loading...

«

»

იან 30

“შიდსი მეგობრობით არ გადადის”


“შიდსის გლობალური ეპიდემიის სავალალო რეალობის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა თანამედროვე ადამიანის მოვალეობაა. თითოეული ადამიანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შიდსის შესახებ შესაბამისი ინფორმაციით და ხელმისაწვდომი მოვლითა და მზრუნველობით”.
კოფი ანანი
გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი

შიდსის პრობლემა უმწვავესია მთელს მსოფლიოში და მიჩნეულია კაცობრიობისათვის ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის შემდეგ. შიდსი ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა. მას იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს ორგანიზმის დამცველ-იმუნურ სისტემას, ორგანიზმი კარგავს წინააღმდეგობის უნარს და ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან სიმსივნური დაავადება, როგორც წესი სასიკვდილო შედეგით.

თანამედროვე კლასიფიკაციით აივ ინფექცია ეწოდება დაავადებას ვირუსით ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ტერმინით შიდსი, აღინიშნება დაავადების ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების გარკვეული კლინიკური ნიშნები და/ან იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება.

დღესდღეობით საქართველოში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ( 2009 წლის ოქტომბრის მონაცემებით) შიდსის ვირუსით ინფიცირების 2146 შემთხვევაა რეგისტრირებული. 1606 – მამაკაცია, 540 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 35 წლამდეა. შიდსი ანუ დაავადების ბოლო სტატია განუვითარდა 1141 პაციენტს, 458 გარდაიცვალა. აივ მკურნალობას იტარებს 557 პაციენტი, მათგან 26-ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

  • 59,7% – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი;
  • 33,8% – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
  • 2,6% – ჰომო/ბისექსუალური კონტაქტით;
  • 2,1% – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
  • 0,6% – სისხლის რეციპიენტია;
  • 1,2% – გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (754 შემთხვევა). ზოგადად საქართველოში აივ ინფექციის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს. ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოში აღინიშნება აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდის ტენდენცია.

უფრო ვრცლად ამ დაავადების, მისი გადაცემის, მკურნალობისა და სიმპტომების შესახებ გვესაუბრება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგე ნინო ბადრიძე:

– შიდსით ინფიცირებულთა ძირითადი ნაწილი როგორ დაინფიცირდა?

– შიდსით ინფიცირებულთა ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 60% ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებზე მოდის, თუმცა ბოლო წლებში საკმაოდ მოიმატა სქესობრივი კონტაქტით ინფიცირებულთა რიცხვმაც.

ყველაზე ხშირი გადაცემის გზები: აივ ინფექცია/შიდსი გადაეცემა 1. სქესობრივი კონტაქტით, 2. ნარკოტოკების მომხმარებლების მიერ ზიარი შპრიცის ან ნემსის გამოყენებით, შეუმოწმებელი აივ ინფიცირებული სისხლის გადასხმით, არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით, და ასევე 3. აივ ინფექცია შესაძლებელია გადაეცეს ნაყოფს/ახალშობილს იმ შემთხვევაში თუ ორსული აივ ინფიცირებულია. ნაყოფის ინფიცირება შესაძლებელია მოხდეს მუცლად ყოფნის პერიოდში, მშობიარობის დროს ან ძუძუთი კვების დროს. აქვე მინდა დავძინო, რომ დღესდღეობით არსებობს პროფილაქტიკური მკურნალობა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ნაყოფის/ახალშობილის ინფიცირების რისკს. თუ ორსული აივ ინფიცირებულია, მას ორსულობის 24 კვირიდან ეწყება პროფილაქტიკური მკურნალობა, ხოლო მშობიარობის შემდეგ ახალშობილი გადაყავთ ხელოვნურ კვებაზე.

შიდსი არ გადაეცემა: საყოფაცხოვრობო კონტაქტით, ხელის ჩამორთმევით, საუბრით, მწერის ან ცხოველის კბენის შედეგად იმ შემთხვევაშიც კი თუ ის (მწერი ან ცხოველი) უკბენს ინფიცირებულს და შემდეგ ჯანმრთელ ადამიანს. ეს დაავადება ასევე არ გადაეცემა საერთო ჭურჭლის, აბაზანის, თეთრეულის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით.

სამწუხარო ფაქტია ის რომ დღესდღეობით მიუხედავად საზოგადოების ინფორმირებულობისა, აგრესია მაინც ვლინდება ინფიცირებული ადამიანების მიმართ. მათი გარიყვა არ არის საჭირო, რადგან აივ ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი 3 გზით.

სიპტომები: შიდსი ნელა პროგრესირებადი დაავადებაა, ანუ წლების განმავლობაში ინფიცირებულ ადამიანს არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება. დაინფიცირების მომენტიდან ცოტა ხანში შესაძლებელია განვითარდეს ჩვეულებრივი გრიპის მსგავსი სიპტომები: სიცხე, ლიმფური კვანძების გადიდება და ა.შ. რომელიც ჩვეულებრივ მკურნალობის გარეშეც გაივლის. ამ სიპტომების გაქრობის შემდეგ, საშუალოდ 5-7 წლის განმავლობაში ადამიანს არაფერი არ აწუხებს, ის პრაქტიკულად ჯანმრთელია და მისი ინფიცირების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ აივ ინფექციაზე ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე. შემდეგ ეს ე.წ. უსიპტომო პერიოდი გადის და იწყება გარკვეული დაავადებების გამოვლენა.

აივ ინფიცირებულს შეიძლება განუვითარდეს სხვადასხვა სახის დაავადება, მაგ: გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, ტუბერკულიოზი, მუქი ლაქისებული გამონაყარი ტანზე, სოკოვანი დაავადებები და სხვ. ყველაზე ხშირად გამოხატული სიპტომებია: ლიმფური კვანძების გადიდება, ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამის საათებში, წონაში კლება (რა თქმა უნდა თუ ეს არ არის სტრესით ან დიეტით გამოწვეული) სხეულის მასის 10% და მეტი 1 თვის მანძილზე, საკმაოდ ძლიერად გამოხატული სისუსტე.

მკურნალობა: დღესდღეობით შიდსისგან სრული განკურნება შეუძლებელია. მაგრამ არსებობს სპეციალური სახის მკურნალობა, რომელიც აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პიროვნებას სიცოცხლეს უხანგრძლივებს და სრულფასოვანს ხდის.

მე მოვუწოდებ ყველა 18-50 წლის მოსახლეობას ჩაიტარონ გამოკვლევა აივ ინფექციაზე. რადგან ადამიანის აივ ინფიცირების დადგენა მხოლოდ ამ გამოკვლევითაა შესაძლებელი. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი შემდგომი მკურნალობისათვის, რადგან დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, მკურნალობა უფრო ეფექტურია.

შიდსის ცენტრში აივ ინფექცია/შიდსზე კონსულტირება, ტესტირება და მკურნალობა უფასოა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ცხელ ხაზზე 398018.

შიდსის ცენტრები მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

* * *

ათი წელია საქართველოში შეიქმნა შიდსის დახმარების ფონდი, სადაც გაერთიანებულები არიან ინფიცირებულები, მათი ახლობლები, მეგობრები, ფსიქოლოგები, რომლებიც საკმაოდ დიდ დახმარებას უწევენ პაციენტებს, რადგან ესეთ ადამიანს ყოველთვის უჩნდება ფსიქოლოგიური პრობლემები.

ამ პრობლემებთან დაკავშირებით გვესაუბრება შიდსის დახმარების ფონდის ფსიქოლოგი ნანა დათუკიშვილი:

– რა ფსიქოლოგიური პრობლემები უჩნდებათ ინფიცირებულ ადამიანებს?

– განსაკუთრებული კრიზისული სიტუაცია მაშინ იწყება, როცა ისინი იგებენ თავიანთ სტატუსს. ამ დროს მათ უჩნდებათ შიში ოჯახის წევრების დაკარგვის, საზოგადოებისგან გარიყვის. სტერეოტიპებისა და ინფორმაციის ნაკლებობის გამო ხდება ასეთი ადამიანების გარიყვა, ხშირად მშობლებიც უარს ამბობენ ინფიცირებულ შვილზე. ამიტომ ესეთი ადამიანები მალავენ თავიანთ დაავადებას.

მეორე კრიზისული სიტუაციაა მკურნალობა. ხშირად უარს ამბობენ მკურნალობაზე რადგან ფიქრობენ, რომ ის მაინც ფატალური შედეგით დამთავრდება. თუ პაციენტი დათანხმდა მკურნალობაზე მას ეწყება სტრესი, რადგან უწევს ყოველდღიურად წამლების მიღება, ეს სტრესი უფრო ხშირად მამაკაცებში ვლინდება. მაგრამ მათი მთავარი პრობლემა, მაინც ის არის, რომ საზოგადოებისგან ისინი უფრო მეტ აგრესიას იღებენ ვიდრე თანადგომას.

ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის გზები: პირველ რიგში ნუ გავკიცხავთ ასეთ ადამიანს და ნუ გამოვიძიებთ თუ როგორ დაემართათ ეს. გამოვიჩინოთ თანადგომა, მაგრამ არ ვაგრძნობინოთ რომ გვეცოდება. ჩვეულებრივ ადამიანად უნდა მივიღოთ, რომელსაც სურს საზოგადოებაში ინტერგრირება. საზოგადოება ჰუმანური უნდა იყოს.

ეს დაავადება მთელ მსოფლიოშია, საინტერესოა როგორ და საიდან წარმოიშვა და დღესდღეობით რამდენადაა გავრცელებული სხვადახვა ქვეყანაში.

1 დეკემბერიშიდსი კლინიკურად პირველად აღწერეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1981 წელს, მისი წარმოშობის შესახებ განსხვავებული ვერსიები არსებობს. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ შიდსის გამომწვევი ვირუსი არ არის ახალი – იგი ხანგრძლივად არსებობდა ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის რეგიონში, მაგრამ გლობალურად გავრცელდა მხოლოდ უკანასკნელ წლებში, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად ხელი შეუწყო აფრიკიდან იაფფასიანი სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში.

ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები მაიმუნების ზოგიერთ სახეობაში ხანგრძლივი დროის მანძილზე ფართოდ იყო გავრცელებული შიდსის ვირუსის წინამორბედი, რომელიც არ იყო პათოგენური ადამიანისთვის. შემდგომში მუტაციის ან სხვა ფაქტორების შედეგად მაიმუნის ვირუსმა გადალახა სახეობრივი ბარიერი და გავრცელდა ადამიანებში.

რაც შეეხება აივ ინფექციის ეპიდემიოლოგიას ანუ გავრცელებას. შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა ოფიციალურად აღრიცხულია აშშ-ში, თუმცა რეალურად ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მეტია აფრიკის კონტინენტზე. ევროპაში კი შიდსი ყველაზე მეტად გავრცელებულია საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში. ევროპაში აივ ინფექციის გავრცელების ძირითადი მიზეზი სქესობრივი კონტაქტებია, ხოლო დსთ-ს ქვეყნებში, განსაკუთრებით რუსეთსა და უკრაინაში, ნარკოტიკების ინექციური მოხმარება. აზიის კონტინენტი აივ ინფექციისგან თავისუფალ ზონად ითვლებოდა, ამჟამად კი ახალი შემთხვევების გამოვლენის მხრივ აზია ერთ-ერთ პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაპყროს შიდსის რეალურ საფრთხეს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საპირველდეკემბერო კამპანია. პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. საქართველო უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში.

აღსანიშნავია კიდევ ერთი თარიღი 21 მაისი, რომელსაც 1983 წელს ჩაეყარა საფუძველი, როგორც შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე, რომლის მიზანია პატივი მივაგოთ შიდსით გარდაცვლილ 25 მილიონზე მეტ ადამიანს.

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ატარებს წითელ ლენტს, როგორც აივ/შიდსის ინფექციის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს, ეს ლენტი 1991 წელს შექმნა მხატვარმა ფრანკ მურმა. წითელი ლენტი გამოხატავას სოლიდარობას, პროტესტს და იმედს.

ყველა ადამიანის ვალია გამოხატოს მხარდაჭერა ინფიცირებულების მიმართ და წვლილი შეიტანოს აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაში.

ლიკა ალადაშვილი

3 comments

  1. avatar
    გვანცა

    avatarშიდსით დაავადებული თავს უსარგებლო ნივტად თვლის ამიტომ მიმათავ ხალხს რომ მეტი სერიოზულობიტ მოკიდონ ამ საქმეს ხეელი/ყველა დზ მიყვარხართ :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-) :-)

  2. avatar
    ლიკა

    avatarტყუილად წლის ნაყვაა ამგვარი სტატიების ბეჭდვა,რადგან ძალიან დიდი ხანია დამტკიცებულია- შიდსი არ არსებობს და ის ინფექცია არაა!ამაოდ შვრებით,არაფერი გამოგივათ,და გეყოთ ბოლი :D:D
    http://www.youtube.com/watch?v=aZ6jSY3GsnU

  3. avatar

    avatarshidsi ar arsebooobs?? abaa ra ariis ukacravaad??:):)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>