loading...

«

»

მაი 18

რატომ გროვდება მუცელში აირები

მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა) ნაწლავებში ჭარბი აირების დაგროვების შედეგია. აირები შთანთქმული ჰაერის ხარჯზე წარმოიქმნება, ასევე საჭმლის მონელების დროს კუჭსა და ნაწლავებში გამოიყოფა. მეტეორიზმი დაავადება არ არის, არამედ მისი ერთ–ერთი ნიშანია. დაავადება, რომლის დროსაც მეტეორიზმი ვლინდება, ბევრია. ხოლო თუ რომელზე მიგვანიშნებს ორგანიზმი, ამის დადგენა მხოლოდ ექიმს შეუძლია.

მეტეორიზმის აღმოცენების ძირითადი მიზეზებია: 1) უჯრედისებითა და სახამებლით მდიდარი პროდუქტების გამოყენება. მათი გადამუშავების დროს ბევრი აირი წარმოიქმნება. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება პარკოსნები, ბოლოკი, კომბოსტოს ყველა სახეობა, კარტოფილი, მჟაუნა, ყურძენი, ხახვი. 2) საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა (ფერმენტების ნაკლებობა, ათვისების გაძნელება, დისბაქტერიოზი და ა.შ.). 3) სერიოზული მიზეზები – სიმსივნე, რომელიც კუჭს აწვება, ვენების ვარიკოზული გაგანიერება ან ნაწლავების სისხლძარღვებში სისხლის შეგუბება. 4) ინფექციები, რომლებიც კუჭის ტრაქტის მუშაობას აუარესებენ. 5) საჭმელთან ერთად ჰაერის დიდი რაოდენობით შთანთქმა. 6) ფსიქოემოციური გადატვირთვა და ნერვულ–ფსიქიკური მოშლილობები, რომლებიც ნაწლავების მუსკულატურის სპაზმს იწვევს. 

სიმპტომები

მეტეორიზმის გამოვლენა ორ ვარიანტად ხდება. პირველ შემთხვევაში ძირითადი სიმპტომია მუცლის მნიშვნელოვნად გადიდება ნაწლავების გაბერვის ხარჯზე. ამ დროს სწორი ნაწლავის სპაზმის გამო აირებისგან მუცლის დაცლა ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში ძირითადი ჩივილია – მუცლის გამაგრება, ტკივილი, ჭვალი. მეორე ვარიანტი ხასიათდება ნაწლავებიდან აირების მუდმივი ხმაურიანი გასვლით, რაც ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად ზღუდავს და ადამიანს ბევრ უხერხულობას უქმნის. გარდა ნაწლავებში აირების დაგროვებისა, აღინიშნება ბოყინი, გულისრევის შეგრძნება, კუჭში შეკრულობა ან ფაღარათი, პირში ცუდი სუნი, მადის დაქვეითება.

მეტეორიზმის დროს უსიამოვნო შეგრძნებები არამხოლოდ მუცელში აღმოცენდება. ეს შეიძლება იყოს წვის, ჩხვლეტის შეგრძნება გულის მიდამოში, გულის აჩქარება და მის მუშაობაში შეფერხება, თავის ტკივილი, კუნთებში ტკივილი, ძილის დარღვევა, წუხილი–შფოთვა, საერთო სისუსტე, დამტვრეულობა და ა.შ.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

როდესაც ექიმი მეტეორიზმის გამომწვევ მიზეზს დაადგენს, შემდეგ მკურნალობას ნიშნავს. ფერმენტების ნაკლებობისას ნიშნავენ ფერმენტებს, დისბაქტერიოზის დროს ნაწლავების მიკროფლორას აღადგენენ, ტკივილის დროს კუჭ–ნაწლავის სპაზმების მოსახსნელ პრეპარატებს ნიშნავენ.

მეტეორიზმის პროფილაქტიკის საწინდარია ბალანსირებული კვება. ეს ნიშნავს, რომ რაციონში უნდა შედიოდეს ცილებით მდიდარი პროდუქტები – ხორცი, თევზი, მაწონი და სხვა. მოერიდეთ გაზიან სასმელებს. საკვები კარგად დაღეჭეთ. მეტი იმოძრავეთ. თუ ადამიანი არ მოძრაობს, შინაგანი ორგანოების ყველა კუნთი დაბალი აქტივობის რეჟიმში მუშაობს, რაც აირების დაგროვებას იწვევს.

ხალხური მედიცინა

2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვებს 200 მლ ცივი ანადუღარი წყალი დაასხით, 8 საათი გააჩერეთ, გაწურეთ. ნაყენი დღეში 4–5–ჯერ ჭამის წინ დალიეთ.

2 წილი პიტნის ფოთლები, 2 წილი ვალერიანის ძირები, 1 წილი კამის თესლები აურიეთ. 2 ჩაის კოვზ ნარევს 200 მლ ადუღებული წყალი დაასხით, 20 წუთი გააჩერეთ, გაწურეთ. 100 მლ ნაყენი დილით და საღამოს მიიღეთ.

20 გრამ ოხრახუშის თესლს 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით, წყლის აბაზანაზე 30 წუთი გააცხელეთ, გააგრილეთ, გაწურეთ. თითო სუფრის კოვზი ნახარში დღეში 5–ჯერ მიიღეთ.

1 სუფრის კოვზ კამის თესლს 1,5 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით. თავდახურულ ჭურჭელში 2–3 საათი გააჩერეთ, გაწურეთ. დღეში 3–ჯერ, ჭამამდე ორი საათით ადრე ნახევარი ჭიქა დალიეთ.