loading...

«

»

მაი 02

წავიდეთ აუზზე!

 

ცურვა ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი კომპონენტია. ის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და ეფექტური საშუალებაა კუნთების გასამაგრებლად და კალორიების დასაწვავად. თუ ივლით ცურვაზე არა შემთხვევიდან შემთხვევამდე, არამედ რეგულარულად – არანაკლებ კვირაში სამჯერ თოთო საათით, ერთ თვეში აუცილებლად მიიღებთ შესამჩნევ შედეგს:

• გაიმაგრებთ ყველა კუნთს;
• გახდებით უფრო მომხიბვლელი, შეგეცვლებათ აღნაგობა და სიარულის მანერა;
• გამოგიკეთდებათ განწყობილება, გაღიზიანდებით ძალიან იშვიათად.

მეცადინეობის გეგმა
იმ ქალებისთვის არის, რომელთაც იციან ცურვა, მაგრამ დიდი ხანია, ცურვაზე არ უვლიათ: განურჩევლად იმისა, როგორ ცურავთ, პირველ კვირას აუცილებლად უნდა მოხდეს ადაპტაცია – იცურეთ ნელი ტემპით, შეჩერდით და შეისვენეთ. ორგანიზმი თანდათან უნდა შეაჩვიოთ წყალს და დატვირთვას, არ უნდა გადაიღალოთ. როგორც კი იგრძნობთ, რომ ფორმას იბრუნებთ, დატვირთვა გააძლიერეთ, ოღონდ თანდათანობით. დამწყებთათვის: ერთი თვის განმავლობაში იცურეთ 100-იდან 300 მეტრამდე დისტანციაზე. პირველ ხანებში შეგიძლიათ შეჩერდეთ, შეისვენოთ, ხოლო მერე და მერე უნდა იცუროთ შეუსვენებლად 10 წუთის განმავლობაში. მომზადების საშუალო დონისთვის: ერთი თვის განმავლობაში კვირაში 3-ჯერ შეუსვენებლად უნდა გაცუროთ 350-550 მეტრი (15 წუთი). მომზადების მაღალი დონისთვის: კვირაში 3-ჯერ შეუსვენებლად გაცურეთ 600-800 მეტრი. გამოიყენეთ ცურვის სხვადასხვა სტილი.

ეს მნიშვნელოვანია!
ნუ დაივიწყებთ, რომ ვარჯიშის დაწყების წინ აუცილებელია მოთელვა. უნდა შეასრულოთ მოსადუნებელი სავარჯიშოები ცურვის დამთავრების შემდეგაც. სასურველია, მოთელვა შეასრულოთ აუზში, სადაც წყლის დონე დაბალია – ვარჯიში ასე უფრო ეფექტური იქნება.

ზოგიერთი რეკომენდაცია:
იცურეთ თავით წინ, ეცადეთ, ნიკაპი წინ არ წასწიოთ. ბილიკზე ცურვისას წყალი უნდა გაკვეთოთ თავით და არა ნიკაპით. თუ გსურთ, ცურვის დროს სხეული სწორად გეკავოთ, თავი წყალში ისე უნდა ჩაყოთ, რომ დაინახოთ აუზის ფსკერზე გავლებული სწორი ხაზი. ნუ შეგაშინებთ, რომ თავით შეიძლება აუზის საპირისპირო კედელს შეეჯახოთ – აუზის ფსკერზე, ხაზის ბოლოს, არის სიგნალი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ მობრუნების დროა. როცა ჩაისუნთქავთ, აუცილებლად უნდა მიაბრუნოთ თავი ტანთან ერთად ერთ მხარეს. როცა სხეული მიიღებს ჰორიზონტალურ მდგომარეობას და სახე აღმოჩნდება წყალში, ამოისუნთქეთ. გააკეთეთ ორი ნიჩბისებრი მოსმა და მიბრუნდით მეორე მხარეს, რათა კვლავ ჩაისუნთქოთ.

საშხაპისაკენ
შხაპის მიღება აუცილებელია აუზში ჩასვლამდეც და იქიდან ამოსვლის შემდეგაც. გარდა ამისა, ცურვის შემდეგ სასურველია თავის დაბანა შამპუნითა და კონდიციონერით. თუ აუზს ქლორიანი წყლით ავსებენ, ტანი დაიბანეთ არა საპნით, არამედ შხაპის გელით – ის უფრო ნაზია და კანს არ აშრობს. გარდა ამისა, რეკომენდებულია, კოსმეტიკის ჩანთაში გეწყოთ:

•დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი სახის, სხეულისა და ხელებისთვის;

•ჰიგიენური ტუჩის საცხი;

•საცურაო ქუდი და წყლის სათვალე, რათა თმა, თავის კანი და თვალები ქლორიანი წყლის მავნე ზემოქმედებისგან დაიცვათ. ქლორი აზიანებს და აღიზიანებს თვალის გარსს და შესაძლოა, ანთება გამოიწვიოს. სისტემატური ვარჯიშის დროს თვალი თუ წყლის სათვალით არ დავიცავით, შესაძლოა, მხედველობა დავიზიანოთ;

•თვალის წვეთები – თუ ვერ იტანთ ქლორიან წყალს.

ნახევარსაათიანი ცურვით შესაძლებელია 250-350 კილოკალორიის დაწვა. გააჩნია ცურვის სიჩქარესა და სტილს. როდესაც მეზობელ ბილიკზე დასასვენებლად შეჩერდებით, შეგიძლიათ დაამუშაოთ რთული ელემენტები. ვარჯიშისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სავარჯიშო ჯოხი, რომელიც ადვილად იღუნება – ის ხელს უწყობს კუნთების ტონუსის მომატებას.

წყარო: eva.ge