loading...

«

»

იან 18

თუთია აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და დიდი გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბავშვის გარეგნობითა და იერით ადვილად შეიძლება ამოვიცნოთ, თუ რის დეფიციტს განიცდის მისი ორგანიზმი და რომელი პროდუქტების ჩართვაა აუცილებელი მის რაციონში.

ბავშვი იმდენად სწრაფად იცვლება და ვითარდება, რომ მის ორგანიზმს მუდმივად სჭირდება სასიცოცხლო ნივთიერებებით დატვირთვა და უზრუნველყოფა.

სიცოცხლის პირველ წელს, როცა ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, მისი ორგანიზმი, დედის რძის წყალობით, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ნივთიერებითა და მინერალით. რაც შეეხება სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, მათ აქტიური, მოძრავი ცხოვრების წესი აქვთ და მოზარდი ორგანიზმისთვის დახარჯული ენერგიის კომპენსირება აუცილებელია. იმის გაგება, კონკრეტულად რა დეფიციტს განიცდის პატარას ორგანიზმი, სპეციალისტთა აზრით, სულაც არ არის რთული. საკმარისია, მშობელი ცოტა მეტი ყურადღებით იყოს და სპეციალისტის დახმარების გარეშეც მიხვდება, რისი გაკეთებაა საჭირო. 

დაუთვალიერეთ ბავშვს კანი

თუ კანი უხეშია, იოლად იქერცლება, აქერცვლის ადგილებზე აღენიშნება სიწითლე, შესაძლოა ამ შემთხვევაში ბავშვის ორგანიზმი გარკვეული ნივთიერების დეფიციტს განიცდიდეს. ძირითადად, ეს არის ცხიმებისა და A ვიტამინის დეფიციტის შედეგი. გადახედეთ ბავშვის რაციონს, შეამოწმეთ, არის თუ არა მასში საკმარისი რაოდენობის კვერცხის ცილა, კარაქი, თევზი, მწვანე და ყვითელი ფერის ბოსტნეული. თუ ბავშვისთვის კარაქის შეძენას აპირებთ, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ნატურალური იყოს. არ შეიცავდეს დანამატებს. როგორც წესი, დანამატები უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაა გათვლილი, რომლებმაც, ასაკის მატებასთან ერთად, სასურველია, შეზღუდონ ცხოველური ცხიმების რაოდენობა, რათა თავიდან აიცილონ ქოლესტერინის დონის მომატება.

ინოზიტი და იოდი

როცა კანი განიცდის ვიტამინისმაგვარი ნივთიერების, ინოზიტის დეფიციტს, სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ რაციონის კორექტირება. ეს იმას ნიშნავს, რომ პატარას საკვებში შაქრის რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. კარგია, თუ ამ დროს რაციონში ჩართავთ ნესვს, გრეიპფრუტს. აუცილებელია, კვირაში 1-2-ჯერ ბავშვმა მიიღოს ზღვის პროდუქტები, თევზეული და იოდიზირებული მარილი. თუ ეს უკანასკნელი რეგულარულად იქნება პატარას კერძებში, ალბათობა იმისა, რომ იოდდეფიციტი განუვითარდეს, პრაქტიკულად არ არსებობს. არ მიაჩვიოთ ბავშვი ე.წ. სწრაფი კვების ობიექტების მიღებას, მაგალითად, ფუნთუშებს, გამზადებულ ფაფებს, მაკარონს, უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარ პურსა და საკონდიტრო ნაწარმს. იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილი საკვები თქვენს პატარას განსაკუთრებით უყვარს, სულაც არ არის გამორიცხული, მისი ორგანიზმი ინოზიტის დეფიციტს განიცდიდეს. მის აღმოსაფხვრელად პატარას აჭამეთ წიწიბურა და ყავისფერი ბრინჯი.

რას გვეუბნება ბავშვის თვალები?

თვალებთან და საერთოდ, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება ისევ და ისევ არასწორად დაგეგმილი რაციონით იყოს გამოწვეული. თუ ბავშვს თვალები ხშირად აქვს წითელი, ექავება, აღენიშნება წვა და მუდმივად აქვს შეგრძნება, თითქოს თვალში უცხო სხეული ჩაუვარდა, შესაძლოა ორგანიზმში A ვიტამინისა და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტს განიცდიდეს. ცნობილია, რომ B2 ვიტამინი მხედველობას აუმჯობესებს და ამცირებს თვალის გადაღლა-დაძაბვას. განსაკუთრებით, აქტუალურია ამ ვიტამინების მიღება მაშინ, როდესაც ბავშვი იწყებს წერა-კითხვის შესწავლას. ამიტომ ამ პერიოდში მაქსიმალურად იზრუნეთ, რომ მისმა ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობით მიიღოს აღნიშნული ვიტამინი, რომლითაც მდიდარია თევზი, რძე, ღვიძლი, ყველი, მწვანე ბოსტნეული.

რაც შეეხება ყველს, ჯობია ის პატარას საუზმეზე მისცეთ, რადგან აუმჯობესებს საკვების მონელებას, უზრუნველყოფს ენერგიის მომატებას და კიდევ, ყველის ცილოვან-ცხიმოვანი კონცენტრატი, ხელს უწყობს ფერმენტთა გამომუშავებას, რომლებიც პატარას ორგანიზმს დღის პირველ ნახევარში ენერგიის მოზღვავებაში ეხმარება. ყურადღება მიაქციეთ, რომ პატარას რაციონში ყველი მუდმივად იყოს, მოზარდის ორგანიზმისთვის კი 20-30 გრამიც საკმარისია.

უმადობა

უმადობის მიზეზი უამრავი ფაქტორი შეიძლება იყოს. მადის დაქვეითებას ახალი გადატანილი დაავადებაც უწყობს ხელს. კიდევ კბილების ამოჭრის პერიოდი და სხვა. მადაზე მთავარი პასუხისმგებელი ბიოტინი და B ვიტამინია. შედის ყავისფერ ბრინჯში, რძეში, ღვიძლში და თხილში. ვიტამინ B1-ს რაც შეეხება, მის დეფიციტს ძირითადად ის ბავშვები განიცდიან, რომელთაც განსაკუთრებულად უყვართ ტკბილეული. მისი სიჭარბე ორგანიზმში თუთიაზე მოთხოვნილებას აძლიერებს. აღსანიშნავია, რომ ამ ვიტამინზე მოთხოვნა სტრესის დროს ორმაგდება. საქმე ის გახლავთ, რომ თუთია ორგანიზმში არ ლაგდება მარაგის სახით. ამიტომ ორგანიზმი მისით ყოველდღიურად უნდა უზრუნველვყოთ. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, პატარას რაციონში ტკბილეულისა და საკონდიტრო ნაწარმის მკვეთრად შემცირება. უპირატესობა მიანიჭეთ შვრიას.

ხშირი ჩალურჯებები

თუ პატარას კანი ადვილად ულურჯდება სულ მცირე ზემოქმედებითაც კი, ეს იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმი ჩ ვიტამინისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ბიოფლავონიდების ნაკლებობას განიცდის. ჩ ვიტამინის ყველაზე პოპულარული და საყოველთაოდ ცნობილი წყარო გახლავთ ჟოლო, ციტრუსები, ბულგარული წიწაკა, ოხრახუში. ეს პროდუქტები ბავშვის რაციონში განსაკუთრებით გაზაფხულობით უნდა ჩართოთ.

ყველაფერთან ერთად, ბიოფლავონიდები კაპილარების კედლებსაც ამაგრებს, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ გარგარი, წიწიბურა და ფორთოხალი ბავშვმა აუცილებლად მიიღოს.

დაათვალიერეთ ბავშვის ქუსლები

თეთრი ქუსლები და საერთოდ, მათი სიფერმკრთალე მეტყველებს, რომ პატარას ორგანიზმი თუთიის ნაკლებობას განიცდის. მთელი რიგი გამოკვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუთია აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, უაღრესად დიდი გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე. მისი დეფიციტის დროს შესაძლოა, შეფერხდეს რეპროდუქციული ორგანოების განვითარება. მისი ნაკლებობა ბავშვის ძლიერ ოფლიანობას იწვევს.

ფერმკრთალი ქუსლები აქვთ ბავშვებს, რომელთაც ძალიან უყვართ ჩიფსები, სოსისი და ძეხვეული. თუ თქვენი შვილი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება, მაშინ დროულად გადაიყვანეთ ის სოსისიდან ახალ ხორცზე, სისტემატურად მიეცით რძის პროდუქტები, გოგრა, მსხვილად დაფქული მარცვლისგან გამომცხვარი პური, ასევე B ჯგუფის ვიტამინების შემცველი პროდუქტები.

ავტორი: თეონა სირბილაძე

წყარო: sana.ge