loading...

«

»

ნოე 15

საქართველოში IT სპეციალისტის ხელფასი 600 ლარიდან იწყება

საქართველოში IT სფეროს სხვა სფეროებთან შედარებით მაღალი ხელფასები აქვს და ეს არც არის გასაკვირი. თითქმის ყველა IT კომპანია ერთსა და იმავეს ჩივის; ამ მიმართულების განათლების კრიტიკულად დაბალი დონის გამო, კვალიფიციური კადრის პოვნა გართულებულია.
IT სპეციალისტის ხელზე ასაღები ხელფასი, ნორმალურ ორგანიზაციებში, თვეში მინიმუმ 600 ლარიდან იწყება. რა თქმა უნდა, ხელფასი დამოკიდებულია მის კონკრეტულ სპეციალობასა (პროგრამირება, ქსელები და კომუნიკაცია, სერვერული ინფრასტრუქტურა) და კვალიფიციურობაზე. მაგრამ, არც თავად კვალიფიციური კადრები უჩივიან საკუთარ ანაზღაურებას. ისინი მიიჩნევენ, რომ IT სფეროში პროფესიონალის დასაქმების პრობლემა ნაკლებად არის და ხელფასებიც მეტ–ნაკლებად მაღალია.
„ჩვენთან უფრო მეტსაც იხდიან, ვიდრე ის შეიძლება ღირდეს. კვალიფიციური კადრის ნაკლებობა, ცხადია, ახდენს გავლენას IT სპეციალისტების ხელფასებზე და მათ ფასს ზრდის. თუმცა, ხელფასის სიდიდეს სხვადასხვა მაკრო და მიკრო მიზეზები შეიძლება ჰქონდეს და კომპეტენტური პასუხის გაცემას სერიოზული კვლევა სჭირდება“, – ამბობს UGT-ს პროგრამული გადაწყვეტილებების დეპარტამენტის დირექტორი, დათო გაბრიჩიძე. 
მისივე თქმით, კომპანია UGT კადრის დაინტერესებას პროექტების მრავალფეროვნებითა და მათი სირთულით ცდილობს. UGT-ს სხვადასხვა სექტორებისა და ვერტიკალური ინდუსტრიების მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევს. მისი აზრით, ისინი კომპეტენტური კადრისთვის გამომწვევ, ხოლო დამწყებისთვის პერსპექტიული გარემოს ქმნიან.
დათო გაბრიჩიძის მსგავსად, ხელფასების თაობაზე იგივეს ადასტურებს „ალტა სოფთვეარის“ აღმასრულებელ დირექტორი, ირაკლი თუშიშვილი. მისი თქმით, ნაკლებკონკურენტუნარიანი გარემო თავისთავად ზრდის IT სპეციალისტებზე მოთხოვნას და შესაბამისად, მათ ანაზღაურებასაც.
როგორც UGT-ს პროგრამული გადაწყვეტილებების დეპარტამენტის დირექტორი ირწმუნება, განსაკუთრებული დეფიციტი პროგრამირებაში აღნიშნება. ძალიან რთულია გამოცდილი, ინტერესიანი და შრომისმოყვარე კადრების მოძიება:
„უმეტესწილად, თითოეულ წარმატებულ სპეციალისტს ცოდნა მიღებული აქვს არა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, არამედ სამსახურში. ამ შემთხვევაში ნიჭიერი ადამიანების დაკარგვის გაცილებით დიდი რისკი არსებობს, რადგან პოტენციური ახალგაზრდის წარჩინება და პროფესიონალიზმი დამოკიდებულია იმ სამუშაო გარემოზე, რომელშიც ის მოხვდება. თუმცა აქაც არის თავისებურება – სამსახურებში კონკრეტული ამოცანების გადაჭრაა აუცილებელი, თანაც უმოკლეს ვადებში. ასეთ გარემოში პირს უწევს მცირე დროში დიდი ინფორმაციის ათვისება. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი მხოლოდ იმას ისწავლის, რაც მას კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად სჭირდება. ეს ცხადია, საბაზისო ცოდნის კაპიტალს მისი სპეციალობის გარშემო არ აგროვებს.

დღევანდელ საქართველოში IT სპეციალისტები საკმაოდ გვიან ხდებიან პროფესიონალები – ეს კი, პირველ რიგში, საგანმანათლებლო სისტემის „დამსახურებაა“.
მიუხედავად იმისა, რომ პროგრამისტები საქართველოში თავიანთ ხელფასებს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ, საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრები არც თუ იშვიათად, მუშაობას უცხოელ დამკვეთებთან ამჯობინებენ. ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქართული ბაზარი უცხოურთან შედარებით მაინც დაბალანაზღაურებადია.
„რთულია თქვა ევროპისა და აზიის ქვეყნებთან შედარებით მაღალია თუ დაბალი ხელფასები. გააჩნია, რომელ ქვეყანაზეა საუბარი – დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით დაბალია, აზიასთან შედარებით – ალბათ უფრო თანაბარი,“ – აღნიშნა დათო გაბრიჩიძემ.
მიხეილ კალანდაძე, რომელიც 2001–2002 წლიდან უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობს და ამჟამად კომპანია Picktek-თვის, პროექტ Free Rice–ისთვის ვებ–აპლიკაციებს წერს, უცხოელ დამკვეთებთან ერთად მუშაობას უფრო კომფორტულად მიიჩნევს. ამბობს, რომ მათი გადახდისუნარიანობა უფრო მაღალია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში კვალიფიციურ IT სპეციალისტებს და პროგრამისტებს ცუდი ანაზღაურება აქვთ. მეორე მხრივ კი, იგი მათთან მუშაობას ძალიან დახვეწილი მენეჯმენტ–სისტემის გამო ამჯობინებს.
თუ თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორის, გიგა შუბითიძის განცხადებას გავითვალისწინებთ, წელს, პირველად, ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს სკოლაში სწავლა აღარ არის. წლევანდელმა ეროვნულმა გამოცდებმა აჩვენა, რომ ყველაზე პრესტიჟული კომპიუტერული მეცნიერების სკოლაში სწავლა გახდა. საინტერესოა, ეს ფაქტი რამდენიმე წელში, რა გავლენას იქონიებს ქართულ IT ბაზარზე არსებულ სიტუაციასა და IT სპეციალისტების ფინანსურ მდგომარეობაზე. ერთი კი ნათელია, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სკოლა თავის კურსდამთავრებულებს საკმაოდ კარგ მომავალს ჰპირდება.
„ჩვენ ვზრდით ადამიანს, ვინც სწავლის დამთავრებისთანავე სამსახურით უზრუნველყოფილია. საკმაოდ ბევრი შემოთავაზება გვაქვს IT კომპანიებისგან მომავალი თანამშრომლობის სურვილით. MACS უშვებს უკვე გამოცდილ პროფესიონალებს. დავუშვათ, წარმოვიდგინოთ, საქართველოში მოქმედი წარმატებული ბანკი თავისი პროგრამისტების გუნდით. ჩვენი კურსდამთავრებული ამ გუნდში არა დამწყები რანგის, არამედ პირველი რანგის პროგრამისტად იწყებს მუშაობას,“ – გიგა შუბითიძე, თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი.
მან ისიც დასძინა, რომ მსგავს პოზიციებზე ხელფასი მინიმუმ 3000 ლარია.

 

წყარო: navigator.ge