loading...

«

»

მარ 18

რას იტყვის ხალხი ანუ როგორ არ ვიყოთ დამოკიდებული სხვის აზრზე

დაქალთან ერთად მაღაზიაში შევედი. ის კაბას იზომავს. ვამჩნევ, რომ ძალიან მოსწონს, მაგრამ მეკითხება:

– როგორ მოგწონს?
– არც ისე… – ვპასუხობ და ყურადღებით ვაკვირდები მის რეაქციას. იღრუბლება, კაბას იხდის და უკან აბრუნებს. მე ვაჩერებ და ვეუბნები:
– შენ ხომ მოგწონს, რა მნიშვნელობა აქვს, მე რას ვფიქრობ? რატომ არ ყიდულობ?
– რატომ? ჩემთვის შენი აზრი მნიშვნელოვანია!
– საკუთარზე მეტად? ეს კაბა მე ხომ არ უნდა ვატარო?!

ჩემი მეგობარი დაფიქრდა, მაგრამ ის კაბა მაინც არ შეუძენია.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. გარშემო კი  უამრავი ადამიანია, რომლებიც ყველაზე მარტივ გადაწყვეტილებასაც კი ვერ იღებენ, სანამ ნათესავებს, ნაცნობებს, კოლეგებს, მეზობლებს და ხან სრულიად უცხო ადამიანებსაც კი არ დაეკითხებიან.

სხვის აზრზე დამოკიდებულება იმით არის საშიში, რომ ის ხელს უშლის ადამიანს პიროვნულ განვითარებას. რა წარმოშობს ამგვარი დამოკიდებულების შეგრძნებას?

ყველაფერი ბავშვობიდან იწყება, იმ დროიდან, როცა მშობლები ბავშვის აზრის გაუთვალისწინებლად არჩევდნენ მისთვის სათამაშოებს, ტანისამოსს, ვარცხნილობას, ბავშვის თანდასწრებით აკრიტიკებდნენ მის მეგობრებს, დაქალებს, ხაზს უსვამდნენ მათ ნაკლოვანებებს და უკრძალავდნენ მათთან ურთიერთობას. მცირეწლოვან ასაკში ასეთი რამის გამო ბავშვი შინაგან პროტესტს განიცდის და გულჩახვეული ხდება. ხოლო როცა იზრდება, ცდილობს, საკუთარი აზრის გამოთქმისა და არჩევანის უფლება მოიპოვოს და მშობლებთან კონფლიქტში შედის.

გასაგებია, რომ მშობლებს ყოველთვის კარგი სურთ შვილებისთვის, მაგრამ საუკეთესო მიზნით მოქმედების შემთხვევაშიც კი დედ-მამის ამგვარი მცდელობა ძალდატანებად აღიქმება. ამ დროს ისინი საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, რომ ბავშვს მომავალში მრავალი ცხოვრებისეული უსიამოვნებებისთვის სწირავენ. მშობლების მითითებით ბავშვები ირჩევენ ჯერ ტანისამოსს, მეგობრებს, შემდეგ – პროფესიას, ცხოვრების მეგზურს და რა რჩებათ ბოლოს?

თავსმოხვეული მეგობრები არცთუ ხშირად რჩებათ ადამიანებს დიდხანს. მშობლების მიერ არჩეულ უმაღლეს სასწავლებელში დახარჯული წლების შემდეგ, ხშირად შვილები ხვდებიან, რომ ათვისებული სპეციალობა მათ არ აინტერესებთ. ხოლო დედის მიერ შერჩეული უზრუნველყოფილი, სოლიდური ქმარი, ან მოკრძალებული ცოლი, ხშირად სულაც არ აღმოჩნდება ხოლმე საოცნებო მეორე ნახევარი. და ოჯახური ცხოვრება ჩუმ ჯოჯოხეთად იქცევა, რადგან უსიყვარულოდ ცხოვრება წარმოუდგენლად რთულია.

არა მხოლოდ მშობლებს შეუძლიათ საკუთარ ჭკუაზე გატარონ. საუკეთესო მეგობრებსაც შეაქვთ წვლილი ამ საქმეში, როცა რაიმეს ყიდვას, რემონტის გაკეთებას გირჩევენ, შვებულებაში წასვლას გაძალებენ იქ, სადაც არ გინდათ – მოდურ ადგილებში, სადაც „ყველა დადის“. თავს გახვევენ გატაცების არჩევას, ქცევის სტილსა და მანერას, ნაცნობთა წრეს, ხშირად საკვების არჩევანსაც კი.

მართლაც, ყველას არ შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს ფრაზებს: „ასე აღარავის აცვია! შენ რა, ხამანწკები არ გიყვარს? ყველა გიჟდება ამაზე! ნამდვილი სოფლელი ხარ, ნორმალური ხალხი მხოლოდ საზღვარგარეთ ისვენებს! ვის ხვდები? ის ხომ შენი შესაფერისი არ არის!“ ამგვარი მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს. მაგრამ ეს ხომ სხვისი არჩევანია, და არა თქვენი. სხვის ჭკუაზე სიარულით ხომ საკუთარ პრინციპებზე, სურვილებსა და მოთხოვნილებებზე ამბობთ უარს.

საკუთარი პოზიციის თავზე მოხვევის მსურველები სამსახურშიც მოიძებნებიან. არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ უფროსობა. ასეთმა კოლეგებმა საყვარელი საქმიანობა შეიძლება კატორღად გიქციონ. როდესაც ისინი სხვების კვალიფიკაციის, სამუშაოს ხარისხის, გარეგნობისა და მანერების შეფასებას იწყებენ, სუსტი ადამიანები ადვილად ექცევიან გავლენის ქვეშ. ისინი ცდილობენ ზუსტად ისე მოიქცნენ, იმუშაონ და ჩაიცვან, როგორც გავლენიან ადამიანებს მოსწონთ. უარს ამბობენ საკუთარ შეხედულებებზე, ოღონდ თვალში ცუდად არავის მოხვდნენ და ჭორაობის ობიექტად არ იქცნენ.

ადამიანი თვითონ ირჩევს საკუთარი ცხოვრების სტილს. თუ გსურთ, იცხოვროთ სხვის ჭკუაზე და სხვისი მითითებებით – თქვენი ნებაა. მაგრამ ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა სახიფათო მასშტაბები მიიღოს და მთლიანად დაარღვიოს თქვენი ინდივიდუალობა.

მაშინ რა ვუყოთ კეთილ რჩევებს, სხვის ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, რომლებსაც შეუძლიათ შეცდომებისგან დაგვაზღვიოს? როგორ მოვექცეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს, რომელთა გარეშეც ძნელია ცხოვრებაში ორიენტაციის აღება? ამაზე არავინ დაობს – რჩევები სასარგებლოცაა და აუცილებელიც. მაგრამ უნდა ისწავლოთ იმის გარჩევა, როდის გაიძულებენ რაიმეს და საკუთარ თავზე გადაბიჯებას მოითხოვენ, და როდის ცდილობენ დახმარებასა და შეცდომებისგან თქვენს დაცვას.

დასაწყისისთვის, გაარკვიეთ მთავარი:  რა შემთხვევაში გჭირდებათ სხვისი რჩევა და რა შემთხვევაში – არა. პროფესიისა და ცხოვრების მეგზურის შერჩევისას საკუთარი გულის ხმას უნდა ენდოთ. ხოლო ვიზაჟისტის რეკომენდაციის მიღება მაკიაჟის შერჩევისას სრულიად ბუნებრივია.

ისეთი სერიოზული საკითხები, როგორიცაა მსხვილი შენაძენი, სამართლის საქმე, საბინაო პრობლემები და ა.შ. სპეციალისტებთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ. უკეთესია, თუ თქვენ თვითონაც გაეცნობით შესაბამის ლიტერატურას.

ფსიქოლოგები მართალს ამბობენ: შეუძლებელია, ყველას გამოადგე, მაგრამ ყველას იგნორირებაც არ შეიძლება. ამიტომ თქვენს ხელთაა უცხო პირთა ჩარევის დოზირება. ნათქვამია, რამდენი ადამიანიცაა, იმდენივე აზრი არსებობსო. ყველაზე ხშირად კი სხვისი გავლენის ქვეშ  დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები ექცევიან.

ვინც სხვისი აზრის დომინირებას დაძლევს, იმ ადამიანთან თვითონ მოდიან სხვები რჩევის მისაღებად. მაგრამ გადაჭარბებულმა თავდაჯერებულობამ შეიძლება იქამდეც მიგვიყვანოს, რომ ასეთმა ადამიანმა თვითონ დაიწყოს ახლობლებისთვის საკუთარი შეხედულებების თავს მოხვევა. აქაც მთავარია ზომიერების შეგრძნება და იმის ცოდნა, რომ ყველა ისე ვერ იცხოვრებს, როგორც შენ გსურს.

… იმავე მაღაზიაში ქალი ჯინსს ისინჯავდა. თანმხლები ქალი ჩასჩიჩინებდა: „კარგია, მშვენიერია, იყიდე!“ ჩემი აზრით, შარვალი საშინლად ადგა ტანზე და ფიგურას უმახინჯებდა. ამავე აზრის იყო გამყიდველიც, მან მოიტანა სხვა ჯინსი და ქალს მისი მოსინჯვა შესთავაზა. ეს უკანასკნელი მოდელი და ზომა ისე კარგად მოუვიდა, თითქოს ტანზე ყოფილიყო შეკერილი. თნმხლებმა ქალმა ტუჩები მოპრუწა და უთხრა: „შენი ნებაა, მაგრამ მე წინა უფრო მომწონდაო“.

სცენის დასასრული არ მინახავს. არ ვიცი, ვის დაუჯერა მყიდველმა – მეგობარს, თუ გამყიდველსა და საკუთარ თვალებს, მაგრამ რომ ყოყმანობდა, აშკარა იყო. ეს ქალი შემეცოდა, რადგან დაქალის ცუდი გემოვნების, თუ ფარული ზრახვის წყალობით შეიძლება ფული იმ ტანსაცმელზე დაეხარჯა, რომელიც ამახინჯებდა.

ყველას მოსწონს თავდაჯერებული, დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ორიენტირების უნარი  და მდგრადი პოზიციები გააჩნია. თუ მოისურვებთ, შეგიძლიათ გახდეთ ასეთი პიროვნება. ბავშვების აღზრდისას კი იზრუნეთ იმაზე, რომ ისინი დამოუკიდებელ ადამიანებად იქცნენ – ამით მათი ცხოვრების გაადვილებასა და საინტერესო პიროვნებად ჩამოყალიბებაში შეიტანთ წვლილს.

წყარო: eva.ge