loading...

«

»

ივნ 07

ნასას უკანასკნელი ხომალდი კოსმოსში

კენედის სახელობის სამეცნიერო ცენტრიდან ნასას ბოლო ხომალდი „ატლანტისი“ უკვე გამოაგორეს და ატლანტის ოკეანიდან კოსმოსში გასაშვებად მოამზადეს. ეს მაშინ მოხდა, როცა დედამიწაზე ნასას ბოლოს წინა ხომალდი „ენდოვერი“ დაეშვა. ეს აქ სპეციალური რიტუალია და აქაურების გარდა, მას ათასობით ტურისტი ადევნებს თვალს. ნასას ბოლო ხომალდი ოკეანეში ოვაციების ფონზე შეაცურეს.

ფლორიდის, ანუ როგორც მას უწოდებენ – კაშკაშა მზის შტატის ქალაქი მელბურნი უკანასკნელად არის გამაოგნებელი ხმაურის მოლოდინში. აქაურებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში გამაყრუებელი აფეთქების ხმა 278–ჯერ გაიგონეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნასას ხომალდი სანაპიროდან კოსმოსში 134-ჯერ გაუშვეს და დედამიწაზე ამდენჯერვე დააბრუნეს.

„ენდროვერმა“ ორი მისია შეასრულა:

1. ვინაიდან ეს ნასას ბოლოს წინა ხომალდი იყო, მან კოსმოსიდან დაგროვილი სურსათის მარაგი ჩამოიტანა;

2. ასტრონავტებმა კოსმოსში სპეციალური საკვლევი აპარატი (ალფა მაგნიტური სპექტომეტრი) დაამონტაჟეს.

„ენდროვერის“ ეკიპაჟს კაპიტანი მარკ კელი ხელმძღვანელობდა, რომლის მეუღლეს, დემოკრატ კონგრესმენს რამდენიმე თვის წინ, საარჩევნო კამპანიის დროს, თავს დაესხნენ და ესროლეს.

8 ივლისს კი, ატლანტისის კოსმოსში გაშვებით, ნასას 30-წლიანი პროგრამა მთავრდება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ერთი პროექტი სრულდება, ხოლო ნასას მეორე პროექტი მზად არ არის. პროგრამის დასრულებას 2004 წელს, ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს, მოეწერა ხელი. კონგრესმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

ნასა კვლევებს არ შეაჩერებს, მაგრამ, ჯერჯერობით, ის აპარატურა არ არის მზად, რომელიც ასტრონავტებს კოსმოსში ხომალდის გარეშე გააფრენს. მკველავარები უკვე მუშაობენ მოწყობილობაზე, თუმცა პროექტი დახვეწის სტადიაშია. ამერიკელი ასტრონავნატები 2016 წლამდე რუსული კომპანიების დახმარებით გაემგზავრებიან კოსმოსში და იქ საერთაშორისო სადგურებში იცხოვრობენ. „ამის შემდეგ ერთი ასტრონავტის კოსმოსში გაშვება დაახლოებით 60 მილიონი დოლარი დაჯდება“, – მითხრა კენედის სამეცნიერო ცენტრში გაზეთ „ფლორიდა თუდეის“ ბიუროს ხელმძღვანელმა, თოდ ჰალვორსონმა.

ნასას 30-წლიანი პროგრამა კი ამერიკას 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ანუ დაახლოებით 3-4 მილიარდი წელიწადში.

30 წლის მანძილზე კატასტროფა ნასას ორმა ხომალდმა განიცადა, ბოლოს– 2003 წელს. ხომალდი „კოლუმბია“ დედამიწაზე დაბრუნების დროს ტექნიკური გაუმართაობის გამო აფეთქდა. 1986 წელს, კოსმოსში გაშვების დროს, „ჩელენჯერი“ და ეკიპაჟის შემადგენლობა დაიღუპა.

ამ პროგრამის დასრულების შემდეგ კენედის ცენტრის 8400 თანამშრომელი უმუშევარი რჩება.

თედ ჰელვერსონი ამბობს, რომ ამერიკელები სინანულს განიცდიან, რადგან ხომალდი ამერიკელთა კერპი იყო და ძნელია მის გარეშე ცხოვრება. თუმცა მიაჩნიათ, რომ ეპოქის დასრულება გარდაუვალი იყო, ნასამ ასტრონავტთა ტრანსპორტირებაზე დრო არ უნდა დახარჯოს და ორბიტის მიღმა სამყაროს კვლევები უნდა განაგრძოს.

„ატლანტისთვის“, როგორც ნასას უკანასკნელი ხომალდისთვის, კენედის სახელობის სამეცნიერო ცენტრის ეზოში მალე სპეციალურ კონსტრუქციას იმისათვის ააგებენ, რომ ამერიკელთა კერპი აქ განათავსონ.

 

ნათია ზოიძე