loading...

«

»

ივნ 13

ალტერნატიული, განახლებადი ეკო-მეგობრული საწვავი ბიოდიზელი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული პროექტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ალტერნატიული, განახლებადი ენერგიების კვლევა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელიც თითქმის მთლიანად იმპორტირებულ ნავთობპროდუქტების საწვავზეა დამოკიდებული, აუცილებლად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ჰქონდეს საკუთარი, განახლებადი, ალტერნატიული საწვავი. ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია.

სწორედ ამ მნიშვნელოვანი მიმართულებების სტრატეგიული გააზრება იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი “ბიოდიზელის” დაწყების მიზანი. ეს პროექტი გასული წლის ზაფხულში დაიწყო და წელს უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ პროექტის პირველ წარმატებაზე: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დამუშავდა ბიოსაწვავის მიღების მეცნიერული საფუძვლები, დაინერგა თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიები და პირველად საქართველოში მიღებულ იქნა ალტერნატიული, განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა საწვავი – ბიოდიზელი, რომლის გამოყენება თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი დიზელის ტიპის ძრავაში, ამ ძრავის ყოველგვარი მოდიფიკაციის გარეშე.

ბიოდიზელი – ეს არის ბიორესურსებისგან მიღებული, ალტერნატიული, განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა საწვავი, რომელსაც წარმატებით შეუძლია შეცვალოს ჩვეულებრივი ნავთობისგან მიღებული დიზელის საწვავი. თუ ძალიან აკადემიურად და მეცნიერულად განვსაზღვრავთ, ბიოდიზელი არის ბიოლიპიდების ეთერიფიკაციის გზით მიღებული მეთილის ეთერი, მაგრამ ალბათ ჯობს მარტივად ვთქვათ, რომ ბიოდიზელი არის მცენარეული ზეთისგან მიღებული ნივთიერება, რომლის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები ნავთობის დიზელის ანალოგიურია და მისი გამოყენება საწვავად შეიძლება ყველა იმ დანადგარში, რაც დიზელის საწვავს მოიხმარს, მათ შორის, ავტომობილების დიზელის ტიპის შიდაწვის ძრავებში. ამასთან, ძრავის არავითარი მოდიფიკაცია არ არის საჭირო, ჩაასხით ბიოდიზელი თქვენს მანქანაში და კეთილი მგზავრობა!

გია ქარჩხაძე ილიას უნივერსიტეტის რაპსის პლანტაციაში

სხვათა შორის, პირველად ჩვენ მიერ მიღებული ბიოდიზელი ჩვენსავე მანქანაზე გამოვცადეთ და უნივერსიტეტში მცირე შიდა ექსპერიმენტიც ჩავატარეთ. ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა. უნივერსიტეტის ფორდ “ტრანზიტის” მარკის მიკროავტობუსს, რომელსაც ერთობ დაძაბული რეჟიმი ჰქონდა, დილით საწვავად სწორედ ჩვენ მიერ წარმოებული ბიოდიზელი ჩავუსხით, თანაც, ისე, რომ მძღოლმა არ იცოდა. მანქანა რომ სამუშაოდ გავიდა, მძღოლს ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ ვურეკავდით და “სხვათა შორის” ვეკითხებოდით, მანქანა როგორ დადის, ხომ ყველაფრი რიგზეაო. ბოლოს, როდესაც ერთი საათის განმავლობაში მეშვიდედ დავურეკეთ, მძღოლმა ვეღარ მოითმინა: რა დაგემართათ, ყველაფერი რიგზეა და მანქანაც მშვენივრად მოძრაობს. ეგ კი არა, დღეს, რა მოხდა, არ ვიცი და, “გაწევა” მოემატაო.

ჩვენი მძღოლი აბსოლუტურად მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ მანქანას გაწევა მოემატაო. ბიოდიზელი მთელი რიგი პარამეტრებით აღემატება ჩვეულებრივი დიზელის მონაცემებს. მაგალითად, ცეტანური რიცხვი ბიოდიზელს 50-51 აქვს, გაპოხვის კოეფიციენტი – 7,5, გოგირდის შემცველობა ნულის ტოლია. კიდევ ბევრი მონაცემის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ნახშირწყალბადების საწვავის სფეროში გათვითცნობიერებული ადამიანისთვის ესეც საკმარისია, რომ დაასკვნას: ეს მაღალხარისხოვანი საწვავია. როდესაც პროფესიონალი მძღოლი იტყვის, რომ მანქანას “გაწევა” მოემატა, ეს საწვავისთვის მშვენიერი კომპლიმენტია და ზუსტად ასახავს საწვავის ხარისხს. მართლაც, ბიოდიზელი მკაცრ ევროპული და ამერიკული საწვავის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

მაღალი ხარისხის გარდა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბიოდიზელის ფასიც ისეთი გახდა, რომ დღევანდელ საწვავის ფასებთან შედარებით 5-10 პროცენტით იაფია. ეს, რასაკვირველია, თავისთავად მნიშვლენოვანი ფაქტორია, მაგრამ ბიოდიზელის მთავარი სიკეთე ის არის, რომ ის განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა საწვავია. ბიოდიზელი, ნავთობის დიზელისგან განსხვავებით, არ შეიცავს მძიმე ლითონებს და მისი გამოყენების შედეგად ატმოსფერო არ ბინძურდება მძიმე ლითონებით, გოგირდის ორჟანგით, ათასგვარი კანცეროგენებით და მავნე მინარევებით. შეიძლება ითქვას, რომ ბიოდიზელი დღეისთვის შიდაწვის ძრავებისთვის ყველაზე ეკო-მეგობრული არჩევანია.

განსაკუთრებით ეფექტიანია ბიოდიზელის გამოყენება ურბანულ გარემოში, ქალაქის ტიპის დასახლებებში, სადაც შედარებით მცირე ფართობზე მოსახლეობისა და მანქანების დიდი კონცენტრაციაა, სადაც ავტომობილების ძრავების მავნე ემისიას ემატება გათბობისა და სხვა ტიპის გამონაბოლქვი და ჰაერი ძლიერ დაბინძურებულია. ალბათ საკამათო არ არის, რომ ამგვარი პრობლემის წინაშეა დღევანდელი საქართველის ყველა დიდი ქალაქი – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და სხვა. ბუნებრივია, ბიოდიზელის გამოყენება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ ქალაქების ატმოსფერული ჰაერის სისუფთავეს და ეკოლოგიურ მდომარეობას.

ბიოდიზელის, ანუ მეთილის ეთერის მიღების ბიოქიმიური მეთოდი დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ამ ნივთიერების საწვავად გამოყენების იდეა აქტუალური გახდა გასული საუკუნის 90-იან წლებში, ნავთობის კრიზისის დროს, როდესაც მსოფლიოში ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და ბევრ ქვეყანაში საწვავის დეფიციტიც შეიქმნა.

პრაქტიკულად სწორედ მაშინ დაიწყო ევროპასა და ამერიკაში ბიოდიზელის პირველი მსხვილი კომერციული საწარმოების შექმნა. თავიდან მათი წარმადობა მცირე იყო, მაგრამ, გასული საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც ცხადი გახდა, რომ ნავთობის ფასი, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლებად მერყეობდა, საბოლოოდ მხოლოდ გაიზრდებოდა, ბიოდიზელის წარმოებაც უფრო ინტენსიური გახდა და თან სტრატეგიული მნიშვნელობაც შეიძინა. ამას თან დაერთო გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილების მსოფლიო პრობლემა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ნავთობის, ქვანახშირის და ბუნებრივი აირის – ანუ ნახშირწყალბადების სულ უფრო დიდი მოხმარება იყო და, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო აქტუალური გახდა ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის წყაროების, მათ შორის, ბიოდიზელის მიღება და დანერგვა.

სკეპტიციზმი, რომ ბიოდიზელი ისეთი ეფექტიანი საწვავი არ იქნებოდა, როგორც ნავთობის დიზელი, მალევე გაქარწყლდა და დღეს ბიოდიზელი მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება როგორც ალტერნატიული საწვავი ავტომობილების, გემების და, საერთოდ, ნებისმიერი დიზელის შიდაწვის ძრავებისთვის, 2008 წელს კი წარმატებით განხორციელდა ბიოსაწვავით მომუშავე პირველი რეაქტიული თვითმფრინავის რეისიც.

დღეს ევროპასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ჩვეულებრივი სურათია საწვავის სადგურებში ბიოდიზელისა და მისი ბენზინის ანალოგის – ეთანოლის გაყიდვა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს B20 საწვავი, ანუ ნავთობდიზელთან შერეული ოცი პროცენტი ბიოდიზელის ბლენდი.

„მცენარეული ზეთის გამოყენება ძრავების საწვავად დღეს შეიძლება მნიშვნელოვნად არ მიგვაჩნდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში მცენარეული ზეთის საწვავი ისეთივე მნიშვნელოვანი გახდება, როგორც დღეს ნავთობის პროდუქტებია”, – წერდა რუდოლფ დიზელი 1912 წელს.

რუდოლფ დიზელმა, გენიალურმა გერმანელმა ინჟინერმა და გამომგონებელმა (სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ სწორედ მისი სახელის პატივსაცემად ჰქვია დიზელის საწვავს დიზელი), ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ იწინასწარმეტყველა მცენარეული ზეთისგან მიღებული საწვავის, ანუ ბიოდიზელის მნიშვნელობა. დღეს თვალნათლივ ვხედავთ, რომ რუდოლფ დიზელი აბსოლუტურად მართალი იყო, როდესაც ბიოსაწავავის მომავლის დიდ მნიშვნელობაზე საუბრობდა.

ბოლო წლებში ბიოდიზელის წარმოებამ სერიოზულ მასშტაბებს მიაღწია: გასული წლის მონაცემებით, ევროკავშირში წარმოებულ იქნა 9,1 მილიონი ტონა ბიოდიზელი – ციფრი მართლაც შთაბეჭდავია და, ამასთან, ერთად მსოფლიო ტენდენცია ბიოდიზელის წარმოების ზრდაზე მიუთითებს. ლიდერი ამ სფეროში გერმანიაა, სადაც წინა წელს 2.5 ტონა ბიოდიზელი აწარმოეს. ასევე მნიშვნელოვანია საფრანგეთის წილი – 1,9 მლნ ტონა. ბალტიის ქვეყნებში 165 ათასი ტონა ბიოდიზელი იქნა წარმოებული, პოლონეთში – 323 ათასი ტონა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში – ბულგარეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში – 250 ტონაზე მეტი. არანაკლები ინტერესია ამ ალტერნატიული, განახლებადი ბიოსაწვავის მიმართ ამერიკის შეერთებილ შტატებში, სადაც ქვეყნის 260 საწარმოში ბოლო 5 წლის განმავლობაში 8,9 მილიონი ტონა ბიოდიზელი იქნა წარმოებული.

ყველა ამ ქვეყნის გამოცდილება ცხადყოფს ბიოდიზელის მრავალმხრივ სიკეთეს – ქვეყანა აწარმოებს განახლებად ალტერნატიულ საწვავს და ამცირებს ნავთობზე მის დამოკოდებულებას. უფრო მეტიც, ეკოლოგიურად სუფთა საწვავის გამოყენება კეთილმყოფელ გავლენას ახდენს გარემოზე, მცირდება ნამარხი ნახშირწყალბადების გამოყენება, იზრდება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, იქმნება ახალი საწარმოები და, შესაბამისად, სამუშაო ადგილები.

საქართველოსთვის საკუთარი ბიოსაწვავის, კერძოდ, ბიდიზელის წარმოების დაწყება უაღრესად მნიშვნელოვანია და ქვეყნისთვის მრავალმხრივი სიკეთის მოტანა შეუძლია. ჩვენმა უნივერსიტეტმა საამისოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა და ბიოდიზელის წარმოების სრული მოდელირება განახორციელა. ილიას უნივერსიტეტის ამოცანა იყო არ მარტო ბიოდიზელის წარმოების ტექნოლოგიური მხარის დამუშავება, არამედ საქართველოში ბიოდიზელის წარმოების სრული ციკლის მოდელირება და როგორც ტექნოლოგიური, ისე აგროეკონომიკური პარამეტრების გამოთვლა. ცხადია, ბიოდიზელის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი პროდუქტის წარმოებას, ნედლეული სჭირდება. ბიოდიზელის ძირითადი ნედლეული კი მცენარეული ზეთია. ბიოდიზელის ფართო მასშტაბით წარმოებისთვის საჭიროა სათანადო ნედლეულის ბაზა. როგორც მსოფლიო გამოცდილებამ გვიჩვენა, ბიოდიზელის წარმოებისთვის ზეთის მისაღებად ყველაზე შესაფერისი მცენარეა კანოლა ანუ რაპსი, რომლის ლათინური სახელწოდებაა Brassica napus. ამიტომ ჩვენი პროექტის ფარგლებში გავაშენეთ მცენარე კანოლას პირველი პლანტაციები აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, კერძოდ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, რომელთანაც, აქვე უნდა აღვნიშნოთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მრავალმხრივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს.

მცენარე რაპსის კულტურა, კერძოდ, მისი საშემოდგომო ვარიანტი, მშვენივრად შეეგუა აღმოსავლეთ საქართველოს პირობებს და პირველი კარგი მოსავალიც მოგვცა. ჩვენი აგროეკონომიკური გამოთვლებით, 1 ჰექტარი რაპსის პლანტაცია საშუალოდ ერთ ტონა ბიოდიზელის წარმოებისთვის საჭირო ზეთს მოგვცემს. დღეისთვის 10 ჰექტარი საცდელი პლანტაცია გვაქვს, მაგრამ რადგან პირველი დადებითი შედეგები უკვე მივიღეთ, ამ წლის შემოდგომაზე შესაძლებელია რამდენიმე ასეული ჰექტარი რაპსის პლანტაცია მოვაშენოთ. ამ სფეროში ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორია გერმანული კომპანია NPZ-Lembke GmbH, რომელიც ამ მცენარის მოშენებისა და მაღალპროდუქტიული ჯიშების გამოყვანაში მსოფლიო ლიდერია.

სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ მცენარე კანოლა (რაპსი) ბიოდიზელის ნედლეულს გვაძლევს, მისი კიდევ ერთი დიდი სიკეთე ისაა, რომ შესანიშნავი ხორბლის მონაცვლე კულტურაა, ანუ იქ, სადაც ორი წელი ხორბალი დაითესება, მესამე წელს რაპსის პლანტაცია გაშენდება, რაპსი ნიადაგს აზოტით და სხვა მინერალებით ამდიდრებს და მის შემდგომ დათესილი ხორბალი უხვ მოსავალს იძლევა. ასე რომ, ამ ახალი კულტურის დანერგვა მნიშვნელოვანი იმპულსი იქნება აგრომეურნეობის შემდგომი განვითარებისა და დივერსიფიციისთვის. ასევე სრულიად რეალურია, ევროპული გამოცდილების მიხედვით, მცირე მასშტაბის ბიოდიზელის საწარმოები სწორედ რაპსის პლანტაციების მახლობლად ამუშავდეს, რაც სამუშაო ადვილებსაც შექმნის სოფლად და თან ახალ სტიმულს მისცემს აგრომეურნეობის განვითარებს.

დასასრულ, კვლავ მსოფლიო ენერგეტიკის განვითარების ტენდენციებს უნდა დავუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე მსოფლიოს გლობალური პროცესების ფონზე უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ალტერნატიული, განახლებადი ენერგიების განვითარებას. მაგალითად ისიც კმარა, რომ ევროკავშირმა მიიღო დადგენილება, 2015 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოხმარებული საწვავის 5% ალტერნატიული, განახლებადი ტიპის ენერგია უნდა იყოს და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ეს რეგულაცია სავალდებულო არ არის, ჩვენ, როგორც ქვეყანა, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, აქედანვე უნდა ვზრუნავდეთ იმაზე, რომ ევროპული სტანდარტები გვქონდეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტმა საქართველოში ალტერნატიული, განახლებადი, ეკომეგობრული საწვავის წარმოებისთვის სამეცნიერო და საწარმოო ბაზა უკვე შექმნა. საქართველოში ალტერნატიული, განახლებადი, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ბიოსაწვავის დანერგვის გზაზე პირველი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა. რეალურ შედეგებს მალე ფართო საზოგადოებაც იხილავს – სავარაუდოდ, შემოდგომისთვის პირველი ქართულ ბიოდიზელზე მომუშავე მანქანა უკვე ივლის თბილისის ქუჩებში. მალე ალბათ მას მხარს დაუმშვენებენ ბიოდიზელზე მომუშავე დედაქალაქის ავტობუსები, რაც კიდევ ერთხელ ყველას თვალნათლივ დაანახვებს ბიოდიზელის რეალურობას და მის ეფექტიანობას.

ცხადია, ბიოდიზელის წარმოების მასშტაბების გაზრდა, სატრანსპორტო თუ სხვა სფეროებში მისი დანერგვა უკვე ბიზნესის ჩართვას გულისხმობს. გარდა ამისა, ამ სფეროში რეგულაციებისა და საკანონმდებლო ბაზის მიღება იქნება საჭირო, რაც, ბუნებრივია, სახელმწიფოს კომპეტენციაა. ეს უახლოესი მომავლის საქმეა, დღეს კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა თეორიულად და პრაქტიკულად დაასაბუთა, რომ საქართველოს შეუძლია საკუთარი, ალტერნატიული, განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა საწვავი აწარმოოს და ბიოდიზელის წარმოების როგორც ტექნოლოგიური, ისე აგროეკონომიკური მოდელი შექმნას. უნივერსიტეტმა თავისი საქმე გააკეთა. ახლა ჯერი ბიზნესსა და სახელმწიფოზეა.

კახა ქარჩხაძე