loading...

«

»

აპრ 13

ზურაბ ყიფშიძე: “ნიკო გომელაურს ბოლო სურვილი მე შევუსრულე”

ნიკო გომელაურზე რომ რამე დაწერო, თუნდაც მისი მოსაგონარი ძალიან რთულია, უფრო რთულია მასზე ფილმი გადაიღო და ზუსტად აღწერო მისი ცხოვრება. ის უდაოდ კარგი პოეტი და მსახიობი იყო. მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან და ბევრი რამე დატოვა გასაკეთებელი. როგორც იცით, იგი ფილტვის კიბოთი იყო დაავადებული, რაც თვითონაც იცოდა. მიუხედავად ბოლო პერიოდში მისი კიდევ უფრო დამძიმებული მდგომარეობისა, მაინც ამაყად იდგა, ისე, როგორც მას ეკადრეობდა. გასული წლის 12 აპრილს, ფილარმონიაში უნდა გამოსულიყო და თავისი ლექსები წაეკითხა, მაგრამ ეს ფიზიკურად ვერ შეძლო. მაშინ, როდესაც ფილარმონიის სცენიდან მისი მეგობრები მისსავე ლექსებს კითხულობდნენ, ნიკო თავის სახლში იყო და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. იგი გამთენიისას, 5 საათზე დაიღუპა.

არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც მისმა ასეთმა ნაადრევად გარდაცავალებამ გული არ დასწყვიტა. ნიკო გომელაური უყვარდა ყველას, დიდსაც და პატარასაც. მისი პოეზია კი დღეს ყველაზე პოპულარულია საზოგადოებაში. იმისათვის, რომ ნიკოს ხსოვნა უკვდავეყოთ, მისი მეუღლის, ნინა ჩოდრიშვილის ინიციატივით, გადაიღეს მხატვრულ–დოკუმენტური ფილმი “ნიკო… აპლოდისმენტები”, რომლის პრემიერაც 13 აპრილს შედგება. ფილმის სცენარი პაველ ფინმა რუსულ ენაზე დაწერა, მისი რეჟისორი გიორგი ბერიძეა, მუსიკის ავტორი კი – გია ყანჩელი. გადავწყვიტეთ, მსახიობ ზურა ყიფშიძეს გავსაუბრებოდით, რომელიც ნიკო გომელაურის მეგობარი იყო და ამ ფილმშიც მონაწილეობს. თუ როგორ გაიცნეს მათ ერთმანეთი, როგორ მეგობრობას უწევდა მას და რა სთხოვა სიკვდილის წინ რამდენიმე საათით ადრე, ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო ზურა, თავდაპირველად ფილმზე გვესაუბრეთ, რომლის პრემიერაც 13 აპრილს, ნიკო გომელაურის წლისთავზე შედგება.

– მე მთლად ნიკოს როლს არ ვასრულებ ამ ფილმში, უბრალოდ წამყვანივით ვარ. როგორც მისი უფროსი მეგობარი, როგორც მისი ანტიპოდი, ისე ვჩანვარ. კადრში სულ ორჯერ ვჩანვარ და თან წამყვანის ტექსტს ვკითხულობ. როგორც იცით, ეს ფილმი ნინამ (ნიკოს მეუღლე) გააკეთა, ანუ იდეა მისი იყო. ნინა გადასარავი ქალბატონია, ყურადღებიანია და ნიკოს ასეთი ფილმი მიუძღვნა. ნიკოზე რაღაცეების გახსენება დღემდე მიჭირს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამი მეჯვარე დამეღუპა, კიდევ ძმის წლისთავი მქონდა და დეიდებიც გარდამეცვალნენ. მართლია, ისინი ხანდაზმულები იყვნენ, მაგრამ მაინც მტკივნეული იყო ჩემთვის.

რაც შეეხება ნიკოს, მას ეს ამბავი სწორედ იმ დროს დაემართა, როდესაც უკვე ფორმაში იყო, სიცოცხლე უხაროდა, კარგი ოჯახი ჰყავდა. ფილმით “ნიკო… აპლოდისმენტები” გვინდა სახსოვარი დავტოვოთ მისი. ისე მივდივართ ამ ქვეყნიდან, რომ შემდეგ ყველას ვავიწყდებით და ეს გასაკვირიც არაა. ვერიკო ანჯაფარიძე და სერგო ზაქარიაძე დაავიწყდებოდა ხალხს, მათი ფილმები რომ არ არსებობდეს. ნიკო გომელაურიც ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, თუმცა, ყოველთვის ჩვეულებრივად იქცეოდა და მოკრძალებული იყო. ფილმის სცენარი, ჩემი აზრით, ცოტა ზეამაღლებულად არის დაწერილი. მასზე სცენარს რომ წერ, კარგად უნდა იცნობდე. პაველ ფინი, იგივე პაშა არის ფილმის სცენარისტი, რომელმაც სცენარი პირდაპირ თარგმანებით გააკეთა. ძალიან კარგი სცენარია, მაგრამ მე ვფიქრობ, უფრო მოკრძალებული და თავმდაბლური უნდა ყოფილიყო. რეჟისორი გიორგი ბერიძე ყველანაირად ცდილობს, რომ ამ მხრივ შემოაბრუნოს ფილმი. სცენარი ნიკოს გამონათქვამების საფუძველზე, რუსულად დაიწერა. ნინამ მისი გამონათქვამების კრებული გააკეთა და ის თარგმნა პაშამ. მან კი დოკუმენტურ–მხატვრული სცენარი დაწერა. მე ჯერ არ მინახავს ფილმი და არ ვიცი საბოლოო ჯამში როგორი გამოვიდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფილმის მუსიკა გია ყანჩელმა დაწერა. მან თავად გამოთქვა ამის სურვილი. ყველას გაგვიხარდა ეს ფაქტი, ის უკვე ასრულებს მუსიკაზე მუშაობას. ფილმის რუსული ვარიანტი ალბათ უფრო განსხავვებული იქნება ქართულისგან, რადგან ორენოვანი ფილმის გაკეთების დროს, სურათი ორივეში ერთნაირი ვერ იქნება. ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც რუსებმა ლუი დეფიუნესის ფილმები თარგმნეს და მან ეს ნახა, თქვა, რომ ასე კარგად არ მითამაშია, უბრალოდ რუსებმა თარგმნეს კარგადო. იგივე რამე ითქმის “არაჩვეულებრივ შვიდეულზეც”. ენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და, მით უმეტეს, ნიკოსთვისაც ასე იყო.

– თქვენ და ნიკო გომალაურმა ერთმანეთი როგორ გაიცანით?

– ნიკო ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, მიშა ჯოჯუამ გამაცნო, მიშა ამავე დროს მამაჩემის ძმაკაცის შვილი იყო. სამწუხაროდ, დღეს მიშა ცოცხალია აღარაა. ერთხელ მან მითხრა: ერთი კაი ტიპი მინდა გაგაცნო, რომელიც ისეთი ბიჭია, შენ რომ მოგეწონებაო. მაშინ ნიკოს პირველი ოჯახი ჰყავდა და ცხოვრობდნენ კინოთეატრ ყაზბეგთან. ორი პატარა ბავშვი ჰყავდათ, ეს კარგად დამამახსოვრდა. მახსოვს, ნიკოსთან სახლში მთელი ღამე გავატარეთ, ვსვამდით. თუმცა, დილით აბსოლუტურად ფხიზლები ვიყავით, იმიტომ, რომ ბევრი ვისაუბრეთ პოეზიაზე, თეატრზე და საერთოდ, იმდროინდელ დროზე. მაშინ რთული დრო იყო ჩვენს ქვეყანაში, შავბნელი პერიოდი იდგა. ეს იყო პირველი შეხვედრა და მაშინვე კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ნიკოსთან ურთიერთობა ძალიან ადვილი იყო. გახსნილი ადამიანი იყო. შეიძლება ვიღაცას ჰგონებოდა, რომ ცოტა ამპარტავანი იყო, მაგრამ სინამდვილეში ნიკო იყო საკმაოდ მორცხვი და თბილი კაცი. იგი ძალიან მომთხოვნი იყო, არამარტო საკუთარი თავის მიმართ, ასევე პარტნიორების და მეგობრების მიმართ. მარჯანიშვილის თეატრში წლების წინ თემურ ჩხეიძემ დადგა “მამა”, რომელიც ამ თეატრში ჩემი პირველი სპექტაკლი იყო. მახსოვს, ამ სპექტაკლს თითქმის სულ ესწრებოდა. ერთხელ ვკითხე, რას ჩააცივდი ამ “მამას”–თქო, მიპასუხა, მომწონსო. ერთ–ერთი ასეთი მოსვლის შემდეგ, სპექტაკლს უყურა და მერე მითხრა, ერთ ეპიზოდში ასეთი ტექსტი, რომ გაქვს თქვენთვის ყველაფერს ვაკეთებდი, თმაც გამცვივდა და გამითეთრდაო და ამ სიტყვებთან ერთად თავზე ხელს რატომ იდებ, ფიზიკურ მოქმედებას რატომ ასრულებო. თურმე მას არ მოსწონდა, რომ სიტყვასთან ერთად ფიზიკურად ვმოქმედებდი და მეკითხებოდა კიდეც, ამას რატომ აკეთებო. ნიკო ძალიან საინტერესო კაცი იყო და გული მწყდება, რომ ასე ნაადრევად წავიდა. ამით კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ ღმერთს თავისთან კარგი ხალხი მიჰყავს. ნიკოს ბევრი რამის გაკეთება შეეძლო, როგორც პოეზიაში, ასევე თეატრში.

– როგორი იყო მეგობრებისთვის ნიკო გომელაური?

– ძალიან კარგი. ისეთი მეგობარი იყო, რომელიც შენთვის ყველაფერს გააკეთებდა, გვერდში დაგიდგებოდა. წარმოიდგინეთ, ასეთი დიდი ადამიანი ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა. ბოლოს მეუღლემ აიძულა, რომ საკუთარი ბინა ჰქონოდა და ნორმალურად ეცხოვრა. თავიდან, ფაქტობრივად, თეატრში ცხოვრობდა. ცოლი რომ მოიყვანა, მეგობრებმა საგრიმიოროში მოუწყეს პატარა ოთახი, რადგან მისმა ოჯახმა ნინა არ მიიღო. ნიკო ისეთი ტიპი იყო, რომ კეთილდღეობა და ასეთი რაღაცეები არ აინტერესებდა. საინტერესო დამთხვევაა, რომ როდესაც ოთარ იოსელიანმა “იყო შაშვი მგალობელი” გადაიღო, ნიკოც მაშინ გაჩნდა. ფილმში “ნიკო… აპლოდისმენეტები” ზუსტად ასეთი ტექსტია ნიკოზე, რომ იგი გაჩნდა ულამაზესი ქალბატონის და მოთამაშის ოჯახში, რომელიც სულ ციხეში იყო. ნიკო მართლაც კარგი მეგობარი იყო. მეგობრისთვის აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეეძლო. ფილმში ასეთი კადრიც არის, რომ ერთ ადამიანს გაუჭირდა, მან უცებ შეკრიბა დასი და მის დასახმარებლად ითამაშეს. ასეთი რაღაც ადრე მე და გოგა პიპინაშვილმაც გავაკეთეთ. ჩვენს ერთ მეგობარს ოპერაციისთვის ფული სჭირდებოდა, წავედით ქუთაისში და იქ დარბაზი გავავსეთ და საჭირო თანხაც შევაგროვეთ. ნიკოც ასევე დაეხმარა იმ ბიჭს, არადა სად ჰქონდა ნიკოს ფული. ის კაცი ვისაც დაეხმარა, სცენის გამნათებელი იყო, ანუ მსახიობიც არ ყოფილა, უბრალოდ თეატრის ოჯახის წევრი იყო და ამიტომ დაეხმარა მას.

– მასთან ურთიერთობიდან კიდევ რა გახსენდებათ?

– სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხშირად ვერ ვხვდებოდით, მაგრამ ბოლო პერიოდში ის რამდენიმე გადაცემაში იყო სტუმრად და ამ გადაცემებს ვუყურე. წარმოიდგინეთ, ჩვენ, მსახიობებს საერთოდ გაშიშვლებული ნერვები გვაქვს. ამიტომ ჰყავდა გრატოვსკის ოთხი ფსიქოლოგი. მსახიობობა რთული პროფესიაა. ეგრე არ არის, რომ სპექტაკლი ითამაშო, მერე სახლში წახვიდე და მშვიდად დაიძინო. სინამდვილეში სპექტკლის შედმეგ მსახიობები ანერვიულებულები არიან, სვამენ, განიცდიან და ნერვებიც ცუდ მდგომარეობაში აქვთ ხოლმე. მერე უკვე, როდესაც “ნანუკას შოუში” ვნახე და ვუყურე როგორ იქცეოდა, დავურეკე და ვუთხარი, ვინ თქვა შენზე რომ სუსტიაო, შენ ყოფილხარ მიჯაჭვული პრომეთე–თქო. მან კი შემისწორა ამირანი ვარო. ჩემი ერთ–ერთი სპექტაკლი “პატარა ქალაქი” მოსწონდა, სადაც ასეთი ტექსტი მაქვს – არის ერთი თეთრი კლდე, რომელზეც მიჯაჭვულია პროემთე. ნიკო სულ მისწორებდა, პრომეთე კი არა, ამირანიაო. მაშინაც, როდესაც დავურეკე, ასე შემისწორა. ნიკოში მართლაც ძალიან ძლიერი პიროვნება დავინახე. ჩემთვის ეს იყო ერთგვარი აღმოჩენა, როდესაც დავინახე, რომ ადამიანმა იცის, როგორი მძიმე სენი სჭირს, დათვლილია მისი სიცოცხლის წუთები და ამ დროს როგორ იქცევა. ეს მომენტი ჩემთვის თან მტკივნეული იყო და ამავე დროს საამაყოც. ნიკო სიცოცხლის ბოლო დღეებში ისე იქცეოდა, როგორც უბრალო ადამიანები არ იქცევიან, ის ბოლო წუთებში სუსტი არ ყოფილა. ის ნერვული სისტემა, რომელიც ზევით ვახსენე, აღმოჩნდა, რომ ნიკოს ძალიან ძლიერი ჰქონია.

– მისი სიცოცოხლის ბოლო წუთებში, ბოლო დღეებში, თუ ნახულობდით მას?

– სიკვდილამდე ორ–სამი საათით ადრე ვნახე. მახსოვს, 12 აპრილს საღამოს მისმა მეუღლემ დამირეკა, რომ ნიკოს შენი ნახვა უნდაო. კი ვიცოდი, რომ ნიკო უკვე კარგად არ იყო, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში ვნახე და ცოტა იმედი მომეცა. ოპტიმისტურად ვუყურებდი მის მდგომარეობას და მეგონა, მოერეოდა ავადმყოფობას. არადა ვიცოდი, როგორი რამეა ფილტვის კიბო, რადგან ამავე დიაგნოზით დამეღუპა მამა, ძმა, ორი მეჯვარე. ვიცი, რომ ყველაზე სწრაფმავალი ავადმყოფობაა და უცებ მიჰყავს ადამიანი დაღუპვამდე. ნინამ რომ დამირეკა, მითხრა, რომ მალე მოდიო. მივედი მათთან სახლში და ვნახე ნიკო, რომელიც სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული და ძალიან ცუდად იყო. გონებაზე კი იყო, მაგრამ თვითონ საუბარი უჭირდა და ნინას სთხოვა, შენ აუხსენი რატომ დავიბარეო. როგორ იცით, იმ საღამაოს კონცერტი ტარდებოდა ნინო ქათამაძის, სცენაზე ნიკოც უნდა გასულიყო და თავისი ლექსები წაეკითხა, მაგრამ ამ მდგომარეობაში ის ამას ვერანაირად შეძლებდა. ამიტომაც მე მთხოვა, რომ კონცერტზე გავსულიყავი და მისი ლექსები წამეკითხა. ცოტა დავიბენი, რადგან კონცერტამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, არ ვიყავი მომზადებული, თანაც ლექსებთან სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს და ამ ბოლო დროს ვერიდები ლექსის წაკითხვას. ვთვლი, რომ ლექსს თავისი ავტორები უკეთ კითხულობენ. ასეთ დამოკიდებულებას ვერ ვიტან, როდესაც გეუბნებიან, მსახიობი ხომ ხარ, მიდი და ერთი ლექსი წაგვიკითხეო. ყველა ლექსს თავისი ისტორია გააჩნია და მას თავისებური წაკითხვა სჭირდება. ამ მომენტში კი სხვა გზა არ იყო, ეს იყოს ნიკოს ბოლო სურვილი და აუცილებლად უნდა შემესრულებინა. ძალიან გამიჭირდა სცენაზე გასვლა და ნიკოს ლექსის წაკითხვა, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ვიცოდი რა მდგომარეობაში იყო. მახსოვს, რომ გავედი სცენაზე, სამჯერ ვცადე ლექსის წაკითხვა და ძლივს დავიწყე. ხალხი მიხვდა ყველაფერს და იმ მომენტში გამიგეს, ეს დაბნეულობა მაპატიეს. მაყურებელმა ძალიან დიდი დახმარება გამიწია, რომ ამისთვის რაღაცნაირად თავი გამერთვა. კონცერტის შემდეგ, ნიკოსთან სახლში ისევ მივედი. ცოტა ხანი გავჩერდი და წამოვედი. ჩემი წამოსვლიდან, მალევე გარდაიცვალა. საშინელი წუთები იყო, ასეთი მძიმე წუთები გვედგა ყველა მის მეგობარს, ახლობელს, ნათესავს და უამრავი ჟურნალისტები იყვნენ და გვთხოვდნენ კომენტარს, რაც მზგავს მომენტში ძალიან რთულია.

– ბატონო ზურა, ალბათ არის ნიკო გომელაურის ისეთი ლექსები, რომლებიც თქვენ განსაკუთრებით მოგწონთ?

– მისი ლექსების კრებული მაქვს. ეს არის პატარა უბის წიგნაკი, რომელიც სულ ჯიბით დამაქვს. ამდენი ტარებით უკვე გაცვეთილია. რა თქმა უნდა, არის ისეთი ლექსებიც, რომლებიც განსაკუთრებით მიყვარს და ხშირად ვკითხულობ. მისი პოეზია ძალიან თანამედროვე და ზუსტია. მეც და ნიკოსაც ძალიან გვიყვარდა ვისოცკი. ვისოცკის კარგად ვიცნობდი და სპექტაკლებზე შევყავდით ხოლმე, არადა, მაშინ თავ–პირის მტვრევა იყო იქ შესვლაზე. ნიკომ ეს იცოდა და სულ მეუბნებოდა, შენი მშურს, რომ ვისოცკის ასე კარაგდ იცნობო. ნიკოს მასშტაბური ხასიათის ლექსები ჰქონდა. კარგად წერდა რუსულადაც. ასე რომ, ფილმის პრემიერას ველოდებით მთლიანად, რომელიც სავარაუდოდ, კინოთეატრ “რუსთაველში” შედგება. ამ დღეს მისი გარდაცველებიდან ერთი წელი გავა და ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ნიკო გომელაურს.

 
წყარო: sana.ge
ავტორი: თეონა კენჭიაშვილი