loading...

«

»

თებ 17

ცუდი აურის შესახებ

როგორ დავიცვათ თავი უარყოფითი ენერგიებისგან?

აურაადამიანებისგან ხშირად მოისმენთ უარყოფითი ენერგიების, ბიოველების და ა.შ. შესახებ საუბარს. გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მღვდლმსახური მამა კახაბერ ფირანიშვილი.

არის თუ არა ადამიანი უარყოფითი ენერგიის მატარებელი?

თითოეული ადამიანი საკუთარ აურას თავად ქმნის, რამდენად კეთილია, რამდენად ღვთისმოსავია, ან პირიქით. ადამიანი, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს, სიკეთის მკეთებელია, არ შეიძლება ცუდი აურა ჰქონდეს. არიან ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ჯადოს, ერთმანეთს ცუდისთვის იმეტებენ… აქვე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ ადამიანი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, აღსარებას ამბობს, ეზიარება, მას ვერანაირი ჯადო ვერ მოერევა.

შესაძლებელია სხვა ადამიანმა ოჯახში ცუდი აურა შემოიტანოს, მაგრამ ის აურა დიდხანს არ გაგრძელდება. თუ ჩვენ სიყვარულის მატარებლები ვართ, ვერანაირი ცუდი აურა ვერ მოგვერევა. აქედან გამომდინარე, აურის შექმნა ადამიანზეა დამოკიდებული, ის საკუთარ აურას თან დასდევს, ეს არის უარყოფითი ველი, რომელსაც თავად ადამიანი ქმნის.

უარყოფითი ენერგიისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია ჯვარი, რომელიც თითოულმა ქრისტიანმა უნდა ატაროს და არასდროს არ უნდა მოიხსნას. გულიდან მას, არც დღე, არც ღამე და არც ბანაობისას. ასევე, როცა ქრისტიანი ადამიანი ცუდ ზეგავლენას იგრძნობს, ჯვარი უნდა გამოისახოს. ასევე, აუცილებელია ვაკურთხებინოთ სახლი, ვაკმოით საკმეველი და დილა-საღამოს აღვავლინოთ ლოცვები. ასე დაცული ვიქნებით უარყოფითი აურისგან.

წყევლა, რომელიც უდიდესი ცოდვაა, უარყოფით ველს წარმოქმნის. ბევრი ადამიანი ექცევა წყევლის ზეგავლენის ქვეშ. ის შესაძლოა პირდაპირი მნიშვნელობითაც აუხდეს ადამიანს. უფალმა ადამიანს ბაგე მეტყველი არა იმიტომ მისცა, რომ იწყევლოს, არამედ იმისთვის, რომ უფალი ადიდოს და მოყვასს სიკეთე ჩაუნერგოს. როგორც უწმინდესი ამბობს, ადამიანი იწყევლება თუ იგინება, რა თქმა უნდა, ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვნებს.
ჩემი თხოვნა იქნება, რომ ადამიანებმა ერთმანეთისთვის წყევლა და გინება კი არა, დიდი სიყვარული გაიმეტონ, რადგან ამ ცხოვრებაში მხოლოდ ამით გადაილახება ყველაფერი.

თუკი დაგვწყევლიან მოთმინებით მიიღეთ, რადგან დამთმენი ადამიანი უფრო მეტად მოგებულია ყოველთვის. თქვენ უთხარით, ღმერთმა აპატიოს მას ნათქვამი სიტყვა, მაგალითი უჩვენეთ, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი. ასე შევძლებთ მისი გულის მოლბობას და ლოცვისკენ მოტრიალებას.