loading...

«

»

ივნ 08

HTC Desire HD: ახალი Android ფლაგმანი

ორიგინალური HTC Desire ყველაფრით კარგი გახლდათ, მაგრამ გარკვეული პარამეტრებით ფლაგმანის წოდებამდე მაინც ვერ აღწევდა: მეხსიერების სიმცირე, 5-მეგაპიქსელიანი კამერა, ეკრანი, რომელსაც დიდს ვერ უწოდებ და ა.შ. გამოჩენის მომენტში ის სავსებით კონკურენტუნარიანი იყო, მაგრამ ამჟამად მხოლოდ საშუალო კლასის სმარტფონებს თუ შეეჭიდება. სამოდელო ხაზის ახალ ფლაგმანად კი გადაიქცა HTC Desire HD, რომელიც ბაზარზე გამოჩნდა HTC Desire Z-სთან ერთად. Desire Z-სა და Desire HD-ის შორის არც ისე ბევრი განსხვავებაა, მაგრამ ისინი უზრუნველყოფენ უკანასკნელის ფლაგმანურ პოზიციას და აძლევენ მას გაცილებით უფრო დიდ პერსპექტივებს ბაზარზე. კონკურენტები HTC Desire-ის დღეისათვის მხოლოდ ორი აქვს: Apple iPhone 4 და Samsung Galaxy S. და შეიძლება კიდევ – Nokia N8. უახლოეს მომავალში კი მათ რიცხვს შეემატება LG Optimus 2X და Sony Ericsson Xperia Arc. 
ერთი შეხედვით Desire HD ძალიან წააგავს HTC HD2-ს, რომელიც გამოვიდა 2009 წლის ბოლოს. მსგავსი ფორმა, 4.3-დუიმიანი ეკრანი, კორპუსის მასალები და ა.შ. მაგრამ უფრო ახლო დათვალიერების დროს აშკარავდება ბევრი სხვადასხვა წვრილმანი, მაგრამ თავიდან მოდით შევხედოთ ტექნიკურ მახასიათებლებს: ფორმ-ფაქტორი – მონობლოკი; ოპერაციული სისტემა – Android 2.2 (Froyo) + HTC Sense; პროცესორი – Qualcomm QSD8255, 1 GHz; მეხსიერება – 768 მბ, 1.5 გბ ROM + microSDHC (32 გბ-მდე); მობილური კავშირი და მონაცემთა გადაცემა: GSM 850/900/1800/1900 MHz, GPRS/EDGE, UMTS 2100 MHz, HSDPA (7.2 მბიტ/წმ-მდე), HSUPA (2 მბიტ/წმ-მდე); ეკრანი – სენსორული Super LCD, 4.3 დუიმი, გარჩევადობა 800х480, 16 მილიონი ფერი; ინტერფეისები – USB 2.0 (microUSB), Wi-Fi 802.11 b/g, Bluetooth 2.1 (+EDR), GPS/A-GPS; კამერა – 8 მპ, ავტოფოკუსი, განათება, HD-ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა; დამატებით – FM-რადიო RDS-ით, ციფრული კომპასი; აკუმულატორი – Li-Ion, 1230 mAh; ზომები – 123x68x11.8; წონა – 164 გრამი.
სავარაუდო ღირებულება – $805. კომპლექტში მოწყობილობას მოყვება მავთულიანი გარნიტურა, USB-კაბელი, დამტენი და 8 გბ-იანი microSD ბარათი. დიზაინის თვალსაზრისით სმარტფონი ჩვეულებრივია. Apple-ის iPhone-ის შემდეგ რაიმე სიახლის შემოტანა ნამდვილად ძნელია. კორპუსი ბრტყელია, მართკუთხა, მომრგვალებული კუთხეებით და ოდნავ ამობურცული უკანა ნაწილით. სისქე მოკრძალებულია – 1 სმ-ზე ოდნავ მეტი, თუმცა მთლიანობაში გაბარიტები საკმაოდ მნიშვნელოვანია. სმარტფონის კორპუსზე სამი აპარატული ღილაკია – ხმის გაერთიანებული რეგულატორი და On/Off. ეკრანის ქვეშ უკვე ჩვეული ოთხი სენსორული ღილაკი: Home, კონტექსტური მენიუს გამოძახების ღილაკი, Back და Search. კორპუსის ძირითადი მასალა ლითონია. ალაგ-ალაგ ჩამატებული პლასტიკის ფირფიტებით, რომელთაგან ორი სინამდვილეში სახურავია. წინიდან ეკრანი დაცულია ნაკაწრგამძლე მინით. მთლიანობაში მასალების ხარისხი ძალიან კარგია, შესრულება კი სანდო და ვიზუალურად გამძლე.
ქვედა მხარეზე მდებარეობს ყურსასმენების 3.5 მმ-იანი მინიჯეკი და microUSB პორტი (დემტენი/კაბელი). მარცხენა მხარეზე – ხმის რეგულატორი, ხოლო სხვა დანარჩენი მხარე – ცარიელია. ზემოთ ხსენებული სახურავების ქვეშ განთავსებულია ერთგან ბატარეა, ხოლო მეორეგან SIM და microSD ბარათები. მეხსიერების ბარათის “ცხელი” გამოცვლა მხარდაჭერილი არ არის. კამერა განთავსებულია პატარა ბორცვაკზე. მის გვერდით შუქდიოდური განათება, რომლის გამოყენება შესაძლებელია ასევე ფანარის სახით, ამისთვის სმარტფონში არსებობს სპეციალური უტილიტა. მყისიერი ჩატვირთვის ფუნქცია, რომელიც პირველად რეალიზებული იყო Desire Z-ში, წარმოდგენილია ასევე Desire HD-ში. სმარტფონის უბრალო გათიშვის შემთხვევაში, ანუ აკუმულატორის ამოღების გარეშე, მისი ჩართვის პროცესი დაიკავებს სულ რაღაც 2-3 წამს, და ასევე, გარკვეული დრო დასჭირდება ოპერატორის ქსელთან შესაერთებლად. აკუმულატორის ამოღების შემთხვევაში ჩატვირთვის პროცესი მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება. რეალურად ასეთ გამორთვას, გამორთვასაც კი ვერ დაარქმევ, რადგან მოწყობილობა გადადის ერთგვარი ძილის რეჟიმში, რომელშიც მოიხმარს მინიმალურ ელექტროენერგიას. ეკრანი უდავოდ გახლავთ Desire HD-ის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა. ის არის დიდი, კაშკაშა, კონტრასტული, შესანიშნავი მგრძნობელობით და დაკვირვების კუთხეებით. მოზრდილი გაბარიტების წყალობით, ეკრანზე მშვენივრად გამოისახება ყველანაირი ვებ-გვერდები, ისეთებიც კი, რომლებიც არ არის ოპტიმიზირებული მობილური მოწყობილობებისათვის. ძალიან კომფორტულად იკითხება წიგნები და ჩანს სურათები. ერთი სიტყვით შესანიშნავი ეკრანია. შეუიარაღებელი თვალით სხვაობის მოძებნა HTC-ის Super LCD-ისა და Samsung-ის AMOLED-ს შორის რეალურად ძნელია. რაც შეეხება ჩაშენებულ კამერას, მისი მუშაობა ცოტათი იმედგამაცრუებელია. ტექნიკური თვალსაზრისით ყველაფერი კაგადაა: 8 მეგაპიქსელი, განათება, HD-ვიდეო და ა.შ. მაგრამ რეალურად მიიღება საშუალო დონის სურათები. Desire Z-საც კი თითქოს ამ მხრივ უკეთესი ხარისხი. ცხადია, რომ ამ პირობებში Nokia N8-სთან, iPhone 4-თან ან კიდევ საერთოდაც Sony Ericsson Xperia X10-თან შედარება საერთოდ არ არის. სამაგიეროდ, კამერის პროგრამული ინტერფეისი Desire HD-ში ძალიან მდიდარი და დახვეწილია. ფოტო-სურათების გადაღების რეჟიმში შესაძლებელია ხუთიდან ერთი საშედეგო გარჩევადობის არჩევა: 8М (3264х1952), 5М (2592х1552), 3М (2048х1216), 1М (1280х768), Small (640×384). დამატებით შესაძლებელია სიმკვეთრის, ფერთა გაჯერებულობის, ექსპოზიციის, კონტრასტულობის და თეთრი ფერის ბალანსის დარეგულირება. გარდა ამისა, შესაძლებელია სენსორის მგრძნობელობის დაწესება ხელით: ISO 100, 200, 400, 800 და Auto. ამ შემთხვევაში წესი ძალიან მარტივია, რაც ნაკლებია მოცემული მნიშვნელობა, მით უფრო ხარისხიანი გამოდის საბოლოო შედეგი. ჩაშენებული განათება ცოტათი ამსუბუქებს ცხოვრებას, თუმცა რეალური სარგებელი მისგან საკმაოდ მცირეა. სამაგიეროდ მშვენიერი ფანარია. ვიდეო გადაღება მოულოდნელად უკეთესად მუშაობს და წარმოქმნის სრულ 30-კადრიან HD ვიდეოს. გამოსახულება გლუვი და სასიამოვნოა. HTC Desire HD-ზე აყენია Android 2.2. სამომხმარებლო ინტერფეისი თვალსაზრისით Desire HD და Desire Z სრულიად ერთნაირია. შეგახსენებთ მხოლოდ, რომ სამუშაო მაგიდა შედგება შვიდი ეკრანისგან, რომლებიც სურვილისამებრ შეიძლება შეივსოს სხვადასხვაგვარი იარლიყებით და ვიჯეტებით. თანდართული პროგრამული უზრუნველყოფის ჩამონათვალში მოიპოვება ბევრი რამ კარგი და სასარგებლო. Google-ის სტანდარტული სერვისების გარდა, კომპლექტში წარმოდგენილია Adobe Reader, Facebook-ის კლიენტი, პაკეტი QuickOffice, მარტივი და მოსახერხებელი Twitter-კლიენტი HTC Peep, ადრე ხსენებული ფანარის უტილიტა, HTC Hub და HTC Likes. ასევე თავიდანვე მხარდაჭერილია ფორმატი DivX. წარმადობას სმარტფონი არ უჩივის, ასე რომ საყვარელი სერიალების ყურება შესაძლებელია კონვერტაციის გარეშე. სხვა დანარჩენი პროგრამების დაყენება ტრადიციულად შესაძლებელია Android Market-ის მეშვეობით. აღსანიშნავია ასევე, რომ ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით HTC Desire HD აკმაყოფილებს მომავალი Android 3.0-ის მოთხოვნებს, ასე რომ, აქტუალური საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე უნდა დარჩეს. რაც შეეხება წარმადობას და ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობას. თუ ბაზარზე არ იქნებოდა წარმოდგენილი Samsung Galaxy S, HTC Desire HD ჩაითვლებოდა ყველაზე სწრაფ სმარტფონად. სხვაობა წარმადობაში მათ შორის მინიმალურია და ძირითადად იგრძნობა გრაფიკულ პროგრამებში. ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობის მხრივ კი ტრადიციულად – პრობლემებია. მაქსიმუმ გაძლოს დილიდან საღამომდე. აქტიური გამოყენების დროს კი ასეთი მაჩვენებლების მიღწევაც ძნელია. საბედნიეროდ, აკუმულატორი სწრაფად იტენება.

 

 

წყარო: navigator.ge