თებ 21

შარდის ბუშტის ანთებით პროცესს თავის დროზე თუ არ მივაქციეთ ყურადღება, შესაძლოა, მძიმე გართულებებთან მოგვიხდეს ბრძოლა, რაც არასასიამოვნოსთან ერთად, საკმაოდ რთული პროცესია.

იმის შესახებ, თუ ცისტიტის რა და რა ფორმები არსებობს, რა კლინიკური ნიშნებით ხასიათდება კლიმაქტერული და ქრონიკული ცისტიტი (ურეთრიტი) და როგორია მათთან ბრძოლის გზები, უროლოგი თამაზ ნაჭყებია გვესაუბრება

- რა დაავადებაა ცისტიტი? 

– შარდის ბუშტის უხშირეს დაავადებას წარმოადგენს მწვავე ანთებითი პროცესი, განპირობებული, უპირატესად, ბაქტერიული ინფექციით. აღნიშნულ პროცესს, როგორც წესი, იწვევენ გრამუარყოფითი და იშვიათად გრამდადებითი მიკროორგანიზმები, სადაც E.ჩოლი-ს წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება. 

- დაავადების განვითარებისთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა ადამიანის სქესს? 

– მამაკაცებთან შედარებით, ქალებში აღნიშნული დაავადების სიხშირე ბევრად მეტია. განსაკუთრებით კი იმ ქალბატონებში, რომლებიც იმყოფებიან მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, რაც განპირობებული უროთელიუმის (ქვემო საშარდე გზების ამომფენი ეპითელის) ატროფიით, რის გამოც, კოლიბაქტერიული ფლორა, შორისის მიდამოდან, აღმავალი გზით, სწრაფად ვრცელდება საშარდე გზებში, რასაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქალებში ანატომიურად მოკლე საშარდე მილი. დაქვეითებული ინფექციისადმი რეზისტენტობის პირობებში, ვითარდება ანთებითი პროცესი. მამაკაცებში მწვავე ცისტიტი წარმოადგენს იშვიათობას და უფრო ხშირად წარმოადგენს ისეთი თანმხლები დაავადებების გამოხატულებას, როგორიცაა შარდის ბუშტის კარცინომა, შარდის ბუშტის კენჭი ან ინფრავეზიკულური ობსტრუქცია. გარდა ბაქტერიული ინფექციისა, შარდის ბუშტის ლორწოვანის მწვავე ანთება შესაძლებელია გამოწვეული იყოს სხვა სახის მიკროორგანიზმებით, როგორიცაა: უმარტივესები, სოკოები, ვირუსები, მიკობაქტერია ან შისტოსომა, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნებში შარდის ბუშტის კიბოს ერთ-ერთი მიზეზია. ეს განპირობებულია შარდის ბუშტის ლორწოვანის ქრონიკული ანთებით. ასევე, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ქიმიური და ფიზიკური ფაქტორები (მაგ. რადიაციული ცისტიტი).

- რა სიმპტომებით ხასიათდება დაავადება? 

– მიმდინარეობის მიხედვით, განასხვავებენ ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.

მწვავე ცისტიტის დროს, მაკროსკოპულად აღინიშნება ლორწოვანის სისხლსავსეობა, შეშუპება და პეტექიალური სისხლჩაქცევები, მაშინ, როდესაც ქრონიკული ცისტიტი იშვიათად არის წარმოდგენილი დამახასიათებელი კლინიკური სურათით, მოიცავს შარდის ბუშტის უფრო ღრმა შრეებს და არის მიდრეკილი შარდის ბუშტის შეჭმუხნისა და მოცულობის შემცირებისაკენ. კლინიკური თვალსაზრისით, ქალთა პოპულაციაში მნიშვნელოვანია ხშირად გავრცელებული დაავადება, რომელიც გერმანულ ლიტერატურაში ცნობილია, როგორც გაღიზიანებული შარდის ბუშტის (ან ურეთრული სინდრომის სახელწოდებით (ღეიზ-ბლაზე, Uრეტჰრალსყნდრომ). ამ შემთხვევაში გვაქვს კლინიკური სურათი ცისტიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, როგორიცაა: პოლაკიზურია (ხშირი შარდვა მცირე ულუფებით), მოშარდვის იმპერატიული სურვილი, დიზურია, შარდის ნაკადის შესუსტება, ტკივილები ბოქვენზედა ან შორისის მიდამოში. ტიპობრივი ურეთრული სინდრომის დროს რაიმე ობიექტური მონაცემი არ არსებობს.

ასაკოვან ქალბატონებში, მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, დგინდება ურეთრის ლორწოვანის ატროფია და საშარდე მილის ნაწილობრივი შევიწროება. ამ შემთხვევაში საუბარია ფუნქციონალური ხასიათის ჩივილებზე, განპირობებული სხვადასხვა ხასიათის ფსიქოვეგეტაციური მიზეზებით, რომლებიც გაერთიანებულია უროგენიტალური სინდრომის ქვეშ. ცხადია, ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს სხვა სახის ობიექტური მიზეზები, როგორიცაა: ჩარცინომა ინ სიტუ, გინეკოლოგიური დაავადებები, ქლამიდიური ან ტრიქომონადული ინფექციები.

ტუბერკულოზური ცისტიტი, როგორც იზოლირებული დაავადება, იშვიათად გვხვდება. ის, როგორც წესი, არის თანმხლები თირკმლის ტუბერკულოზის და დგინდება სპეციფიკური კვლევის მეთოდებით, რაც საშუალებას იძლევა აღნიშნული პროცესის იდენტიფიკაციის.

- ცისტიტის რამდენი ფორმა არსებობს? 

– მორფოლოგიურად განასხვავებენ ცისტიტის შემდეგ ფორმებს: ჰემორაგიული ცისტიტი, ფოლიკულური ცისტიტი, ფიბროულცეროზული ცისტიტი, გრანულოზური ცისტიტი, ინტერსტიციალური ცისტიტი, რადიაციული ცისტიტი (სხივეური თერაპიის შემდგომ) და განგრენოზული ცისტიტი. მწვავე ცისტიტისთვის დამახასიათებელია ხშირი შარდვა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, მტკივნეული შარდვა, განსაკუთრებით შარდვის აქტის ბოლოს, წვა შარდვის დროს და შარდში სისხლის არსებობა.

- რას გვეტყვით საკუთრივ კლიმაქტერულ ცისტიტზე? 

– კლიმაქტერული – პოსტმენოპაუზალური ქრონიკული ცისტიტი ვლინდება საშარდე გზების განმეორებითი ინფექციებით. ამის მიზეზი არის ესტროგენების ნაკლოვანება, რაც განაპირობებს შარდის ბუშტისა და საშოს ლორწოვანი გარსის ატროფიას, საშოს ნორმალური ფლორის შეცვლას. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ჩაბუდებას საშოში და მის მიგრაციას შორისიდან საშარდე გზებში საშოს გავლით. შარდის ბუშტის ანთებების ხშირ გამწვავებასა და პროცესის ქრონიზაციას მივყავართ შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის დაზიანებამდე მის სრულ სიღრმეზე – მიკროწყლულები, ანთებითი პროცესის გავრცელებაზე უშუალოდ შარდის ბუშტის კუნთოვან შრეზე.

ამ დაავადებას ეწოდება მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი – ინტერსტიციული ცისტიტი, რაც ვლინდება ტკივილით შარდის ბუშტში შარდის დაგროვების დროს, ხოლო ეს აიძულებს ადამიანს მოშარდოს. ცოტა ხნით ტკივილი ნელდება და შემდეგ კვლავ იწყება და ასე ყოველ 15-20 წუთში. ამის მიზეზი არის შარდში არსებული ნივთიერებების მიერ ნერვული დაბოლოებების ქიმიური გაღიზიანება.

– რა სიმპტომებით ხასიათდება ურეთრიტი?

– ქრონიკული ცისტიტი და ურეთრიტი გოგონებში (დეფლორაციული ცისტიტის შემდგომი მდგომარეობა), ქვედა საშარდე გზების მორეციდივე ინფექცია. ანტიბიოტიკოთერაპია ატარებს დროებით ეფექტს და მორიგი სქესობრივი აქტის შემდეგ მეორდება ცისტიტისა და ურეთრიტის შეტევა. ასე გრძელდება თვეები და წლები. დროთა განმავლობაში ჩნდება მუდმივი ხასიათის ტკივილი შარსადენი მილისა და შარდის ბუშტის არეში.

- როგორ ხდება ცისტიტის დიაგნოსტიკა? 

– დიაგნოსტიკის საფუძველს წარმოადგენს შარდის საერთო ანალიზი. ანალიზისთვის უნდა ავიღოთ შარდის შუა პორცია, გენიტალიების წინასწარი ტუალეტის შემდგომ. ქალებში გარკვეულ შემთხვევაში, შარდი შესაძლოა ავიღოთ კათეტერიზაციის საშუალებით. ასევე, მნიშვნელოვანია შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება.

- პროფილაქტიკაზე რას გვეტყვით? 

– მწვავე ცისტიტის მკურნალობა გულისხმობს წოლით რეჟიმს (2-3 დღე), სითხეების ჭარბად მიღებას, ანტიბაქტერიულ თერაპიას და ჩვენების მიხედვით, სპაზმოლიზურსა და ანალგეზიურ საშუალებებს. პროფილაქტიკისთვის მაქსიმალურად უნდა იქნას თავიდან აცილებული ორგანიზმის გადაციება და იმუნოდეპრესია. როგორც წესი, მწვავე ცისტიტების მკურნალობის პროგნოზი კეთილსაიმედოა. ქრონიკული ცისტიტების მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურია. აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში, საჭიროა ექიმის მუდმივი ზედამხედველობა, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები და პაციენტმაც უფრო მშვიდად იგრძნოს თავი.

ავტორი: თეონა მჭედლიძე 

წყარო: sana.ge

Share Button
avatar

ავტორი

ჩემი ბოლო სიახლეების სანახავად დააჭირეთ აქ!

ავტორი: Gordo FavoriteLoadingფავორიტებში დამატება

     0votes

გამოხატე შენი აზრი

Current ye@r *