loading...

«

»

აპრ 18

“მახინჯ ქოთანში” მოთავსებული საქართველო?!

"მახინჯ ქოთანში" მოთავსებული საქართველო?!“WORLD ECONOMIC FORUM”-ი: საქართველოს მოსახლეობის 35% იტანჯება, 55% დაძაბულია და 10% ხალისობს

“თვითმკვლელობის მეტს თითქმის არაფერს ვაკეთებთ”

“ნაციონალური ტელევიზიები” მუდმივად ჩაგვჩიჩინებენ, რომ ქვეყანა აყვავდა, აღორძინდა, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებიც უკან ჩამოვიტოვეთ, სინგაპურს დავეწიეთ და გავუსწარით და ამის დასტურად ისეთ სტატისტიკურ მონაცემებს გვიტენიან თავში, რომ აშკარაა, თაყვანს აღნიშნულ ციფრებს უფრო ვცემთ, ვიდრე ქართველთა კეთილდღეობას. სწორედ ამას ჰქვია “ციფრული განხეთქილება” (ეს ტერმინი ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციამდე” ედუარდ შევარდნაძემ გამოიყენა, მაგრამ მისი მნიშვნელობა მაშინ ვერავინ აღიქვა. ამიტომაც იყვნენ “რევოლუციამდელი ადამიანები გონებაჩლუნგები”).

შეგვიძლია სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედოთ და “ნაციონალური ტელევიზიებით” მოსმენილ ინფორმაციასთან გავავლოთ პარალელი.

მაშ, ასე:
საქართველო ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა, მაგრამ არავინ გვეუბნება, რომ 139 ქვეყნიდან კერძო საკუთრების დაცვაში მხოლოდ 93-ე ადგილზე ვართ (ეს მონაცემები “WORLD ECONOMIC FORUM”-მა გამოაქვეყნა).

მართლაც პარადოქსულია, თუ საკუთრების უფლება არ არის დაცული, როგორ იწყებენ ბიზნესს ქვეყანაში? თუ იწყებენ და მერე საკუთრების უფლებას აღარავინ იცავს, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი აღარ ვითარდება?  და თუ აღარ ვითარდება, როგორ ვართ აღორძინებული და განვითარებული? Mმოკლედ, ეს ისეთი ლაბირინთია, თავს და ბოლოს ადვილად ვერ ვიპოვით.

პრეზიდენტი თავს იწონებს, რომ ქვეყანაში, სადაც უამრავი დევნილია, სიღარიბის დონემ 60%-ით დაიწია.
საინტერესოა, “წარმატებული ეკონომიკური  რეფორმები” მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებისთვის ტარდება თუ მისი შედეგი თითოეული ქართველის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს?

კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია:
საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში თურმე 100253 კაცია დასაქმებული, აქედან ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულთა რიცხვი 77 ათასს აღემატება(!) (ამ ინფორმაციის მიღება შეიძLლება სტატისტიკის დეპარტამენტის დახმარებით, ასევე ფინანსთა სამინისტროს საიტ “მოფ. გე”-ზეც). “ჭორლდ პრისონ პოპულატიონ ლისტ”-ის მონაცემებით, 2009 წელს პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მე-3 ადგილზე ვიყავით, ყოველი ასი ათასი კაციდან 415 პატიმარი გვყავდა, ბოლო მონაცემებით კი მეორე ადგილზე ვართ, ყოველ 100 ათას კაცზე 540(!) პატიმარი მოდის, როცა სხვა  განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 50-60 ადამიანს არ აღემატება, ზოგან უფრო ნაკლებიც არის.

პატიმართა რაოდენობით ოდნავ გვისწრებს რუსეთი (ინტერნეტში შეგიძლიათ იხილოთ: “WORLD PRISON POPULATION LIST”, სადაც აღნიშნულ კვლევას იპოვით.)
გასული წლის 9 თვის განმავლობაში სასამართლო სისტემაში განიხილეს 12 ათასი სისხლის  სამართლის საქმე, აქედან მხოლოდ შვიდია გამამართლებელი (ანუ 0,06%), მაშინ როცა, აშშ-ში განხილული საქმეების 50-60%-ში გადაწყვეტილება გამამართლებელია.

სხვათა შორის, თურმე საბჭოთა პერიოდის 30-40-იან წლებში უკეთესი მდგომარეობა გვქონდა, – სისხლის სამართლის საქმეების 17%-ის შემთხვევაში გამამართლებელი გადაწყვეტილება  იქნა გამოტანილი.

როგორც ცნობილია, დავოსის ეკონომიკური ფორუმისთვის ჩატარდა სხვადასხვა კვლევაც, რომელთაგან ერთ-ერთი “უბედური ქვეყნების” სტატისტიკას ეხებოდა. კვლევა ჩატარდა 155 ქვეყანაში, სადაც შეისწავლეს ადამიანების განწყობა სამ კითხვაზე პასუხით:

ცხოვრობთ თუ არა ხალისიანად? დაძაბული ხართ თუ არა?  იტანჯებით თუ არა ცხოვრებისგან?
საქართველო ტანჯვის ხარისხის მიხედვითაც გამოირჩევა. კერძოდ, მოსახლეობის 35%  იტანჯება, 55% დაძაბულია,10% ხალისობს. ე.ი. მოსახლეობის მინიმუმ 90% მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

ტანჯვის ხარისხით კი ისეთი ქვეყნები გვისწრებენ, როგორიც ბურუნდი და ჰაიტია (ეს მონაცემებიც “WORLD ECONOMIC FORUM”-მა გამოაქვეყნა).

ჩვენ ვითარების ანალიზი ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ვთხოვეთ:

– ტოტალიტარიზმი არ არის ჩვენს გარეთ. როგორც მერაბ მამარდაშვილმა თქვა თავის ერთ-ერთ ლექციაზე, საბჭოეთის სამოცდაათი წლის განმავლობაში იგი მეტასტაზებივით გაუჯდა ჩვენს სულს, ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას, იგი ჩვენშია და ჯერაც განსაზღვრავს ჩვენს ფიქრებსა და ქცევას. რა თქმა უნდა, ტოტალიტარიზმი სულის არაბუნებრივი მდგომარეობაა, ღირებულებათა არაბუნებრივი წონასწორობა.

გვიანი შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდა მოხეტიალე ბოგანოთა ჯგუფები, რომლებიც მოტაცებულ ბავშვებს საგანგებო თიხის ქოთნებში ათავსებდნენ და სხეულს უმახინჯებდნენ, რათა შემდეგ მასხარებად გაეყიდათ. ქოთანში გატარებული განსაზღვრული დროის შემდეგ სხეული სამუდამოდ მახინჯდებოდა. როდესაც ვინმე სტალინიზმის ეპოქის სიკეთეებზე ლაპარაკობს, უმალ ეს ქოთანი მახსენდება ხოლმე. ჩვენ, ყველამ, ერთად გავატარეთ 70 წელი მახინჯ ისტორიულ “ქოთნებში” და ახლა ჩვენ წინაშეა ამოცანა, დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ტოტალიტარულ აზროვნებას თავი დავაღწიოთ.

ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა იმის დასტურია, რომ საქმე ჯერ არ არის კარგად, თუმცა ვაღიაროთ, არც ისე ცუდად არის, როგორც ათიოდე წლის წინ იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ სტატისტიკას არაბუნებრივ მდგომარეობად აღვიქვამთ და ეს უკვე კარგია! კარგის ნიშანია ისიც, რომ ნელა, მაგრამ მაინც ვახერხებთ, თავი დავაღწიოთ ექსტრემიზმს ჩვენს ტვინებში; ასევე ნელა და მაინც ვახერხებთ, რომ ვიყოთ დისტანცირებულები პოლიტიკისაგან და პოლიტიკოსებს არ მივცეთ უფლება, თავიანთი პიარ-თამაშებით ემოციურ მახეებში გაგვაბან.

ჩვენ უკვე იშვიათად გვესმის და ნაკლებად ვიღებთ ტოტალიტარული პოლიტიკური აზროვნების მთავარ პრინციპებს: ექსტრემიზმს ან მის საპირისპიროს: “ახლა ასეა საჭირო”. რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებ, რომ საქმე უკვე კარგად არის… მხოლოდ  იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ საკმარისი ენერგია აღმოგვაჩნდა, ნორმალური მდგომარეობისკენ სვლა დაგვეწყო. ამის დანახვასა და აღნიშვნას კი თერაპიული და პედაგოგიური მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ცხადია, პროცესი არ იქნება იოლი და მას ვერაფერს უშველის “ვორკშოფებსა” და სემინარებზე შემუშავებული ზერელე რეცეპტები.

მთავარი ჩვენი ნებაა და ვფიქრობ, ჩვენ გამოვამჟღავნეთ ნება, როდესაც 2007 წლის შემდეგ უარი ვთქვით პროცესების რევოლუციურ განვითარებასა და უგუნურ პრინციპზე “ოღონდ ეს არა და ვინც გინდა იყოს”; როდესაც უარი ვთქვით ექსტრემისტი ლიბერალებისა და ფუნდამენტალისტების დაპირისპირებაში ჩართვაზე; როდესაც გავბედეთ და ოპოზიციური პარტიების დაპირისპირებისას მათი და ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დავსვით; როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ ზოგი ევროპელი პოლიტიკოსის ჩურჩულის გავლენით იმედი მოსკოვში ვიზიტებით მოარულ პოლიტიკოსებზე არ დაგვიმყარებია. ვიმეორებ, ყველაფერი ეს ძალზე მნიშვნელოვანი ძვრების ნიშნებია. ახლა მთავარია, ეს ძვრები გონებისა და ზნეობის ყალიბებში მოვაქციოთ, რათა აპათიად არ იქცეს.

ცხადია, ეს ხელს არ აძლევს ხელისუფლებასა და პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს, რადგან ვერ გაუძლებენ ახალი საზოგადოებრივი გარემოს შექმნასა და მის მოთხოვნებს. ურჩევნიათ ვიყოთ გულუბრყვილოები, ემოციურები, მიმნდობები, საბჭოთა ფილმების თუ დღევანდელი იუმორისტული შოუების პერსონაჟებივით ერთგანზომილებიანები და არა გონებისა და ზნეობის კანონებით აღჭურვილი ადამიანები. არადა, ვიმეორებ, საზოგადოებრივი გარემო, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში, მკვეთრად შეიცვალა და გადარჩება ის პოლიტიკოსი, ვინც ამ ძვრებს ალღოს აუღებს. თუ ადრე ჩვენს საზოგადოებაში ექსტრემისტული განწყობილებები ქმნიდა ამინდს, დღეს ეს ნაკლებადაა. ახლა მთავარია, ვისარგებლოთ ამ ვითარებით და მავანთ უფლება არ მივცეთ, კვლავ ძველი დროება დააბრუნონ, ან უგუნური ქცევით საზოგადოებრივი აპათია დანერგონ.

– მოწინავე ქვეყნების რიგში საქართველოს პატიმრების სიუხვის გამო აღმოჩენას როგორ შეაფასებთ?
– ეს უკიდურესად სიმპტომატურია. საგანგებო დაკვირვებაც არ არის საჭირო იმის გასააზრებლად, რომ საქმე ავტორიტარული მართვის სტილთან გვაქვს. მიზეზების ძიებისას ნება მომეცით, გაგახსენოთ ის ახალგაზრდა პოლიტიკოსი (იგულისხმება მიხეილ სააკაშვილი), რომელიც ჯერ კიდევ 2001 წელს რუსთავში ევროპული დონის ციხის აშენებით ამაყობდა და ამით იქმნიდა პოლიტიკურ პორტრეტს, რომელმაც 2004 წელს წინასაარჩევნო პროპაგანდის მნიშვნელოვან ელემენტად თავისი და სტალინის დაბადების დღეების დამთხვევა აირჩია. ჩვენმა მასმედიამ მაშინ ბევრ რამეზე დახუჭა თვალი.

უპირველესად იმაზე, თუ ფსიქოლოგიურად რას ნიშნავს, როდესაც ზრდად პოლიტიკოსს თავის უმთავრეს და პირველ დამსახურებად ციხის აშენება მიაჩნია, თანაც, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ კარკასი იყო აშენებული. სიცრუე და ციხის იდეა ერთ პოლიტიკურ კონფიგურაციაში მოექცა, მოგვიანებით სტალინის იდეას დაუკავშირდა და თავად განსაჯეთ, ეს რას ნიშნავს. ჩვენი რიგითი ადამიანის მიერ საბჭოთა ეპოქიდან წამოღებულ ტოტალიტარულ ჩვევებს დაუმატეთ  აშკარა ავტორიტარიზმი და სწორედ იმას მივიღებთ, რაც თქვენ დაასახელეთ: ყოველ 100000 კაცზე 415 პატიმარს, სასამართლოების მიერ განხილული 12000 საქმიდან მხოლოდ 7 გამამართლებელ განაჩენს. ისტორია ულმობელია და ყოველ ჩვენს შეცდომასა და ნებაყოფლობით სიბრმავეს წინ დაგვახვედრებს ხოლმე.

– ერთ-ერთი კვლევით, საქართველოს მოსახლეობის 90% ცხოვრებით დაძაბული ან  დათრგუნვილია, რის გამოც “უბედურ ქვეყანათა” ჩამონათვალშიც თვალსაჩინო ადგილი გვიკავია.

– საინტერესო იქნებოდა, გვენახა, როგორი იქნებოდა განწყობილებების განაწილება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ახალგაზრდები ფსიქოლოგიურად ნაკლებად არიან სახელმწიფოზე მიბმული და, ვფიქრობ, მათი განწყობა უფრო ოპტიმისტური უნდა იყოს. უფროსი თაობა, რომელსაც საბჭოთა ცხოვრება აქვს გამოვლილი, ძალზე მყარად არის სახელმწიფოებრივ მეურვეობას მინდობილი.

არსებობს კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს – ეს არის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამი ომის წაგება და ტერიტორიების დაკარგვა. მოგეხსენებათ, მიწას ქართული კულტურისათვის არქეტიპული მნიშვნელობა აქვს.

დღეს ჩვენ ჯერ კიდევ ზნეობრივი კონსტიტუციისა და ხელშეუხები კრიტერიუმების გარეშე ვახერხებთ არსებობას, ანუ საუკუნეების განმავლობაში გრძელდება ფარული თვითმკვლელობა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ იმ ჭაობის გააზრებასთან ერთად, რომელშიც აღმოვჩნდით, აუცილებელია ჩვენს საზოგადოებრივ სხეულში ცოცხალი, კრეატიული საწყისების პოვნა, რომლებიც ცოცხლობს და ანათებს მიუხედავად იმ თავქარიანი დროს ტარებისა, ინტელექტუალური ბაკქანალიისა, ზერელე სახელმწიფოებრივი აზროვნებისა, ლიბერალური თუ რელიგიური ექსტრემიზმისა.

თუ ვერ გავაღვივებთ ამ ცოცხალ საწყისებს, განწირული ვყოფილვართ და მალე იძულებული ვიქნებით, თავად ვაღიაროთ ეს. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად ყველა უმსგავსობისა, ჩვენში რაღაც საიმედოც არის, რაღაც ისეთი, რის გამოც უფალი უკვე საუკუნეებია გვინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში თვითმკვლელობის მეტს თითქმის არაფერს ვაკეთებდით და ქვეყნის არსებობა ერთეულთა ნებისყოფას ეფუძნებოდა. ეს იმედი კი ყველა ჩვენგანშია. ჩვენ ყველანი ვართ ამ საიმედო საწყისების მატარებლები. პირველ რიგში, ალბათ, ეს უნდა დავიჯეროთ.

ერი არ მოკვდება, თუ თავს არ მოიკლავს
ემერსონი

ავტორი: ეკა ასათიანი