loading...

«

»

ნოე 30

Tt eSPORTS Shock One: გეიმერული ყურსასმენი DTS Surround მხარდაჭერით

აქამდე დაწერილ სტატიებში, რომლებიც ეხებოდა კომპიუტერის პერიფერიულ დეტალებს, არაერთხელ გვიხსენებია, რომ გეიმერები, შეიძლება ითქვას, ცალკე მდგომი კასტაა კომპიუტერის მომხმარებლებისა, რომელთათვისაც პრიორიტეტები სხვანაირადაა გადანაწილებული განსხვავებით ჩვეულებრივი იუზერებისაგან. კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის თავის დროზე ჩვეულებრივი თაგვი და კლავიატურა სავსებით მისაღები გახლდათ გამოყენებისათვის, თუმცა სათამაშო ინდუსტრიის გეომეტრიული პროგრესიით ზრდამ პირდაპირპროპორციულად გაზარდა მათი მოთხოვნა ჰარდისადმი. გარდა ძირითადი კომპონენტებისა ცვლილებების შეტანის საჭიროება დადგა პერიფერიული მოწყობილობების სეგმენტშიც. ახლა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება ათასნაირად შეფერილი, უამრავი ფუნქციით დახუნძლული თაგვის, კლავიატურის თუ ყურსასმენების ხილვა გეიმერების სამუშაო (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით სათამაშო) კომპიუტერის ჩრდილქვეშ.
არაერთმა ბრენდმა შეძლო და წარმატებით აითვისა ეს სეგმენტი, მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ გაგრილების სისტემების ცნობილი მწარმოებელი Thermaltake. მან განსხვავებით პირდაპირი კონკურენტის Cooler Master-ისა, ახალ დანაყოფს საკუთარი სახელი არ გადაულოცა და შექმნა სპეციალიზებული ბრენდი Tt eSPORTS, რომლის ძირითადი ამოცანაც როგორც მინიმუმ Razer-ზე ან რომელიმე სუპერპოპულარულ მარკაზე არგაფანატებული გეიმერების გარს შემოკრება გახლდათ. Tt eSPORTS აქცენტს ძირითადად კიბერ სპორტით დაკავებული ინდივიდების მოზიდვაზე აკეთებს. ამ მხრივ მას უკვე გამოშვებული აქვს რამდენიმე გეიმერული თაგვი, კლავიატურა და კიდევ რამდენიმე ფართო მასებში მეტ-ნაკლებად ცნობადი აქსესუარი. საკმაოდ ვრცელი შესავლის შემდეგ ურიგო არ იქნებოდა თუ გადავიდოდით Tt eSPORTS-ის ერთ-ერთი ბოლო პროდუქტის Shock One-ის მიმოხილვაზე. ეს უკანასკნელი ყურსასმენების რიგს მიეკუთვნება, თუმცა იგი ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის არცაა გამიზნული. იგი გეიმერულია. 
პირველი მიზეზი, რამაც მოწყობილობისადმი ჩვენი ინტერესი განსაზღვრა გახლდათ ის ფაქტორი, რომ იგი DTS სერტიფიკატის მფლობელი გახლდათ. თუ რა არის DTS და ზოგადად მაღალი ხარისხის ხმა, ამაზე უახლოეს ნომრებში მოგითხრობთ. ფაქტია, რომ ეს გარემოება ერთი შეხედვით Shock One-ისადმი სიმპატიით განაწყობს პოტენციურ იუზერს, მაგრამ გეიმერები პრეტენზიული ხალხია და მათთვის მარტო სერტიფიკატი არაფერს ნიშნავს. უწვრილეს დეტალებსაც კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც საქმე ეხება ისეთ საკითხს, როგორც კიბერ სპორტია. Shock One შეფუთულია წითელ-შავ ფერებში გაფორმებულ ყუთში, რომლის უკანა მხარესაც გარდა რამდენიმე ენაზე გაკეთებული მოკლე ანოტაციისა, დატანილია თანდართული სოფტის სკრინშოტიც. მსგავსი რამ ცოტა იშვიათია, თუმცა თავისი დადებითი მომენტიც აქვს: წინასწარ გვექნება თუნდაც ზედაპირული წარმოდგენა იმაზე, თუ რასთან მოგვიწევს მუშაობა. გარდა ყურსასმენისა, კოლოფში აღმოჩნდა მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული ჩანთა ყურსასმენებისათვის (იგი ვერ დაიცავს Shock One-ს ძლიერი მექანიკური ზემოქმედებისაგან, თუმცა არ დაუშვებს მის დამტვერვას ან დაკაწვრას.), ინსტალაციისთვის გამზადებული სოფტით გავსებული კომპაქტ დისკი და ყურის სათადარიგო ბალიშები. ეს უკანასკნელნი მოწყობილობის მსგავსად წითელსა და შავში არიან გადაწყვეტილნი და ხავერდის ზედაპირით გამოირჩევიან.
კომპიუტერთან დასაკავშირებლად Shock One იყენებს USB ინტერფეისს. კაბელი 3 მეტრი სიგრძისაა და დაწნული ნეილონისგანაა დამზადებული, რაც მას ეფექტურ შესახედაობას და მეტ გამძლეობას სძენს. USB კონექტორის თავი მოოქროვილია. ყურსასმენის აპარატულ დონეზე კონტროლისათვის გამოიყენება მინიატურული პულტი, რომელიც კაბელშია „ჩაშენებული“ და სულ ოთხი ოფციის არჩევის საშუალებას იძლევა: ხმის აწევა, ხმის დაწევა, მიკროფონის გათიშვა და ყურსასმენში ხმის გამორთვა. პულტს გვერდითა მხარეს გააჩნია ჩამკეტი და განათების ჩასართავად საჭირო გადამრთველი. ყურის ბალიშები საბედნიეროდ გამოცვლადია. ქარხნულად Shock One-ს ტყავის საფარველიანი ბალიშები მოყვება, თუმცა თუ თქვენ მოისურვებთ მისი შეცვლა თანდართული ხავერდის საფარველიანი ბალიშებით დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს თქვენგან.
თანდართული კომპაქტ დისკიდან დრაივერისა და სპეციალური სოფტის ინსტალაციის შემდეგ მოწყობილობა ფუნქციების სრული ნაკრებით იწყებს მუშაობას და მისი კონტროლი პროგრამულ დონეზე უკვე შესაძლებელი ხდება. სოფტი ვიზუალურად Tt eSPORTS-ის საფირმო ფერებსა და სტილშია გადაწყვეტილი, მარტივი ინტერფეისით გამოირჩევა და საეჭვოა მასში გზა ვერ გაიგნოს გეიმერმა, რომელმაც MMORPG-ების სამყაროს რუკები იცის ზეპირად. პროგრამიდან შესაძლებელია ეკვალაიზერის რეგულირება, DTS Surround პარამეტრების მითითება, განათების დაყენება, ტაიმერის ამუშავება და ა.შ. DTS Surround ღილაკზე ერთი დაჭერით ყურსასმენი შეგვიძლია ავამუშაოთ 5.1 რეჟიმში, თუმცა სხვა true 5.1 სისტემებთან შედარებით ჩემი სუბიექტური აზრით იგი ოდნავ სუსტია. ვირტუალური 5.1 ფიზიკურს პრაქტიკაში ვერ ჯობნის სამწუხაროდ. ტექნიკური დეტალები: 20Hz-20KHz Frequency Response, 32 ohm Impedance, 114±3 dB მგრძნობელობა. მიკროფონისთვის ანალოგიური მაჩვენებელი -45±3 dB-ს შეადგენს.
კარგი დიზაინის და საკმარისი ფუნქციონალურობის კვალობაზე მოწყობილობა არც თუ ისე ურიგო გადაწყვეტილებაა გეიმერული ყურსასმენებით გადავსებულ ბაზარზე, თუმცა რეალური 5.1 და 7.1 სისტემების აქტიურად გამოჩენის ფონზე მისი ვირტუალური 5.1 არ არის ისეთი რამ, რაც მას გამორჩეულს გახდიდა. Tt eSPORTS Shock One-ის საბაზრო ფასი $95-ის ფარგლებში მერყეობს.

 

 

წყარო: navigator.ge