loading...

«

»

მაი 05

”ბუგატი გალიბიერს” მწვანე შუქი აუნთეს

„ფოლკსვაგენის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, „ბუგატი” მალე სედან „გალიბიერს” გამოუშვებს.

ეს ცნობა სააგენტო „ბლუმბერგმა” გაავრცელა. თავის მხრივ, ინფორმაცია სააგენტოს „ფოლკსვაგენის” ორმა წარმომადგენელმა გაუმხილა, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინეს.

„ბუგატიმ” კონცეპტუალური სედანი „16C გალიბიერი” შარშან, ჟენევის ავტო შოუზე წარადგინა, თუმცა მას შემდეგ, ამ ავტომობილის ბედი გაურკვეველი იყო. მისი წარმოების დაწყებას პროტეჟირებას „ბუგატის” და „ბენტლის” შეფი ვოლფგანგ დურჰაიმერი დიდი მონდომებით ცდილობდა და ბოლოსდაბოლოს, თავისი გაიტანა კიდეც.

„ფოლკსვაგენის” გადაწყვეტილებით, სუპერ სედანს „ბუგატის” მოლშეიმის (საფრანგეთი) ქარხანა გამოუშვებს, სადაც ჯერჯერობით, მხოლოდ ჰიპერქარ „ვეირონს” ამზადებენ. მაგრამ სანამ ახალი ავტომობილის წარმოებას დაიწყებს, ქარხანას მოდერნიზაცია დასჭირდება. ამიტომ, სასურველ ავტომობილს პირველი მყიდველი 2013 ან 2014 წელზე ადრე ვერ მიიღებს.

„გალიბიერი” იმავე W16 ძრავით აღიჭურვება, რომელიც მამოძრავებელ ძალას „ვეირონს” ანიჭებს. მისი მუშა მოცულობა 8.0 ლიტრია, თუმცა თუ „ვეირონის” შემთხვევაში, ის ოთხი ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი (ცილინდრების ყოველ რიგზე თითო), „გალიბიერის” შემთხვევაში, ძრავს ორსაფეხურიანი მექანიკური დამჭირხნი მოემსახურება. ამის წყალობით, მას მეტი მაბრუნი მომენტიც ექნება და რაც მთავარია, ჩავარდნების გარეშე იმუშავებს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „გალიბიერს” ელექტროძრავითაც აღჭურვავენ. ეს კი მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ მალე ევროპის ბევრი დიდი ქალაქის ცენტრში, შიდაწვისძრავიანი მანქანებით გადაადგილებას შეზ­ღუდავენ. ამ შემთხვევაში კი, „გალიბიერის” მფლობელები, ასეთ უბნებში ელექტროძრავით გადაადგილებას შეძლებენ.

დურჰაიმერი ამბობს, რომ პროექტი ჯერჯერობით ადრეულ სტადიაშია. ჯერ მანქანის გაბარიტული ზომებიც კი არაა დაკონკრეტებული. არც ისაა გადაწყვეტილი, შასი კარბონის კომპოზიტით დამზადდება, თუ ალუმინით. სამაგიეროდ, არის ვარაუდი, რომ მხოლოდ 3 000 ცალ სედანს გამოუშვებენ. შედარებისთვის, „ვეირონი” მხოლოდ 300 ცალი დამზადდა. გამოცემა „ქარ-ის” ვარაუდით, „ბუგატის” სუპერ სედანიც „ვეირონივით” 1 მილიონი ევრო ეღირება.

რაც შეეხება სახელს, „გალიბიერი” ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არაა. ცნობისათვის, ავტომწარმოებელმა ეს სახელი საფრანგეთის ალპური ზონის უღელტეხილ „გალიბიერისგან” აიღო. ამ უღელტეხილს სახელი ველომარათონმა ტურ დე ფრანსმა გაუთქვა, რომლის მარშრუტშიც ის ხშირად შედის.

 

1 comment

  1. avatar
    ბატონი ჩელიოსი

    avatarვააიიმე როგორ ვარ შეყვარებული ვეირონიზე , აუცილებლად იმდენს მივაგწევ რომ ბუგატი ვეირონი ჩემი გახდება , დედავ ვუტირებ მთავარიო მოინდომო ადამიანმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>