loading...

«

»

ივნ 12

Nintendo 3DS: სამი განზომილება სათვალეების გარეშე

დაახლოებით ერთი წლის წინ Nintendo-მ დააანონსა ახალი პორტატიული სათამაშო კონსოლი – Nintendo 3DS, რომელიც აღჭურვილი უნდა ყოფილიყო ახალი პერსპექტიული ტექნოლოგიით – 3D ეკრანით, რომელსაც არ სჭირდება სპეციალური სათვალეები. მთელი წლის განმავლობაში საზოგადოება მოუთმენლად ელოდა სიახლეს და ავრცელებდა ფანტასტიკურ ჭორებს.
ტექნიკური მახასიათებლები: ეკრანები (ორი ცალი) – ზედა 3.53”, 800х240 (400х240 თითო თვალზე), ქვედა – 3.02”, 320х240 (სენსორული); პროცესორი – ARM, PICA200; მეხსიერება – ოპერატიული 128 მბ, მუდმივი – 2 გბ + სლოტი SD ბარათისათვის (2 გბ-იანი ბარათი კომპლექტში); ინტერფეისები – Wi-Fi 802.11 b/g/n, IrDA, მიკროფონი; კამერები (ორი ცალი) – 0.3 მპ, ერთ–ერთი (გარე) 3D სურათების გადაღების მხარდაჭერით; სენსორები – სამღერძოვანი აქსელერომეტრი, სამღერძოვანი გიროსკოპი; მხარდაჭერილი აუდიო ფორმატები – MP3, AAC; აკუმულატორი – ლითიუმ-იონური, 1300 mAh; ზომები – 134 x 74 x 21 მმ; წონა – 230 გრამი. Nintendo 3DS იყიდება საკმაოდ პატარა ყუთში, რომელიც ამის მიუხედავად იწონის კილოგრამ ნახევარს (!) საკუთრივ კონსოლის გარდა კომპლექტში დევს დამტენი, კრედლი (სტაციონარული საყრდენი), ტელესკოპიური სტილუსი, უამრავი პრომო ქაღალდი და უზარმაზარი (500 გვერდზე) ილუსტრირებული სახელმძღვანელო.
კონსოლის კორპუსი ოდნავ შეიცვალა და დაემსგავსა კლასიკურ Nintendo DS fat–ს. მთლიანობაში გარეგნობა ერთდროულად თანამედროვე და ეფექტურია, რაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დალაქული ზედაპირი. აწყობის ხარისხი შესანიშნავია. ღილაკების სხვლა რბილი, მაგრამ შესაგრძნობი, რაც ამცირებს შემთხვევითი დაჭერების ალბათობას. დიზაინის მთავარ ცვლილებას წარმოადგენს ანალოგური ჯოისტიკი – Circle Pad. ჯოისტიკი რბილია PSP-სთან შედარებით, ასე რომ, თითი არ იღლება. ჩვეული ოთხმხრივი ღილაკი გადაიწია რამდენიმე სანტიმეტრით ქვემოთ. დანარჩენი დარჩა ძველებურად – ღილაკები A\B\X\Y, ორი შიფტი, ღილაკები Start, Select (რომლებმაც, მართალია, შეიცვალეს ადგილმდებარეობა) და ახალი ღილაკი Home. ზედა მხარეზე განთავსებულია სლოტი სათამაშო კარტრიჯებისათვის, ხოლო გვერდითა მხარეებზე ორი გადასაწევი – ხმის რეგულატორი და Wi-Fi. გარდა ამისა, მარცხენა მხარეზე ხმის რეგულატორის ქვეშ მდებარეობს ასევე სლოტი მეხსიერების ბარათებისთვის. ბარათზე იწერება სურათები და მუსიკა. ერთი 2 გბ-იანი კონსოლს მოყვება. გაფართოება შესაძლებელია 8 გბ-მდე.
ყურსასმენების ბუდე განთავსებულია წინა მხარეზე, რაც თავიდან უჩვეულოა. პროპრიეტარული პარტი გარნიტურისათვის საერთოდ გაქრა და ძალიანაც კარგი, რადგან სარგებელი რეალურად არანაირი არ მოჰქონდა. კონსოლის მთავარი თავისებურება, რა თქმა უნდა, 3D ეკრანია, რომელიც არ საჭიროებს დამხმარე სათვალეებს. ახალ ფუნქციას დაარქვეს ჭკვიანი სახელი – ავტოსტერეოგრამა – სივრცული გამოსახულება იქმნება სპეციალური ვიწრო ზოლებით დაჭრილი გამოსახულებებისგან. სამწუხაროდ, ტექნოლოგია ჯერჯერობით იდეალური არ არის – სრულფასოვანი ეფექტის მისაღებად თვალი უნდა უყურებდეს ეკრანის ზედაპირს განსაზღვრული კუთხით – დაახლოებით 45 გრადუსით, და იყოს დაშორებული მისგან 30-40 სანტიმეტრით. გვერდიდან გამოსახულება უბრალოდ ხდება მკრთალი და ორმაგი. თუმცა ეს კონსოლის ნაკლი არ არის, არამედ საკუთრივ ტექნოლოგიის. აღსანიშნავია, რომ ხსენებული სახით კონსოლის დაჭერა სირთულეებს არ იწვევს და საკმაოდ მოსახერხებელია. მაგრამ იმედი გვრჩება, რომ შემდეგი თაობის მოდელებში ავტოსტერეოგრამა გაუმჯობესდება. ზედა ეკრანისგან მარჯვნივ მდებარეობს 3D გამოსახულების სიღრმის რეგულატორი. Nintendo 3DS აღჭურვილია ერთდროულად სამი კამერით – ორი გარე, რომლებიც ქმნიან ერთ – სტერეო კამერას, და ერთი შიდა. ყველა მათგანი 0.3 მპ გარჩევადობისაა. გადაღებული სურათების ხარისხი ცუდია, რაც პრინციპში კამერების მახასიათებლებიდან გამომდინარე სავსებით მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო. პირველ ჩართვაზე კონსოლი მოგთხოვთ გარკვეული პარამეტრების მითითებას – დრო, თარიღი, რეგიონი, ინტერნეტი, და ასევე მოგცემთ ეკრანის კალიბრაციის განხორციელების საშუალებას. ამის შემდეგ მოწყობილობა გადაგიყვანთ მთავარ მენიუში, რომელიც ძალიან ჰგავს Wii-ის მთავარ ეკრანს. უნდა ითქვას, რომ თამაშების გარეშეც კონსოლზე აყენია ბევრი სასარგებლო პროგრამა. მაგალითად: Nintendo 3DS Camera – პროგრამა, რომელიც ამარტივებს კამერებთან მუშაობას. გადაღება შესაძლებელია როგორც გარე, ისე შიდა კამერებით. გადაღების გარდა, სურათებს შეიძლება დაედოს გარკვეული ეფექტები – სეფია, შავ-თეთრი, ნეგატივი, სხვადასხვა ჩარჩოები, გულები და ა.შ. მთავარი ნაკლი, რა თქმა უნდა, ვიდეო რგოლების გადაღების შეუძლებლობაა, რაც შეიძლება გამოსწორდეს მოწყობილობის მომავალ თაობებში. Nintendo 3DS Download Play – ფუნქცია, რომელმაც გადმოინაცვლა პირდაპირ Nintendo DS-დან. თუ თქვენს მეგობრებს აქვთ რაღაც თამაში, რომელიც არა გაქვთ თქვენ, მაგრამ მოსინჯვა მაინც გსურთ, მეგობრებმა ამ ფუნქციის მეშვეობით შეიძლება გადმოგცეთ Wi-Fi-ის მეშვეობით სატესტო ვერსია. მუშაობს როგორც 3DS, ისე ძველ DS თამაშებზე. Nintendo 3DS Messaging Service – წინა თაობის კონსოლში კოლექტიური მუშაობა საკმაოდ გაძნელებული იყო – ყოველი თამაში აგდებდა საკუთარ FriendCode-ს, რაც ათობით თამაშის შემთხვევაში უკვე დამღლელი იყო. ამიერიდან თითოეულ Nintendo 3DS გააჩნია თავისი უნიკალური FriendCode. ასე რომ, საკმარისია ერთხელ ჩაიმატოთ მეგობარი და მორჩა. Nintendo 3DS Sound – საკრავი დიქტოფონით. დიქტოფონს საკუთრივ ჩაწერის გარდა შეუძლია, ასევე, დაკვრის სიჩქარის აჩქარება/შენელება და ხმის სიმაღლის შეცვლა. საკრავი დარჩა უცვლელი. AR Games – ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო თანდართული პროგრამა, რომელიც იყენებს კამერებს და 6 AR-ბარათს, რომლებიც მოყვება თამაშს. ერთ–ერთი ბარათი იდება მაგიდაზე, შემდეგ ხორციელდება კამერების კალიბრაცია და ბარათი გადაიქცევა მენიუდ!.. აი რამდენიმე თამაში ბარათებთან ერთად: ტირი – ბარათი გადაიქცევა დრაკონად, თქვენ კი მოგიწევთ “ფრენა” ირგვლივ, სუსტი წერტილების მოძებნა და მათი დახვრეტა ისრებით. თამაში საჭიროებს ბევრ თავისუფალ ადგილს!.. ბილიარდი – ბარათის ადგილას გაიშლება მდელოები, გორაკები, ტბები და მდინარეები, ხოლო თქვენ მოგიწევთ საბილიარდო კიის მეშვეობით ბურთის მოხვედრა ლუზში. თევზაობა – ბარათი გადაიქცევა პატარა ტბად, რომელშიც შესაძლებელია თევზის დაჭერა. კომენტარები ზედმეტია… რაც შეეხება ნაკლებს. რა თქმა უნდა, Nintendo 3DS-საც გააჩნია ნაკლი და მათგან მთავარი გახლავთ ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობის სიმცირე. კონსოლი მუშაობს 3-5 სთ-ს 3DS თამაშებთან და 7 სთ DS-თამაშებთან, რაც NDS Lite-ის 15-18 სთ-თან შედარებით არასერიოზულად გამოიყურება. მეორე ნაკლი ცოტა უცნაურია – საქარხნო ბრაკის გამო დაკეცილ მდგომარეობაში ქვედა ეკრანი ჩხაპნის ზედას (!). თუმცა როგორც იუწყება Nintendo, ეს მხოლოდ პირველი პარტიის ნაკლია. მესამე და ბოლო ნაკლს (თუ შეიძლება ასე ითქვას) წარმოადგენს თამაშების რეგიონალური დაცვა. ამიერიდან იაპონური კარტრიჯი არ იმუშავებს ამერიკაში, ამერიკული – იაპონიაში და ა.შ. მთლიანობაში კი მოწყობილობა წარმატებული გამოვიდა.

 

წყარო: navigator.ge