მარ 13

მინსკი – ყველაზე იაფი ქალაქი ევროპაში მინსკი ბელორუსის დედაქალაქი და ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ცენტრია. ისტორიული წყაროებით, ქალაქის სახელი მდინარე მენკედან უნდა მომდინარეობდეს, რომელიც მდინარე ნემიგას შენაკადია. მდინარე ნემიგა შემდგომ მილების საშუალებით მიწისქვეშ ჩაუშვეს და ახლა იმავე სახელწოდების ქუჩის ქვეშ გაედინება. დედაქალაქში მდინარე სვისლოჩიც მიედინება.

მცირე რამ ისტორიიდან

ისტორიულ დოკუმენტებში მინსკი პირველად 1067 წელსაა ნახსენები, როდესაც მდინარე ნემიგასთან პოლონელი მთავრის, ვსესლავ ბრიაჩისლავიჩისა და კიევის მთავრის, იაროსლავ ბრძენის ვაჟებს შორის გაიმართა ბრძოლა. შედეგად ქალაქი დანგრეულა. მე–14 საუკუნის დასაწყისში მინსკი ლიტვის დიდი სამთავროს შემადგენლობაში შევიდა. 1793 წელს ის ბელორუსის ცენტრალურ ნაწილთან ერთად რუსეთის იმპერიას მიუერთდა. 1918 წლის 21 თებერვლიდან 10 დეკემბრამდე ქალაქი გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული. 1922 წლიდან კი – ჯერ ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის, შემდეგ ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქია. 1941–1944 წლებში ქალაქი ბომბდამშენების სამიზნე გახდა. ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა მთავრობამ ქალაქი ხელახლა ააშენა. 1991 წლიდან მინსკი დამოუკიდებელი ბელორუსის დედაქალაქია.

კლიმატი

მინსკში ცივი და ნალექიანი ზამთარი და გრილი ზაფხული იცის. იანვარში საშუალო ტემპერატურა –6 გრადუსია, ხოლო ივლისსა და აგვისტოში ჰაერი 19 გრადუსამდე თბება. ქალაქში წვიმა მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად მოდის.

ფული

ბელორუსული რუბლი ქვეყნის ოფიციალური ვალუტაა. 1 ამერიკული დოლარი 3000 ბელორუსული რუბლის ტოლფასია. ოფიციალური ვალუტის გარდა, ამერიკული დოლარით და ევროთიც თავისუფლად ისარგებლებთ. ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, მინსკში ყველაფრის ფასი, განსაკუთრებით კი საკვების, ძალიან დაბალია.

ენა

მინსკი ორენოვანი ქალაქია. იქ ორი ოფიციალური ენაა – ბელორუსული და რუსული. მოსახლეობის უმეტესობა, დაახლებით 80% – რუსულად, ხოლო 11% ბელორუსულ ენაზე საუბრობს. იქიდან გამომდინარე, რომ 1559 წელს ოფიციალურ ენად პოლონური გამოცხადდა, დედაქალაქის მოსახლეობის 9% ჯერ კიდევ პოლონურად საუბრობს.

მინსკში ჩასული ტურისტები, რუსულის გარდა, თავს ინგლისურით ან გერმანულითაც გაიტანენ.

გადაადგილება

გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მინსკში მოხვედრა ძალიან ადვილია. საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან აღმოსავლეთით 42 კილომეტრში მდებარეობს. თვითმფრინავით ძირითადად სხვა კონტინენტებიდან მიმავალი ტურისტები სარგებლობენ. თუ მეზობელი ქვეყნებიდან (გარდა რუსეთისა) მინსკში ჩასვლას მატარებლით აპირებთ, ხანგრძლივი მგზავრობისთვის მოემზადეთ. ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან მინსკის მიმართულებით ავტობუსისა და მატარებლის რეისები ყოველდღიურად სრულდება.

მინსკს ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურება. ადგილობრივებისგან განსხვავებით, ტურისტები უპირატესობას ავტობუსს ანიჭებენ. მისი საშუალებით ქალაქის ნებისმიერ ადგილზე მიხვალთ.

მინსკი ერთადერთი ქალაქია ბელორუსში, რომელსაც მეტრო აქვს. ერთჯერადი მგზავრობის ფასი 700 რუბლია. ტაქსით მგზავრობა, სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით, საკმაოდ იაფია – ერთი კილომეტრის გავლა 10 000 რუბლი დაგიჯდებათ. მანქანის დაქირავებას კი დღეში 20 ამერიკულ დოლარად შეძლებთ.

სამზარეულო

კარტოფილი, ღორის ხორცი და პური – ეს ბელორუსული სამზარეულოა.

ბელორუსული კერძების მთავარი კომპონენტი კარტოფილია, რომელსაც ძირითადად გახეხილს იყენებენ ისეთი ეროვნული კერძების მოსამზადებლად, როგორებიცაა დრანიკი, ჯადოქრები, კარტოფილის ბაბკა და სხვა. ბელორუსები კარტოფილს მეორე პურს ეძახიან.

ასევე ძალიან პოპულარულია სოკო, სხვადასხვა სახის ბურღულეული, თევზი, ბოსტნეული და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ღორის ხორცი. ადგილობრივები თევზის წვნიანს, ე.წ. უხას რომ მიირთმევენ, ეს მეზობელი რუსეთის გავლენაა.

სასმელებიდან ჩაი პირველობას არ თმობს, თუმცა ცივ რძესა და კეფირზეც დიდი მოთხოვნაა. მინსკში ალკოჰოლის მოთხოვნისთანავე ტრადიციულ “კრამბაბულას” შემოგთავაზებენ – თაფლით, სანელებლებითა და არყით დამზადებულ სასმელს, რომელიც ცხლადაც მიირთმევა და ცივადაც. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში საკვები ძალიან იაფია. ნებისმიერი სახის რესტორანში 6 დოლარად კარგად დანაყრდებით.

ღირსშესანიშნაობები

ბელორუსის კულტურის გასაცნობად გირჩევთ, პირდაპირ მინსკს მიაშუროთ. ქალაქს წლის ნებისმიერ სეზონზე მილიონობით ტურისტი სტუმრობს და ამის მთავარი მიზეზი, პირველ რიგში, მისი ხელოვნურად შექმნილი ბუნებაა. მინსკს ხშირ შემთხვევაში მწვანე ქალაქსაც უწოდებენ, რადგან იქ ორი მილიონი ხე დგას და რამდენიმე ათეული პარკი უიშვიათესი ჯიშის ყვავილებითაა გაშენებული.

ე.წ. ტრინიტის უბანს თუ ესტუმრებით, მე–19 საუკუნის არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშებს მოინახულებთ, მათ შორის ყველაზე თვალშისაცემი წითელი ეკლესიაა.

თანამედროვე არქიტექტურის უბრწყინვალესი ნიმუში ეროვნული მუზეუმია. თავისი ორიგინალური ფორმით ის ნებისმიერ გამვლელში ისეთ ინტერესს იწვევს, რომ შიგნით შესასვლელად რიგში რამდენიმესაათიან დგომასაც არ ერიდებიან. თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების დათვალიერება ხელოვნების სასახლეში შეგიძლიათ.

თავისუფლების მოედანი – მთავრობის სასახლით, ხოლო გამარჯვების მოედანი 38 მეტრიანი ობელისკითაა ცნობილი.

დედაქალაქში 11 თეატრი, 16 მუზეუმი, 20 კინოთეატრი და 139 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. თეატრში კი მსოფლიოში ცნობილ ბელორუსულ ბალეტს ნახავთ.

არც ღამის ცხოვრების მოყვარულები დარჩებიან უკმაყოფილნი, რადგან ქალაქში 30–მდე ღამის კლუბია, რომლებიც ყოველთვის გადაჭედილია. თითოეულში შესვლა 15 დოლარი ღირს.

უსაფრთხოების წესები

მინსკი კრიმინალური თვალსაზრისით არცთუ დაცული ქალაქია, ამიტომ გირჩევთ, ღამით გარეთ გასვლას ერიდოთ. ბელორუსები ძალიან თავისუფალი ხალხია, ამიტომ მათგან გასაკვირი არაფერია. მათ უცნობ ადამიანებთანაც კი ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ საუბარი და სტუმართმოყვარეობითაც გამოირჩევიან.

უბის წიგნაკი

ქვეყანა – ბელორუსი;

დედაქალაქი – მინსკი;

ოფიციალური ენა – რუსული, ბელორუსული;

ვალუტა – ბელორუსული რუბლი;

ფართობი – 305.47 კვ.კმ;

მოსახლეობა – 1.830.700.

მოამზადა თათია ბოჭორიძემ

Share Button
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo ტეგები:
FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

* * * *   4 ქულა

გამოხატე შენი აზრი

Current day month ye@r *