loading...

«

»

მარ 09

მშობლებო, დაიბრუნეთ შვილები!

მშობლებო, დაიბრუნეთ შვილები!მომავალში კომპიუტერი ღატაკთა ხვედრი იქნება, მდიდრები კი მასწავლებლებს დაიქირავებენ…

წინა ნომერში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც ინტერნეტდამოკიდებულებას ეხებოდა, მკითხველთა გამოხმაურება მოჰყვა. გვწერდნენ, რედაქციაში შეშფოთებული მშობლები რეკავდნენ და შემოგვჩიოდნენ, რომ ამ “მოჯადოებულმა ყუთმა” მათი შვილები მართლაც ისე მოაჯადოვა, რომ ყველაფრისადმი ინტერესი დაკარგული აქვთ… ზოგიც პირველკლასელებისთვის ნაჩუქარი კომპიუტერების გამო ღელავს და ეჭვობს, რომ განათლების სისტემის ეს ინიციატივა შესაძლოა სავალალო შედეგებით დამთავრდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ მარინე მაჭავარიანის მოსაზრებას, რომელსაც პედაგოგიკის კურსი აშშ-ში აქვს გავლილი და აღნიშნულ თემაზე არაერთხელ გამოსულა მოხსენებით საზოგადოების წინაშე, მათ შორის პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც.

ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო, ნათქვამია, თუმცა თუ გავიხსენებთ, რა დღე აყარა ნაჩუქარმა ცხენმა ტროელებს, არ გვაწყენდა გაგვეთვალისწინებინა მათი გამოცდილება და მეტი სიფხიზლე გამოგვეჩინა ზოგიერთი საჩუქრის მიღებისას. მაგალითად, სანამ მადლიერებით განვიმსჭვალებოდეთ პირველკლასელებისთვის ნაჩუქარი კომპიუტერის გამო, არ იქნებოდა ურიგო იმათი გამოცდილებით დავინტერესებულიყავით, ვინც ჩვენზე ადრე მიაჯაჭვა პატარები ამ “ეშმაკის მანქანას” და სავალალო შედეგებიც მოიმკო. ამერიკაში ჩატარებულმა კვალიფიციურმა გამოკვლევებმა შემაშფოთებელი სურათი გამოავლინა. ადრეულ ასაკში კომპიუტერის მოხმარება უარყოფითად აისახება ბავშვის ჯანმრთელობაზე, აფერხებს ემოციურ და სოციალურ განვითარებას, იწვევს ფსიქიკურ აშლილობას. შეიძლება ანომალიურად განვითარდეს ბავშვის ხერხემალი და კუნთოვანი აღნაგობა; დაუქვეითდეს მხედველობა; გაუნძრევლად ჯდომა იწვევს ჭარბწონიანობას, რაც შეიძლება მაღალი წნევის, გულის დაავადებებისა და ასთმის მიზეზი გახდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მეორე ტიპის დიაბეტზე, რომელიც განუკურნებელ დაავადებად მიიჩნევა. ამასთან, სულაც არ უწყობს ხელს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას და განათლების უკეთეს ხარისხს; კომპიუტერი რეალურ სამყაროს – ვირტუალურით, ხოლო დამოუკიდებელ აზროვნებას, კრეატიულობას, ახლის ძიების ჟინსა და აღმოჩენის სიხარულს სხვების მიერ ინტერნეტში ჩადებული მზამზარეული ინფორმაციით ცვლის.

ამერიკელების აზრით, ამერიკას არასოდეს ჰყოლია ამგვარი “მჯდომარე თაობა”. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ უახლესი ტიპის კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის ხელსაწყოს (VDთ) გამოსხივებაში აღმოაჩინა 21 ქიმიური ნივთიერება, რომლის აორთქლებასა და  გაქრობას 144-დან 360 საათამდე სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეში ორი საათიც რომ გაატაროს ბავშვმა ამგვარ კომპიუტერთან, მავნე ნივთიერებების გავლენის ქვეშ ხანგრძლივად მოექცევა…

კომპიუტერთან გატარებული ყოველი 45 წუთის შემდეგ აუცილებელია 20-წუთიანი დასვენება, ამის გაკეთება კი სასკოლო პირობებში შეუძლებელია. ვინ იღებს არა მხოლოდ მორალურ, არამედ ფინანსურ პასუხისმგებლობას ამ ბავშვების ჯანმრთელობაზე? ვინ გადაიხდის მათი მკურნალობის ხარჯებს?
მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კომპიუტერი არათუ უწყობს ხელს შემეცნების, აზროვნების განვითარებას, არამედ აბრკოლებს მას. მომავალში განათლება გადაიქცევა ადამიანის უნარად შეაგროვოს, დაახარისხოს, შეინახოს და მოიხმაროს ინფორმაცია. ასეთი განათლების”პირობებში კი დიდია მოსწავლისთვის პლაგიატიზმის ცდუნება. გამოდის, თაობებს უნიჭობისა და მხოლოდ მზა ცოდნის მოხმარებისთვის ვწირავთ.

ფსიქოლოგიური პრობლემები ემუქრება იმ ბავშვების 81%-ს, რომლებიც კომპიუტერთან ყოველდღიურად 2 საათზე მეტს ატარებენ… ინტერნეტთამაშებში სისხლს მიჩვეული ბავშვი კი  გულგრილი ხდება რეალურ სამყაროში სისასტიკისა და ძალადობის მიმართ.
მეცნიერები მიუთითებენ, რომ დღეს ბავშვები ცხოვრობენ ისე იზოლირებულად, როგორც არასდროს… განა ყველა მშობელმა არ იცის, როგორ შთანთქავს ბავშვის დროს კომპიუტერი, როგორ იწოვს მის ყურადღებას, როგორი რთულია ააგლიჯო” იგი ეკრანს, როგორი აგრესიული და ჭირვეულია და როგორ აუცხოებს ეს “ჯადოსნური ყუთი” მშობლებს შვილებთან. ექიმები და ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს, “დაიბრუნონ” შვილები.

საგანგაშოა ისიც, რომ ბავშვისთვის  ხელმისაწვდომია მისთვის შეუფერებელი, მათ შორის პორნოგრაფიული ვიდეოები. ამით კი  გამოუსწორებელი ზიანი ადგება ბავშვის მორალურ განვითარებას. ზნეობრივი აღზრდა გულისხმობს ზნეობრივ აღმზრდელს, მანქანას კი მხოლოდ რობოტი შეუძლია”აღზარდოს”.

ოპონენტმა შესაძლოა მიმითითოს სხვა კვლევაზეც, რომელიც კომპიუტერის უსაფრთხოებას ამტკიცებს. ამგვარი კვლევები კომპიუტერის მწარმოებელი ფირმებისა და ინტერნეტპროგრამების შემქმნელი კომპანიების მიერ ფინანსდება. დიდი გამჭრიახობა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ ამგვარი კვლევების უკან აღნიშნულ კომპანიათა ფინანსური ინტერესია.

ბავშვების ჯანმრთელობისთვის საფრთხის გარდა, სკოლების კომპიუტერიზაცია სხვა მრავალ პრობლემასაც წარმოშობს. ერთ-ერთი ფინანსური პრობლემაა. ისეთი ძლიერი ქვეყნისთვისაც კი, როგორიც ამერიკაა, ეს ტვირთი მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა. ამერიკაში სკოლების კომპიუტერიზაციისთვის დახარჯულმა თანხამ ბოლო ათწლეულში 80  მილიარდს მიაღწია. ჩვენს ქვეყანას, რომელშიც ამდენი უმუშევარი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანი, ამდენი უპატრონო და მშიერი ბავშვია, აქვს კი იმის საშუალება და მორალური უფლება, რომ ყოველწლიურად  კოლოსალური თანხები დახარჯოს კომპიუტერების შესაძენად? საქართველოს საჯარო სკოლებში 60 ათასი პირველკლასელია. მათთვის გადასაცემი საჩუქარი მრავალი მილიონი დოლარი დაჯდა. ექნება ქვეყანას ფინანსური რესურსი ყოველწლიურად გაიღოს ეს თანხები? თუ არა, რა აზრი აქვს ამ უგუნურ წამოწყებას?

იმაზე უნდა ვიზრუნოთ, როგორ გავხსნათ და გავაცოცხლოთ ის საუნჯე, ის ნიჭი, რომელიც თითოეულ ბავშვშია… მრავლისმეტყველია ჟურნალ “ფორბსის” გამომცემლის სიტყვები, რომ მომავალში კომპიუტერი ღატაკთა ხვედრი იქნება, მდიდრები კი მასწავლებლებს დაიქირავებენ…
სანამ ზოგიერთი მკითხველის რისხვა დამატყდება თავს, ვიტყვი, რომ არც ერთი ჭკუათამყოფელი არ უარყოფს კომპიუტერის მნიშვნელობას თანამედოვე ადამიანისთვის და არავის მოუვა აზრად მისი გამოყენების აკრძალვა. საუბარია მხოლოდ იმაზე, თუ რომელი ასაკიდან არის მისი გამოყენება საზიანო და საფრთხის შემცველი…

რატომ დუმან ფსიქოლოგები და ექიმები? რატომ არ იღებენ ხმას პედაგოგები და მშობლები, როდესაც სასწორზე ქართველი ბავშვების ბედი, მათი მომავალი დევს? რატომ არ ისმის განგაშის ზარები? როგორ მოვიქცევით? გონიერთა მსგავსად სხვების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, სხვის შეცდომებზე ვისწავლით, თუ, უგუნურთა მსგავსად – საკუთარზე? დავაავადებთ რამდენიმე თაობას და მერე შემოვირტყამთ თავში ხელს? დარჩება ქართველი საზოგადოება გულგრილი იმის მიმართ, რომ მთავრობის “საჩუქარი” საქართველოს დაუძლურებულ, უნებისყოფო, უინიციატივო, ინდიფერენტულ და ასოციალურ თაობას “აჩუქებს”, თუ დადგება ფეხზე შვილებისა და საქართველოს მომავლის გადასარჩენად?

“რატომ არ უნდა იყოს საკლასო ოთახში კომპიუტერი”

ვინც ფიქრობს, რომ ქართველი ბავშვი თავის უცხოელ თანატოლს უსათუოდ ჩამორჩება, თუ პატარაობიდანვე კომპიუტერს არ დაეუფლება, გავახსენებ მსოფლიოში ცნობილ ადამიანს, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორს, კლიფორდ სტოლს. მან სახელი ჯერ კიდევ 60-იან წლებში გაითქვა, როდესაც ინტერნეტში აღმოაჩინა ჰაკერის კვალი, მისდია მას და გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ეს ჰაკერი გერმანელი მარკუს ჰესე იყო, რომელიც ამერიკის მთავრობის საიდუმლო დოკუმენტებს იპარავდა და ყიდდა რუსეთის კა-გე-ბეზე. ამ ადამიანს “ინტერნეტ გურუსაც” კი უწოდებენ. ასე რომ, კლიფორდ სტოლს ნამდვილად არ ესწავლება კომპიუტერისა თუ ინტერნეტის მნიშვნელობა თანამედროვეობისთვის. მიუხედავად ამისა, სწორედ მან დაწერა წიგნი, რომლის სათაურია “რატომ არ უნდა იყოს საკლასო ოთახში კომპიუტერი”. იგი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოზარდი ორიოდ თვეში აითვისებს ყველა ოპერაციას კომპიუტერზე, რომლის გამოყენებაც  პროფესიულ საქმიანობასა თუ ყოველდღიურობაში თავისუფლად შეეძლება. სულაც არ არის საჭირო წლების განმავლობაში მივაჯაჭვოთ ბავშვები კომპიუტერს და მათი ჯანმრთელობა დავაზიანოთ.

ინტერნეტმანია ნარკომანიას უტოლდება

მანიაკალური დამოკიდებულება ვირტუალური სამყაროს მიმართ  XXI საუკუნის სენად იქცა. დასავლელ მეცნიერთა კვლევების თანახმად, დღეს პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელთა 10% “დაავადებულია” ე.წ. ინტერნეტდამოკიდებულებით. ევროპასა და ამერიკაში უკვე გახსნილია საგანგებო კლინიკები ამ, აქამდე უცნობ დაავადებასთან საბრძოლველად, რომელიც ალკოჰოლზე და ნარკოდამოკიდებულებაზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. მაგრამ არის კი ეს მოვლენა დაავადება, ან როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?
მეცნიერებმა დაადგინეს ინტერნეტმანიის ხუთი მახასიათებელი:

*სამსახურში მისვლისა და შინ დაბრუნებისთანავე ინტერნეტში შესვლის დაუოკებელი სურვილი;
*გადაწყვეტილება – “კიდევ ხუთი წუთი მონიტორთან” და… გათენებამდე ვერ წყდებით ეკრანს.
*უპირატესობას ანიჭებთ სოციალურ ქსელებს, სკაიპს, ნაცვლად იმისა, რომ ცოცხალი კონტაქტი იქონიოთ მეგობრებთან – დაურეკოთ ან შეხვდეთ მათ, ანუ ვირტუალური ურთიერთობა სულ უფრო მიმზიდველი ხდება;
*კომპიუტერისგან შორს მყოფიც კი, იმაზე ოცნებობთ, როდის მიუჯდებით მონიტორს.
*ინტერნეტი რეალური ცხოვრებიდან გაქცევის შანსს გაძლევთ.

…და თუ ეს ყველაფერი 6 თვის განმავლობაში სისტემატურად ხდება, განგაშის ზარები უნდა შემოჰკრათ, რადგან ინტერნეტმანია უკვე ქრონიკულ დაავადებად გექცათ.
ამერიკელი ფსიქოლოგი ქიმბერლი იანგი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ინტერნეტმომხმარებელთა 3-დან 7%-ს პათოლოგიური ლტოლვა აქვს ინტერნეტის მიმართ. ამ დამღუპველ გატაცებას, ძირითადად, მიეკუთვნებიან მარტოხელა და უმუშევარი ადამიანები, ისინი, ვისაც ჩამოუყალიბებელი აქვს თვითშეგნების სტრუქტურა, ასევე ეგოისტები და მანიაკალური მიდრეკილებების მქონე პირები.
საბოლოოდ, ქიმბერლი იანგი მივიდა დასკვნამდე, რომ ქსელური სივრცის მიმართ ლტოლვა, ძირითადად, რეალობიდან გაქცევის სურვილია.

ინტერნეტისგან თავის დასაცავი აბები ჯერჯერობით აფთიაქში არ იყიდება. ამიტომ ერთადერთი გზა ხსნისა თვითკონტროლია – შეეცადეთ მხოლოდ მაშინ ეწვიოთ ინტერნეტს, როდესაც ის აუცილებლად გჭირდებათ.

მარინე მაჭავარიანი, 
ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, ყოფილი არასამთავრობო ორგანიზაცია “აღზრდის ინსტიტუტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
წყარო: kvirispalitra.ge