მაი 01

სადღაც, ექვსი წლის წინათ, როდესაც მოთხრობის “ფიდაი, ანუ ამინა 3-დან 5-მდე”-ს წერა დავიწყე, არაბი ტერორისტი ქალების სასამართლო პროცესების დაკითხვის ოქმებს გავეცანი. ბუნებრივია, ეს ის ქალები იყვნენ, რომელთაც ტერორისტული აქტის განხორციელება ვერ მოახერხეს და სტენოგრაფიულ ჩანაწერებში თითოეული მათგანი მწარედ ნანობდა ამას. ისინი საუბრობდნენ პოლიტიკაზე, ამქვეყნიურ უსამართლობაზე, საკუთარ მოტივაციებზე, და რაც განსაკუთრებით საინტერესოდ მომეჩვენა, ტერაქტისთვის მზადების პროცესზე. ისე ჩანდა, რომ სიკვდილისწინა პერიოდი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო მათთვის, ისეთივე ამაღელვებელი, როგორიც, ვთქვათ, სასიყვარულო პაემანის ან პირველი საქორწინო ღამის მოლოდინი… ეს მაშინ ამ ქალების რელიგიური ფანატიზმითა და ექსტრემიზმით ავხსენი. მაშინ თავად აღმოსავლეთი იყო ჩემთვის ეგზოტიკა, ხოლო აღმოსავლელი ქალები ამ ეგზოტიკის ნაწილი. ეგზოტიკა კი, ხშირ შემთხევევაში, სწორედ ის საბურველი, ჩადრი, ბურქაა, რომლის უკანაც ნამდვილი სახეები და ამბები იმალება.

ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ვცდილობ, ამ ქალებს პოლიტიკური და რელიგიური მოტივაციების ჩადრი ჩამოვხსნა და უფრო ქალური, ანუ უფრო მნიშვნელოვანი მოტივები ვეძებო. იქნებ იქ, ნამდვილ აღმოსავლეთში ეს ერთგვარი გამოსავალია? იქნებ ეს მათი ერთგვარი სურვილია, ვნებაა, იქცნენ შურისმაძიებლად, იქცნენ საბედისწერო ქალად, სახიფათო და, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვან არსებად, რომელიც აალაპარაკებს საკუთარ ქუჩას, ქალაქს, მსოფლიოს… იქცნენ, ვთქვათ, “თამილელი ვეფხვების” ან “სიკვდილის ანგელოზების” (ლამაზი სახელები ჰქვიათ, არა?) წევრად, რომელთაც მოაქვთ ტერორი. ტერორი, როგორც რობესპიერი იტყოდა, “ღირსების აქტი, რომლის შედეგი მკაცრი, სწრაფი და შეუქცევადი სამართლიანობაა.” იქცნენ ქალად, რომელსაც მოაქვს სიკვდილი. სიკვდილი, როგორც თავისუფლება, გარდასახვა. როგორც განაცხადი.

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არაბი მწერალი ქალების შემოქმედებას მივმართე. იმათ ტექსტებში ჩავიხედე, რომელთათვისაც აღმოსავლეთი ეგზოტიკა კი არა, სამშობლოა. თუმცა, ამავე დროს, დიდი იმედი არ მქონდა, რომ იქ მათ მიერ გულწრფელად აღწერილ შეულამაზებელ ცხოვრებას დავინახავდი. ვფიქრობდი, რომ უმეტესად სტრიქონებს შორის კითხვა მომიწევდა. გარდა ამისა, არაბული ლიტერატურა ხომ, ძირითადად, სტილური თამაშებია, სადაც უმთავრესი ენობრივი ქსოვილი და მისი დეკორატიული მაქმანია და ამ დროს მეტი რისკია, ეს ისედაც რთულად მოსაყოლი ამბები მხატვრულ ფორმას შეეწიროს.

მაგრამ არაბმა ქალებმა, როგორც ჩანს, უკვე ყველა აკრძალვა და ტაბუ დაარღვიეს (თუ რეალურ ცხოვრებაში არა, ლიტერატურაში მაინც) და ისეთი გულწრფელობით და სიმართლით წერა შეძლეს, რომელზეც, ალბათ, კიდევ დიდხანს ვიოცნებებთ თუნდაც ჩვენს სამამულო ლიტერატურაში.

ამ უკიდურესად მწვავე, ბასრი სამართებლის პირზე დაწერილ ამბებში ქალები უმეტესად საკუთარ თავზე, საკუთარ ვნებებსა და სასოწარკვეთაზე წერენ, წერენ საოცარი სიცხადით, სითამამით, წერენ გამუდმებით, შეუსვენებლად, შეპყრობილივით… ეს არც არის გასაკვირი, მაგალითად, ალიფა რიფათისგან. ეგვიპტელი მწერლისგან, რომელსაც 15 წლის მანძილზე წერას უკრძალავდნენ, ქალისგან, რომელიც 15 წლის განმავლობაში ქმარს უმალავდა ფურცლებს, კალმებს, რვეულებს, საკუთარ სურვილს. სანამ რიფათის პროზას შესანიშნავი მთარგმნელის იზოლდა გრძელიძის მიერ ნათარგმნ წიგნში “ღიმილი წყლის ბაგეზე” გავეცნობოდი, ჟურნალ “აშ-შაჰიდიდან” გადმოთარგმნილი მისი ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ის საკუთარ ცხოვრებაზე საუბრობდა. საუბრობდა, როგორ დაუპირისპირეს მშობლებმა მის სურვილს, ესწავლა ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე – გათხოვება, ხოლო წერის სურვილის ჩაკვლას უკვე პოლიციელი ქმარი ცდილობდა და “დანაშაულზე” წასწრება ხანგრძლივი შინაპატიმრობით სრულდებოდა. რიფათიც საბოლოოდ ქმრის ნებას დამორჩილდა, წერა მიატოვა და შვილების აღზრდას მისცა თავი, მაგრამ ღრმა სულიერ დეპრესიაში ჩავარდა, რომელიც ორი წლის მანძილზე გრძელდებოდა და რომლის მიზეზიც ექიმებისთვის ბოლომდე აუხსნელი დარჩა. ეს რაღაც სიყვარულის ავადმყოფობას წააგავდა, ან აუცილებელი სასიცოცხლო არტერიის გადაკეტვას. რიფათის მდგომარეობა უარესდებოდა მანამ, სანამ ქმარმა ცოლს წერის ნება არ დართო და მწერლის შემოქმედებამაც ბოლო-ბოლო დღის შუქი იხილა.

თითქმის ასეთივე ბარიერების გადალახვა მოუხდა ყველა არაბ მწერალ ქალს. ასეთი ქალებისთვის წერა საქმე და პროფესია კი არა, ბედისწერაა…

ალბათ, არც ის უნდა მოგვეჩვენოს ძალიან უცნაურად, რომ ამ ღრმად რელიგიური ქალების ნოველების მთავარი თემა სექსი და სიკვდილია. მათი პერსონაჟი სექსუალურად დაჩაგრული ქალია. თავად რიფათი ამბობს, რომ “ქალი დაჩაგრულია სოციალურად და სექსუალურად. თავის ქმართან ურთიერთობაშიც კი. ეს უკანასკნელი მისგან გრძნობების დათრგუნვას ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ სექსუალური სურვილების გამოვლენის შესაბამისად ქალი თავისუფლების და პიროვნული დამოუკიდებლობის გასაღებს იგდებს ხელთ. არადა, სიყვარული ყველას უფლებაა, სექსი კი ის ურთიერთობა, რომლის დროსაც სულის, გრძნობების და ხორცის გაყოფა შეუძლებელია. სექსი სულიერ-ფიზიკური მდგომარეობაა და, ალბათ, ის ერთადერთი ჯილდოც, რომელიც ამ წარმავალ წუთისოფელში გვერგო”.

მოთხრობის პერსონაჟებს სწორედ ამ ჯილდოს მიღება აქვთ აკრძალული. მათ სამყაროში თავიდანვე კასტრირებულია ქალობა, ხორცთან ერთად მოკვეთილია გრძნობა, აღკვეთილი – ყოველგვარი სურვილი. არადა, თავიდან თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, სამყარო მშვენიერია და მოთხრობის დასაწყისიც სკოლის მოსწავლე გოგონას გულუბრყვილო ჩანახატს წააგავს, რომელიც ყოველ დილით მზის ამოსვლის მშვენებას უცქერს, ჩიტების მხიარულ ჭიკჭიკს უსმენს, ხარბად სუნთქავს მინდვრის არომატს შეზავებულს ფურნეში საუზმისთვის გამომცხვარ პურის სურნელთან.

“იმ დილით კი, ვიდრე ბუნების ცქერით დავტკბებოდი, სარკმელთან მომწვდა მათი უხეში ხელი. ჩემს დას, საფიას კი – ლოგინში.

გაგვახვიეს რწყილებით სავსე გალაბიებში და წაგვიღეს სასტუმრო ოთახში… საფია მაგიდაზე დააწვინეს, მე კი სამუჰას თავის ძლიერ მკლავებში ვყავდი მომწყვდეული. ქალებმა ჩემს დას წრე შემოარტყეს და ფეხები ჰაერში ააწევინეს. ალ ჰაჯა-ვარდამ, სოფლის ბებიაქალმა, ღმერთი ახსენა და საფიასკენ გაემართა; თავისი გაძვალტყავებული თითებით სხეულის სათუთ ნაკეცებში დაუწყო ქექვა. ცოტა ხანში ხორცის პატარა ნაჭერი ეკავა ხელში და თითებით სრესდა. “გოგო კურთხეულია, განწმენდილია. ანგელოზმა განწმინდა, მისი კოკორი კი ჩემს ხელში კვდება”… ცოტა ხანში მეც უდიერი ხელის დასმა ვიგრძენი. დავინახე როგორ მიახლოვდებოდა მოელვარე სამართებელი და ვიყვირე.. ვიყვირე, როცა მან ცხლად და ჩამიარა სხეულზე და ხორცი მომჭრა. ვყვიროდი და ღმერთს შველას ვთხოვდი. ალ ჰაჯა-ვარდამ სპირტი დამასხა, რომელიც მოგიზგიზე ცეცხლად მექცა. ამ დროს გამოჩნდა ტანადი დედაჩემი. გავიგე როგორ დაჰკივლა: “ვაიმე! გოგო სისხლისგან იცლება. დაუჩქარე! ისედაც სუსტია და არც შენ აკლებ.” (ალიფა რიფათი “ვინ იქნება ის მამაკაცი”)

წინადაცვეთა, რომლის შესახებაც მწერალი წერს, ეგვიპტის ფარაონთაგან მოდის და დღემდე სრულდება ეგვიპტესა და სუდანში. ბოლო წლების მიღწევად ის უნდა ჩაითვალოს, რომ მაღალი და საშუალო წრის წარმომადგენლები საავადმყოფოებში უტარებენ შვილებს ამ ოპერაციას. დაუცვეთელი გოგონა კარგავს გათხოვების უფლებას. სუდანის ქალების 98% დაცვეთილია მშობლების განათლების, კლასობრივი წარმოშობის და შეგნების მიუხედავად, ამათგან 85% დაცვეთილია უმკაცრესი ფარაონული წესით (კლიტორის, პატარა და დიდი ბაგეების მოკვეთა.)

არაბი მწერალი ქალების სახიფათო თამაშები

მოწიფულ ქალებს კარგად ესმით წინადაცვეთის საჭიროება და აუცილებლობა. ეს მხოლოდ 4-10 წლის გოგოებისთვის არის გაუგებარი. მაგრამ პასუხი მათთვისაც არსებობს. და რიფათის მოთხრობის გმირს სამუჰა პასუხობს:

“იმიტომ, ჩემო მშვენიერო, რომ თუ მამაკაცები მოსვენებას არ მოგცემენ, შენ არაფრად ჩააგდებ მათ. როცა გათხოვდები… ქმარი თუ გვერდით არ გეყოლება, აღარ დაიტანჯები.”

მიუხედავად ამისა, ქალები მაინც იტანჯებიან. რადგან გრძნობები მათთვის ჯერ არავის დაუცვეთია. მათთვის სიყვარული მხოლოდ “მინარეთის შორეული ხედია”. მკრთალი, ბუნდოვან ნისლში გაქნილი პეიზაჟი, მინარეთისა, რომელსაც თანდათან ჩამოეფარა მაღლივი შენობები. მაგრამ ყოველი დილა მაინც მისი ჭვრეტით იწყება. “ნახევრად გახელილი თვალებით გახედა ქმარს, მარჯვენა გვერდზე მწოლიარეს, თავისი სხეული ქალისაზე გადაეხლართა, თავი კი მის მარჯვენა მხარზე დაეხარა. ასეთ დროს გრძნობდა, რომ ქმარი მისი სამყაროსგან სრულიად განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობდა და იგი უარყოფილი იყო მის მიერ. ქორწინების პირველ დღეებში, კაცს რომ მისი გაღვიძებული ვნება ეგრძნო, ქალი აქტის გახანგრძლივებას თხოვდა, მაგრამ მორცხვი იყო და ტრადიციებით შებოჭილი, რაც მსგავსი გრძნობების გამომჟღავნებაში ხელს უშლიდა. მოგვიანებით გამბედაობა მოიკრიბა, რომ ნათლად გამოეხატა, რაც სურდა. ამ დროს ეჩვენებოდა, რომ ქმრის ცოტა მეტი მოძრაობა მიიყვანდა სულიერ და ფიზიკურ სიამოვნებამდე, მაგრამ ყოველთვის როდესაც ქალი თრთოლვით თხოვდა მეტი ემოძრავა, ის აჩქარდებოდა, თითქოს მის მოშორებას ესწრაფვოდა და უცებ ამთავრებდა აქტს. უკანასკნელად, როცა კიდევ ერთხელ შეეცადა ქალი ამას, აუსრულებელი წადილის მისაღწევად, იმ დელიკატურ წამს, მთელი ძალით ზურგში ფრჩხილები ჩაასო, კაცი მასთან რომ დარჩენილიყო. ქმარმა იყვირა, ხელი ჰკრა თავის დასაღწევად “გაგიჟდი, ქალო? ჩემი მოკვლა გინდა?..”

საბოლოოდ, სასიყვარულო სარეცელს სასიკვდილო სარეცელი ენაცვლება. ხოლო იქ, სადაც არ არსებობს სიხარული, აღარც მწუხარებას აქვს ადგილი. რიფათის ქალები უსიყვარულობას მშვიდი, არაფრისმთქმელი გულგრილობით და სიცივით პასუხობენ. თუმცა ესეც მხოლოდ მათთვისაა ცხადი და სხვისთვის შეუმჩნეველი რჩება: “მწუხრის აზანის მოახლოება იგრძნო. სპილენძის ყავადანი წყლით გაავსო, შაქარი და ყავა ჩაყარა. ქმარს უყვარდა, როცა ყავას თვალწინ უსხამდა… სიგარეტით ხელში საწოლზე მჯდომარეს მოელოდა, როცა მისი უცნაურად გადახრილი სხეული დაინახა… მაშინვე მიხვდა, რომ ოთახში სიკვდილის სუნი ტრიალებდა… ქალი სასტუმრო ოთახში დაბრუნდა, ყავა დაისხა. უჩვეულო სიმშვიდე დაეუფლა” (ალიფა რიფათი. “მინარეთის შორეული ხედი”).

საინტერესოა, მაინც რატომ არის თითქმის ყველა არაბი მწერალი ქალის მოთხრობაში ქმარი ცივი და გაუცხოებული არსება, ხოლო სექსი – ტკივილის და ძალადობის სინონიმი: “ეს იყო ტკივილის და ძალადობის ღამე. ის რაც მის თავს ხდებოდა, არ ჰგავდა მანამდე განცდილსა და ნანახს. იქიდან მოყოლებული ასობით განმეორებულა მსგავსი რამ. ქმრის უხეში ხელების ფათური სხეულზე, კაიფში მყოფი კაცის მყრალი ოხშივარით დანერწყვილი სუნთქვა ტკივილის გრძნობას ზიზღში უცვლიდა, მაგრამ დაემორჩილა ქმარს და ირწმუნა, რომ ქმრის სახლს მხოლოდ მაშინ დააღწევდა თავს, როცა სასაფლაოზე წაიღებდნენ” (ალიფა რიფათი. “გრძელია ზამთრის ღამე”)…

არაბი მწერლების შემოქმედებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ისინი ფემინისტი ქალები არიან. თავად რიფათი ერთგან ამბობს, რომ “არ წერს სექსზე ისე, როგორც ამას დასავლელი მწერლები აკეთებენ, რათა თავისი წიგნები გაასაღონ. მაგრამ მან იცის მისი მნიშვნელობა და ფასი ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში. შესაძლებელია, ამაში გარკვეული გამოწვევაც იყოს, რადგან ქალს ავალდებულებენ ტაბუ დაადოს სექსის თემას. ქალი სექსუალური მოთხოვნილებების და პოტენციის მხრივ აღემატება მამაკაცს. შესაძლებელია, ამიტომ მამაკაცს ქალის ეშინია, ამიტომ ესწრაფვის მის იზოლაციას და საბურველში გახვევას, ითხოვს წინადაცვეთასა და ქალწულობას. დიახ.. იმიტომ რომ მან შეიცნო ეს ჭეშმარიტება.”

“ის ღამეც გაიხსენა, როცა გამოღვიძებულს ქმარი გვერდით არ დახვდა. როგორ წამოდგა მოსაძებნად და პატარა შინამოსამსახურეს გვერდით მწოლარე იპოვა. ისეთმა სიძულვილმა და სიმწარემ ამოხეთქა, რომ გადაშალა ყოველგვარი აღზრდა, ტრადიცია და ქმარს გაყრა მოსთხოვა. მან ზურგი შეაქცია და უთხრა: – რატომ გაგეყარო? წადი, ჰკითხე დედაშენს, მამაშენი მთელ დღეს სალოცავ ფარდაგზე ატარებდა?”

დედის პასუხი სქემატურია. დამამშვიდებელიც კი:

” – ყველა კაცი ერთნაიარია

– მამაჩემიც კი?

– ჩემო გოგო! ისიც კაცი იყო.. ალაჰიმც შეიწყალებს მას” (ალიფა რიფათი. “გრძელია ზამთრის ღამე”).

ბუსაინა ხადირ მაქის პერსონაჟებიც ასევე გარეგნულად ბედს შეგუებული ქალები არიან. ისინი უსიტყვოდ ემორჩილებიან ჰაჯიბს, ქმრის ნებას, მაგრამ როგორც ჩანს, დიდი იმედგაცრუების და განხიბვლის ფასად. ქმარს არ მოსწონს დაუცვეთავი ცოლი და მას წეს-ჩვეულების ასრულებას სთხოვს: “თუ მართლა გიყვარვარ, გააკეთე ეს. ტკივილს ვერ იგრძნობ. უმნიშვნელო “მოკვეთა” ჩატარდება რამდენიმე უბრალო ნაკერი…”

ცოლის მთავარი მოტივი სიყვარულია. მას სურს, ქმარს მოსწონდეს, უყვარდეს და იმას აკეთებს, რასაც ის თხოვს. მოდის ექიმი. ტკივილგამაყუჩებელი ნემსი, სხეულში მაკრატლით ჭრა… “ამ საშინელი ოპერაციის შემდეგ ქმარმა გულის მოსაგებად მომინახულა. გამოქვაბულის პირველყოფილი ადამიანივით მოჩანდა ჩემ წინ მდგარი. გარეული კურდღელი დაეჭირა, შეეწვა და ბედნიერი იყო, რომ უნდა ეჭამა. მე სწორედ ეს შემწვარი კურდღელი ვიყავი. რა საშინელებაა… სამუდამოდ დავკარგე ჩემი გულისა და გონების რჩეული. თუმცა შევიძინე კაცი, რომელსაც ჩემი ქმარი ჰქვია” (ბუსაინა ხადირ მაქი. “წეს-ჩვეულებანი”)

თუმცა არსებობენ მეამბოხეებიც. როგორია მათი ბედი რეალურ ცხოვრებაში, რეალური საქინეს მაგალითზე შეგვიძლია გავიგოთ. რეალური ამბები ხომ გამოგონილზე გაცილებით სასტიკია. მოთხრობის პერსონაჟის ბედიც, ცხადია, გადაწყვეტილია, თუმცა მშრალი სასამართლო ოქმიდან მხოლოდ ქალის ჩვენებას ვკითხულობთ:

“ჩვიდმეტი წლის ვარ და ისე გარიყული ვარ, როგორც სახლის კედლებქვეშ მოქცეული ჭია. ყოველღამ უცნაური გრძნობა მიპყრობს, როცა კი ამ მიხრწნილ კაცს გადავხედავ, ჩემ სიახლოვეს რომ დაგდებულა. ვუცქერ მის სახეს და ჩემს თავს ვეკითხები: რატომ თავს არ ვუშველი? რატომ არ გამოვასწორებ დედაჩემის და მამაჩემის დანაშაულს, რომელშიც ჩემი – 14 წლის გოგოს – სურვილის გარეშე გამხვიეს? მაინც რა ვღირდი? ათასი დინარი, ასი სული ცხვარი, ოცი ჯიშიანი დედალი აქლემი. დღედაღამ ეს გრძნობა მდევს თან. არ მასვენებს. ბავშვიც არ მყავს ამ ბებრისგან, ან საიდან უნდა მყავდეს? ამ სამოცდაათ წელს, რომელსაც ჩირქის გარდა არაფერი გამოსდის, არ შესწევს უნარი ბავშვის სახით გაბრწყინდეს. მითხარით, ბატონო მოსამართლე, რატომ არ უნდა მოვკლა? რატომ არ უნდა მოვკლა?” (ლეილა ოსმანი “ერთი ქალის სასამართლო ოქმიდან”)

ასეთია ამბები სამყაროდან, სადაც თავის დროზე ამ ქალების დაბადებაც არ გახარებიათ მშობლებს. სწორედ ამაზე წერს იემენელი მწერალი ქალი რამზია აბას ალ-ირიანი საკუთარ მოთხრობაში “მემკვიდრე”. ის წერს ცოცხლად დამარხულ არასასურველ ახალშობილ გოგოებზე. წერს მემკვიდრე ბიჭის მშობიარობას გადაყოლილ დედებზე. “რა უნაყოფოა შენი წიაღი, ხაჯიდა. ვაი, შენ, ხაჯიდა, თუ გოგოს ატარებ მუცლით. შემწყრალი იქნება მასუდი შენზე და თავის უბედურ ბედზე”. სწორედ ამიტომ ხაჯიდა მძიმე მშობიარობის შემდეგ და სიკვდილის წინ მხოლოდ იმას კითხულობს, ვინ შეეძინა – ბიჭი თუ გოგო. აქ ხდება ქმრის კათარზისიც და ისმის მისი გულწრფელი გლოვა: “დაგვიბრუნდი, ხაჯიდა.. არ მინდა ბიჭი. შენ მინდიხარ, შენ.. ჩვენს გოგონებს ჭირდები. როგორ დავბრუნდე ექვს ბავშვთან? მათ მხოლოდ შენი არსებობა უნდათ. შეიძლება, შენმა ბიჭმაც ვერ იცოცხლოს შენი მოსიყვარულე გულის და მადლიანი ხელის გარეშე..” – ყველა ცდილობდა ზეწარგადაფარებული ცხედრისგან აეგლიჯათ.. ამ დროს ექთანი მიუახლოვდა ბავშვით – კაცისთვის რომ გადაეცა მოცახცახე ხელებში…” (რამზია აბას ალ-ირიანი. “მემკვიდრე”)

ასე რომ, აღმოსავლეთის ქალებს, ალბათ, მართლაც აღარაფერი დარჩენიათ, უკეთესი დროის მოლოდინის გარდა. ეს მოლოდინი, უმეტესად, სიკვდილის მოლოდინია. სიკვდილის, როგორც მარადი საქმროს, როგორც აღთქმული სამოთხის, როგორც ჯილდოს საკუთარი მოთმინებისთვის. “სიკვდილი სიცოცხლის ერთ-ერთი სახეობაა. მე ისევე ვმეზობლობ სიკვდილს და ვეხები მას, როგორც სიცოცხლეს – ყოველგვარი შიშისა და კრძალვის გარეშე. მე სევდის გარეშე ვწერ სიკვდილზე. მე მას აღვწერ, როგორც საზეიმო მოვლენას.. მისი ადათ-წესები ქორწინებისას ჩამოჰგავს. მოვა სიკვდილი და დაგვანახებს გადაცვლილისადმი გამოვლენილ ადამიანურ სიყვარულს, მოვა სიკვდილი და დაგვანახებს ადამიანურ სიხარბეს”…

 

არაბი მწერალი ქალების სახიფათო თამაშები
თეონა დოლენჯაშვილი
წყარო: shokoladi.ge
Share Button
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

* * * * * 1 ქულა

2 კომენტარების ფოსტზე “სექსი და სიკვდილი”

  1. 1. მაია:

    avatarძალიან,მაგარი იყო. ძალიან შემაძრწუნებელი,მაგრამ მწარე რეალობა, რომელიც ბერვმა არ იცის და ბერვს არც სმენია

  2. 2. გვანცა:

    avatarვაიმე ბოლომდე ძლივს წავიკითხე რა საშინელებაა ღმერთო ამათ გაუნათლე გონება

გამოხატე შენი აზრი

Current ye@r *