loading...

«

»

დეკ 18

ამბავი “სამგზის სანატრელი” თამარის მეფობისა

ამბავი "სამგზის სანატრელი" თამარის მეფობისასაუკუნეთა განმავლობაში იბერიასა და კოლხეთს, ერთიან საქართველოს თუ დაქუცმაცებულ ქართულ სამეფო-სამთავროებს მრავალი მეფე, მთავარი თუ ერისმთავარი ჰყოლია.

ბევრ მათგანს დიდი სახელიც დაუტოვებია, დიდების შარავანდედითაც შემოსილა და წმინდანადაც არაერთი შეურაცხავთ… მაგრამ ისეთი საყოველთაო სიყვარული და თაყვანისცემა ლამის დღესაც ოდინდელი სიამაყით რომ აღავსებს ქართველთ, – გამორჩეულად მეფეთ მეფე თამარს ერგო.

XII საუკუნის ბოლო მეოთხედში დავით აღმაშენებლისა და გიორგი მესამის აღზევებული საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო. აილაგმა გარეშე მტერი, დაითრგუნა შინაური მოქიშპეც… თუმცა კი იყო ერთი რამ, რასაც საგონებელში ჩაეგდო სამეფო კარიც და მეფე გიორგიც. ეს მეფის უძეობა გახლდათ. უმშვენიერესმა დედოფალმა, ოვსთა მეფის ასულმა ბურდუხანმა ორი ასული შესძინა მეფეს – თამარი და რუსუდანი. ქალის გამეფების ტრადიცია აქამომდე არ არსებულა საქართველოში.
ამიტომაც წინასწარ დაიჭირა თადარიგი მეფე გიორგიმ და მეცამეტე წელში გადამდგარი ასული თანამესაყდრედ გაიხადა. ექვსი წელი მართავდნენ ერთად მამა-შვილი ქვეყანას. გონიერებით, სიბრძნითა და შორსგამხედვარობით აცვიფრებდა სამეფო კარს მეფექალი. 1184 წელს გასრულდა გიორგი მესამის ოცდარვაწლიანი მეფობა. 18 წლის თამარს უნდა ემეფა ამიერიდან…

ისნის კარავი – ქვეყნის ბედის გამგებელი…

სამეფო დარბაზის გადაწყვეტილებით ხელახლა უნდა ეკურთხათ მეფედ თამარი. წესისამებრ, დასავლეთ საქართველოს დიდებულებს უნდა მოეკაზმათ სამეფო ინსიგნიებით (სკიპტრა, გვირგვინი, ხმალი…) მეფექალი, რაც დიდებულმა ვარდანისძეებმა, საღირისძეებმა და ამანელისძეებმა აღასრულეს მშვიდობიანად. თუმცა კი საფრთხემ თავიდანვე იჩინა თავი. სახელოვან გვართა დიდებულებმა თამარის მამის აღზევებულ უგვარო და უჯიშო უმაღლეს მოხელეებზე მიიტანეს იერიში. ვეღარ ჰგუობდნენ ნაყივჩაყარი ყუბასარის მანდატურთუხუცესობასა და ამირსპასალარობას; ვერც “აზნაურის ნაყმევი” აფრიდონის მსახურთუხუცესობას.

დაჰყვა თამარი დიდებულთა ნებას. ატყდა ერთი ჩოჩქოლი მათ ადგილთა დასაკავებლად. ყუთლუ-ასლანი მოთავეობდა რეფორმებს. იმ დროისთვის არგაგონილი მოთხოვნით გამოვიდა მომხრეთა დასთან ერთად: მეფის სასახლის გვერდით ისანში საგანგებო სასახლე, ისნის კარავი შეიქმნას და სწორედ მან გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი – მიიღოს კანონები, გასცეს წყალობა და გადაუწყვიტოს შერისხვაო… გაუგონარი კადნიერება გახლდათ. იზღუდებოდა მეფის უფლებანი. თანაც, მოთხოვნას იარაღის ჟღარუნიც ამაგრებდა.

პირველად აქ გამოჩნდა სამგზის სანატრელი თამარის გონიერება. საომრად გამზადებულ მოქიშპეთ მათთვის მოულოდნელი სვლა შესთავაზა: მოსალაპარაკებლად გაგზავნა კეთილშობილი და უსპეტაკესი მანდილოსნები – ქართლის ერისთავთ-ერისთავის, რატის დედა ხვაშაქ ცოქალი და კრავაი ჯაყელი. სწორედ მათ მოახერხეს ამბოხებულთა დაშოშმინება. თამარმა კი აღუთქვა სამეფო დარბაზის უფლებათა გაფართოება – უმნიშვნელოვანეს საკითხებს “დარბაზის თანადგომითა და ერთნებაობით” გადავწყვეტთო…

სასჯელად ქცეული საქორწინო გვირგვინი

თამარი გონივრულად მართავდა ქვეყანას, რომლის ინტერესებიც აჩქარებდა მის გათხოვებას: ჯარს მხედართმთავარი სჭირდებოდა, სამეფო ტახტს – მემკვიდრე.
უფლისწულ დემნას დაღუპვის შემდეგ აღარ არსებობდა ბაგრატოვანთა გვერდითი შტო, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მეფე სარდლის საკითხი. სასიძოთა ნაკლებობა ნამდვილად არ იყო. თამარის პირველი ისტორიკოსი “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანში” გვაუწყებს, რომ “მოსულ იყვნენ ოვსთა მეფეთა შვილნი, მშვენიერნი და სახე კეთილნი მოყმენი”, აგრეთვე “ბერძენთა მეფის ძმისწული ალექსი” და მრავალი უფლისწულნი მაჰმადიანური სასულთნოებიდან, რომელნიც მზად იყვნენ შესდგომოდნენ ქრისტეს რჯულს, თუ ბედი გაუღიმებდათ. საქმროს შერჩევა დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს შეიკრიბა დარბაზი. წამოდგა აბულასანი, ამირა ქართლისა და თბილისისა, რომელმაც თამარის ღირსად ცნო რუსი უფლისწული, ვლადიმირ-სუზდალის მთავრის, ანდრია ბოგოლიუბსკის ვაჟი იური, ნოვგოროდიდან ბიძის, ვსევოლოდ დიდბუდის მიერ გამოძევებული და ჩრდილოეთ კავკასიაში, ყივჩაყებში, ქალაქ სუნჯას შეფარებული. მართლმადიდებელი რუსეთის ავტორიტეტი დიდი ყოფილა საქართველოში. დარბაზმაც ერთნებაობით გადაწყვიტა: მოეწვიათ იური, ანუ გიორგი რუსი. სამოციქულოდ თბილელი დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი შეარჩიეს. შესახედავად გიორგი რუსი რიურიკთა გვარისა, მშვენიერი აღნაგობისა ყოფილა. ერი და ბერიც მოხიბლულა. ამას თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღიარებს. მოვიდა სასიძო: “…მოყმე სახე-კეკლუცი, სრული აღნაგებითა და მჭურეტთაგან საჩენი გუარისშვილად”.

გაიმარჯვა სამეფო კარზე რუსი უფლისწულის მომხრეთა დასმა, რომელიც თამარის სურვილის გათვალისწინებით მაინცდამაინც თავს არ იწუხებდა და საქმის მოგვარებას მისი გამზრდელი მამიდის, რუსუდანის დაყოლიებით ცდილობდა. დაობლებული თამარისთვის ახლა ყველაზე ახლობელი და შინაური სწორედ რუსუდანი იყო. თვით რუსუდანი ერთ დროს ერაყის სასულთნოს რძალი – სულეიმან შაჰის ცოლი ქმრის დაღუპვის შემდეგ, 1161 წლიდან საქართველოში დაბრუნდა. ერთი სიტყვით, კულუარებში ყველაფერი “მოაგვარეს” და “პატრიარქმან, დიდებულთა, ვაზირთა და სპათა, – მოახსენეს თამარს და მათგან ნებადაურთავი განამზადეს ქორწილი”. ერთი პირობა თამარი გაოგნდა და აღშფოთდა კიდეც ასეთი თავნებობით, მაგრამ საბოლოოდ კატეგორიულ უარს ვერ ამბობს და რუსი უფლისწულის გასაცნობად დროს მოითხოვს. საკითხს ასე აყენებს: როგორ შეიძლება საქმის ასე გადაწყვეტა? – “არა ვიცით კაცისა ამისა უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მხედრობისა, არცა ბუნებისა და არცა ქცევისა”… ბოლოს და ბოლოს, დაჰყვა თამარი მოვალეობას, უფრო ბედისწერას, დარბაზის ერთნებაობას, მამიდის რჩევას და “თვინიერ ნებისა თამარისა ყვეს ქორწილი”.


მეხი… ზეობის ჟამს

…მემატიანენი ფრთხილად ეკიდებიან და ფრთხილადვე ეჭვს გამოთქვამენ ამ ქორწინების სვე-ბედნიერებაზე.
როგორც მხედარს, გიორგი რუსს მაინცდამაინც არაფერი გაუფუჭებია. მისი მეთაურობით ქორწინებიდან მეორე წელსვე, 1186 წლიდან მცირე ბრძოლებში ქართველთა ჯარმა ორი წლის განმავლობაში წარმატებებსაც მიაღწია – კარის, კარნიფორის, გელაქუნის, შამელთა წინააღმდეგ…

და აი, უეცრად, მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა… საყოველთაო ზეობის ჟამს მეფე-დედოფლის ბუდუარიდან გამოაღწია რუსის მანკიერების ამბავმა. ორწელიწად-ნახევარი ითმენდა გაუმხელელად თამარი “ვითარცა გურდემლი”, “…იძია მრავალი ღონე განკურნებისა მისისა” და როგორც თამარის მეორე ისტორიკოსი, ბასილი ეზოსმოძღვარი დასძენს – “ვკურნებდით ბაბილონს და არა იკურნებოდა”. თამარის ორივე ისტორიკოსი აღწერს გიორგი რუსის მანკიერებებს. მათ შორის ლოთობას: “სიმთვრალეთა შინა იწყო მრავალთა საძაგელთა და უშუერთა საქმეთა ქმნად”, რომლის თქმაც კი უხერხულიაო. ერთი სიტყვით, განუზომლად სვამდა, ყველას დასანახად ეტორღიალებოდა ქალებს, იგინებოდა და ყოველგვარ სისაძაგლეს სჩადიოდა… მიუჩინეს მკურნალი, მაგრამ ამაოდ. გიორგი რუსი არავის იკარებდა, მკურნალებსა და ჭკუის მარიგებლებს ლანძღავდა და სცემდა – “…შერაცხმნილნიცა კაცნი უბრალოდ გუემნა და ასოთა ამოგდებითა ტანჯნა”.

მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო სრული ჩამონათვალი იმ მანკიერებისა, რომელიც გამოავლინა ჩრდილოელმა უფლისწულმა. უფრო საშინელი ზნეც შეიტყო ერმა და ბერმა – მამრისადმი ლტოლვაც – “უბოროტესთა პირველისათა სოდომურიცა მოიპოვა ქცევა”…
მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. როცა ეს ყველაფერი ცნობილი გახდა, ყველას ამოეწურა მოთმინების ფიალა.

განპატიჟება გიორგი რუსისა და თამარის მეორე ქორწინება 

შეიკრიბა კვლავაც დარბაზი. მატიანეში გიორგი რუსის განპატიჟებასთან დაკავშირებით შემორჩენილია თამარის სიტყვები, რომელიც მეფური ღირსების, ქალური კდემამოსილებისა და ღრმად განსწავლულობის გასაოცარი ნიმუშია: “არა ჯერ არს მის თანა დათმენა, რამეთუ შემაგინებელ არს ტაძრისა ღმრთისა. მე არ მიძლავს აჩრდილისა მრუდისა ხისასა განმართვად და უბრალოდ განვიყრი მტუერსაცა, რომელი აღმეკრა შენ მიერ”.

გაძევებული გიორგი რუსი ზღვამდე მიაცილეს, ჩასვეს ხომალდში, გაატანეს “აურაცხელი ლარი, სიმდიდრე და საჭურჭლე” და გაუყენეს საბერძნეთის გზას…
კვლავაც დაიძრა ოთხივ კუთხიდან სხივმოსილი თამარის გულისა და ხელის მთხოვნელთა ლაშქარი. უმშვენიერესი მეფექალის გულის მოგება ეწადათ იერუსალიმის სამეფოს, ანტიოქიისა და ედესის სამთავროების წარჩინებულთ. აღმოსავლეთიდან მობრძანდა შირვანშაჰი აღსართანი, განსწავლულობითა და სიმდიდრით ცნობილი მუსლიმი მზად იყო ქრისტიანობა მიეღო. იწყინა ქართველთა სამეფო კარმა: ვითარ გაბედაო ვასალმა და ყმადნაფიცმა სურვილის გამჟღავნება…

საარაკო გახლდათ თამარის სიყვარულით გახელებული მუსლიმის, არზრუმის სულთნის, მუტაფრადინ სალდუხის ძის ამბავი. არად მიაჩნდა სჯულის გამოცვლა, საბოძვარიც უხვად გასცა მეფექალის ხელის საძიებლად მოსულმა. ბევრი გულშემატკივრობდა კიდეც უსამანოდ შეყვარებულ სულთანს. არც ის ჩათვალეს თამარის ღირსად… თუმცა კი თამარის ნახევარდა (გიორგი მესამის უკანონო შვილი), მშვენიერი რუსუდანი შერთეს ცოლად, მზითევიც უხვად გაატანეს და ისე გაისტუმრეს (თამარის ღვიძლი და კი, რომელსაც ასევე რუსუდანი ერქვა, ოს უფლისწულზე გაათხოვეს, მალე დაქვრივდა და სამშობლოს დაუბრუნდა). ბიზანტიელი უფლისწულნიც – იმპერატორ მანუელ პირველის მემკვიდრე ანდრონიკე, მანუელისვე უკანონო შვილი ალექსი და სხვა მრავალი გულდამშვიდებით ვერ უყურებდნენ თამარის სილამაზესა და გონიერებას.
სხვაც არაერთი ეტრფოდა უიმედოდ თამარს. უმშვენიერესი ლეგენდის სახით შემორჩენილა თამარისადმი ქართველთათვის ყველა დროის გენიის, შოთა რუსთველის გაუმხელელი და უნუგეშო ტრფობის ამბავი და თვით განუმეორებელი “ვეფხისტყაოსნის” მიძღვნა მეფეთ მეფისადმი. ლეგენდის ერთი ვერსიით ხომ სწორედ ამ უნუგეშო სიყვარულმა გადახვეწა პალესტინაში რუსთველი.

…თამარის გული დავით სოსლანმა დაიპყრო, ქართველთა მეფის, გიორგი პირველის შთამომავალმა და ბაგრატიონთა ოსეთში გადახვეწილი შტოს წარმომადგენელმა. როგორც კავკასიის არაერთი ქვეყნის უფლისწული, პატარა დავითიც საქართველოში იზრდებოდა და იწვრთნებოდა. იზრდებოდა იგი იკონიის ანუ რუმის სასულთნოს ყოფილი დედოფლის, გიორგი მესამის დის, რუსუდანის ზედამხედველობის ქვეშ, თამართან ერთად და როგორც ჩანს, გაუბედავი და წმინდა სიყვარულის პირველი სხივები სწორედ ყმაწვილობიდან იღებდა სათავეს…
1188 წელს თამარმა და დავით სოსლანმა დიდუბის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი.

უბედური რუსის ბოლო გაბრძოლება

…გაძევებული გიორგი რუსი ოპოზიციონერ ქართველ დიდებულთა სათამაშო ტიკინად იქცა. პირველად იგი 1191 წელს შემოვიდა ტაო-კლარჯეთთან და შავშეთთან. მომხრენიც გამოუჩნდნენ – ამ მხარის პატრონი გუზანი, სამცხის სპასალარი ბოცო, ვარდან დადიანი ლიხთიქითა საქართველოდან. სერიოზული ძალა შეიკრიბა – მთელი დასავლეთი და სამხრეთი საქართველო. ბევრს ეცადა თამარი, არ დაეღვარა მოძმეთა სისხლი და მშვიდობიანად მოეგვარებინა ურთულესი პრობლემა, მაგრამ მეამბოხეები ლიხთაქეთაც გადმოიჭრნენ და გორი-ნაჭარმაგევამდე მოარბიეს სოფლები, სამცხეშიც გააჩაღეს ცეცხლი. მშვიდობა აღარ გამოვიდა. თამარის მხედრობამ დაიცვა სამეფო ტახტი… მაგრამ კვლავ იჩინა თავი მეფექალის ლმობიერებამ და ჰუმანურობამ – თამარმა ყველას შეუნდო, ქმარყოფილი გიორგი რუსიც გაათავისუფლა და “მისსა სვეუბედურსა გზასა გაემართა”.

…არ მოასვენა გამჩენმა უბედური რუსი. “აფრააწყვეტილი ნავივით ბორიალობდა”… 1193 წელს კვლავ გამოემართა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. ამჯერად რანის ათაბაგის ჯარებით კამბეჩოვანში (ქიზიყში) შემოჭრილა, მაგრამ ხორნაბუჯის პატრონმა საღირ მახატელის ძემ თავის სამ ძესთან ერთად მცირე ლაშქრით ისე დაამარცხა წერასატანილი რუსი, რომ მეფე თამარისთვის მაშველი ძალაც არ უთხოვია… 1193 წლის მიწურული იყო. …თამარის დევნილი ნაქმარევი კვლავ გადაიხვეწა, უკვე საბოლოოდ… ასე დასრულდა დაუდგრომელი უბედური რუსის უბედური ეპოპეა.

თამარის ორივე ისტორიკოსი გიორგი რუსის შესახებ “ჭირმა თავი არ დამალას” პოზიციიდან მოგვითხრობს. უღირსი სიძის ავ საქმეთაგან მხოლოდ ისაა თქმული, რაც ამჯერად წარმოგიდგინეთ. სხვა ისტორიულ მასალებში ასევე ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ გაძევებული უცხოტომელის უგვანო საქციელს. გვიანი პერიოდის მხატვრულ ნაწარმოებებშიც კი ისე აღწერენ წმინდანად შერაცხული მეფეთ მეფის ცხოვრების ამ ორ-ნახევარ წელიწადს, რომ თამარის სახელს ოდნავი ჩრდილიც არ მიადგეს… რაც შეეხება ფანტაზიამოძალებულთა წარმოსახვებს გიორგი რუსის ფარშავანგებითა და კრუხებით “გატაცების” გამო, რას ვიზამთ, ადამიანის გონებას მართლა არ ჰქონია “სამანი”…

ჯერ იყო შამქორი…

ქალ-ვაჟი შეეძინა თამარს და დავით სოსლანს. ვაჟს გიორგი დაარქვეს, პაპის სახელი, მეორე სახელიც დაურთეს, ლაშა ანუ “მანათობელი ქვეყნისა”. ქალიშვილს (პირისახით დედის მსგავსს) რუსუდანი უწოდეს, თამარის აღმზრდელი მამიდის სახელი. ურიცხვი მოწყალება გაიღეს…

კვლავ განმრავლდა გამარჯვებანი. იძლივნენ მუსლიმნი, უფრო გონიერებმა ყმადნაფიცობა, თამარის მფარველობის ქვეშ ყოფნა ირჩიეს. მათ შორის შირვანშაჰი აღსართანიც იყო, შირვანის მფლობელი და ერთ დროს თამარის თაყვანისმცემელი. აღსართანს და მის სიძეს, ამირ-მირანს თურქებმა შემოუტიეს. სათავეში ადარბადაგანის მფლობელი აბუბაქარი ჩაუდგათ. მრავალი სასულთნო-საამირო მიიმხრეს, ბაღდადის ხალიფაც მფარველობდათ… დღიდან თამარის გამეფებისა, მუსლიმთა ყველაზე დიდ კოალიციასთან უწევდათ ქართველთ ხმალთაკვეთა. თამარმა ბრძანა ლაშქრის შეყრა. მიმოიხილა საომრად გამზადებულნი, გაამხნევა: “ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი სიმრავლითა მათისათვის და სიმცრისა თქუენისა”… გამორჩეულად დიდი ბრძოლების წინ თამარი ფეხშიშველი მიეახლებოდა ხოლმე ტაძარს, მოილოცავდა და შეავედრებდა ლაშქარს. ამჯერად მეტეხის ტაძარს მიეახლა…

შამქორთან მოხდა მუსლიმთა ზღვისა და ქართველთა ბობოქარი მდინარის შერკინება 1195 წელს. დავით სოსლანი მეთაურობდა ქართველთა ლაშქარს. ზერდაგ (ანუ შავ-ყვითელ) ცხენზე შეჯდა მეფეო, – მოგვითხრობს მემატიანე. იმასაც დასძენს, ვახტანგ ხაჩენელისგან ერთი ციხისა და სოფლის ფასად შეუძენია მართლაცდა ზღაპრული მერანი…

სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. ხალიფას წარმოგზავნილი ღაზო ანუ მეწინავე დროშა ამხნევებდა თურქთ. შეავიწროეს კიდეც ზაქარია და ივანე მხარგრძელების მოლაშქრენი. მაგრამ აი, მოულოდნელად, გაალმასებით შემოიჭრა დავითი თავისი მხედრობით. წინ მრავალბრძოლაგადატანილი გორგასლიანი დროშა მოუძღოდათ. თავზარი დაეცა თურქებს. ულმობლად ჩეხეს დუშმანი ქართველებმა. ერთი შეჰკივლა საზარლად შალვა ახალციხელმა და ხმალდახმალ გადაეშვა ბრძოლის მორევში, უკან კი თურქთა მეწინავე დროშით გამობრუნდა. გატყდნენ თურქები, უკუიქცნენ. განძამდე სდიეს ქართველებმა, შემდგომ გელაქუნიც აიღეს: “დაათვრნეს ისარნი სისხლითა და ხრმალნი ჭამდეს ხორცთა მტერთა მათთასა”… ხალიფას უძლეველობის დროშა მიართვეს თამარს, – ფერხთით დაუდეს. თამარმა კი “დროშა იგი ხალიფასი, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზავნა ესე მონასტერსა დიდსა წინაშე ხახულისა ღმრთისმშობლისასა”, – გვაუწყებს “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”.

სახელიანი ბრძოლები და ლაშქრობანი დაუსრულებლივ გრძელდებოდა. განძას გელაქუნი მოჰყვა, მერე ამბერდი, ბიჯნისი, დვინი შემოიერთეს. მოარბიეს ხლათის შაჰარმენთა სასულთნო, არჭეში, მანასკერტი…

შემდგომ იყო ბასიანი…

XIII საუკუნის პირველი წლებია. თამარის ბრძნული პოლიტიკით, რომელიც ნაზავი გახლდათ სიძლიერის, სიმტკიცის, სათნოებისა და შემწყნარებლობისა, კიდევ უფრო შორს განიტყორცნა საქართველოს დიდება. შამქორის ბრძოლიდან შვიდი წელი გასულიყო. ამ ხნის მანძილზე ქართველებმა სამხრეთით თურქებს მრავალი ქალაქი და ციხე წაართვეს. ზოგი შემოიერთეს, ზოგის ყმადნაფიცობას დასჯერდნენ. თურქების სასულთნო-საამიროები და სრულიად მუსლიმანური სამყარო კვლავ განემზადა საქართველოს წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობისთვის. მოთავე რუმის სასულთნო გახლდათ (სულთანი რუქნადინი).

ისტორიულ წყაროებსა თუ ლიტერატურულ თხზულებებში მრავალჯერ აღწერილა ყველა ქართველისთვის საამაყო ბასიანის ბრძოლა. 400-ათასიანი ლაშქარი შეკრიბა და თამარს მოციქული აახლა კადნიერი წერილით, რომელმაც სიტყვიერადაც გადასცა სულთნის დანაბარები: “უკეთუ მეფემან თქვენმან დაუტევოს სჯული, იპყრას სულთანმან ცოლად და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულთნისა”. ამ სიტყვების ბაგეთაგან ამოსვლისთანავე ზაქარია მხარგრძელმა “უხეთქა ხელითა პირსა” და ელჩი მკვდარივით დაეცა. მოსულიერების შემდეგ კი მიმართა: “თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენისა აღმოკუეთა იყო შენი სამართალი და მერმედა თავისა”. სულთნის ელჩი განზრახ დააყოვნეს. ამასობაში ლაშქარი შეკრიბეს, ქართველთა ჯარი დავით სოსლანის მეთაურობით დაიძრა ბასიანისკენ. თამარმა ჯარი თავადვე გააცილა, შემდეგ სამცხისკენ შემობრუნდა, მოვიდა ოძრხეს და იქ მთელი ღამე ლოცულობდა.

რუქნადინი არ ელოდა ასეთ შემოტევას და თავი ციხესიმაგრისთვის შეუფარებია. დავით სოსლანის ლაშქარმა იოლად სძლია ციხეში შეფარებულ მტერს. ძირითადი ბრძოლა კი ბასიანის სანახებში გაიმართა. აქაც იმამაცა ქართველთა უპირველესმა სარდალმა. მის თავდადებას შალვა ახალციხელის, ზაქარია და ივანე მხარგრძელების საარაკო სიმამაცე დაემატა და რუქნადინის ლაშქარი გააცამტვერეს. ცნობილი ფაქტია, რომ ტყვედ ჩავარდნილი რუქნადინის ძმა ჯორის ერთ ნალში გაუცვალეს მტერს ქართველებმა. ამ გამარჯვებებით და ბიზანტიის შესუსტებით ისარგებლეს ქართველებმა. დალაშქრეს შავი ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთით ქართული ტომებით დასახლებული ოლქები და აქ შექმნეს საქართველოს გავლენის ქვეშ მყოფი ტრაპიზონის იმპერია.

1204 წლისათვის ქართველები სამხრეთის სამანებში კარს (ყარსს) მიადგნენ და ალყაში მოიქციეს. მეციხოვნენი უშვერი სიტყვებით “ამკობდნენ” ქართველებს. როგორც ჩანს, ესეც მათი ბრძოლის “ხერხი” იყო. კარელებს გამოელიათ სურსათი, წყალი. დანებებასაც ფიქრობდნენ, მაგრამ ეშინოდათ “გადმოფრქვეული” ავსიტყვაობის გამო. ასეთ დროს ულმობელი იყო დავით სოსლანი. კარელებმა შემოთვალეს, იარაღს დავყრით და ქალაქს ჩაგაბარებთ, თუ თვით თამარი მობრძანდებაო. მისი განთქმული გულმოწყალების იმედი ჰქონდათ. თამარმა მართლაც შეიწყალა ძლეულნი, 11 წლის ლაშაც იახლა თან და ჩაიბარა დედა-შვილმა კლიტენი ქალაქისანი…

ზეიმი სუფევდა მთელ ქვეყანაში, სრულიად საქართველოში, მაგრამ ამ სიხარულს თამარისა და ქვეყნისთვისაც დიდი მწუხარება მოჰყვა. 1205 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა დავით სოსლანი… ღირსეულად მიუჩინეს საუკუნო განსასვენებელი ქართველ მეფეთა საძვალეში, გელათში. თამარმა იმავე წელს თანამესაყდრე მეფედ თორმეტი წლის ლაშა გიორგი დაისვა.

აღსასრული და… საფლავი თამარისა

კიდევ უფრო გაძლიერდა სახელი და დიდება იმდროინდელი საქართველოსი. დავით აღმაშენებლის დროს დაწყებული აღმასვლა ქვეყნისა თამარმა განასრულა. სამწუხაროდ, უდროოდ აღესრულა მისი ლამაზი სიცოცხლეც. ტრადიციული თარიღი თამარის გარდაცვალებისა 1213 წელია. ასახელებენ 1207 და 1210 წელსაც. მემატიანემ მზექალის ამაქვეყნიდან გარდასვლის განსაცვიფრებელი ამბავი შემოგვინახა. ჯერ ისევ პირმშვენიერსა და ახალგაზრდას მოეძალა უცხო სენი, არავის უმხელდა, მარტო ებრძოდა და ერთხანს სძლია კიდეც. ბოლოს კი, როცა იგრძნო აღსასრულის მოახლოება, “არ ინება სიკვდილი სარეცელზე”. აგარის სამეფო ციხე-დარბაზში მყოფი სამეფოდ აღიკაზმა, ტახტზე დაბრძანდა და შვილნი და დიდებულნი მოიხმო.

ასე მიმართა მისი ფერდაკარგული სახის ხილვით გაოგნებულთ, – მოწამე ხართ, თქვენთვის არაფერი დამიკლია, “ვიდრე განგებისა, ღმერთისათა ვიყავ თქვენ ზედა მეფედ. აწ მეცა წავალ მამათა ჩვენთა თანა გზასა უცხოსა. გევედრები ყოველთა, რათა მარტოს კეთილსა შინა იყვნენ მახსენებელი ჩემდა. აჰა, ესერა მკვიდრად სახლისა ჩემისა დაგიტევენ… შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან… მაგათ აღმოგიკვეთონ დაკლებული ჩემი…” შემდგომ ამისა, უფალს შეავედრა საქართველო, მერე მოდგმა ადამთა, შვილნი და სულ ბოლოს – სული თვისი… მშვიდად დაითხოვა სასახლეში მყოფნი, მარტო დარჩენა ისურვა და ტახტზე მჯდომარემ “დაიძინა ძილითა მართალითა”…

ისტორიულ წყაროებში მრავალგზის აღუწერიათ, გელათის ტაძარში დაკრძალეს თამარიო… თავდაპირველად, მცირე ხნით, მცხეთას დაუსვენებიათ, შემდგომ კი გელათში, სადაც ახლაც არსებობს მისი სახელობის ეკვდერი (თუმცა კი ექვთიმე თაყაიშვილს ეს ეკვდერი გაუთხრია, საფლავი კი ცარიელი აღმოჩენილა). ლამის თამარის გარდაცვალებიდანვე მოდის ლეგენდათა მთელი წყება მზეთამზის საიდუმლო დამარხვის შესახებ. იქნებ ყველაზე ახლოს სინამდვილესთან ფრანგი დებუას წერილი იყოს, რომელშიც ვკითხულობთ: “მიემართება 15 წლის ჭაბუკი მეფე და მიასვენებს დედამისის ძვლებს”. თამარს ანდერძად – იერუსალიმს დამკრძალეთო, დაუბარებია.

ლაშა-გიორგისაც ხომ შეეძლო ლაშქრის თანხლებით წაესვენებინა დედის ნეშტი. მით უმეტეს, იგი დიდხანს ემზადებოდა პალესტინაში სალაშქროდ. ვინ იცის, იქნებ ბიზანტიის იმპერატორის ან ეგვიპტელი მამლუქების დახმარებითაც შეძლო ლაშა-გიორგიმ საიდუმლოდ აღესრულებინა დედის ანდერძი. ვინ იცის, იქნებ პალესტინის რომელიმე ქართულ სავანეში განისვენებს მეფე თამარი…

ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა და მისი მოხსენიების დღედ 14(1) მაისი დააწესა.

ავტორი: ნოდარ შოშიტაშვილი
წყარო: ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი” & kvirispalitra.ge