loading...

«

»

თებ 21

თოვლიანი ზამთრის ამბები

ზამთარი წელიწადის ის დროა, როდესაც მეღვინეებსა და მევენახეებს ყველაზე ცოტა საქმე აქვთ.

ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლი, გაშლილი სუფრა და ბუხრის პირას მეგობრებთან ერთად ღვინის წრუპვა – აი საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ღვინის მოყვარულმა ადამიანმა ზამთარში მოიმოქმედოს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზამთარი მხოლოდ მხართეძოზე წამოწოლისა და მოცალეობის პერიოდია.

პრობლემები   ზამთარში

ზამთარი ასევე არის შიშისა და დიდი ეჭვების პერიოდიც, რადგან დიდთოვლობამ შეიძლება პრობლემები როგორც ვენახს, ასევე მარანსაც შეუქმნას და ამ მხრივ სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თებერვალი დაიწყო თუ არა, შიდა ქართლში, დიდი ლიახვის ხეობის ქვემო წელის სოფლებში (ანუ სოფლებში, რომლებიც გრძელვადიან ოკუპაციას გადაურჩნენ) დიდი თოვლი მოვიდა და ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა, სახლებისა და მარნების გადათოვლაზე ერთობლივი ძალებით ეზრუნა. სოფელ კარალეთში 8 თებერვალს ლურსმანაშვილების ღვინის მარანი ისე დაითოვლა, რომ მარნის ძველმა სახურავმა თოვლის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო, სახურავი ჩაიმტვრა და კასრებში შენახული დაახლოებით 800 ლიტრი ღვინის (ძირითადად გორული მწვანე) გადასარჩენად დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო.

დიდთოვლობამ ასევე ძალიან დააზარალა იმერეთი, სამეგრელო და ბორჯომის ხეობა. იმერეთში, ვანის რაიონში მცხოვრები მაღლაკელიძეების ოჯახში, დიდთოვლობისა და წვიმისაგან გაჩენილი ნიაღვარი სახლში მაშინ შეუვარდათ, როდესაც მთელი ოჯახი მეზობლებთან ერთად უსხდა სუფრას. ნიაღვარმა სახლთან ერთად ძველი მარანიც დააზიანა, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს იყო აშენებული. დიდთოვლობის გამო პრობლემები არც საქართველოს სხვა კუთხეებსა და სოფლებს მოჰკლებიათ. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ზამთარი წელიწადის ყველაზე კარგი დროა და ამ პერიოდის თანმხლები პრობლემები მათ სულაც არ აშინებთ.

ელგუჯა აბრამიშვილი, ფრონეს ხეობის მკვიდრი: “შემოდგომაზე ძალიან ცოტა ყურძენი მომივიდა და რაც დავწურეთ, მე და ჩემებურებმა უკვე გავუყენეთ “გზა ნათელს”. მაგრამ, სამაგიეროდ, მთელი სამი კვირა ვხდიდი სხვადასხვა ხილის არაყს და ახლა იმდენი არაყი მაქვს, სამი წელი რომ ვსვა, მაინც ვერ აუვალ. მწნილი კი მაქვს ბლომად, დამარილებული ხორციც მომეძებნება. ჰოდა, მეტი, აბა, რა გვინდა სოფელში მე და ბიჭებს? ვიკრიბებით ჩემთან საღამოობით, ვამატებთ სუფრას ვისაც რა გვაქვს, ვსვამთ ჩემს არაყს და ვერთობით ასე. ადრე ზამთრობით ტელევიზორის ყურებაში ვკლავდით ხოლმე დროს, მაგრამ ახლა ტელევიზორი გაფუჭებული მაქვს და ფეხს ვითრევ, არ მინდა რომ გავაკეთო. ყურებმაც დაისვენა და ნერვებმაც. ზამთარი იმის ზამთარია, რომ ხალხთან უნდა იყო და ორი სიტყვა თქვა. თან სოფელში ჩემი ასაკის სულ 7-8 კაცი თუ იქნება და ცოტა თუ არ დავლიეთ და ერთმანეთთან თუ არ ვილაპარაკეთ, აბა რა გაათრევს ამოდენა ზამთარს”.

მიუხედავად იმისა, რომ ვაზი იშვიათად გამძლე და ამტანი მცენარეა, განსაკუთრებულად ცივმა და თოვლიანმა ზამთარმა ვენახი შეიძლება გააფუჭოს. სოფელ გლდანელი ბახვა ქავთარაძის თქმით, თუკი ადრე (“როდესაც ხალხი ნაკლებად ზარმაცი იყო”), სოფელ გლდანში დიდი თოვლი მოვიდოდა, ხალხი ვენახებსა და ხილის ბაღებიდან თოვლს ნიჩბებით ხვეტდა და ამ შრომატევად საქმეში თითქმის მთელი სოფელი იღებდა მონაწილეობას. რა თქმა უნდა, საუბარი არ გვაქვს რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულ დიდ ვენახებზე, საიდანაც თოვლის გახვეტა წარმოუდგენლად რთული იქნებოდა. იგივე ბახვა ქავთარაძე იმასაც ამბობს, რომ ადრე საკუთარ ბაღზე განსაკუთრებულად შეყვარებული ადამიანები ეზოდან თოვლის გადახვეტის შემდეგ, ხეების ძირში პატარა კოცონებსაც კი ანთებდნენ, – ჩვენც გავთბებით და ხეებიცო. ახლა ასეთი რამის გაკეთება ბევრისათვის წარმოუდგენელია. თუმცა, ადამიანები, რომლებიც უსაქმოდ ვერასოდეს ძლებენ, ზამთარში ალბათ ყოველთვის მონახავენ თუნდაც ნაკლებად საჭირო, მაგრამ მაინც გასაკეთებელ საქმეს.

დათოვლილი  ვენახის ხიბლი

ასეთი თოვლიანი ზამთარი საქართველოს ბოლო წლებში არ ახსოვს. ეს განსაკუთრებით თბილისზე უნდა ითქვას, სადაც თოვლი ბოლო პერიოდში დიდი იშვიათობა გახდა. თოვლის, სპორტისა და საერთოდ ზამთრის მოყვარული ჩვენი თანამოქალაქეები ზამთრობით, როგორც წესი, გუდაურში ან ბაკურიანში მიდიან. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც “ნამდვილ ზამთარს” კახეთში, მაგალითად საგარეჯოს რაიონში, სოფელ ხაშმის ვენახებში ეძებენ. მეღვინე ძმების, ზაზა და მალხაზ ჯაყელების სოფელ ხაშმში მოწეულმა საფერავმა უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ღვინის მომხმარებლებში. ჯაყელების ვენახები სოფელ ხაშმის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია გაშენებული. მალხაზ ჯაყელი სოფელ ხაშმს რამდენიმე დღის წინ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით – დათოვლილი ვენახის სანახავად და ფოტოების გადასაღებად ესტუმრა.

მალხაზ ჯაყელი, მეღვინე: “არც ისე დიდი ხანია, რაც ხაშმში ვენახები შევიძინე და ღვინის დაყენება დავიწყე. შესაბამისად, სოფელში წელიწადის ყველა დროს ხშირად მიწევს ხოლმე ჩასვლა. თუმცა, მე რაც ამასწინათ ვნახე, ის სილამაზე ალბათ არასოდეს დამავიწყდება. სოფელში დიდი თოვლი იყო და მანქანით ბოლომდე ვერ მივედით ვენახებამდე. თუმცა, ჩემს მეგობარს კარგი, მაღალი ხარისხის ობიექტივიანი ფოტოაპარატი ჰქონდა და ისეთი სურათები გადავიღეთ, უკან რომ ვბრუნდებოდით, ერთმანეთს გაოცებულები შევცქეროდით – რა ლამაზი ყოფილა ხაშმი ზამთარში და აქამდე როგორ არ დავაკვირდითო. ახლა უკვე აღარ მიკვირის, წარმოშობით ხაშმელი მწერალი, რეზო ინანიშვილი რატომ წერდა ასეთ კარგ და ლამაზ მოთხრობებს. ყოველ ზამთარს ასეთ სილამაზეს რომ შესცქერი, სულ რომ არაფერი გქონდეს დაწერილი, შეიძლება შენც კი მოგინდეს მოთხრობის დაწერა”.

როგორც ცნობილია, ახალი წლების შემდეგ, გარკვეული პერიოდის მანძილზე, ღვინის რეალიზაცია ყოველთვის იკლებს. ამის მიზეზი საახალწლო ღვინის გადამეტებული სმის (და, საერთოდ, ზოგად ფართოდ მოხმარების) გარდა, ისიცაა, რომ ზამთარში უფრო მეტად მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელებია პოპულარული. თბილისის სპეციალიზებულ ღვინის მაღაზიებში ამბობენ, რომ წლევანდელი ზამთარი გაყიდვების კუთხით გამორჩეული არ ყოფილა და როგორც ვარაუდობდნენ, ღვინის გაყიდვებმა 15-20%-ით დაიკლო. ეს არცთუ კარგი ტენდენცია სავარაუდოდ მარტამდე შენარჩუნდება. მარტის შემდეგ კი, მომხმარებელი, რა თქმა უნდა, კვლავ იბრუნებს ღვინისაკენ პირს.

კარგი ჭაჭა  სამგორის ბაზარში

როგორც უკვე ვთქვით, ზამთარში მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელები, მეტწილად კი არაყი იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს არაერთმა ღვინის კომპანიამ დაიწყო საკმაოდ კარგი და მისაღები ხარისხის ჭაჭის ბოთლში ჩამოსხმა, ქართველი მოხმარებლების დიდი ნაწილი მაინც ძველ გზაზე სიარულს ამჯობინებს და ქართული ან უკრაინული წარმოების საეჭვო ხარისხის, თუმცა დაბალი ფასის მქონე არაყს ყიდულობს. ამის მიზეზი ძალზე მარტივი და ადვილად გასაგებია – თბილისის ღვინის მაღაზიებსა და დიდ სუპერმარკეტებში ბოთლში ჩამოსხმული ჭაჭა გაცილებით ძვირი ღირს. ამას გარდა, ჯერ ბევრისათვის არ არის ცნობილი ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული ჭაჭის შესახებ და რაც კარგად იციან, ისევ იმას იძენენ, ეს კი გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს.

რაკი ჭაჭა ვახსენეთ, ბარემ ერთ სასიხარულო ამბავსაც გამცნობთ, რომლის შემსწრეც რამდენიმე დღის წინ თბილისის ერთ-ერთ აგრარულ ბაზარში გავხდით. აგრარულ ბაზრებში გასაყიდად გამოტანილ ღვინოსა და არაყს სახელი უკვე ისე ჰქონდა გატეხილი, რომ ასეთ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის შეძენისაგან ფინანსურად ყველაზე ნაკლებად დალხენილი ჩვენი თანამოქალაქეებიც კი ხშირად იკავებდნენ თავს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც ადრე ჩანდა.

სამგორში, ადგილობრივ ბაზარში კახელი (სოფელი მატანი) გლეხისგან მშვენიერი ხარისხისა და გემოს მქონე საფერავის ჭაჭა შევიძინეთ. სამგორის დათოვლილ ბაზარში ერთ ლიტრ ჭაჭას მატნელი სერგო პაპა საკმაოდ იაფად, 6 ლარად ყიდდა და როგორც თავად გვითხრა, დაახლოებით 150 ლიტრი ჭაჭა თავის მარანში კიდევ აქვს გასაყიდად დარჩენილი. იმედია, ეს სიტყვები სერგო პაპას ჭაჭის რეკლამად არ ჩაგვეთვლება და თუნდაც ჩაგვეთვალოს, როდესაც სახელგატეხილ ყოფილ ე.წ. საკოლმეურნეო ბაზარში ადამიანი კარგ ჭაჭას გადააწყდები, ასეთ ამბავზე ორიოდე კარგი სიტყვის თქმა ალბათ არასოდეს არ უნდა დაიშურო.

საქართველოში ნამდვილი, ცივი და თოვლიანი ზამთარია. ასეთ ზამთარში ზარმაც მეღვინეს შეიძლება ქვევრის მოხდაც კი დაეზაროს. მაგრამ ყველგან და ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ქვევრსაც მოხდიან, მარანსა და ვენახსაც გადათოვლავენ და ზოგიერთი ფოტოაპარატითაც კი ივლის თოვლით გადაპენტილ ვაზებს შორის.

ავტორი: ლევან სეფისკვერაძე

წყარო: 24saati.ge