loading...

«

»

მაი 21

ტრავმა პრობლემად რომ არ გვექცეს

5 წლის წინ წავიქეცი, მუხლებზე დავვარდი. ექიმთან არ ვყოფილვარ, რადგან ტკივილებმა რამდენიმე დღეში გამიარა. მას შემდეგ ამინდის ცვლილებისას ერთი მუხლი მტეხს, ხოლო მეორე მუხლის ქვემოთ, უფრო სწორად, ქვემოთ და ოდნავ გვერდით, გამიჩნდა რბილი ამონაბერი. ტკივილით არ მტკივა, მაგრამ მაინც ვწუხვარ. ვის მივმართო?
რაც შეეხება კითხვაში აღნიშნულ ტრავმის შემდგომ უმტკივნეულო გამობერილობას – ეს შეიძლება ეგრეთ წოდებული ჰიგრომა (სასახსრე პარკის ქრონიკული ანთების შედეგად განვითარებული სიმსივნისებრი წარმონაქმნი) იყოს. სიტყვა “სიმსივნისებრი” ნუ შეგაშინებთ – ასე უწოდებენ ექიმები ყოველგვარ გამობერილობას, შესივებას. ასეა თუ ისე, კარგი იქნება, ახლა მაინც თუ მიაკითხავთ ექიმს (ორთოპედს), რომელიც მუხლის ექოსკოპიასთან ერთად სხვა საჭირო გამოკვლევებსაც ჩაგიტარებთ და აუცილებელ რჩევა-დარიგებას მოგცემთ.

ალბათ, არ არსებობს ამქვეყნად ადამიანი, ვისაც თავის სიცოცხლეში ერთი ტრავმა მაინც არ გადაეტანოს. რა თქმა უნდა, ყველას არ ერგება მატარებლის ქვეშ ჩავარდნის “ბედნიერება”, მაგრამ კატის მიერ ჩამოკაწრული თითიც კი ტრავმაა. ამჯერად იმაზე გესაუბრებით, როგორ უნდა მოიქცეთ შინაურ ცხოველებთან ამ უმნიშვნელო კონფლიქტზე გაცილებით რთულ სიტუაციებში. ნებისმიერ ვითარებაში, რაც არ უნდა ცუდად იყოს საქმე, ეცადეთ, პანიკამ არ მოგიცვათ. რა თქმა უნდა, ძნელია, სიმშვიდე შეინარჩუნო, როცა ადამიანს კიდური აქვს მოგლეჯილი ან თვალი ამოვარდნილი, მაგრამ საქმე ის არის, რომ პანიკა არეულ-დარეულობისთვის მინიმალური დანაკარგით თავის დაღწევის უკანასკნელ იმედსაც გაკარგვინებთ. მაგალითად, სტატისტიკა გვაუწყებს, რომ განსაკუთრებულ სიტუაციებში, კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების დროს, ადამიანთა 60% პანიკის გამო იღუპება და არა დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების გამო. პანიკის დროს არასწორი მოქმედების ალბათობა ძალიან მაღალია. შეუძლებელია, ადამიანი საერთოდ არ აღელდეს, მაგრამ იმ თვისების გამომუშავება, რომ სიტუაცია შევაფასოთ არა “ვინ დამეხმარება?”, არამედ “როგორ მოვიქცე?” პრინციპით, ადვილია. პირველი დახმარება, ოღონდ სწორი და დროული, ტრავმის დროს მრავალ პრობლემას აგაცილებთ თავიდან. პირველ რიგში დაზარალებული დაათვალიერეთ. არ შეეხოთ. შეაფასეთ ხილული დაზიანებები და მათი სიმძიმე. ამასაც ცოდნა უნდა. მაგალითად, რბილი ქსოვილების მოზრდილი ჭრილობა უფრო საშიში ჩანს, ვიდრე ხერხემლის ტრავმა – სისხლი უხვად მოედინება, ადამიანი ყვირის, ტირის, ქალა-ფუძის მოტეხილობის დროს კი დაშავებული წყნარად, თვალებმილულული წევს. ახლა კი იმაზე ვისაუბროთ, როგორ უნდა მოიქცეთ მძიმე ტრავმების დროს. ტრავმებში შედის დაჟეჟილობა, მყესებისა და იოგების დაჭიმვა ან გაწყვეტა და მოტეხილობა. მუხლი რთული, ასე ვთქვათ, კომბინირებული სახსარია, რომლის აგებულებაშიც ძვლებთან ერთად სხვა ანატომიური წარმონაქმნებიც (იოგები, მყესები და სხვა) მონაწილეობს. რაკი ტრავმის ადგილას რენტგენის სურათის გადაღება შეუძლებელია, პირველი დახმარების წესები იგივეა, რაც მოტეხილობის შემთხვევაში. ზამთარია. მოთხილამურეები უკვე საყვარელი სამთო-სათხილამურო  ადგილებისკენ გაეშურნენ. მათ შორის ბევრია მოყვარული, რომელიც ეს-ეს არის დადგა თხილამურებზე და ჯერ კიდევ არ იცის, რომ სანამ თხილამურს მოირგებ ფეხზე, სპეციალური ვარჯიშებია საჭირო, რომელიც კუნთებსა და იოგებს, – წელისა და ბარძაყის კუნთებიდან დაწყებული, მუხლის იოგებითა და წვივის კუნთებით დამთავრებული, – გაავარჯიშებს. სწორედ ამის ბრალია, რომ სპორტის ამ სახეობაში ძალიან ხშირია მუხლის ტრავმა. კარგად დაიმახსოვრეთ ეს ჩამონათვალი:

  • მუხლის ხილული დეფორმაცია;
  • ვერ ეყრდნობით დაშავებულ ფეხს;
  • ტრავმიდან ორი საათის განმავლობაში განვითარდა მოზრდილი შესივება;
  • ბოლომდე ვერ შლით მუხლს (“ჩაკეტილი მუხლი”);
  • განსაზღვრულ ადგილებზე ხელის დაჭერის დროს მწვავე ტკივილი.

ჩამოთვლილი ნიშნები მუხლის სერიოზულ ტრავმაზე მეტყველებს – რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს! მუხლის ნებისმიერი ტრავმის დროს დაზიანებული სახსარი ოდნავ ყოველთვის სივდება. შესივება ტრავმის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში იჩენს თავს. ტრავმის შემდეგ პირველი დღე-ღამის განმავლობაში დიდი ზომის შესივების წარმოქმნა (მუხლი საჰაერო ბუშტივით გამოიყურება) იმაზე მეტყველებს, რომ განვითარდა ჰემართროზი (სისხლდენა მუხლის სახსარში). ჰემართროზის დროს აუცილებელია ქირურგ-ორთოპედთან ვიზიტი ზუსტი დიაგნოსტიკისა და სახსრიდან სისხლის გამოსაღებად (თუმცა ეს შესაძლოა არც გახდეს საჭირო). პროცედურა სტერილურ პირობებში უნდა ჩატარდეს. ნუ ეცდებით, ეს სახლში გააკეთოთ!

მუხლის ტრავმის მკურნალობის საერთო წესები

  • ნაკაწრების სპირტით, იოდით, არყით და სხვა სადეზინფექციო სითხით დამუშავება და სტერილური საფენით დაცვა, დასვენება, ყინულის დადება და ფეხის მაღლა აწევა (სხვათა შორის, დაზიანებულ ადგილზე ყინულით, სიცივით ზემოქმედება ნებისმიერი ტრავმის დროს კარგია, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ ყინულის გამოყენება მხოლოდ პირველი ექვსი საათის განმავლობაშია შედეგის მომცემი, შემდეგ კი მის გამოყენებას აზრი არ აქვს. ყინული პარკში, ქსოვილის ნაჭერში უნდა გაახვიოთ და ასე გამოიყენოთ. 15 წუთით უნდა დაიდოთ მტკივან ადგილას, შემდეგ მცირე ხნით აიღოთ და კიდური დაასვენოთ. თუ ტკივილის შეგრძნება ისევ გაქვთ, ეს მანიპულაცია უნდა გაიმეოროთ).
  • შალი+დამწოლი ნახვევი პირველი 24 საათის განმავლობაში ედება, შემდეგ ის იცვლება არტაშნით.
  • მცირე ტრავმების დროს საკმარისია დამწოლი ნახვევი.
  • თუ საჭიროა, ყავარჯნების გამოყენებაც.
  • თუ არ არსებობს უკუჩვენება, საჭიროა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების გამოყენება (თუ ექიმთან ვერ მიდიხართ, კონსულტაციისთვის ფარმაცევტს მიმართეთ). წამლების მიღება ხუთი დღე მაინც უნდა გაგრძელდეს (არ აქვს მნიშვნელობა, გაუმჯობესდა თუ არა მდგომარეობა).
  • უნდა მოხდეს ოთხთავა კუნთის გავარჯიშება. ოთხთავა კუნთი – ეს ბარძაყის კუნთია და მუხლის ნებისმიერი ტრავმის დროს მისი დატვირთვის შენარჩუნება განსაკუთრებით საჭიროა. გაგიკვირდებათ, იმდენად სწრაფად კარგავს ის ძალას, როცა არ ხდება მისი დატვირთვა და ეს მუხლის სახსრისთვისაც ძალიან ცუდია.
  • ფიზიოთერაპიული მკურნალობა. იგი უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე – ამ პროცედურების ნაწილი ხელს უწყობს ოთხთავა კუნთის ტონუსის შენარჩუნებას.
  • როგორც კი მწვავე ტკივილი გაქრება, უნდა შეფასდეს იოგების სტაბილურობა, რისთვისაც, საჭიროებისამებრ, შესადარებლად გამოყენებული უნდა იქნეს დაუზიანებელი მხარე.

ბოლო ორი პროცედურა უშუალოდ ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს, დანარჩენი კი ექიმთან მისვლამდე პირველი დახმარებისთვის გამოგადგებათ. მომდევნო ჩამონათვალი უშუალოდ მოთხილამურეთათვის არის განკუთვნილი. წინა ჯვარედინი იოგის, რომელიც მუხლის სახსრის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ტრავმის მაღალ ალბათობას ადვილად აიცილებთ თავიდან, თუ:

  • დაცემისას მთლიანად არ გაასწორებთ ფეხებს, მუხლები ოდნავ მოხრილი გექნებათ.
  • არ ეცდებით წამოდგომას, სანამ მისრიალებთ. როცა სრიალი დამთავრდება, ჯობს იწვეთ და დამხმარის მოსვლას დაელოდოთ.
  • ეცდებით, დაცემისას საყრდენად ხელები არ გამოიყენოთ. ხელები წინ და ზემოთ უნდა გეჭიროთ.
  • არ გადახტებით, სანამ კარგად არ მოათვალიერებთ დაშვების ადგილს. დახტებით ორივე თხილამურზე. მუხლები ამ დროს მოხრილი გექნებათ.

როგორც ხედავთ, ამ ჩამონათვალში არ არის ისეთი პუნქტი, რომლის შესრულებაც ნებისმიერ თქვენგანს არ შეეძლოს. თითქოს ყველაფერი ძალზე მარტივია, მაგრამ გვერწმუნეთ, თუ ამ ელემენტარულ წესებს ზედმიწევნით დაიცავთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან. მუხლი იმდენად რთული სახსარია, რომ მხოლოდ ტკივილის არარსებობა ან ერთჯერადი მკურნალობა პრობლემას ვერ წყვეტს. უფრო მეტიც – ყოფილა შემთხვევები, რომ მუხლის ტრავმის შემდეგ ათწლეულები გასულა და ადამიანი მოულოდნელად დახეიბრებულა. და ეს – ელემენტარული უყურადღებობის გამო…

 

დევი დევიძე