loading...

«

»

დეკ 25

აკაკი კვანტალიანი

ცნობილი ქართველები: აკაკი კვანტალიანიმან გვიან დაიწყო მსახიობობა, მიხვდა, რომ ეს საქმე მისი იყო და ბოლომდე უნდა გაჰყოლოდა. 1907 წლის 27 დეკემბერს დაიბადა, სამტრედიაში. 1925 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, ამავდროულად ბავშვობიდან გამოყოლილ ოცნებას თავისებურად ასხამდა ფრთებს, – თბილისის მუშათა თეატრში წარმოდგენებში მონაწილეობდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ცოტა ხანს “ფილოლოგობდა” (სანდრო ჟორჟოლიანის მსგავსად), მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს სფერო ისე არ იტაცებდა. 1928 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კინოშიც სცადა ბედი და გამოუვიდა კიდეც. მაყურებელმა ძალიან შეიყვარა აკაკი კვანტალიანი. მის მიერ გასახიერებული როლები კი დღემდე დაუვიწყარია.

“უდიპლომო სასიძო”, “აბეზარა”, “პიერი, მილიციის თანამშრომელი”, “ჩვენი ეზო”, “მაია წყნეთელი”, “გიორგობისთვე”, – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, სადაც აკაკის უთამაშია და დაუვიწყარი სახეები შეუქმნია. კიდევ იყო ერთი, ვაჭარი “მაგდანას ლურჯადან”, რომელიც თავად აკაკის არ უყვარდა. გადაღების დროს მართლა გულით განიცდიდა, რომ ბოროტ კაცს თამაშობდა და ქვრივ-ობოლს მარჩენალს ართმევდა. ბუნებით კეთილს, უჭირდა გულქვა ადამიანის თამაში.

საოცარი კომიკოსი იყო. ყველასათვის საყვარელ ფილმში “უდიპლომო სასიძო” უკმაყოფილო სიმამრის როლი ბრწყინვალედ შეასრულა. დრო ადრინდელ კომიკურ სიტუაციას და ეპიზოდს ხშირად ანელებს, – რაც ადრე სასაცილო იყო, ათეული წლის მერე იმდენად კომიკურად აღარ გვეჩვენება, მაგრამ კვანტალიანის უბადლო შესრულებამ დროს გაუძლო და მაყურებელი დღესაც გულიანად ხარხარებს, როცა ხედავს შიშისგან გაფართოებულ მის თვალებს, ხატი რომ “თვალს უპაჭუნებს”, ან მანდარინით სავსე გოდორი დაცლილი რომ ხვდება და ენა ებმის, ან სამძახლოსგან გამოქცეული მთვრალი გუბეს რომ ახტება… არა, მართლაც შეუძლებელია, ამაზე თავი შეიკავო, თუნდაც ბევრჯერ გქონდეს ნანახი.

ისეთი კეთილი იყო, მასზე ლეგენდები დადიოდა. პარტიული მუშაკები პატივს სცემდნენ, მაგრამ ხშირად ემალებოდნენ და გაურბოდნენ, რადგან იცოდნენ, ცენტრალურ კომიტეტში აკაკი კვანტალიანი ტყუილად არ მივიდოდა, მას თავისთვის კი არა, სხვისთვის უნდა ეთხოვა რამე.

ერთხელ გაუგებრობაში მოხვდა ერთი აზერბაიჯანელი ბიჭი. იგი იმ ქალის შვილი გახლდათ, რომელსაც დილაობით აკაკისთან მაწონი მიჰქონდა. საწყალმა ქალმა ტირილით უამბო, რომ იმ ჩხუბში, სადაც ერთ-ერთი დაჭრეს კიდეც, მისი შვილი სრულიად შემთხვევით მოხვდა, დამნაშავის ნაცვლად კი მის ბიჭს სტაცეს ხელი და ციხეში უკრეს თავი. კვანტალიანმა იმ დროს შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, გრიგოლ აბაშიძეს დაურეკა და დახმარება სთხოვა, მაგრამ მისგან უარი მიიღო. გადაირია აკაკი, ვისთან აღარ  მივიდა, მაგრამ ყველა ისევ გრიგოლთან აგზავნიდა. აკაკიც ხშირად აკითხავდა აბაშიძეს და უხსნიდა, დაკავებული არაფერ შუაშია, უნდა გაათავისუფლოთო. ბოლოს, კვანტალიანი ყოველ დილით, ზუსტად 7 საათზე, ურეკავდა გრიგოლს, ბიჭის სახელს ეტყოდა – “აგაჯანა” და უკიდებდა ყურმილს. იმდენი ქნა, 6 თვის შემდეგ გამოაშვებინა.

საშინლად არ უყვარდა (და არც აღიარებდა) კომპარტია. არც არასოდეს გასჩენია სურვილი, პარტიაში შესულიყო. ერთხელ ძლივს გადაურჩა  სკანდალს – მჟავანაძესთან “ჩაუშვეს”, პოლიკარპე კაკაბაძის “ცხოვრების ჯარში” შენ გთამაშობს და დაგცინისო. ისე, გარეგნობითაც ჰგავდა კომპარტიის ლიდერს, თამაში კი, იცოცხლე, კარგად გამოსდიოდა და მეტი რა უნდოდათ ჩასაფრებულ ადამიანებს!.. მაგრამ მაშინ იოლად გადარჩა “დასჯას”. ვასილ მჟავანაძე დიდად აფასებდა ხელოვან და ნიჭიერ ხალხს, კვანტალიანიც მის რჩეულ მსახიობებს შორის იყო.

ხომ ასე უყვარდა სხვების დახმარება, საშინლად აღიზიანებდა ე. წ. მაღარიჩები. მისთვის გულით ნათქვამი მადლიერი სიტყვები ათას საჩუქარზე მეტი იყო ყოველთვის. ერთხელ ვიღაცას დახმარებია თბილისში ჩაწერაზე. იმას კი სამაღარიჩოდ დიდი ფერადი ტელევიზორი მიურთმევია. გაბრაზდა თურმე აკაკი, კიბეზე დააგორა ის კაცი თავის ტელევიზორიანად.

ლხინი, ქორწილი და თამადობა ისე უყვარდა, მძინარე რომ გაეღვიძებინათ, რაც უნდა დაღლილი ყოფილიყო, მაშინვე წამოხტებოდა და გარბოდა იქ, სადაც ელოდნენ.

ძალიან უყვარდა კიტრი და მწვანილეულობა. ბაზარში რომ წავიდოდა, კიტრს მთელი კვირის მარაგს იყიდდა და მერე სულ ახრამუნებდა. მსახიობები იცინოდნენ, აკაკი ძილშიაც კი კიტრს ახრამუნებსო.

ჰყავდა ცოლ-შვილი, ვისითაც ყოველთვის ამაყობდა… და ჰყავდა და, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მას. ერთხელ, მსახიობები ქეიფობდნენ. აკაკი ვასო გოძიაშვილის გვერდით იჯდა. გადაწყვიტა, ვასოს გახუმრებოდა და უთხრა: ცოტა ხანს გავალ და 5 წუთში შემოგიერთდებითო. მართლაც გავიდა თუ არა, მალევე დაბრუნდა და მიუჯდა გოძიაშვილს. მაგრამ აკაკი კი არა, არამედ მისი და, რომელსაც აკაკიმ თავისი ტანსაცმელი ჩააცვა და კაცივით გამოაწყო. მთელი ერთი საათის განმავლობაში გოძიაშვილი ისე ეჭუკჭუკებოდა “აკაკის”, რომ ეჭვიც არ შეჰპარვია მასში. კარი რომ გაიღო და მართლა აკაკი შემოვიდა, გოძიაშვილს პირი დაუღია, კარგა ხანს თვალებს იფშვნეტდა, ლოყაზეც იჩქმიტა, ხომ არ მელანდება ორი კვანტალიანიო? კვანტალიანი მართლაც ორი იყო, მაგრამ ერთი მსახიობის და გახლდათ, მეორე თავად მსახიობი.

აკაკი კვანტალიანს დამსახურებულად ერგო წოდება საქართველოს სახალხო არტისტისა. იგი მართლაც სახალხო იყო, ყველას უყვარდა, ყველა პატივს სცემდა… აკაკი კვანტალიანი 1967 წელს გარდაიცვალა.

 

 

ავტორი: მარინა ბაბუნაშვილი

წყარო: kvirpalitra.ge