loading...

«

»

ოქტ 10

ქარიზმა და ნებისყოფა: მმართველი ქალბატონები

პოლიტიკური კომუნიკაციების სფეროში ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ და დემოკრატიული ინსტიტუტების სრულყოფამ, მამაკაცი-პოლიტიკოსების ტიპოლოგიის მსგავსად, კორექტივები შეიტანა საზოგადოების მიერ ქალი-პოლიტიკოსების პერცეფციის მექანიზმებშიც და, შესაბამისად, შეზღუდა “გმირებისა” და “ერის დედების” როლი.

თუკი ინდირა განდისა და გოლდა მეირის ავტორიტეტი ინდოეთისა და ისრაელის სახელმწიფო მშენებლობის პროცესებისას მათ უშუალო, “ისტორიულ” საქმიანობას უკავშირდებოდა, დღევანდელი ქალი-ლიდერების, ანგელა მერკელის, კრისტინა კირშნერის, მიშელ ბაშლეს, სონია განდის, ციპი ლივნის, ჰილარი კლინტონის, კეტრინ ეშტონის, იულია ტიმოშენკოს და სხვების გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე გაცილებით “პროზაული”, პროფესიონალური ან წმინდად ქარიზმატული თვისებებითაა განპირობებული.

ყოველივე არც ამ შემთხვევაში გამორიცხავს ძალაუფლების გარკვეულ პერსონიფიცირებას, თუმცა ამ პერსონიფიცირების ხარისხი, ბუნებრივია, ნაკლებია ვიდრე “ერის დედების” პირობებში. თუკი ტექნოკრატი, “მყარი-პროფესიონალი” მამაკაცი-პოლიტიკოსების ნაწილს “რიგითი მოქალაქის” (Common Man) კატეგორიაში განვათავსებდით, მსგავს უპრეტენზიო, სადა, საშუალო ამომრჩევლის იერსახეს მორგებულ და ამავე დროს განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამორჩეულ ქალ-პოლიტიკოსს, უპრიანი იქნება უბრალოდ “მმართველი ქალბატონი” ვუწოდოთ. ამ ტიპის ქალი-პოლიტიკოსის ქრესტომატიული ფიგურაა გერმანიის მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი. 2005 წელს ბუნდესტაგის მიერ მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნამდე, მერკელს სიმპატიებისდა მიხედვით ხან მისი მენტორის, ჰელმუტ კოლის მიერ შერქმეულ მეტსახელს – das Mჰdchen, ანუ “გოგონას” უწოდებდნენ, ხანაც “ნაცრისფერ თაგვს”, ქალური ხიბლის სრული არარსებობის გამო. მართლაც, 1990-იანი წლების დასაწყისში განქორწინებულ და ხელმეორედ გათხოვილ, უშვილო, უქარიზმო და გდრ-ის წარსულიან, ანუ “ოსსი” (Ossie, სიტყვიდან Ost – “აღმოსავლეთი”) ანგელა მერკელს არანაირი შანსი არ უნდა ჰქონოდა აწ უკვე გაერთიანებული გერმანიის პოლიტიკურ სივრცეში. ამის მიუხედავად, “გოგონას” აღმასვლა ბუნდესტაგის დეპუტატობიდან კანცლერის სავარძლამდე მეტეორის სისწრაფის აღმოჩნდა. თანაც, ანგელა მერკელი არც არასდროს ცდილობდა “მომხიბვლელი ქალბატონის” როლი ეთამაშა: “მისი სადა და კეკლუცობას მოკლებული ბუნება მუდმივი შაყირის საგანი იყო. არცთუ დიდი ხნის წინ, ის მედიდურად იგნორირებდა პომადის არსებობას და არც საკუთარი ვარცხნილობა ადარდებდა დიდად… მაგრამ, თანდათანობით გემო გაუგო უკეთ ჩაცმას, მაკიაჟსა და სილამაზის სალონში სიარულს. დღეს მან უკვე თავისი სტილი იპოვა: ნახევრადმოკლე, ოდნავ შეღებილი ვარცხნილობა, მძივების რიგი კისერზე, შავი, თავისუფალი შარვალი და ფერადი პიჯაკების კოლექცია… 1,65 მეტრი სიმაღლისა და მრგვალ-მრგვალი ანგელა მერკელი არასდროს იქნება “მის მსოფლიო”, მაგრამ მისი უპირატესობა სხვა რამეშია”, – წერს მერკელის ფრანგი ბიოგრაფი ბოდუენ ბოლარი. ამავე დროს, პირდაპირობითა და მტკიცე ნებისყოფით განთქმული კანცლერი ამომრჩეველთან სიახლოვეს, ადვილადმისაწვდომობას კულტივირებს. ეპოქის შესაბამისად, ის დიდ ყურადღებას აქცევს კომუნიკაციების თანამედროვე ტექნოლოგიებს. შაბათობით, მერკელი ინტერნეტის მეშვეობით პირდაპირ მიმართავს ხოლმე ამომრჩეველს და მოუთხრობს თავისი პროექტების შესახებ. მან საკუთარი, ორენოვანი გერმანულ-ინგლისური საიტიც შექმნა – Bundeskanzlerin.de, საიდანაც შესაძლებელია საგანგებოდ დამზადებული და მთავრობის საქმიანობის ამსახველი კლიპების გადმოტვირთვა. უცხოელი კოლეგების ფონზე მედია-სივრცეში გაცილებით ნაკლებად შესამჩნევმა ანგელა მერკელმა თავის თანამემამულეებთან ინტერნეტის მეშვეობით ურთიერთობის ფორმა აირჩია, რაც ამომრჩევლისთვის პრეს-კონფერენციებსა და ტელეინტერვიუებთან შედარებით მეტი სიახლოვის შეგრძნებას იძლევა. ასევე უშუალო და მარტივია ანგელა მერკელი პირად ცხოვრებაშიც. 2007 წლის ივლისში დიდი ტირაჟის მქონე Bild Zeiting-მა გამოაქვეყნა ბერლინის ცენტრში ფრიდრიხშტრასეზე მდებარე სუპერმარკეტში გადაღებული ფოტოები, სადაც ბუნდესკანცლერი შეძენილი ფორთოხლისთვის ფულს იხდის სალაროში. ფოტოებს მოჰყვება ტექსტი, რომელშიც მოწინავე წერილების ავტორი ფრანც იოზეფ ვაგნერი გვატყობინებს: “ის არ სეირნობს მილიარდერების იახტებით, ის სუპერმარკეტის რიგში დგას და საკუთარ ფულს იხდის სალაროში. ის სადა, უბრალო ქალია. ის დიდი ქალბატონია.” მინიშნება “მილიარდერების იახტებით სეირნობის” შესახებ, ცხადია, ნიკოლა სარკოზის მისამართითაა გაკეთებული, ხოლო მერკელის პოპულარობა გერმანელთა შორის სტაბილურად მაღალია. 2008 წლის დეკემბერში შტუტგარტის კონგრესზე ანგელა მერკელი ხმათა 95 პროცენტით კვლავ აირჩიეს “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” თავმჯდომარედ.

ჯორჯ ბუში და იულია ტიმოშენკო

მსგავსი, ხალხთან ახლოს მყოფი პოლიტიკოსის იმიჯი აქვს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონსაც. როდესაც 1992 წელს მისი მეუღლე, ბილ კლინტონი თეთრი სახლისთვის იბრძოდა, ჰილარის რეპუტაცია უკვე მაშინ გაცილებით წონიანი იყო, ვიდრე უბრალოდ მომავალი პირველი ლედისა. ის სპეციალიზირებული გამოცემა – National Law Journal-ის თანახმად ამერიკის ასი საუკეთესო ადვოკატის სიაში შედიოდა და შესაბამისად, ბილ კლინტონი საჯაროდ გამოხატავდა სურვილს, თავისი მეუღლისთვის მაღალი თანამდებობა დაეთმო მომავალ ადმინისტრაციაში. “მომეცით ხმა და ერთის ნაცვლად ორს შეიძენთ” (Buy one, get one free), ასეთი იყო მისი ერთ-ერთი საარჩევნო ლოზუნგი. ჰილარის პოზიციაც გულისხმობდა პირველი ლედის პროფილის შეთავსებას თავის ძირითად საქმიანობასთან: “როდესაც ჩემი ქმარი არკანზასის გუბერნატორი იყო, ვფიქრობ, შემეძლო სახლში დავრჩენილიყავი და ორცხობილები დამეცხო ხოლმე, მაგრამ ვამჯობინე ჩემი პროფესიით მემუშავა. პროფესიით, რომელსაც გაცილებით ადრე დავეუფლე, ვიდრე ბილი პოლიტიკაში შევიდოდა”, – ამბობდა ის 1992 წლის საარჩევნო კამპანიისას. პრეზიდენტი კლინტონის იმდროინდელი იდეა, რომ მის ცოლს ჯანდაცვის კარდინალური რეფორმის პროექტისთვის გაეწია კოორდინაცია, კონგრესის მიერ 1994 წელს დასამარდა, რადგან ეს პროექტი ზედმეტად რადიკალურად მიიჩნიეს. სამაგიეროდ, ხუთი წლის შემდეგ, ჯერ კიდევ პირველი ლედის სტატუსში მყოფმა ჰილარი კლინტონმა კენჭი იყარა სენატში ნიუ-იორკის შტატიდან და დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად დამოუკიდებელ პოლიტიკოსად იქცა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საწყის ეტაპზე ბარაკ ობამასთან კონკურენციისას, ამ უკანასკნელის “ელიტისტური” იმიჯის ანტითეზის შესაბამისად, ჰილარი კლინტონი მუშათა კლასის ამომრჩეველთან სიახლოვეს დემონსტრირებდა: ის გამოჩნდებოდა ხოლმე ტელეეკრანზე ხალხმრავალ ბარში ლუდის პირდაპირ ბოთლიდან დაგემოვნებისას, თოფიდან მიზანში სროლისას, ან ავტორბოლების ტრიბუნებზე მაყურებლებთან უშუალო გასაუბრებისას. დემოკრატიული პარტიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უშეღავათო პრაიმერიზის მსვლელობაში, ჰილარი კლინტონი თავის თავს სტალონეს მიერ განსახიერებულ კინოგმირ – როკი ბალბოას ადარებდა ხოლმე. მოკრივის მსგავსად მასაც უკანასკნელი რაუნდის ბოლომდე უნდა ებრძოლა, არასოდეს დაეყარა ფარ-ხმალი: “მშობლებმა ბავშვობაშივე მასწავლეს, არასოდეს დავნებებულიყავი”, განუცხადა მან New York Daily News-ის ჟურნალისტს. უკვე საპრეზიდენტო ნომინაციის შემდეგ, ბარაკ ობამამ თავის მეტოქეს საჯაროდ მიაგო პატივი: “სენატორი კლინტონი ისტორიაში შევიდა როგორც ქალი, რომელმაც ხასიათის სიმტკიცით, მხნეობით და მიზანდასახულობით მილიონობით ამერიკელი შთააგონა. ჩვენი პარტია და ჩვენი ქვეყანა უკეთესია მისი წყალობით და მეც უკეთესი კანდიდატი ვარ, რადგან მქონდა პატივი ჰილარი როდამ კლინტონის წინაამღდეგ გამოვსულიყავი კამპანიაში.” ცნობილია, რომ ობამა ერთხანს აპირებდა ჰილარი კლინტონისთვის ვიცე-პრეზიდენტობის შეთავაზებას, თუმცა საბოლოოდ სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზა.

ბარაკ ობამა და კრისტინა კირშნერი

ისევე როგორც ჰილარი კლინტონი, საკუთარი მეუღლის პარალელურად და არა ჩრდილში, აგებდა პოლიტიკურ კარიერას არგენტინის რიგით მეორე პრეზიდენტი ქალი – კრისტინა კირშნერი. კრისტინა ფერნანდესად დაბადებულმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, 1975 წელს, პერონისტთა ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე და არგენტინის მომავალი პრეზიდენტი, ნესტორ კირშნერი. თავდაპირველად ცოლ-ქმარი საადვოკატო საქმიანობას ეწოდა, ხოლო 1983 წელს არგენტინაში დემოკრატიული ინსტიტუტების აღდგენის შემდეგ, მათ პოლიტიკური კარიერა წამოიწყეს. კრისტინა კირშნერი პროვინცია სანტა კრუზის პარლამენტის დეპუტატად ჯერ კიდევ 1989 წელს აირჩიეს, შემდეგ კი მან კარიერა ფედერალურ დონეზე განაგრძო – გახდა პარლამენტის დეპუტატი, შემდეგ კი სენატორი. 2003 წელს ნესტორ კირშნერის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, კრისტინამ, პირველი ლედის როლში არათუ არ დაანება პოლიტიკას თავი, არამედ კენჭი იყარა სენატში ქვეყნის უმსხვილესი, ბუენოს აირესის პროვინციიდან და წარმატებულადაც.

ანგელა მერკელი და ჰილარი კლინტონი

2007 წელს “სამხრეთ ამერიკის კლინტონებმა” ერთმანეთი შეცვალეს პრეზიდენტის პოსტზე, ეს კი პირველი შემთხვევაა მსოფლიოს ისტორიაში, როდესაც სახელმწიფოს უზენაეს თანამდებობაზე ერთი მეუღლე მეორეს ჩაენაცვლა დემოკრატიული არჩევნების შედეგად. 2009 წელს ჟურნალმა “ფორბსმა” კრისტინა კირშნერს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალებს შორის მე-11 ადგილი მიაკუთვნა, ხოლო “თაიმმა” ქალ-პოლიტიკოსებს შორის მე-2, ანგელა მერკელის შემდეგ. მაგრამ, მერკელისა და ჰილარი კლინტონისგან განსხვავებით, კრისტინა კირშნერის პოლიტიკური კომუნიკაციის სტილი არ გამოირჩევა მოკრძალებითა და სისადავით. პირიქით, ის ქარიზმატულობასა და მიმზიდველობაზე აკეთებს აქცენტს. იმავე “თაიმის” თქმით, “კრისტინამ მიმზიდველობა და სექსუალურობა მძლავრ იარაღად აქცია ისეთი სიმაღლეების მისაღწევად, რომლებსაც მითიური ევიტა პერონიც კი ვერ შესწვდა.” მედიებსა და პოლიტიკის სამყაროში ხშირია მითქმა-მოთქმა კრისტინა კირშნერის ტანსაცმლით გადამეტებული გატაცების გამო. ის მხოლოდ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ხმარობს, ერთ და იმავე ანსამბლში არასოდეს გამოჩნდება და ჩაცმაზე დროის დაკარგვის გამო ხშირად იგვიანებს ხოლმე უცხოელ ლიდერებთან შეხვედრებზე. ნესტორ კირშნერის გარდაცვალების შემდეგ, არგენტინული პრესის დაანგარიშებით, კრისტინამ 200-ზე მეტჯერ გამოიცვალა შავი ფერის ანსამბლი.

მსგავსი, ქარიზმატიული ქალი-ლიდერების რიგს უდაოდ უკრაინელი იულია ტიმოშენკოც განეკუთვნება. მუდამ თეთრსა და ბეჟი ფერის (რაც, სავარაუდოდ უმწიკვლობის სიმბოლოდ უნდა აღიქმებოდეს) კოსტუმებსა თუ კაბებში გამოწყობილი ყოფილი და ამჟამად დატუსაღებული “გაზის პრინცესა” პოლიტიკური კომუნიკაციების ნამდვილი ვირტუოზია და უკრაინული პოლიტიკის მძიმეწონოსანი.

გოგი თუშმალიშვილი

წყარო:24saati.ge