სურს, თვითრეალიზაცია მოახდინოს როგორც დამოუკიდებელმა, ძლიერმა და დიდმა ადამიანმა. მენტორული და დიდაქტიკური ტონი კი ხშირ შემთხვევაში არაფერს იძლევა. პირველ რიგში, მშობელს აქვს შვილის მიმართ ტონი შესაცვლელი. ამ პერიოდში ყალიბდება ბავშვის ხასიათი, მშობელმა უნდა მოუსმინოს, გაუგოს და ზომიერების ფარგლებში, კომპრომისზეც უნდა წავიდეს. თუ ატყობ, რომ ბავშვი თავისი ქმედებით, არაფერს აშავებს, უნდა მისცე ამ საქციელის განხორციელების უფლება. ბავშვის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ მის მიერ დამოუკიდებლად გადადგმული ნაბიჯი თვითდამკვიდრებისა და ჰარმონიულად განვითარებისთვის აუცილებელია. ბავშვი მარტო სიტყვით კი არა, მაგალითით იზრდება. ჩხუბით, აყალმაყალით, ულტიმატუმებით, პრეტენზიებით ვერაფერს მივაღწევთ. ბავშვებს კი ვეტყოდი, როგორც გინდა რომ შენ მოგექცენ, თავადაც ისე მოიქეცნენ. თუ თავს თვლი დიდად, ეცადე იყო დიდი და აიღო ეს პასუხისმგებლობა თუ თავს თვლი ბავშვად შესაბამისად მოიქეცი.

მშობელმა არასოდეს არ უნდა მიაწოდოს ბავშვს ზედმეტი ინფორმაცია, თუ თვითონ არ სვამს შეკითხვას. თუ ის არ იხსნება მშობელთან, მაშინ უნდა დააკვირდეს მის ინტერესებს, როგორ ვითარდება. უნდა გაეცნოს გარკვეულ ლიტერატურას, იმუშავოს თავის თავზე, ჰქონდეს ადეკვატური, მეცნიერული ინფორმაცია და შემდეგ უნდა ჩამოუგდოს სიტყვა და მიაწოდოს გარკვეული ინფორმაცია. შვილისთვის ასეთი ფორმით მიწოდებული ინფორმაცია, ბავშვი ინტერესის შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო უკეთესად და პოზიტიურად აღიქმება, ვიდრე მშრალად მიღებული ცნობები, ინტერნეტიდან, წიგნიდან თუ ქუჩიდან…

რა მნიშვნელობა აქვს ეკლესიურ ფაქტორსა და ბავშვის ფიზიკურად დაკავებას ამ ეტაპის ჰარმონიულად გადალახვაში?

ნამდვილად, არ უნდა გამოვტოვოთ რელიგიური მომენტი ბავშვის აღზრდის საკითხებში. დღევანდელ ბავშვებს, ჩვენი თაობისგან განსხვავებით, აქვთ შესაძლებლობა, პატარაობიდანვე ეზიარონ უამრავ ქრისტიანულ ლიტერატურას, ხდება მისი ინტელექტუალური ჩამოყალიბება. უნდა იარონ წირვა-ლოცვაზე, იყვნენ აღმსარებლები. ღვთის მოშიშება, ჭეშმარიტი სიყვარული და რწმენა უფლისადმი თავის საქმეს აკეთებს. იგივე მოთხოვო ძალიან პატარას ძნელია, მაგრამ ასაკთან ერთან უნდა მოვიდეს ღრმა რწმენა და სიყვარული. მშობელი დიდ საქმეს აკეთებს, როცა ბავშვსს ეკლესიური ცხოვრების წესს აჩვევს.

ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური დაკავება. ამ ასაკში დიდია საკუთარი სხეულისა და სექსუალური სფეროს მიმართ ინტერესი. ეს ძალიან ბუნებრივია. არსებობს სექსუალური ენერგეტიკა, ლიბიდო. ბავშვის ზედმეტი აქცენტი ამ მომენტში ამ ლიბიდონალურ ენერგიაზე არანაირად არა არის სასურველი. უნდა ვეცადოთ, რომ არა მარტო გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც იღლებოდეს მოზარდი, რათა მოხდეს ლიბიდოს სუბლიმირება. ანუ, სექსუალური ენერგეტიკის გადატანა სხვა სფეროებში. ბავშვი რომელიც ამას ახერხებს, ის საკმაოდ წარმატებულია სწავლაში… ვინც ვერ ახერხებს, ან არ აქვს სათანადო ხელშეწყობა იკეტება თავის სექსუალურ ენერგეტიკაში, თავად ეძებს კითხვებზე პასუხებს და განმუხტვის გზებს. ამიტომ უამრავ შეცდომებსაც უშვებს.

თეონა ნოზაძე