აპრ 22

სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვა ერთ ძველ გადმოცემას უკავშირდება:

ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გააგზავნა, რათა ადამიანებისთვის უფლის სასწაულებრივი აღდგომა ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც. იგი რომის იმპერატორ ტიბერიუსს ესტუმრა, საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: “ქრისტე აღსდგა!” იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: “როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო” – სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ტრადიციად იქცა კვერცხის წითლად შეღებვა. კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, მისგან ცოცხალი არსება ევლინება ქვეყანას. იესო ქრისტე კი სწორედ ჩვენი ცოდვებისათვის ეცვა ჯვარს და სიცოცხლე მოგვანიჭა, წითელი ფერი სიმბოლოა იმ სისხლისა, მაცხოვარმა ჩვენთვის რომ გაიღო.

სააღდგომო რიტუალში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სარიტუალო კერძებს, კერძოდ კი პასქას, კულიჩსა და შეღებილ კვერცხებს. როგორც ბიბლია მოგვითხრობს, აღდგომის შემდეგ იესომ ტრაპეზი გაინაწილა თავის მოსწავლეებთან ერთად. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა აღდგომის დღესასწაულზე სპეციალურად გამომცხვარი პურის ტაძრად მიტანის ტრადიცია. საბერძნეთში ასეთ პურს უწოდეს “არტოსი.” მასზე გამოსახული იყო ჯვარი ან ჯვარი ეკლის გვირგვინით, როგორც ქრისტეს მიერ სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო. ამ პურებს შემოატარებდნენ ტაძრების და მონასტრების გარშემო და აწყობდნენ სატრაპეზოში სპეციალურ მაგიდაზე, რომელიც განასახიერებდა მოციქულთა სუფრას და შაბათს, კურთხევის შემდეგ ურიგებდნენ მორწმუნეებს.

სააღდგომო სუფრა ყოველთვის გამოირჩეოდა სადღესასწაულო ელფერით. კერძები იყო მრავალფეროვანი, გემრიელი და ლამაზად გაფორმებული. უფრო შეძლებულ ოჯახებში მზადდებოდა 48 სახეობის კერძი, რაც 48 დღიან მარხვას ასახავდა. კულიჩებსა და პასქას ყვავილებით რთავდნენ. ყველაზე სასიამოვნო საქმედ კი სააღდგომო კვერცხების შეღებვა და მოხატვა ითვლებოდა. საქართველოში კვერცხებს ტრადიციულად ღებავენ ენდროს ძირების ნახარშში, უფრო გავრცელებული კი ენდროს ძირებისა და ხახვის ხმელი ფურცლების ნარევია. ამასთანავე, ბევრ ოჯახს ტრადიციად ჰქონდა წითლად შეღებილი კვერცხების ზემოდან მოხატვა. ქართული ტრადიციით, კულიჩის ნაცვლად, იგივე შემადგენლობის ცომით თონეში აცხობდნენ ნაზუქებს. სუფრაზე ასევე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქადები და ხორბლისგან მომზადებული კერძი, რომელიც სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად მზადდებოდა.

ხევის სოფლებში აღდგომის აღნიშვნის სხვადასხვანაირი ტრადიცია არსებობდა. სოფელ სნოში ამ დღეს ახალგაზრდა ვაჟთა მშვილდ-ისრებიანი ჯგუფი იკრიბებოდა, რომელსაც სოფლისთვის პატივსაცემი უფროსი ასაკის მამაკაცი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი მთელ სოფელს მოივლიდა, ყოველ მცხოვრებს შინ ეწვეოდა. ჭიშკართან ჯგუფის უფროსი დაიძახებდა – “ქრისტე აღსდგა!” შემდეგ ახალგაზრდები ერთდროულად უპასუხებდნენ – “ჭეშმარიტად!” ოჯახის დიასახლისი გამოეგებებოდა სტუმრებს და შესაწირი გამოჰქონდა – სააღდგომო კვერცხები, რომლებსაც ეზოს შუაგულში აწყობდნენ, თან ხმამაღლა იძახდნენ რომელ კვერცხს რომელი ოჯახის წევრის სახელზე დებდნენ. მწკრივში დალაგებულ კვერცხებს ახალგაზრდები რიგ-რიგობით ესროდნენ ისრებს, მანამ, სანამ ყველა კვერცხს არ მოარტყამდნენ. ბედნიერად ითვლებოდა ის, ვის სახელზე დადებული კვერცხიც პირველი გატყდებოდა. ხშირად სოფლის მცხოვრებნი კვერცხთან ერთად სხვადასხვა საკვებს და ფულს სწირავდნენ. აღდგომის დღეს მოხევეები თვით ახლად დაკრძალულ მიცვალებულსაც არ მოიხსენიებდნენ, მიცვალებულებისთვის სპეციალურად დღესასწაულის მეორე დღეს ღებავდნენ კვერცხს. ბრწყინვალე აღდგომის აღნიშვნის ტრადიციები გარკვეული სახეცვლილებით ხევში დღემდე არსებობს.

სამხრეთ საქართველოში სააღდგომო პურობის აუცილებელი ატრიბუტი იყო სპეციალურად შემონახული მშრალად მოხარშული ღორის ბარკალი, წითელი კვერცხები, ქადა, შოთი, ყველი, მწნილეულობა, სხვადასხვა ჩირი და ღვინო-არაყი.

გურიაში ყოველ წელს სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით იმართება ლელო-ბურთი. ამ დღისთვის სპეციალურად ამზადებენ სასმელს, რომელიც აგუნას წარმართულ რიტუალს უკავშირდება და ქრისტიანულ ტრადიციებთან იყო შერწყმული. სასმელის შემადგენლობაში შედიოდა თაფლი, ღვინო და ბროწეულის წვენი. აღნიშნული პროდუქტები ადამიანის ორგანიზმზე მატონიზირებელ მოქმედებას ახდენს და ლელობურთის მოთამაშეებს სიმხნევეს მატებდა.

იმერეთში ღამე ეკლესიის ზარების რეკვასთან ერთად ბუკის ძახილიც სცოდნიათ, მამლის პირველ ყივილზე ეს ხმა ხალხს წირვაზე დასასწრებად უხმობდა. ამბობენ, რომ მესამე ყივილზე მრევლი უკვე ტაძარში მიდიოდა.

სამეგრელოში სააღდგომო წირვა შუაღამით იწყებოდა. ტაძარი ხალხით ივსებოდა და ყველგან უამრავი სანთელი ენთო. ბოლოს “ქრისტე აღსდგას” გალობით ყველა შინ ბრუნდებოდა. ყველიანი და კვერცხიანი პურის კვერები და შემწვარი გოჭი მეგრული სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო.

კახეთში აცხობდნენ ქადებს, ნაზუქებს, კლავდნენ საკლავს და ეპატიჟებოდნენ სტუმრებს. კახურ სუფრას, რა თქმა უნდა, ამშვენებდა კარგი წითელი ღვინო. ამ კუთხეში დღემდე შემორჩენილია რწმენა, რომ ვინც წითელ პარასკევს ჩურჩხელას შეჭამს, მთელი წლის განმავლობაში ქვეწარმავლებისგან საფრთხე არ დაემუქრება.

საქართველოში ოდითგანვე არსებობდა ჭონაობის ტრადიცია. აღდგომა დილას რამდენიმე კაცი ერთად იკრიბებოდა, სოფელში თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა, ულოცავდა დღესასწაულს და საგალობელს მღეროდა:

“ჭონას დავალთ მადლობითა,

ღმერთი თქვენი წყალობითა,

ლოცვას ღამიან მოისმენთ

ქრისტე ღმერთის ბრძანებითა,

ლიტანიას შემოვუვლით

სანთელ კელაპტარებითა.”

მახარობლები როცა სიმღერას დაამთავრებდნენ, სახლის ბანიდან თოკით კალათას ჩაუშვებდნენ და ისევ აგრძელებდნენ:

“ალათასა ბალათასა,

ჩამოვკიდავ კალათასა,

ერთი კვერცხი ჩვენ მოგვეცი,

ღმერთი მოგცემს ბარაქასა.”

ამ დროს დიასახლისი კალათაში წითელ კვერცხებსა და ტკბილეულს ჩაალაგებდა, მახარობლები მიიღებდნენ შესაწირს და სხვა ოჯახს მიადგებოდნენ. მეჭონეების ხელცარიელი გაშვება ცუდის ნიშანი იყო. ყველა ცდილობდა, ისინი გულუხვად დაესაჩუქრებინა.

ევროპაში აღდგომას ცოტა განსხვავებულად ხვდებიან, თუმცა შეღებილი კვერცხები, კულიჩი, პასქა და ტკბილეული იქაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს. სხვადასხვა კულტურებში არსებობს ტრადიციები, რომელიც დაკავშირებულია ვნების კვირასთან, ქრისტეს აღდგომის დღესასწაულთან. მაგალითად, ბზობის დღესასწაულს, რომლის დროსაც მაცხოვარის იერუსალიმში შემოსვლას ვზეიმობთ, შვეიცარიაში “ზეთისხილის” კვირა ჰქვია, ხოლო ესპანეთში, გერმანიასა და იტალიაში “პალმის კვირას” უწოდებენ. ამ დღესასწაულს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. იგი თავისი ფორმით ძალიან ახლოს დგას ბზობასთან. ხალხში გავრცელებული შეხედულების თანახმად, ნაკურთხი ტოტები ადამიანს ბოროტი ძალებისაგან იცავს. ადრე მათ წვავდნენ უამინდობის დროს, რათა სახლი დაეცვათ.

დიდ ხუთშაბათს ბულგარეთში აცხობენ სადღესასწაულო ნამცხვარს. ჩეხეთში – მწვანე ფერის საჭმელს მიირთმევენ, ხოლო სერბეთში უპირატესობას ჭინჭრისგან დამზადებულ კერძებს ანიჭებენ. პოლონეთში სააღდგომოდ გავრცელებულია კრაკოვული ტორტის გამოცხობა, რომლის ცომიც მოხარშული კვერცხის გულებით მზადდება და მისი გასინჯვა მხოლოდ 3-4 დღის შემდეგ შეიძლება. ევროპულ ქვეყნებში სააღდგომო კვერცხებთან უამრავი გართობაა დაკავშირებული. ბავშვებს გორაკებზე მიაქვთ შეღებილი კვერცხები, აგორებენ და ვისი კვერცხიც ყველაზე შორს გაგორდება, გამარჯვებაც მას ეკუთვნის. აღდგომა დღეს მოედნებზე სპეციალურად იკრიბებიან ადამიანები და ერთმანეთს წითელ კვერცხებს და სხვადასხვა სახის მონეტებს ესვრიან. აღდგომის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიჩნეულია კურდღელი. ამზადებენ კურდღლის ფორმის ნამცხვრებს, მას გამოხატავენ სადღესასწაულო სუფრებსა და ხელსაწმენდებზე. კურდღელს არ გააჩნია არანაირი ქრისტიანული დატვირთვა. იგი უძველეს კულტს უკავშირდება, რომელიც გაზაფხულზე იმართებოდა წარმართულ დროს. კვერცხების შეღებვასთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ამზადებენ შოკოლადისა და შაქრის კვერცხებს, ყვავილებით რთავენ სახლებს და ქუჩებს. გავრცელებულია რწმენა, რომ წითელ პარასკევს დადებული კვერცხი მომავალ აღდგომამდე არ ფუჭდება. გერმანელები მას სასწაულებრივ ძალას მიაწერენ და ასეთი კვერცხის ჭამას უშვილო ქალებს ურჩევენ. ქრისტიანული სამყაროს ამ უდიდესმა დღესასწაულმა დროთა განმავლობაში საერთო სახალხო ზეიმის სახე მიიღო, რომელშიც სიამოვნებით იღებს მონაწილეობას დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი.

ქეთი ადეიშვილი

სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/style/wine/2010-04-02/5065.html

 

Share Button
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

          0 ქულა

გამოხატე შენი აზრი

Current ye@r *