loading...

«

»

მარ 09

მეტეორიტებში არამიწიერი სიცოცხლის ნარჩენებია აღმოჩენილი

მარშალის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრიდან (NASA/Marshall Space Flight Center) დოქტორმა რიჩარდ ჰუვერმა (Richard Hoover) განაცხადა, რომ მეტეორიტებში არამიწიერი წარმოშობის სიცოცხლის ნარჩენები აღმოაჩინა – გაქვავებული ბაქტერიები, რომლებიც ციანობაქტერიების ჯგუფს განეკუთვნება. ჰუვერი საკმაოდ იშვიათი ტიპის მეტეორიტის ჩამონათალს იკვლევდა, რომლებიც განისაზღვრებიან როგორც ნახშიროვანი ჰონდრიტები (carbonaceous chondrites ან CI1). მისი თქმით, მასკანირებელი მიკროსკოპის დახმარებით მან აღმოაჩინა ძაფის ფორმის სტრუქტურები, რომლებიც ფორმითა და შემადგენლობით ძაფოვანი ციანობაქტერიებისა და სხვა პროკარიოტების (ძაფოვანი გოგირდის ბაქტერიების) ანალოგიურნი არიან, რომლებიც დედამიწაზე ფართოდ არიან გავრცელებულნი.

ჰუვერმა ამ ტიპის ცხრა ცნობილი მეტეორიტიდან სამი ნახშიროვანი ჰონდრიტის (Alais, Ivuna და Orgueil) ნიმუშები გამოიკვლია. აღმოჩენილი გაქვავებები მისი აზრით შეუძლებელია სხვა არაორგანული ნივთიერებების ჩანართები იყოს, რადგანაც რთული შემადგენლობა აქვთ, რაც ამ ტიპის მინერალებისთვის არაა დამახასიათებელი. მეცნიერი აცხადებს, რომ მან უჯრედოვანი სტრუქტურები აღმოაჩინა, რომლებიც გადაადგილების, გამრავლების და ბაქტერიების მიერ აზოტოვანი შენაერთების ათვისების ფუნქციებს ასრულებდნენ.

ვერსია იმის თაობაზე, რომ აღმოჩენილი ბაქტერიები მეტეორიტებში უკვე დედამიწაზე მოხვდნენ, ჰუვერი უარყოფს აზოტის შენაერთების არარსებობით (როგორც ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგისა), რომლებიც 100 წელზე უმცროს ბიოლოგიურ მასალებშია ხოლმე. შესაბამისად, აღმოჩენილი ბაქტერიები საკუთარ ცხოველქმედებას დედამიწაზე მეტოერიტების მოხვედრამდე დიდი ხნით ადრე ახოციელებდნენ. ჰუვერი ვარაუდობს, რომ ორგანიკის შემცველი გამოკვლეული მასალები წარსულში კომეტების ნაწილი იყო, და ამ ამ კომეტების ბირთვში ბაქტერიების ცხოველქმედებისთვის სასარგებლო პირობები არსებობდა.

ამას გარდა, ჰუვერი თვლის, რომ ანალოგიური პირობები უნდა არსებობდეს მარსისა და თანამგზავრების ევროპისა და ენცელადასზედაპირის ქვეშ.

ჟურნალში Journal of Cosmology გამოქვეყნებულმა ჰუვერის სენსაციურმა და საეჭვო მტკიცებულებებმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია სამეცნიერო საზოგადოებაში. შედეგად, რედაქციამ დაახლოებით 100 ექსპერტი და 500-ზე მეტი მეცნიერი მიიწვია წარმოდგენილი მონაცემების კვლევასა და კრიტიკულ ანალიზში მონაწილეობის მისაღებად.

წყარო:Journal of Cosmology