თებ 11

თემურ ლურსმანაშვილის შემოქმედება

ილია II მოზაიკაპროფესიით ინჟინერი თემურ ლურსმანაშვილი 2003 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლი, სამცხე-ჯავახეთი) ბუნებრივ რესურსებს და სოციალურ გარემოს იკვლევდა. 2003-2005 წლებში კი ამ მიზნით რამდენიმე ექსპედიცია მოაწყო. “ასეთი ექსპედიციებისას გზადაგზა ვსტუმრობდი და შეძლებისდაგვარად, აღვრიცხავდი ქართულ ეკლესია-მონასტრებს და ძეგლებს, ვქმნიდი მონაცემთა ბაზას – ფოტო არქივი, მოკლე ისტორიული ცნობები და ასე შემდეგ.

მუშაობის პროცესში ძალიან მეხმარება სამუშაოს დაგეგმარებისა და ორგანიზების გამოცდილება, ინჟინრული გამოცდილება, მათემატიკის, ელექტრონიკის, მშენებლობის და ლოგისტიკის ცოდნა. ასევე მეხმარება ჩემი ბზის ხეზე კვეთით გატაცება” – აღნიშნა “ამბიონთან” საუბრისას თემურ ლურსმანაშვილმა.

თუ როდის გაუჩნდა მოზაიკური სურათების შექმნის იდეა ბატონ თემურს და რა იყო მისი პირველი ნამუშევარი, როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ამ საქმის კეთება, “ამბიონის” კითხვებს ის თავამდვე პასუხობს.

თემურ ლურსმანაშვილი: “მოზაიკური სურათების შექმნის იდეა 2004 წელს გამიჩნდა, როცა დიდმარხვის განმავლობაში გურჯაანის ყოვლაწმინდის მონასტერში მსახურ ჩემს მოძღვარს მეუფე ექვთიმეს (ლეჟავა) (გურჯაანი-ველისციხის ეპარქიის მღვდელმთავარი) ვსტუმრობდი. პატრიარქმა, ქადაგებაში ნაქვამი სიტყვებით “სამების საკათედრო ტაძარი არის ქართველი ხალხის შინაგანი პორტრეტი”, ბიძგი მომცა და დავიწყე სამების საკათედრო ტაძრის მოზაიკის შექმნა. ამ იდეის ფილოსოფია შემდეგი იყო: ყოვლაწმინდა სამება არის ის, რაც არის ჩემს გარშემო – ნაცნობი და უცნობი ადამიანები, მთები, ვარსკვლავები და ასე შემდეგ – მოკლედ ყველაფერი. გარდა ამისა სამება არის წარსული, აწმყო და მომავალი – ყველაფერი რასაც ვწვდები და ვერ ვწვდები…

პირველი ნამუშევარი სწორედ სამების საკათედრო ტაძრის მოზაიკური სურათი იყო. ამ მოზაიკაზე 2 წელზე მეტს ვმუშაობდი. სურათი “აწყობილია” დაახლოებით 3500 “ფოტო-უჯრით”.

ჯერ ვაკეთებ “ძირითადი” სურათის ესკიზს, რომელსაც ვყოფ სეგმენტებად და განვსაზღვრავ სეგმენტების “დომინანტ” ფერებს. შემდეგ ვაგროვებ “ნედლეულს”, ფოტო მასალას. ვამუშავებ მათ. გამოვთვლი საჭირო პროპორციებს და ვამზადებ “აგურებს”, “კენჭებს” მოზაიკისათვის. ვქმნი “დომინანტი” ფერების რამდენიმე “საწყობს” – მონაცემთა ბაზას. ყოველი ახალი მოზაიკური ნამუშევრისათვის უნდა “დაასაწყობო”, მოიმარაგო რამდენიმე ათასი “ფოტო-აგური”, “ფოტო-კენჭი”. ვაკეთებ სამუშაო “მათემატიკულ მოდელს”.

სურათზე დღეში 7-8 საათი ვმუშაობ. შეუძლებელია დაწყებული პროცესი გაწყვიტო რამდენიმე დღით, რადგან თუ “ფოტო-აგურის” საჭირო პროპორციები ასე თუ ისე მათემატიკურ კონსტანტის ფარგლებში შეგიძლია აკონტროლო კომპიუტერული-პროგრამული ინსტრუმენტით, “დომინანტი” ფერები და გამოსახულების აქცენტები კონტროლდება მხოლოდ ვიზუალურად. შეუძლებელია, რამდენიმე დღის პაუზის შემდეგ უცვლელად აღიდგინო მეხსიერებაში მნიშნელოვანი პარამეტრები. მოკლედ, ეს ხატვაა, “ქმნაა” და მუდმივ, უწყვეტ შრომას საჭიროებს.
ზოგი ხატავს ფანქრით, ზოგი ფუნჯით. იყენებენ საღებავებს, პასტელს, ცარცს, ფერად ქაღალდებს და ასე შემდეგ. ჩემი მოზაიკების შექმნა წააგავს ანტიკური მოზაიკის შექმნის პრინციპს, ოღონდ, ფერადი კენჭების, საღებავების ნაცვლად ვიყენებ “ფოტო-კენჭებს”. ინსტრუმენტებად ვიყენებ კომპიუტერულ პროგრამებს, ძირითადად, “ფოტოშოპს”.

იესო ოზაიკასამების საკათედრო ტაძრის მოზაიკის “შუალედური” ვერსია 2007-ში ვაჩვენე ჩემს მოძღვარს, მეუფე ექვთიმეს. მეუფე არქიტექტორია. მან რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა მომცა. საოცარი ის იყო, რომ ზოგი ისეთი რჩევა მივიღე, რომელიც ვერ მივიღე ვერც მაღალი კლასის მათემატიკოსისგან და ვერც მაღალი კლასის პროგრამისტისგან – თითქოს მეუფე მთელი ცხოვრება კომპიუტერთან ათენ-აღამებდა! იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს რჩევები, რომ მეუფე ექვთიმე თამამად შეიძლება ჩავთვალო, როგორც მინიმუმ, ჩემი “ხატვის ტექნიკის” თუ “ტექნოლოგიის თანაავტორად”.

5 წელია ეს სამუშაო ჩემი გატაცებიდან, ძირითად საქმიანობად გადაიქცა. უკვე მაქვს 12 დასრულებული ნამუშევარი.

გვიამბეთ პატრიარქის მოზაიკური პორტრეტის შექმნის შესახებ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობას გრძნობთ მუშაობის პროცესში, თუ არის პატრიარქისთვის ცნობილი მისი სურათის შექმნის შესახებ და როდისთვის იქნება სრულად დასრულებული?

მისი უწმინდესობის მოზაიკური პორტეტის შექმნის კურთხევა მეუფე ექვთიმემ მომცა. ამ მოზაიკის კონცეფციაა: პატრიარქი ლოცულობს ყველასათვის, პატრიაქი განიცდის ყველას, პატრიარქი წუხს ყველაზე, მიუხედავად იმისა, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს მასთან.

როცა ამ მოზაიკას დავამთავრებ, მეუფე თავად გადაწყვეტს, როგორ და როდის აჩვენებს უწმინდესს ამ პორტრეტს. მე არ მაქვს უფლება და სურვილი ჩემს მაკურთხეველს წინ გავუსწრო, ეს როგორც მინიმუმ, მორჩილების კანონის დარღვევაა.

“ფოტო-სახეებს” ვარჩევ ჩემი მონაცემთა ბაზიდან, რაც დამიგროვდა გადაღებების დროს და მომაწოდეს ახლობელ-მეგობრებმა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვცდილობ პირველ რიგში ყველა მეუფის სახე ავსახო მოზაიკაში, “ჩავსვა” ღვთისმსახურები, რა თქმა უნდა, ბავშვები, მრევლი და ისინიც, ვინც არიან “უარისმყოფელნი მართლმადიდებელთა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათა შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი”. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელნი სიმბოლურად აისახებიან პორტრეტში. სულ გამოვიყენებ დაახლოებით 1900 “ფოტო-აგურს”.

მზად მაქვს პატრიარქის პორტრეტის შუალედური-სამუშაო ვერსია. ამ მოზაიკის დასამთავრებლად საჭიროა დაახლოებით 200 “კაც-საათი”. მაგრამ ჩემი რესურსები გამოილია (მხედველობაში მაქვს ფინანსური დანაზოგები) და არც ვიცი რა წყაროებიდან დავაფინანსებ მიმდინარე ხარჯებს. ასევე ჯერ-ჯერობით არ ვიცი რითი დავაფინასებ მაღალი ხარისხის დასტამბვას.

ჩემ წინ იდგა და დგას ამოცანა: ან უნდა ვიზრუნო რეალური შემოსავლისათვის, ანუ “ვაკეთო ფული”, ან უნდა ვიმუშაო და შევქმნა მოზაიკური სურათები. ერთდროულად, ორივე არ ხერხდება.

თითქმის მთელი წელი ვაწარმოებდი მიმოწერას ამერიკულ კომპანიასთან “ArtCom Inc”. საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვთ. ათასი ტესტი და კრიტერიუმი “გაიარა” ჩემმა ნამუშევრებმა და ბოლოს გამოფინეს… მაგრამ მათგან მე ჯერ-ჯერობით არაფერი მიმიღია. Artist Rising – ამ მისამართზეა შესაძლებელი ჩემი ნამუშევრების ხილვა.

სამების მოზაიკა

რას წარმოადგენს ყველაზე დიდ სირთულეს მუშაობის პროცესში?

“სასიამოვნოდ დამღლელია” ფოტო-გადაღებებზე “გასვლა”. ძალიან რთულია “ფოტო-აგურების-კენჭების” მომზადება. შრომატევადია და დაძაბული მოზაიკის “აწყობა”.

რას გვეტყვით თქვენი მიზნებისა და მომავალი გეგმების შესახებ?

მინდა შევქმნა ქართული “ტაძართა ტაძრის”, “ძეგლთა ძეგლის” – სვეტიცხოვლის მოზაიკა. ესკიზი და კონცეფცია უკვე მზად მაქვს. მაქვს “ფოტო-აგურების” ნაწილიც “საწყობში”. დავიწყე “საცდელი ვერსიაც”.

პირველ რიგში, უნდა “გავიდე ძეგლების გადაღებებზე”, რათა შევმნა მონაცემთა სრული ბაზა. ამ მოზაიკაში იქნება ქართული ეკლესია მონასტრები, მათი ფრაგმენტები, ჩუქურთმები, ფრესკები, ქართველ წმინდანთა ხატები და ჩვენი შემწე წმინდანების ხატები.

მოკლედ, ეს იქნება სვეტიცხოვლის “პორტრეტი” და ამავდროულად “ქართულ ქრისტიანულ ძეგლთა კატალოგი” ერთ გვერდზე.

ეს პროექტი ამ გადასახედიდან ჩემთვის საკმაოდ ძვირად ღირებულია და ღვთის შეწევნის იმედი მაქვს

Share Button
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo ტეგები:
FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

          0 ქულა

ერთი კომენტარი “ფოტო-აგურებისგან შექმნილი მოზაიკა”

  1. 1. ლალი:

    avatarბრავო

გამოხატე შენი აზრი

Current day month ye@r *