loading...

«

»

მაი 06

როგორ ცხოვრობენ პატიმარი ქალები საქართველოში

როგორ ცხოვრობენ პატიმარი ქალები საქართველოში“პატიმართა რაოდენობით მეორე ადგილზე ვართ”

 

ქრისტიანულ სათნოებებს შორის პატიმართა მიხედვას ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორც მშიერთა დაპურებას, ან სნეულთა მოვლას… სამწუხაროდ, ქართველ უფლებათა დამცველებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მსჯავრდებულთა მდგომარეობა აუტანელია. მათ შორის არის ქალბატონი ნანა კაკაბაძეც, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია:

– პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ ყოველთვის როდი გულისხმობს დანაშაულისადმი ნულოვან ტოლერანტობას: როდესაც დანაშაულს სჩადიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ისინი წარმოუდგენელი შეღავათებით სარგებლობენ. ეს სამწუხარო ჭეშმარიტება ევროსასამართლომაც აღიარა, როდესაც თქვა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების ვადაზე ადრე გათავისუფლება გაუგებარი და შემაშფოთებელი მოვლენაა. ეს არ არის ნულოვანი ტოლერანტობა, ეს არის ანგარიშსწორება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ნულოვანი ტოლერანტობა დაარქვეს. ყველა მოქალაქეს, რომელსაც ოდნავი გადაცდომაც კი აქვს ჩადენილი, ციხეებში ერეკებიან. ამAპოლიტიკის შედეგად, ჩვენი ქვეყანა პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

– რა მდგომარეობაა ქალთა ციხეებში, როგორ ცხოვრობენ პატიმარი ქალები?

– ბუნებრივია, მასობრივი დაპატიმრების მსხვერპლნი ქალებიც არიან. გამკაცრებულმა კანონმდებლობამ ისინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა: ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდში დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ გრძელვადიანი პაემნები გაუქმებულიყო. მართლაც, გრძელვადიანი პაემნები, რომლებიც კომუნისტების დროსაც კი არსებობდა, გაუქმდა, რამაც ხელი შეუუწყო იმას, რომ პატიმარ ქალებს დაენგრათ ოჯახები, მათი არასწრულწლოვანი შვილები კი ან ქუჩაში აღმოჩნდნენ, ან ვიღაცის მზრუნველობის იმედად დარჩნენ. ამ ქალებს არა მარტო მეუღლეებთან, შვილებთან შეხვედრის საშუალებაც კი მოუსპეს. რამდენიმე თვის წინ თითქოს ყველაფერი გამოასწორეს და გრძელვადიანი პაემნები აღადგინეს, მაგრამ ისეთი ფასი დააწესეს, რომელსაც პატიმრები და მათი ოჯახები ვერ გადაიხდიან.

– რა ღირს ერთი პაემანი?

– ამ ცვლილების მიხედვით, გრძელვადიანი პაემანი 24-საათიანი იქნება და 60 ლარი ეღირება. ბუნებრივია, პატიმრის ოჯახისათვის ეს ძალიან დიდი თანხაა, ვის ჯიბეში წავა ეს ფული, არავინ იცის. ყველა ოჯახს უჭირს პატიმრის შენახვა და ამას უნდა დაემატოს  60-ლარიანი პაემანი, რომელიც უფასო იყო, ვიდრე სააკაშვილი და მისი ხელისუფლება არ გააუქმებდა. ეს ცვლილება ჯერ ყველა ციხეში არ ამოქმედებულა, საცდელი სახით მხოლოდ არასრულწლოვანთა ციხეებშია, მაგრამ ნელ-ნელა სხვა საპატიმროებშიც შემოაქვთ.

ადრე გრძელვადიან პაემანი ერთიდან 3 დღემდე გრძელდებოდა, ახლა კი შემოიღეს ერთდღიანი პაემანი, რომელიც ნაკლებად შეიძლება ჩითვალოს გრძელვადიანად. მსგავსმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, არა მარტო დაამძიმა პატიმარ ქალთა მდგომარეობა, მორალურადაც გაანადგურა ისინი.

– ტუსაღ ქალებს მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობები მაინც თუ აქვთ შექმნილი?

– რაც შეეხება პირობებს, ქალი-პატიმრები ხშირად ამბობენ, ციხეში კი არ ვსხედვართ, ტუალეტის რიგში ვდგავართო. ციხეები ძალიან გადატვირთულია და მსჯავრდებულებს მთელი დღის განმავლობაში უწევთ რიგში ყოფნა, რომ აბაზანაში, ან ტუალეტში შევიდნენ, იქ ბანაობა და ელემენტარული სანიტარიული ნორმების დაცვაც ძნელია. არის ცხელი წყლისა და საშხაპეების პრობლემა. ვინც ძლიერია, უფრო იოლად ახერხებს თავის გატანას, სუსტები კი ჩვენს ციხეებში დაუცველ მდგომაროებაში არიან.

ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას კაცების ციხეზეც, მაგრამ ქალს უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდება მისი ბუნებიდან და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ციხეში მათთვის მინიმალური პირობებიც კი არ არის შექმნილი. ამის გამო ხშირია სიკვდილიანობა, გავრცელებულია დაავადებები, რასაც სამედიცინო დახმარების არარსებობა და უვარგისი კვებაც უწყობს ხელს.

– თუ იბრძვიან პატიმარი ქალები იმისათვის, რომ მათი მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს?

– თქვენ წარმოიდგინეთ, მათ უფრო დიდი პრობლემებიც აქვთ. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ არაადეკვატური სასჯელს იხდიან. მათი დანაშაულის სიმძიმე ოდნავაც ვერ შეეფერება წლებს, რომელიც მიუსაჯეს. ხშირად ვერ საბუთდება მათი ბრალეულობა, მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ დანაშაული მართლაც ჩაიდინეს, სასჯელი უსამართლოდ მაღალია. ამიტომ, ქალები უფრო მეტად ჩივიან არა იმ გაუსაძლის პირობებზე, რომელიც ციხეშია, არამედ იმაზე, რომ მათი სასჯელი არის კატასტროფულად მაღალი. პრობლემაა ისიც, რომ ვადამდელი გათავისუფლება, რომელსაც კანონი ითვალისწინებს, მათ არ ეხება, შეწყალების ფაქტებიც ძალზე იშვიათია. მსჯავრდებულ ქალებს ზოგჯერ სასჯელს კი უმცირებენ, მაგრამ ეს ვადა იმდენად უმნიშვნელოა, რომ სალაპარაკოდ არც ღირს.

– პატიმარი ქალების ცემისა და წამების ფაქტებს თუ შეხვედრიხართ?

– თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მათი იქ ყოფნა უკვე გათანაბრებულია წამებასთან და ღირსების შემლახავ მოპყრობასთან. ქალთა ციხეში მგლური კანონებით თუ იცხოვრებ, თორემ არანაირი კანონმდენლობა იქ არ მოქმედებს, არც იქაური ადმინისტრაცია ზრუნავს პატიმრებზე. ყოველ შემთხვევაში ვერც ერთი პატიმარი ამ ზრუნვას ვერ გრძნობს.

– სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს, მათი მტკიცებით, ყველანაირად ცდილობენ, რომ პატიმრებს ნორმალური პირობები შეუქმნან.

– აბა იმას ხომ არ იტყვიან, ვაწამებთ, ვცემთ და ღირსებას ვულახავთო? მთავარია, რეალობა როგორია, ქალთა ციხეებში შეურაცხყოფა, დამცირება და პატიმართა დაშინება ჩვეულებრივი ამბავია, რომელიც არავის უკვირს.

ხათუნა ჩიგოგიძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>