loading...

«

»

მარ 12

რა მოვუხერხოთ მაღალ წნევას

რა მოვუხერხოთ მაღალ წნევას ჰიპერტონიული დაავადებით ყოველი მეხუთე ადამიანი იტანჯება, ხოლო 50 წლის შემდეგ – ყოველი მეორე. ამ ქრონიკული დაავადებისგან სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ საკუთარი წნევის გაკონტროლება საჭირო და აუცილებელია. ეს ერთადერთი შანსია ჰიპერტონიასთან დაკავშირებული სასიკვდილო და საშიში დაავადებებისგან თავის დასაცავად.

არასწორი ან არასაკმარისი მკურნალობისას ამ დაავადებას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ინფარქტი, ინსულტი, აორტის ანევრიზმა, თირკმლების უკმარისობა, სიბრმავე. ამავდროულად მაღალი წნევა ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის.

სიმპტომები შეიძლება არც იყოს

ჰიპერტონიული დაავადება პირველად შეიძლება 30 წლის შემდეგ (შესაძლებელია ადრეც) გამოვლინდეს. განასხვავებენ სამ სტადიას. პირველ სტადიაზე შინაგან ორგანოებსა და სისტემებში ცვლილებები არ ხდება, წნევა ეპიზოდურად იმატებს და ნორმას თავისთავად უბრუნდება. მეორე სტადიაზე ასეთი ეპიზოდები უფრო ხშირია და წნევის დაწევა მხოლოდ მედიკამენტების დახმარებით შეიძლება. მესამე სტადიისთვის დამახასიათებელია სტაბილური მაღალი არტერიული წნევა, ორგანოებისა და სისტემების პათოლოგიური ცვლილებები. ეს სტადია სასიკვდილო გართულებებით იმუქრება.

გარდა აღნიშნულისა, განასხვავებენ ცერებრალურ და კარდიალურ ჰიპერტონიას. პირველ შემთხვევაში უსიამოვნო შეგრძნებები თავში ლოკალიზდება. ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, რომელიც, ჩვეულებრივ, დილით კეფის მიდამოში აღმოცენდება, ყურებში ხმაური, თავბრუ, გულისრევა, ცხვირიდან სისხლდენა, უძილობა, თვალების წინ შავი წერტილები. მეორე შემთხვევაში პაციენტს ჩვეულებრივ აწუხებს ტკივილი ბეჭის ქვეშ, მკერდში, ხელის თითებში ჩხვლეტა.

სამწუხაროდ, ბევრი სხვა დაავადების მსგავსად, ჰიპერტონია ხშირად დიდი ხნის განმავლობაში თავს არაფრით ამჟღავნებს. ზოგიერთი ავადმყოფი წნევის ხტუნვას საერთოდ არ გრძნობს, ზოგჯერ კი მათი ორგანიზმი იმდენად ეჩვევა, რომ ასეთ მომენტებში პაციენტები თავს ძალიან კარგად გრძნობენ. ამიტომ ყოველმა ადამიანმა, განსაკუთრებით 40 წლის ზევით, წნევა რეგულარულად უნდა აკონტროლოს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, წნევა 140/90მმ–ზე ზევით მომატებულად ითვლება. წნევის მკვეთრი მომატება პათოლოგიის ნიშნად არ ითვლება. დღის სხვადასხვა მონაკვეთში და სხვადასხვა ფაქტორის (ემოციური განცდა, ფიზიკური და სექსუალური აქტივობა, ალკოჰოლის მიღება) ზეგავლენით მაჩვენებელი შეიძლება არსებითად მერყეობდეს. გაცილებით მნიშვნელოვანია, მომატებული წნევა ნორმას რამდენად სწრაფად უბრუნდება. როგორც წესი, ეს ნახევარ საათში უნდა მოხდეს.

დიაგნოზი “ჰიპერტონიული დაავადება” სხვადასხვა დღეებში წნევის მრავალჯერად გაზომვას (დღეში არანაკლებ 5–ჯერ, მათ შორის ღამით და გაღვიძებისთანავე) ეფუძნება.

მკურნალობა

ჰიპერტონია შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაავადება, მემკვიდრეობითი მიზეზებით, მავნე ჩვევებით, ხანდაზმულობის ასაკით და სისხლძარღვების ცუდი მდგომარეობით გამოწვეული. არსებობს სიმპტომური ჰიპერტონიული დაავადებაც, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა დაავადებებთან: თირკმლების დაავადებებთან, თირკმლების არტერიებთან, კუჭქვეშა ჯირკვლისა და ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიებთან, გულის მანკთან. სიმპტომური ჰიპერტონიის სამკურნალოდ მხოლოდ არტერიული წნევის დამწევი პრეპარატების მიღება არასაკმარისია. პირველ რიგში საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა.

ჰიპერტონიის თვითმკურნალობა არ შეიძლება. არტერიული წნევის დამწევ საშუალებებს მეტად ძლიერი მოქმედება აქვთ, ამიტომ წნევის უეცრად და ძლიერ დაწევას შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს. წამლის შერჩევა და დოზა ექიმის პრეროგატივაა. პრეპარატის დანიშვნის დროს ექიმი არამხოლოდ დიაგნოზს, ასევე სხვა გარემოებებს ითვალისწინებს: ავადმყოფის ასაკს, დაავადების სტადიასა და კლინიკურ ფორმას, გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან გართულებების არსებობას (სტენოკარდია, გულის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევა), სხვა ორგანოების ფუნქციის დარღვევებს (სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქოსპაზმი და ა.შ.).

სადღეისოდ ჰიპერტონიას მკურნალობენ არა ერთი წამლით, არამედ რამდენიმე პრეპარატის შერწყმით. შედეგად წნევა არამხოლოდ სტაბილურად ქვეითდება, ასევე გვერდითი ეფექტებიც მცირდება. თანამედროვე ახალ პრეპარატებს ხანგრძლივი მოქმედება აქვთ – დღეში ერთჯერადი მიღებით წნევას 24 საათის განმავლობაში აქვეითებს.

რჩევა: წნევის ძლიერ სწრაფად და მოკლე დროში დაგდება არ შეიძლება. ბევრად უფრო უსაფრთხოა ამის რამდენიმე თვის განმავლობაში 2–3 ეტაპად გაკეთება. ავადმყოფი სისხლის ახალ წნევას თანდათან ეჩვევა, ხოლო სწრაფად დაწევის დროს შეიძლება აღმოცენდეს გულის ან ტვინის იშემია (ადგილობრივი სისხლნაკლულობა, რაც გამოწვეულია მკვებავი არტერიების დაცობით ან დავიწროებით).

მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ შეიძლება. ჰიპერტონია ქრონიკული დაავადებაა. ერთხელ აღმოცენებული, უკვე აღარ ქრება. ამიტომ წამლისმიერი თერაპია მუდმივი უნდა იყოს.

წამლის დოზების თვითნებურად შემცირება საშიშია. ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ექიმი იღებს.

პროფილაქტიკა

თამბაქოს მოწევას თავი დაანებეთ; მეტი იმოძრავეთ (განსაკუთრებით სასარგებლოა სირბილი და ცურვა); ცილოვანი და ცხიმიანი საკვები ცოტა მიიღეთ; ხელოვნური საკვები დანამატების შემცველი კონსერვები და კერძები, ასევე მარილი შეზღუდეთ; წონა აკონტროლეთ; არანაკლებ 8 საათისა იძინეთ. ჰიპერტონიისკენ მიდრეკილების დროს სასარგებლოა ბევრი ბოსტნეულის, ხილისა და კენკრის, რძის პროდუქტების მიღება. დაიცავით მცენარეული დიეტები. სტრესებს მოერიდეთ. მეტად სასარგებლოა მედიტაცია. თუ ნერვულ დაძაბულობას თავად ვერ ძლევთ, ექიმს მიმართეთ. ის ემოციური აგზნების შემამცირებელ პრეპარატს დაგინიშნავთ.