loading...

«

»

დეკ 25

საახალწლო სახიფათო თამაშები

ახალი წლის დადგომასთან ერთად თბილისის ბაზრობაზე საახალწლო პიროტექნიკა გაჩნდა, ქუჩაშიც შესამჩნევია საახალწლო ”მაშხალების” აფეთქების ხმა. მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია, თუმცა, თბილისის კლინიკების ინფორმაციით, საახალწლო  პიროტექნიკის შედეგად დაზიანებული პირები სწორედ ბავშვები არიან. ქვეყანაში არ არსებობს პიროტექნიკის რეალიზაციის მარეგულირებელი ორგანო.

თბილისის ბაზარი საახალწლო პიროტქენიკის ფართო სპექტრს სთავაზობს მოსახლეობას. მათი ფასი 10 თეთრიდან 100 ლარამდე მერყეობს. ფასი ტექნიკის ხარისხსა და ფორმაზეა დამოკიდებული. ეგრეთ წოდებული ბომბაჩკები 10 თეთრი ღირს, ხოლო მაშხალებისა და ”სალუტების”  ფასი 20 -დან 40 ლარამდე მერყეობს. არსებობს შედარებით იაფი მაშხალებიც. რაც შეეხება ფოიერვერკებს, მათი ფასი 70 ლარიდან 100 ლარამდეა. 
საახალწლო პიროტექნიკაზე მინიშნებულია, რომ მათი გამოყენება არ შეიძლება 18 წლამდე ასაკის პირთათვის. თბილისისის ”ბაზრობაზე” “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მხოლოდ უსაფრთხო პიროტექნიკას ჰყიდიან ბავშვებს, რომელსაც აფეთქებისას დიდი ხმა არ აქვს და მათი დაზიანების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.
”ასეთ ნაწარმზე არც არის მითითებული, რომ 18 წლამდე პირთათვის მათი მიყიდვა არ შეიძლება, ეგრეთ წოდებულ ყუმბარას ბავშვს როგორ მივყიდი, გამაყრუებელი ხმა აქვს, არც დიდი სიმძლავრის მაშხალების ყიდვის უფლებას ვაძლევ მათ”-ამბობს ერთ-ერთი რეალიზატორი.
თუმცა სხვაგვარად საუბრობენ თავად ბავშვები. დათო 11 წლისა და ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ არასდროს პრობლემა არ შექმნია  ”მაშხალის” შეძენისას, მისი მეგობარი გიგი კი, რომელიც ასევე 11 წლისა, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როდესაც რეალიზატორმა უარი უთხრა მაშხალის შეძენაზე.
” მე ეგრეთ წოდებულ ყუმბარებსაც ვყიდულობ, პატარა ”ბომბაჩკების” აფეთქებას აზრი არ აქვს, თან ყუმბარები იაფია, მათი შეძენა 2 ლარად შეიძლება” -ამბობს დათო.
ის, რომ საახალწლო პიროტექნიკას უპრობლემოდ სწორედ მოზარდები ყიდულობენ, ის მონაცემებიც ადასტურებს, რომელზეც “ნეტგაზეთთან” თბილისის მასშტაბით არსებული რამდენიმე თვალის კლინიკა საუბრობს.
ექიმი ოფთალმოლოგი საშა ალექსიძე აღნიშნავს, რომ წელს ასეთი შემთხვევა კლინიკა “ოპტიმედში” არ დაფიქსირებულა, რადგან ამ მხრივ აქტიური პერიოდი 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდეა. თუმცა ექიმი იხსენებს წინა წლის შემთხვევებს, როდესაც საახალწო პიროტექნიკით თვალის დაზიანების 15 მიმართვა დაფიქსირდა, ძირითადად, მოზარდების მხრიდან.
”მძიმე დაზიანებები ნამდვილად არ ყოფილა, სხვადასხვა ხარისხის დამწვრობის შემთხვევები იყო”.
დამწვრობის ხუთი სტადია არსებობს, ბატონი საშა განმარტავს რომ მის პრაქტიკაში პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობები დაფიქსირდა, რაც ქუთუთოსა და რქოვანის დამწვრობით გამოიხატება.
”ნიუ ჰოსპიტალსი”, რომელიც ეროვნული ოფთალმოლოგიური ცენტრის ბაზაზე არსებობს, 24–საათიანი რეჟიმით მუშაობს. გადაუდებელი შემთხვევების დროს სწორედ მათთან მიჰყავთ საახალწლო პიროტექნიკის შედეგად დაზიანებული პირები.
კლინიკის ადმინისტრაციული მენეჯერი ნინო ჭუმბურიძე აღნიშნავს, რომ მიმართვიანობა საკმაოდ ხშირია ამ კუთხით, თუმცა ზუსტი ციფრის თქმა არ შეუძლია:
”წელსაც იყო მსგავსი შემთხვევა, ერთი კვირის წინ 8-9 წლის ბავშვი მოიყვანეს შეტრუსული წარბებით და წამწამებით, რომელსაც მორიგე ექიმმა შესაბამისი დამხარება აღმოუჩინა”. ექიმი ოფთალმოლოგი რამაზ ცინცაძე იმ შესაძლო თვალის დაზიანებებზე საუბრობს, რაც საახელწლო პიროტექნიკამ შეიძლება გამოიწვიოს.
”თვალის ამ ტიპის დამზიანებელმა, როგორიცაა მაშხალა, შეიძლება გამოიწვიოს თვალის ქსოვილების როგორც დამწვრობა, ასევე ეგრეთ წოდებული დარტყმითი დაზიანება, ანუ კონტუზიური დარტყმა და თვალის ქსოვილები დაზიანდეს.”
ბატონი რამაზი განმარტავს, რომ თვალის დანამატი ორგანოების დაზიანება, როგორიცაა ქუთუთო, შესაბამისად, მისი დამწვრობა ან სისხლჩაქცევა შედარებით მსუბუქ დაზიანებად განიხილება, თუმცა დამწვრობის ხარისხსაც გააჩნია. დაზიანება სერიოზულია, როდესაც თვალის კაკალი ზიანდება და კაკლის მთლიანობა ირღვევა. ექიმი ოფთალმოლოგი ამბობს, რომ ეს ყველაზე სერიოზული შემთხვევაა.
”შესაძლებელია, ამ პროცესებმა თვალის ბადურის ჩამოშლა გამოიწვიოს, რასაც მხედველობის აბსოლუტური დაკარგვა მოსდევს”. თუ დამწვრობა ზერელეა, პაციენტს მისი მკურნალობა მინიმუმ 50 ლარი უჯდება, ხოლო სერიოზული დაზიანების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებმა შესაძლოა 1000 ლარსაც გადააჭარბოს, რადგან სერიოზული დაზიანების მკურნალობისას ოპერაცია აუცილებელია. ოპერაცია არ არის ყოველთვის შედეგიანი, თუმცა, ძირითადად, პაციენტისთვის მხედველობის შენარჩუნება ხერხდება.
თვალის დაზიანება არ არის ერთადერი, რაც საახალწლო პიროტექნიკის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვის. 11 წლის დათო და გიგა რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ, როდესაც მათმა მეგობრებმა თითი დაკარგეს:
” 16 წლის ბიჭმა ხელში რამდენიმე პატარა მაშხალა აიფეთქა, ხელი სულ გაუშავდა და თითი დაკარგა, ასეთ მეთოდებს, ჩემი დაკვირვებით, თავის მოსაწონებლად აკეთებენ, რომ აი, მე შემიძლია ამის გაკეთება, არ მეშინია”.
მოზარდები ამბობენ, რომ  ხშირია შემთხვევები, როდესაც ”ბომბაჩკა” არ ფეთქდება და ამიტომ ხელახლა იღებენ შესამოწმებლად, ამ დროს კი მომენტალურად შეიძლება აფეთქდეს, რაც ხელის დაზიანებებს იწვევს.
მომხმარებელთა ფედერაციის დირექტორი მადონა კოიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები ეტიკეტზე დატანალი მოხმარების წესების არასრულფასოვნებით და პიროტექნიკის რეალიზაციასთან დაკავშირებული კონტროლის უქონლობით არის გამოწვეული.
თბილისის ბაზარზე საახალწლო პიროტექნიკა ძირითადად ჩინეთიდან შემოდის. დღესდღეობით იყიდება ისეთი მაშხალები, რომლებზეც მოხმარების წესები ქართულად არის დატანილი, თუმცა ბაზარზე ასევე უხვად მოიპოვება ისეთი საქონელი, რომელზეც ინფორმაცია უცხო ენაზეა.
”მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, კონსტიტუციური უფლება მაქვს, ნებისმიერი ინფორმაცია მივიღო ქართულ ენაზე. ქართულ ენაზე ინფორმაციის განთავსებას სახელმწიფოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონიც ავალდებულებს” -აღნიშნავს მადონა კოიძე.
მეორე მხრივ, მადონა კოიძე ამბობს, რომ საახალწლო პიროტექნიკის რეალიზაციის პირობებს სახელმწიფო არ აკონტროლებს: ” უკონტოლოდ ხდება რეალიზაცია, ნებისმიერი ასაკის მოზარდს შეუძლია მათი შეძენა და სწორედ ამიტომ გვყავს დაზარელებულები”.
მადონა კოიძე მიიჩნევს, რომ სიტუაციის დასარეგულირებლად ქართულენოვანი ეტიკეტის არქონის გამო საჭიროა გათვალისწინებული იყოს ჯარიმები, ხოლო  რეალიზაციის შემთხვევაში, როგორც სიგარეტის მიყიდვა არ შეიძლება გარკვეულ ასაკამდე მოზარდისთვის და ჩეკის გაცემის გამო აჯარიმებენ, მსგავსი მექნიზმი უნდა მუშაობდეს არაკეთილსინდისიერი რეალიზატორის მიმართ, რომელიც ბავშვს მიყიდის საახალწლო პიროტექნიკას.
შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი  მაკა ფანქველაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ პიროტექნიკის შემოტანა ქვეყანაში თავისუფალია,  რეალიზაციის რეგულირება კი მათი სამსახურის სფერო არ არის.  ფანქველაშვილის განცხადებით, არც ასეთი ტიპის მარეგულირებელი ორგანოს ან წესების  შესახებ ფლობს ინფორმაციას.

 

ავტორი: ელენე ხაჭაპურიძე

წყარო: netgazeti.ge