loading...

«

»

აპრ 21

რადიაციის საფრთხე კავკასიაში

11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ელექტროსადგური ”ფუკუსიმა-1” დაზიანდა. ამას ატომურ სადგურზე რადიაციის გაჟონვა მოყვა. ბევრი კავკასიაში რადიაციის საფრთხეზე ალაპარაკდა. რამდენად რეალურია კავკასიაში რადიაციის გავრცელების შესაძლებლობა  და როგორ უნდა მოვიქცეთ შესაძლო საფრთხის დროს. თქვენს კითხვებს რადიაციული დაცვის სპეციალისტი გიორგი ნაბახტიანი პასუხობს

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი ნინო
:
შესაძლებელია თუ არა ”ფუკუსიმადან” გაჟონილმა რადიაციამ საქართველომდე მოაღწიოს?

„ფუკუსიმადან“ გამოჟონილი რადიაცია თავდაპირველად  ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გავრცელდა. ეს  მათ საქართველოდან უფრო აშორებს. მიუხედავად იმისა, რომ ”ფუკუსიმადან“ გამოტყორცნილი რადიაციის კვალი უკრაინაშიც დაფიქსირდა,  მისი დონე უთანაბრდება MDA-ს (Minimal Detectable Activity), ანუ იმ მინიმალურ დონეს, რომელსაც არავითარი გავლენა არ შეუძლია მოახდინოს ადამინაის ჯანმრთელობაზე და გარემოზე. 

საქართველოში მიმდინარეობს ბუნებრივი რადიაციული ფონის მუდმივი მონიტორინგი. ამჟამად არავითარი რადიაციული კვალი არ არის დაფიქსირებული და მისი დაფიქსირების ალბათობა პარქტიკულად ნულია.

მკითხველი ლევანი:
როგორ ხდება საგნების რადიაციით დაბინძურება?

რადიოაქტიური ნივთიერება ასხივებს მაიონებელ სხივებს. თუ რამენაირად (მაგ: ჰაერში) მოხდა მცირე რადიოაქტიური ნივთიერების შემცველი ნაწილაკების გავრცელება, ისინი დაეფინებიან რაიმე საგანს და იწვევენ მის რადიოაქტიურ დაბინძურებას.

შეიძლება მოხდეს საგნის ფიქსირებული და არაფიქსირებული რადიოაქტიური  დაბინძურება. პირველ შემთხვევაში საგნიდან დაბინძურების  მოშორება ძნელია, მეორეში კი მარტივი.

აქვე უნდა განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც მაიონებელი გამოსხივების გავლენის ქვეშ საგანი თვითონ ხდება რადიოაქტიური (ამ დროს იცვლება საგნის შემადგენელი ატომების ბირთვები). ამისთვის საჭიროა ძალიან ძლიერი გამა გამოსხივება, ისეთი როგორც „ჩერნობილის“ ავარიის დროს იყო.

მკითხველი ნათია
:
სახლის პირობებში როგორ უნდა დაიცვა თავი რადიაციისგან? მაგალითად, თუ არის რეკომენდებული კონკრეტული საკვები პროდუქტის მიღება?

პროდუქტები (ვიტამინები) ხელს შეუწყობენ თქვენ ორგანიზმში მიმდინარე აღდგენით პროცესებს, მაგრამ ისინი ორაგნიზმზე მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას ვერ შეცვლიან .

თუ თქვენ მოხვდით ბირთვული რეაქტორის საავარიო ზონაში, არსებული გამოსხივების სიდიდის მიხედვით ზოგჯერ საჭიროა იოდოთერაპიის ჩატარება. ეს გულისხმობს იოდის მიღებას. თქვენი ფარისებრი ჯირკვალი უნდა გაჯერდეს იოდით, რაც ხელ შეუშლის ორგანიზმში რადიოაქტიური იოდის დაგროვებას.

მკითხველი თამარი:
რა მსგავსება და განსხვავებაა ჩერნობილისა და  ”ფუკუსიმას” ავარიებს და მისი დაძლევის ზომებს შორის ?

ორივე ავარია ბირთვულ რეაქტორებზე მოხდა. ორივე შემთხვევაში მოხდა რადიაციის გაჟონვა ჰაერში. თუმცა, განსხვავებები უფრო მეტია: რექტორები სხვადასხვანაირია. „ჩერნობილში“ ავარია ექსპერიმენტის ჩატარების დროს მოხდა. ასეთი „ექსპერიმენტების“ ჩატარება დაუშვებელია და თვითონ რეაქტორის კონსტრუქციაც არ იყო სრულად უსაფრთხო. იაპონიაში ავარია განაპირობა მიწისძვრის და ცუნამის ერთობლივმა მოქმედებამ.  ამ ორი ავარიის მასშტაბი მნიშვნელოვნად განსხვადება და სასიხარულოდ, „ფოკუსიმა“ ვერასოდეს იქნება „ჩერნობილი“.

მკითხველი ნოდარი:
ჩერნობილის კატასტროფასთან დაკავშირებით სპეციალისტები კავკასიონის დამცავ როლზე საუბრობდნენ. ”ფუკუსიმას” შემთხვევაში რამ შეიძლება კავკასია რადიაციის გავრცელებისგან დაიცვას?

ყოველი მთათა სისტემა გარკვეული ბარიერია ჰაერის გავრცელებისთვის. ამგვარად იგი ბარიერია იმ რადიოქტიუროი ნაწილაკების გავრცელებისთვის, რომლებიც მოცემულ ჰაერის მასებს გადააქვთ.

მკითხველი ნათია:
რამდენია რადიაციის წლიური დოზური ზღვარი?

მოსახლეობისთვის 1 მილიზივერტი

მკითხველი თათია
:
შესაძლებელია თუ არა  გავრცელებული რადიაციის დონე ადამიანმა ხელოვნურად შეამციროს?

შესაძლებელია გარკვეულად დავიცვათ თავი რადიაციიდან. უპირველესად  უნდა მოხდეს რადიოაქტიურად დაბინძურებული საგნების გაწმენდა, მაგრამ ეს სპეციალისტმა უნდ გააკეთოს რათა თავიდან ავიცილოთ უფრო სავალალო შედეგი.

მაიონებელი გამოსხივებიდან თავის დასაცავად სამი უმთავრესი საშუალებაა: დრო, მანძილი და ბარიერი. რაც უფრო მცირე ხანს ვიმყოფებით მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ, უფრო ნაკლებ გამოსხივების დოზას ვიღებთ.

რაც უფორ შორს ვართ გამოსხივების წყაროდან, მით ნაკლებია გამოსხივების სიმძლავრე იმ ადგილზე სადაც ჩვენ ვიმყოფებით და მით ნაკლებ დოზას ვიღებთ. თუ მოვათავსებთ რაიმე ბარიერს გამოსხივების წყაროსა და ჩვენ შორის, ამით შევამცირებთ გამოსხივების დოზის სიმძლავრეს.

აქ გასათვალისწინებელია თუ რომელ სხეულს აქვს გამოსხივების შთანთქმის უფრო მეტი უნარი. მაგალითად,  გამა გამოსხივებას, ანუ ძლიერ გამოსხივებას, კარგად შთანთქავს მძიმე ატომების შემცველი მასალა. მაგ. ვოლფრამი, ტყვია და სხვ. ფასისა და ეფექტურობის გათვალისწინებით, უფრო ფართოდ გამოიყენება ტყვია.

ნეიტრონული გამოსხივებისთვის კარგია წყალბადის ატომების შემცველი მასალა.მაგ: პარაფინი, ცვილი და ა.შ. ბეტა გამოსხივებას კარგად აკავებს მსუბუქი ლითონი, ხოლო ალფა გამოსხივების შესაჩერებლად უბრალო ქაღალდიც საკმარისია.

მკითხველი ნანიკო:
სომხეთს აქვს ატომური ელექტროსადგური. იმის გათვალისწინებით რომ კავკასია სეისმურად აქტიურ ზონაშია, რამდნად რეალურია ავარიის საშიშროება და რა მასშტაბის ზიანის მოტანა შეუძლია მას?

სომხეთის ატომური ელექტროსადგური გათვლილია საკმაოდ დიდ მედეგობაზე და დღემდე იქ არავითარი საავარიო სიტუაცია არ  მომხდარა (ატომურ სადგურმა გადაიტანა სომხეთის მიწისძვრა და არავითარი საავარიო სიტუაცია არ დაფიქსირებულა). თუმცა, სომხეთი ამ სადგურის  ახლით ჩანაცვლების საჭიროებას აცნობიერებს და მის დახურვას და ახლის ექსპლუატაციაში ჩაყენებას გეგმავს.

მკითხველი დავითი
:
შესაძლებელია თუ არა რადიაციის საზომი ხელსაწყოს შეძენა და რადიაციის დონის თავად გაზომვა? თუ კი, როგორ უნდა მოვახერხო ეს?

საქართველოში ასეთი ხელსაწყოები არ იწარმოება. მათი შეძენა უცხოელ მწარმოებლებთან შეიძლება.  შესაძლებელია მათთან დაკავშირება და ხელსაწყოს ფოსტით მიღება, მაგრამ ხელსაწყოს გამოყენებისთვის აუცილებელია გვქონდეს მინიმალური ცოდნა მის მოხმარებაზე. უნდა ვიცოდეთ რა სახის რადიაციის და რა სიზუსტით გაზომვა გვინდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კარგი ხელსაწყოები საკმაოდ ძვირია. შედარებით იაფად მათი შეძენა შეიძლება ბელორუს მწარმოებლებთან: “ATOMTEX” და “POLYMASTER”-თან.

მაგალითად, ლიტვაში მოსახლეობისთვის გაყიდვაშია პრიმიტიული დოზიმეტრები, რომელთა ფასიც 40 ევროდან იწყება

აღსანიშნავია, რომ თუ თქვენ ამ ხელსაწყოს გაზომვების შედეგების საჯაროდ ან სამეწარმეო მიზნებისთვის გამოყენებას აპირებთ, უნდა გქონდეთ შესაბამისი ლიცენზია. ლიცენზია უნდა ადასტურებდეს თქვენს უნარს რომ შესაბამისი გაზომვების წარმოება შეგიძლიათ.

მკითხველი გიორგი:
საქართველოში არსებობს თუ არა ორგანო, რომელსაც რადიაციასთან დაკავშირებული კითხვებით შეიძლება მოქალაქემ მიმართოს?

საქართველოში არსებობს ოფიციალური სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო – ენერეგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური. ბუნებრივი ფონური რადიაციის გაზომვას გარემოს დაცვის სამინისტრო აწარმოებს.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge