loading...

«

»

მარ 14

წვრილმანი სიახლეები

რამდენიმე დღეში PSN-ზე გამოვა Killzone 3-ის უფასო მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი. სრული ვერსიისგან ეს რელიზი გამოირჩევა მხოლოდ „ექსპინგის“ მაქსიმალური დონის შეზღუდვით, რომლის მოხსნა შესაძლებელი იქნება $14,99-ად.
Terraria-ს შემქმნელმა ენდრიუ სპინქსმა (Andrew Spinks) განაცხადა, რომ მალე შეწყვეტს პროექტის განვითარებას, რადგან აპირებს მეტი ყურადღება დაუთმოს ოჯახს. დაობლებული თამაშის შეფარების სურვილი გამოთქვეს Dungeons of Dredmor-ის ავტორებმა.
***
Electronic Arts-მა, რომელმაც 2010 წელს შეწყვიტა თავისი საკალათბურთო სერია, დაადასტურა NBA Live 13-ის წარმოების ფაქტი.
***
Capcom-მა გამოაცხადა, რომ Resident Evil: Operation Raccoon City პერსონალურ კომპიუტერებამდე მხოლოდ 18 მაისს მიაღწევს. რელიზი Xbox 360 და PlayStation 3 კონსოლებზე დანიშნულია 20 მარტს. 

Capsized-ის ავტორები ბერძნულ მითოლოგიას იკვლევენ

„პლატფორმერის“ Capsized გამოსვლისთანავე სტუდია Alientrap შეუდგა მუშაობას ორგანზომილებიან ექშენ/RPG-ზე Apotheon.
თამაში დაფუძნებულია ძველი საბერძნეთის მითების თავისუფალ ინტერპრეტაციაზე. ოლიმპის დედოფალმა ჰერამ თავისი მეუღლის, ზევსის ტახტი ჩაიგდო ხელთ და დედამიწის მოკვდავთაგან გაწმენდა განიზრახა. მის შესაჩერებლად მთავარმა გმირმა ძალითა და ეშმაკობით უნდა წაართვას ძალა სხვა ღმერთებს.
სოლო-კამპანიის გარდა, Apotheon-ში გამოცხადებულია ქსელური ბატალიები. თამაშის გამოსვლის თარიღი და მიზნობრივი პლატფორმები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა პირველ რიგში ის PC-ზე გამოვა.

Sony Online ბალასტს იშორებს

29 მარტს Sony Online Entertainment გამორთავს ოთხი ონლაინ-თამაშის სერვერს: Cosmic Rift, Infantry, Star Chamber: The Harbinger Saga და EverQuest Online Adventures-ის ამერიკულ ვერსიას. პროექტების ფორუმები და საიტები ასევე დაიხურება.
არსებული მომხმარებლებისგან აღარ წარმოებს სააბონენტო გადასახადის ამოღება, ასე რომ ისინი დახურვამდე უფასოდ შეძლებენ თამაშს. მათ, ვინც EverQuest Online Adventures-ის სოლიდური ასაკის მიუხედავად, მაინც რთავს მისი გულისთვის თავის PlayStation 2-ს, შესთავაზებენ კომპენსაციას – EverQuest-ისა და EverQuest 2-ის „ოქროს“ წვდომის 3 თვეს, დაწყებული 16 მარტიდან.

MoH: Warfighter – პირველი დეტალები

Official Xbox Magazine-ის ახალი ნომრიდან ცნობილი გახდა პირველი დეტალები Medal of Honor: Warfighter-ის შესახებ.
ისევე, როგორც ორიგინალური თამაში, ახალი შუთერიც რეალურ მოვლენებს ეყრდნობა, მაგრამ არ გადმოსცემს მათ დოკუმენტალური სიზუსტით. ჯერ ცნობილია მხოლოდ ერთი „ცხელი წერტილის“ შესახებ – ესაა წყალში ჩაძირული ქალაქი იზაბელა ფილიპინების კუნძულებზე.
დეველოპერების თქმით, Warfighter-ში მოთამაშეებს ცოტა უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ. მაგალითად, ისინი შეძლებენ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, როგორ შეაღწიონ შენობაში, სადაც მტერია მოკალათებული: გაამტვრიონ კარი ფეხით, ჩადონ ასაფეთქებელი, შეაგდონ შიგნით გამაყრუებელი ყუმბარა და ა. შ.
მულტიპლეერში ამერიკელებს შეუერთდებიან სპეცნაზის ჯგუფები სხვა ქვეყნებიდან: ბრიტანული SAS, ავსტრალიური SASR, გერმანული KSK და პოლონური Grom. გარდა ჩვეულებრივი რეჟიმისა, რომელშიც ჯანმრთელობის რეგენერაცია ხდება, Warfighter-ში გამოცხადებულია ოპცია „ერთი გასროლა – ერთი გვამი“. იგეგმება ერთობლივად გასავლელი მისიებიც.

Kingdoms of Amalur – პირველი დამატება

20 მარტს PC, Xbox 360 და PlayStation 3 პლატფორმებზე გამოვა პირველი სიუჟეტური დამატება RPG-სათვის Kingdoms of Amalur: Reckoning სახელწოდებით The Legend of Dead Kel.
ადდონი დაამატებს კუნძულს Gallows End, რომელიც სათამაშო სამყაროს მთლიან ფართობს 15%-ით გაზრდის, ასევე უამრავ ახალ შენობას, მიწისქვეშეთს, მოწინააღმდეგეების ტიპებს, იარაღსა და აბჯარს. გარდა ამისა, მოთამაშე შეძლებს დაეპატრონოს უზარმაზარ მამულს Gravehal Keep. The Legend of Dead Kel-ის ღირებულება ჯერ უცნობია.

ცხოვრების სიმულატორი მიტუ ხანდაკერისგან

თამაშების დიზაინერი მიტუ ხანდაკერი (Mitu Khandaker), პირველი და ერთადერთი თანამშრომელი მისივე სტუდიისა The Tiniest Shark, რომელიც ახლახანს ჟურნალ Develop-ის „30 ყველაზე იმედისმომცემი დეველოპერის“ სიაში მოხვდა, მუშაობს ირონიულ „ცხოვრების სიმულატორზე“ Redshirt.
თამაშის გმირი ცხოვრობს კოსმოსურ სადგურზე, მაგრამ მის ცხოვრებაში ვარსკვლავური რომანტიკის მკვეთრი დეფიციტია. ვიდრე ვიღაცა შორეულ სამყაროებს იპყრობს, ის ხეხავს იატაკებს და საათობით ზის სოციალურ ქსელებში. თუმცა, სწორედ Spacebook შეიძლება იქცეს მისთვის არიადნის ძაფად. თუ ის შეძლებს საკმარისი „ლაიქების“ შეგროვებას, მისი ბედი მკვეთრად შეიცვლება – პირადი ურთიერთობები და კარიერა აღმასვლით წავა. შესაძლოა, მას აღუსრულდეს ნებისმიერი „წითელპერანგას“ სანუკვარი ოცნებაც – გაემართოს სახიფათო მისიაში პლანეტის ზედაპირზე!
Redshirt გამოვა PC და Mac პლატფორმებზე მიმდინარე წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში. თამაშის გამომცემლად მოგვევლინება Positech Games, რომელიც დღეს უფრო ცნობილია თამაშით Gratuitous Space Battles, მაგრამ თავის დროზე მან განაცხადი გააკეთა „ცხოვრების სიმულატორით“ Kudos.

ახალი „პლატფორმერი“ Shank-ის ავტორებისგან

ამ ზაფხულს Klei Entertainment, ცნობილი სერიით Shank, Xbox LIVE Arcade-ში გამოუშვებს არკადას Mark of the Ninja. ამ ორგანზომილებიანი „სტელს-პლატფორმერის“ გმირი ნინძაა, რომელსაც შეუძლია მოწინააღმდეგეების ყურადღების გაფანტვა, მახეების დაგება და ჭერზე ცოცვა. დეველოპერებმა უკვე გახსნეს პროექტის ოფიციალური საიტი, მაგრამ მასზე ჯერჯერობით მხოლოდ მოკლე ტექსტური კვესტი და ტიზერი-ვიდეორგოლია ხელმისაწვდომი.
SimCity ბრუნდება

SimCity 4-ის გამოსვლიდან 9 წლის შემდეგ, სტუდია Maxis უბრუნდება თავის უძველეს სერიას. ფორმალურად ახალი თამაშის ანონსი ჯერ არ შემდგარა, მაგრამ ინტერნეტში უკვე გაჩნდა გადმობეჭდილი პრევიუ, გამოქვეყნებული გერმანულ ჟურნალ GameStar-ის მარტის ნომერში.
Maxis-ის დამფუძნებელი უილ რაითი (Will Wright) არ მონაწილეობს წარმოებაში – მეტრი ამჟამად გადაცებულია ტელევიზიით და პარალელურად კურირებს Second Life-ს – მაგრამ ახალი თამაში, რომელსაც სახელად უბრალოდ SimCity ჰქვია, მკაცრად „კანონიკურია“. ისევე, ეროგორც ადრე, ჩვენ ვაშენებთ ქალაქს რაიონიდან რაიონამდე, აღვმართავთ საცხოვრებელ, კომერციულ და სამრეწველო კვარტლებს, ვქმნით ინფრასტრუქტურას, ვებრძვით კრიმინალსა და სტიქიურ უბედურობებს. თუმცა, გზების მიხრა-მოხრა ახლა უკვე ნებადართულია ნებისმიერი კუთხით.
სხვა მნიშვნელოვანი ცვლილება – საქალაქო სამსახურების შენობები თანდათანობით იცვლებიან იმის მიხედვით, რამდენად კარგად ართმევენ ისინი თავს თავიანთ ფუნქციებს.მაგალითად, პოლიციის განყოფილება იღებს „აპგრეიდს“ ყოველი 10 დაჭერილი დამნაშავის სანაცვლოდ. გარდა ამისა, მოთამაშეები შეძლებენ ნაგებობების იერსახის შეცვლას, იმის მსგავსად, როგორც The Sims 3-ში ავეჯისა და სახლების რედაქტირება ხდება.
თუმცაღა, კავშირი The Sims-ის სამყაროსთან არ შედგება ტექნიკური მიზეზების გამო: SimCity-ს საფუძველში ჩადებულია ახალი გრაფიკული ძრავი Glassbox, შემუშავებული Maxis-ის მიერ. პრევიუს ავტორები, რომლებსაც მუშა ბილდი აქვთ ნანახი, ამტკიცებენ, რომ თამაში საშუალებას იძლევა დეტალურად შევისწავლოთ ყოველი შენობა – მაგალითად, დავინახოთ ნახშირი, რომელიც თბოელექტროსადგურის კონვეიერზე მოდის, ან დავინახოთ, როგორ დახტუნაობენ სიმები სახურავებზე, ცეცხლმოდებული სახლიდან თავის დასაღწევად.
სკრინშოტები, სამწუხაროდ, არ გამოქვეყნებულა – ჟურნალში ნაჩვენები იყო მხოლოდ ის, რასაც ინდუსტრიაში „target renders“-ს უწოდებენ. პროექტი ამჟამად მხოლოდ 30%-ითაა დასრულებული და დახვეწილ გრაფიკაზე ავტორები ჯერჯერობით არ ფიქრობენ. გამოსახულებით ისინი დაკავდებიან წარმოების ბოლოსკენ, რომელიც სადღაც 2013-ში იქნება.
მანამდე კი SimCity-ს ვეტერანებს გაათბობს აზრი იმის შესახებ, რომ მათ, ისევე როგორც ძველისძველ SimCity 2000 Network Edition-ში, საშუალებას მისცემენ მოინახულონ მეგობრების სიმ-ქალაქები. გარდა ამისა, შესაძლებელია ერთი მეგაპოლისის ერთობლივი მართვა, მასალების გაზიარება (თუ არ გსურთ თქვენი მოყვავილე მინდვრების გაფუჭება ქვანახშირის საბადოებით, იყიდეთ ნედლეული მეზობლისგან) და პაექრობა ყველაზე წარმატებული ქალაქის თავის წოდების მოსაპოვებლად რანგების მსოფლიო ტაბულაში.
სხვათა შორის, ფასები რესურსებზე, როგორც მულტიპლეერში, ასევე „სინგლში“, დამოკიდებულია თავად მოთამაშეების მიერ შექმნილ მოთხოვნა-შეთავაზებაზე.
გაეხარდებათ მშრალი ციფრების მოყვარულებსაც. დეველოპერებს სურთ დაამყარონ უკუკავშირი მოთამაშესთან იმგვარად, რომ მან სწრაფად შეძლოს სიტუაციის შეფასება ქალაქში, ამიტომ სტატისტიკის განყოფილება აჭრელებულია შედარებითი გრაფიკებითა და ტაბულებით.
SimCity-ს ოფიციალური ანონსი, როგორც სჩანს, შედგება ღონისძიებაზე Game Changers, რომელსაც Electronic Arts გამართავს 6 მარტს GDC 2012-ის ფარგლებში.

ავტორი: რეზო კაიშაური

წყარო: navigator.ge