loading...

«

»

თებ 25

რა სჭირდება თავდაცვისთვის საქართველოს?

დღეს საქართველო ფაქტიურად დაუცველია, თითქმის ისევე როგორც იყო 1921 წლის თებერვალში. ქვეყნის ერთადერთ საგარეო მტერს, რუსეთს, შეუძლია საქართველოს მთავრობის პარალიზება გამოიწვიოს რამდენიმე საათში, ხოლო რამდენიმე დღეში კი ქვეყანა ჩაიგდოს ხელში. საქართველოსა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელთა შორის იანვარ–თებერვლის მაღალი დონის შეხვედრები  მისასალმებელია, თუ ამას მოჰყვება საქართველოს თავდაცვის საკითხებისადმი სერიოზულად მიდგომა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნახევარ–ზომები მხოლოდ მოსკოვის გაღიზიანებასა და საქმის კიდევ უფრო გაფუჭებას გამოიწვევს.   

რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე შეტევის მოხდენა შეუძლია სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების გამოყენებით (სარაკეტო ძალებზე ცალკე ღირს საუბარი) – ამის მიხვედრას დიდი სიბრძნე არ სჭირდება. შესაბამისად, საქართველოს დაცვა არის აუცილებელი როგორც სახმელეთო და საჰაერო შეტევისგან, ასევე მოსალოდნელი საზღვაო შეტევისგანაც. საზღვაო თავდაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული გათვლისთვის, ვინაიდან საქართველო ზღვისპირა ქვეყანაა, ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა ბოლო 20 წლის განმავლობაში და საქართველოს შავ ზღვაზე თავდაცვისთვის გეოგრაფიულად არაფერი უწყობს ხელს.

სახმელეთო შეტევისგან საქართველოს გარკვეულწილად იცავს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ელემენტი – კავკასიის მთები. ეს განსაკუთრებით აქტუალური იყო 2008 წლის აგვისტოს ომამდე – მაშინ საქართველოს შეეძლო გადმოსავლელის ‘ჩაკეტვა’ რამდენიმე გამიზნული შეტევითა და გზებისა და გვირაბების დანგრევით. საჰაერო შეტევისგან თავდაცვა შეიძლება, ბუნებრივია, ეფექტური ანტი–საჰაერო საშუალებებით. საქართველოს სასარგებლოდ მოქმედ ფაქტორთა შორის აგრეთვე აღსანიშნავია რუსეთის სახმელეთო და საჰაერო ძალებში არსებული მორალური და ფიზიკური მოძველება და სტრესი (ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალები, რის შესახებაც მოგვიანებით გვექნება საუბარი).

რაც შეეხება საქართველოს საზღვაო დაცვას, აქ შეუძლებელი იყო რამის გაკეთება ვინაიდან ქვეყანას მნიშვნელოვანი არაფერი გააჩნდა აგვისტოს ომამდე – რუსეთს ფაქტიურად ღია კარი ჰქონდა მირთმეული შემოსასვლელად. მეორე მხრივ კი რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალა ყველაზე ნაკლებად დაკნინდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (სტრატეგიული–სარაკეტო ძალასთან ერთად). აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რომც ჰქონოდათ ეფექტური საჰაერო და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებანი და მოეხერხებინათ რუსთა ჯარის შეკავება და ჩამოგდება–დაზიანება უმეტესობა შემტევი თვითმფრინავისა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საქმეში ჩართვის შემდეგ ომი ყველა შემთხვევაში მალევე იყო წაგებული, ვინაიდან ზღვიდან მომავალ ძალას საქართველო ვერაფერს უპირისპირებდა.

ახლა სტრატეგიული მდგომარეობა საქართველოსთვის გაცილებით რთულია: რუსებს კავკასიონის აქეთ აქვთ განლაგებული შეიარაღებულ ძალთა ნაწილი და ამასთან აკონტროლებენ კავკასიონის მნიშვნელოვან გადმოსავლელებს. რუსთა ჯარის, და საერთოდ ნებისმიერი დიდი კონვენციური ჯარის შეჩერება ფაქტიურად შეუძლებელია თუკი მათ დაბლობ ადგილას მიაღწიეს და გაშლა მოახერხეს. ხმელეთზე მტრის სწრაფად გადაადგილება კი შეუძლებელს გახდის საჰაერო დაცვის სისტემის ეფექტურ მოქმედებას. რაც შეეხება კი საზღვაო შეტევას, რუსებმა იქ აღმოჩენილი ხარვეზების შევსება ფრანგული “მისტრალის” შეძენით მოახერხეს.

“მისტრალის” რუსებისთვის მიყიდვის გადაწყვეტილებას ყველა ილუზია უნდა გაექარწყლებია თბილისში იმათთვის, ვისაც ევროპისგან რამე დახმარების იმედი ჰქონდა რუსეთთან მიმართებაში. რუსეთის ფლოტის მეთაურს არც კი დაუმალავს თუ რისთვის სჭირდებოდათ მათ ეს ამფიბიური ხომალდი, რომელიც ვერტმფრენთა და უპილოტო თვითმფრინავთა ზღვით გადატანის უსწრაფესი საშუალებაა: „მისტრალი“ რომ გვქონიდა, საქართველოს წინააღმდეგ ოპერაციას 26 საათის მაგივრად 40 წუთში შევასრულებდითო. რუსეთის საზღვაო ფლოტმა, მიუხედავად წისაწარი გაფრთხილებისა, მაინც დააგვიანა შეერთებოდა სამხედრო ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, და როდესაც შეუერთდა, ვერ მოახერხა საქართველოს ზღვის სანაპიროზე ეფექტური კონტროლის დამყარება. მისი წარმატება მხოლოდ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საქართველოს არაფერი გააჩნდა საკუთარი სანაპიროს დაცვისთვის.

არადა საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა შეექმნა ეფექტური სამხედრო საზღვაო ფლოტი წყალქვეშა ხომალდისთვის პრიორიტეტის მიცემით. ამის შესახებ ჩემს სტუდენტთან ერთად კვლევა ჩავატარეთ 2006–2007 წლებში (ტექსტი გამოქვეყნდა ინგლისურად და რუსულად). თანამედროვე საწვავის უჯრედით აღჭურვილ დიზელის 2–3 წყალქვეშა ნავს შეუძლია რუსეთის შავი ზღვის მთელი ფლოტის ჩაძირვა. აღსანიშნავია, რომ საზღვაო სამხედრო მანევრებისას ეს წყალქვეშა ნავები ახერხებენ შეერთებული შტატების ფლოტის ‘ჩაძირვას.’ რუსეთის საზღვაო ძალები კი არასდროს ისეთი განვითარებული არ ყოფილან როგორც ამერიკისა.

გერმანულ–იტალიური წარმოების „კლასი 212“ (U-212A) ანუ „ტოდარო“ კლასის წყალქვეშა ნავი განეკუთვნება ამ კატეგორიას. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მსგავსად, ამ ორი ქვეყნის სიმპათიები რუსეთს ეკუთვნის და არა საქართველოს. უფრო მნიშვნელოვანია შვედური „გოტლანდ“ კლასის ნავი. შვედებს სხვა დასავლეთ ევროპელებისგან განსხვავებით რუსეთის მხარე არ დაუკავებიათ რუსეთ–საქართველოს ომის დროს. „გოტლანდის“ წყალობით შვედებს სრული უპირატესობა აქვთ რუსებზე ბალტიის ზღვის სამხედრო ძალთა განაწილებაში და მოსკოვსაც ფრანგული „მისტრალი“ ნაწილობრივ ამოტომაც სჭირდება.

შეერთებული შტატების მთავრობამ 2006 წელს ერთი წლით იქირავა „გოტლანდის“ კლასის წყავლქვეშა ნავი, თავისი შეიარაღებითა და ეკიპაჟით. მათი მიზანი იყო შეემოწმებინათ თუ როგორ არის დაცული ამერიკის ავიამზიდი ხომალდის ჯგუფი თანამედროვე დიზელის წყალქვეშა ნავებისგან. ვარჯიშის დროს „გოტლანდმა“ მოახერხა ამერიკული ავიამზიდის („რონალდ რეიგანი“) რამდენიმე ფოტოს გადაღება შეუმჩნევლად, რაც ომის პირობებში მისი ჩაძირვის ტოლფასი იქნებოდა.

სხვა ანალოგიური მოქმედი ხომალდია ფრანგულ–ესპანური „სკორპენ“ და ეს ორი ქვეყანა მოდელის გაუჯობესებაზედაც მუშაობენ. რუსებსაც ჰქონდათ საკუთარი მსგავსი დიზანია: კლასი „ლადა“ (პროექტი 677). პირველი ხომალდი საცდელად რუსულ ფლოტს დიდი ამბით გადაეცა 2010 წლის აპრილში, გასული წლის ნოემბერში კი რუსეთის ფლოტმა უარი სთქვა ამ ყოვლად უვარგისი ხომალდის შეძენაზე.  რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, მას დიზელის წყალქვეშა ნავები შეიარაღებაში არ გააჩნია.

ძნელია იმისი თქმა, თუ რეალურად რა ხდება ახლა საქართველოს შეიარაღების სფეროში, ისევე როგორც ძნელია იმის თქმა თუ რაში დაიხარჯა მილიარდობით თანხა თავდაცვის სფეროში 2008 წლის აგვისტომდე. ამერიკელები ჯერჯერობით ჩუმად არიან, მხოლოდ თბილისი ჩემულობს წინსვლა–წარმატებას და მოსკოვი კი ჩვეულებისამებრ განგაშს სწევს. მარტო ამ ორ დედაქალაქში ნათქვამის მიხედვით კი შეუძლებელია რამის დაახლოებით მაინც განსაზღვრა, ისე უყვართ ტყუილის თქმა და საქმის გაბუქება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მოსკოვი სხვას ხვევს შარში თავისი ტყუილებით, ხოლო თბილისი კი საკუთარ თავს.

წყარო: stateinterest.wordpress.com