მარ 01

როგორ ამოვიცნოთ თავის ტვინის შერყევა ქალა–ტვინის ტრავმა არის გარეშე მექანიკური ძალის მოქმედებით გამოწვეული თავის ტვინის დაზიანება, რომელიც გამოიხატება ფიზიკური, ფსიქო–სოციალური უნარის მუდმივი ან დროებითი დარღვევით. ამ დროს ავადმყოფი ცნობიერებას კარგავს. პაციენტის უგონო მდგომარეობა ძირითად შემთხვევაში 20 წუთს არ აღემატება.

ნევროლოგი ლალი ღლონტი თავის ტვინის შერყევაზე გვესაუბრა.

– თავის ტვინის შერყევა თავის ტვინის მსუბუქ დაზიანებას მიეკუთვნება, თავის ტვინის შერყევას უკავშირებენ ნერვულ უჯრედებს შორის კავშირის მოშლას, მიუხედავად მრავალი სადაო და ბუნდოვანი წარმოდგენებისა, ამ დაავადებების მიმართ უმრავლესობა მას ყველაზე მსუბუქ დაზიანებად მიიჩნევს. ქალა–ტვინის ტრავმების სტრუქტურაში სიხშირის მიხედვით თავის ტვინის შერყევა პირველ ადგილს იკავებს. თუ არის მხოლოდ შერყევა, ეს არის ფუნქციური კავშირის მოშლით გამოწვეული პროცესი, რომელიც უნდა გამოსწორდეს მაქსიმუმ სამი კვირის განმავლობაში.

– რა ხდება თავის ტვინის შერყევის მიზეზი?

– ძირითადად, თავის ტვინის შერყევის მიზეზია საგზაო–სატრანსპორტო, საყოფაცხოვრებო, საწარმოო და სპორტული ტრავმები. აგრეთვე, კრიმინალურ გარემოებებში მიღებული დაზიანებები.

– თავის ტვინის შერყევის დროს, ავადმყოფს რა სიმპტომები აღენიშნება?

– ტრავმის მიღებისთანავე დამახასიათებელია ერთჯერადი ღებინება, უმნიშვნელოდ გახშირებული სუნთქვა, მაჯის აჩქარება ან შენელება. აღნიშნული მაჩვენებელი მალე უბრუნდება თავის ნორმას. თუ ასე არ მოხდა, ეს არა მხოლოდ ტრავმით, არამედ თანმხლები სტრესული ფაქტორებით აიხსნება.

– ქალა–ტვინის ტრამვის შემდეგ როგორია სხეულის ტემპერატურა?

– თავის ტვინის შერყევის დროს სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. ცნობიერების დაბრუნების შემდეგ, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, ყურებში ხმაური, სისხლის მოწოლა სახეზე, ოფლიანობა, დისკომფორტის შეგრძნება და ძილის მოშლაა დამახასიათებელი. ტკივილი აღინიშნება თვალების მოძრაობისას, კითხვის დროს თვალის კაკლები ერთმანეთისაგან შორდება, თავის ტვინის შერყევისას ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა სწრაფად გამოკეთდება პირველივე, იშვიათად მეორე კვირის მანძილზე. საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ თავის ტკივილი ან სხვა სუბიექტური ჩივილი, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო, უფრო დიდხანს დარჩეს.

– თავის ტვინის შერყევის სურათი არის თუ არა ასაკზე დამოკიდებული?

– ასაკზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ჩვილსა და ადრეული ასაკის ბავშვებში თავის ტვინის შერყევა ხშირად ცნობიერების დაკარგვის გარეშე მიმდინარეობას. ტრავმის მომენტში კანი მკვეთრად კარგავს ფერს. განსაკუთრებით ეს სახეზეა შესამჩნევი. მატულობს გულისცემა, შემდეგ მოდუნდება ავადმყოფი და ეძინება. კვების დროს ღებინება აღინიშნება, აქვს მოუსვენრობა. თუ ბავშვი მეძუძურია, ჭამის შემდეგ აღებინებს, თუმცა, მას გონება დაკარგული არ აქვს, მოუსვენრობა და ძილის მოშლა აქვს. 2–3 დღეში ყველა ეს სიმპტომი გადის. სკოლამდელ ასაკში თავის ტვინის შერყევა შეიძლება ცნობიერების დაკარგვის გარეშე განვითარდეს. ამ შემთხვევაშიც ზოგადი მდგომარეობა 2–3 დღეში გამოსწორდება. რაც შეეხება ხანდაზმულსა და მოხუცებულობის ასაკში, ცნობიერების პირველადი დაკარგვა იშვიათია. უფრო ხშირად ეს ახასიათებს ახალგაზრდა და საშუალო ასაკს. ამავე დროს, ხშირია ზოგადი გაბრუება და მნიშვნელობა აგრეთვე იმასაც აქვს, რომ თუ ასაკოვან ადამიანში თავის ტკივილი გრძელდება უფრო დიდხანს, შეიძლება ეს გამოწვეული იყოს ჰიპერტონული დაავადებით. მათში ხშირია თავბრუსხვევა.

– დიაგნოზის დასმისას რას ექცევა ყურადღება?

– ყურადღება უნდა მიექცეს ტრავმის გარემოების შესწავლას და ამ ამბის შემსწრის ინფორმაციას. მაგალითად, თუ ქუჩაში მოხდა, მაშინ გამვლელისგან უნდა მივიღოთ ინფორმაცია. შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ახლობელი, რომელიც ამ სიტუაციას შეესწრო. თავის ტვინის შერყევის ობიექტივიზაციას ირიბად იძლევა სხვადასხვა ფუნქციური გამოკვლევები – ელექტროენცეფალოგრამა, ულტრაბგერითი ინტრაკრანიალური დოგლეროგრაფია და სხვა გამოკვლევები. ყველაზე ინფორმაციული ოტორენევროლოგიური გამოკვლევაა.

– ტვინის შერყევისას თავის ქალის ძვლების დაზიანება ხდება?

– შერყევას არ ახლავს ქალას ძვლების მოტეხილობა. ნორმალურია თავ–ზურგ–ტვინის სითხის წნევა, მისი შემადგენლობა. ეხო ცვლილებებს არ განიცდის. კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არაა პათოლოგია.

– თავის ტვინის შერყევის შემდეგ, რაიმე პათოლოგიას აქვს ადგილი?

– იგი სრულდება შრომისუნარიანობის სრული აღდგენით. ზოგ ავადმყოფს მწვავე პერიოდის შემდეგ, რჩება მეხსიერების დაქვეითება, დეპრესია, გაღიზიანება, შფოთვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ადვილად დაღლა, ხმაურსა და სინათლეზე მომატებული მგრძნობელობა. 3–12 თვეში ეს სიმპტომები ან მთლიანად გაივლის, ან მნიშვნელოვნად შემცირდება. თუმცა, არსებობს პაციენტების 3%, რომლებსაც რაღაცა მაინც რჩებათ. მას შეიძლება საშუალოდ გამოხატული ინვალიდიზაცია დავარქვათ. თუ ავადმყოფი მკურნალობისა და ქცევის რეჟიმს არ დაიცავს, შეიძლება აღდგენის პერიოდი გაუხანგრძლივდეს და გაუჩნდეს სხვადასხვა თავის ტვინის შერყევის ნარჩენი მოვლენები, მაგალითად ასთემიური სინდრომი, ვეგეტაციურ–სისხლძარღვოვანი დისტომია, უძილობა და სხვა. ამ პერიოდში არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების ჭარბად მიღება, ვინაიდან მას შეიძლება მოჰყვეს ეპილეფსიური გულყრების განვითარება.

– დაზიანებულს როგორ დავეხმაროთ?

– პირველი დახმარება გამოიხატება მისი ცნობიერების სწრაფი აღდგენის შემთხვევაში, რაც ჩვეულებრივ დამახასიათებელია თავის ტვინის შერყევისათვის და მალე მოდის გონზე. დაზიანებული პირი უნდა იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავის ცოტა აწევით, მისთვის მოხერხებული სახით. თუკი ჯერ კიდევ გონება დაკარგულია, უმჯობესია მას მივცეთ ე.წ. გადამრჩენი პოზა: დავაწვინოთ მარჯვენა გვერდზე, თავი ოდნავ უკან გადავუწიოთ, სახე მიწისკენ მივატრიალოთ. მარცხენა ფეხი და ხელი მოვხაროთ სწორი კუთხით იდაყვისა და მუხლის სახსრებში. რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა იყოს გამორიცხული კიდურისა და ხერხემლის მოტეხილობა. ამ პოზიციაში ხდება ფილტვებში ჰაერის თავისუფალი მოძრაობა და პირიდან სითხის გარეთ გამოდინება. ეს იცავს სუნთქვის მოშლის, ენის გადაყლაპვის, ნერწყვის, სისხლისა და ნაღების მასის გამოდინებას, რომ არ მოხვდეს სასუნთქ გზებში და არ მოჰყვეს ისეთი მძიმე გართულება, როგორიც არის ასფიქსია. თუ თავზე არის სისხლმდინარე ჭრილობა, უნდა დავადოთ ნახვევი. ყველა დაზიანებული პირი, მათ შორის, ე.წ. მსუბუქი შემთხვევები უნდა გადავიყვანოთ სტაციონარში, სადაც პირველადი დიაგნოზის დაზუსტება მოხდება. პირველი სამი დღე ენიშნებათ წოლითი რეჟიმი, ერთი დღე მაინც უნდა იწვნენ. მეორე, მეხუთე დღიდან ვაძლევთ თანდათანობით წამოდგომის უფლებას და თუ გართულებები არ იქნება, პაციენტი მეორე ან მეხუთე დღეს საავადმყოფოდან გაიწერება. თუ არანაირი ჩივილები არაა, ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაგვყავს. მედიკამენტოზური მკურნალობა ძირითადად მიმართულია თავის ტვინის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, მოუსვენრობის, უძილობისა და სხვა ჩივილების მოხსნისათვის. ჩვეულებრივ დანიშნულება გულისხმობს ტკივილსაწინააღმდეგო დამამშვიდებელსა და საძილე საშუალებებს ტაბლეტების სახით, საჭიროების დროს, ინექციებში. მიზანშეწონილია სისხლძარღვთა და მეტაბოლური თერაპიის კურსის ჩატარება თავის ტვინის ფუნქციების სწრაფი და სრული აღდგენისათვის. უპირატესობით სარგებლობს სისხლძარღვოვანი და ნოოტროპული პრეპარატების შეხამება, აგრეთვე პრეპარატები ასთენიის საწინააღმდეგოდ. ხანდაზმულსა და მოხუცებულობის ასაკში გაააქტიურებენ ანტიათეროსკლეროზულ თერაპიას და ამავე სახის პრეპარატების მიღებას. აგრეთვე ყურადღებას თანმხლები დაავადებების მკურნალობას უთმობენ. თავის ტვინის შერყევის შესაძლო გართულებებისგან თავის აცილების მიზნით, ერთი წლის მანძილზე საჭიროა ნევროლოგის პერიოდული მეთვალყურეობა.

Share Button
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

     0votes

3 კომენტარების ფოსტზე “როგორ ამოვიცნოთ თავის ტვინის შერყევა”

  1. 1. მანანა:

    avatarძალიან საინტერესო ინტერვიუა

  2. 2. ნიკა:

    avatarრა მაინტერესევს წარბზე მადევს 5 ნაკერი და ძალიან მთვრალი ვიყავი არ ვიცი რა მომივიდა და არც მახსოვს და ეს ტვინის შერყევის ბრალ იშეძლება იყოს თუ სიმთვრალის ? მანამდე ღებინება მქონდა და სიმთვრალეს ვაბრალებ ,ეხა კარგად არაფერი არ მჩირს და თავის ტვინის შერყევის დროს 3 დღის შემდგომ კარგად ხარ

  3. 3. გიზო:

    avatarნიკა ცოტა უნდა დალიო@ ნიკა:
    :-D

გამოხატე შენი აზრი