loading...

«

»

მარ 26

სუნთქვის სამკურნალო ძალა

სიცოცხლე სუნთქვით იწყება. ჟანგბადი ჩვენთვის უფრო აუცილებელია, ვიდრე საკვები და წყალი. ორგანიზმისთვის აუცილებელი ენერგიის თითქმის 90% ჟანგბადის წყალობით გამომუშავდება. შეიძლება ითქვას, ჟანგბადის ენერგია – ეს არის ჩვენი სხეულის ენერგია. ჟანგბადის ზემოქმედებით ყველაფერი, რასაც მივირთმევთ, საბოლოო ჯამში, ნახშირორჟანგად და წყლად იხლიჩება და იყოფა. ჟანგბადის დეფიციტის დროს გახლეჩა–გაყოფის რეაქცია წყდება და არაორგანული მჟაუნმჟავა მზადდება. ის მეტად მავნეა, რადგან წარმოქმნის მარილებს, რომლებიც ორგანიზმიდან არ გამოიყოფა. ქსოვილებში მათი დაგროვება სახსრების ტკივილსა და სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს.

ორგანიზმის ჟანგბადით გამდიდრების გარდა, სუნთქვა ასევე ასრულებს მეტად მნიშვნელოვან როლს, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის. სუნთქვის ხარჯზე მავნე ნივთიერებათა 70% (მათ რიცხვში ავადმყოფობის გამომწვევი მიკროორგანიზმები) გარეთ იდევნება.

სასუნთქი სისტემის დაავადებები

სასუნთქი სისტემის დაავადებებია: ზედა სასუნთქი გზების ანთება – ბანალური სურდოდან დაწყებული ჰაიმორიტით დამთავრებული; ბრონქების დაავადებები – მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქიალური ასთმა; ფილტვების ანთება – პნევმონია, ტუბერკულოზი.

სუნთქვის უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციები, ქრონიკული ანთება, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ადენოიდები, კისტოზური და სიმსივნური ახალწარმონაქმნები. ადენოიდები არამხოლოდ ბავშვებში გვხვდება. მოზრდილებში ის გაციების, ხვრინვისა და აპნოეს (ძილში სუნთქვის ხანმოკლე შეკავება) ხშირი მიზეზია.

სუნთქვის მეთოდიკა

სუნთქვა – ეს არამხოლოდ ჩასუნთქვა–ამოსუნთქვის პროცესია. ის სასიცოცხლო ძალასთან პირდაპირ კავშირშია. ენერგიამ სასიკეთოდ რომ იმოქმედოს, საჭიროა სუნთქვის რამდენიმე მეთოდს დაეუფლოთ.

ღრმა სუნთქვა ნივთიერებათა ცვლას ასტიმულირებს, რაც ორგანიზმის გაახალგაზრდავებას იწვევს. ვითარდება ისეთი თვისებები, როგორიცაა ყურადღების მოკრება, რეაქციისა და აზროვნების სიჩქარე. შეგიძლიათ ფეხზე იდგეთ, დაჯდეთ ან დაწვეთ. პულსის ყოველ მე–8 დარტყმაზე ცხვირით ღრმად ჩაისუნთქეთ. დროის ამდენივე მონაკვეთში სუნთქვა შეიკავეთ. შემდეგ პირით სრულად ამოისუნთქეთ (სტვენითი ბგერები გამოეცით). ტუჩებს მჭიდროდ ნუ მოკუმავთ. ამოსუნთქვის ხანგრძლივობა ჩასუნთქვაზე ორჯერ მეტი უნდა იყოს. სავარჯიშო 5–ჯერ გაიმეორეთ.

ერთი ნესტოთი ჰაერი 4 წამის განმავლობაში ჩაისუნთქეთ. შემდეგ სუნთქვა 16 წამი შეიკავეთ და მეორე ნესტოთი 8 წამის განმავლობაში ამოისუნთქეთ.

თუ ამ სავარჯიშოებს 3 თვის მანძილზე რეგულარულად შეასრულებთ, ორგანიზმში არსებული ფარული სამკურნალო ძალები გაიღვიძებს.

სუნთქვის გაწვრთნა შეიძლება

სასუნთქი სისტემა ერთადერთია ჩვენს ორგანიზმში, რომლის მართვა შეიძლება. სუნთქვა შეიძლება ავაჩქაროთ, შევანელოთ, ვაკონტროლოთ. მარტივი ხერხების მეშვეობით ასევე შეგვიძლია ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერებით შესაძლებლობაზე გავლენა მოვახდინოთ. ეს კი, თავის მხრივ, ჩვენს განწყობაზე, თვითშეგრძნებასა და შრომისუნარიანობაზე აისახება.

ფიზიკური ვარჯიშები მხრებისთვის, გულმკერდის “გასახსნელად”, სირბილი და კონტრასტული შხაპით გაკაჟება – სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებების (სურდოდან პნევმონიამდე) საუკეთესო პროფილაქტიკაა.

სუნთქვის ორგანოებისთვის მეტად სასარგებლოა სუფთა ჰაერზე ფეხით ხანგრძლივად სეირნობა, ველოსიპედით სვლა, ცურვა, ზამთარში თხილამურებით სრიალი.

საჰაერო ბუშტების გაბერვა ფილტვების წვრთნის ეფექტური საშუალებაა. მაქსიმალურად ღრმა ჩასუნთქვა–ამოსუნთქვა სუნთქვით რეფლექსებს ააქტიურებს.

თუ ვოკალური მონაცემები გაქვთ, იმღერეთ, თუ არა – აბაზანაში იმღერეთ. უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია ვოკალური თერაპიის სამკურნალო–გამაჯანსაღებელი ზემოქმედება. მღერა სასუნთქი კუნთების ტონუსს ამაღლებს და ფილტვებს, ტრაქეას, ბრონქებს, ხორხისა და ცხვირ–ხახის კუნთებს ამაგრებს. ვოკალში სავარჯიშოები სწორ და ჰარმონიულ სუნთქვას აყალიბებს, დიაფრაგმას, ნეკნებშუა კუნთების ტონუსს ამაღლებს, მუცლის კუნთებს მსუბუქად წვრთნის. ჩასუნთქვა–ამოსუნთქვის სიღრმის ცვალებადობის წყალობით, სუნთქვის პროცესში ფილტვების ყველა ნაწილი მონაწილეობს. შედეგად, აირების ცვლა უმჯობესდება და ენერგიის მოზღვავება იზრდება.

სუნთქვის გასაუმჯობესებლად სასარგებლოა ხმამაღალი და ხანგრძლივი სიცილი. ამ დროს სუნთქვის ჩვეული რიტმი ხანმოკლე ენერგიული ამოსუნთქვა–ჩასუნთქვით იცვლება. ამის პასუხად სასუნთქი ცენტრების მუშაობა აქტიურდება.

მკურნალობა სუნთქვით

სისხლძარღვების სპაზმებით გამოწვეული თავის ტკივილის დროს თავი უკან გადასწიეთ და ჩაისუნთქეთ. თავი მკერდს მიაბჯინეთ – ამოისუნთქეთ. თავი ისევ უკან გადასწიეთ, ჩაისუნთქეთ და სუნთქვა შეიკავეთ, თავი დახარეთ, ამოისუნთქეთ და სუნთქვა ისევ შეიკავეთ. გაიმეორეთ 8–ჯერ. შემდეგ ჩასუნთქვა–ამოსუნთქვის თანმიმდევრობა შეცვალეთ. თავის უკან გადაწევისას ამოისუნთქეთ, თავის წინ დახრისას – ჩაისუნთქეთ. შემდეგ სუნთქვა შეიკავეთ. 8–ჯერ სრულდება. ეს სავარჯიშო კისრის კუნთებს ადუნებს, კისრის მალების გადაწევის დროს ეხმარება, რაც სისხლის თავისუფლად ცირკულაციას უზრუნველყოფს. შედეგად, თავის ტვინის სისხლით მომარაგება აღდგება და ტკივილი გადის.

კვებაში დაშვებული შეცდომების გამო, შეიძლება დროდადრო მუცელი აგვტკივდეს. ხშირად ამას თან ახლავს დისკომფორტი და მუცლის შებერილობის შეგრძნება. მუცელზე ხელისგულები დაიდეთ და ერთდროულად მკერდითა და მუცლით ღრმად ჩაისუნთქეთ. თვლაზე “ერთი, ორი, სამი” სუნთქვა შეიკავეთ და თანდათან ხანგრძლივად ამოისუნთქეთ. საჭიროა ორგანიზმიდან მეტი ჰაერი გამოიდევნოს. ამიტომ მუცელი რაც შეიძლება შესწიეთ. პირით ხმამაღალი სტვენით ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ მანამ, სანამ ტკივილი არ გაივლის.