loading...

«

»

მარ 26

სოციალიზმის ადამიანური სახე

პრაღის გაზაფხული

ვინ არიან რუსები ჩეხებისთვის? ძმები თუ მეგობრები? რა თქმა უნდა ძმები, რადგან მეგობრებს ირჩევენ, ძმებს კი არა – ეს ანეგდოტი, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში 1968 წლის ბოლოს გავრცელდა, ზუსტად გამოხატავდა ჩეხების დამოკიდებულებას საბჭოთა ოკუპაციის მიმართ. ოპუკაცია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში სოციალიზმისთვის ადამიანური სახის მიცემა გადაწყვიტეს. მოსკოვმა ჩეხებს მალე დაუმტკიცა, რომ სოციალიზმს ადამიანური სახე არ შეიძლება ჰქონოდა. 1945 წელს ჩეხოსლოვაკია ნაცისტური ოკუპაციისგან გათავისუფლდა, მაგრამ ცოტა ხანში იგი მეორე ოკუპაციის მსხვერპლი გახდა – ჩეხეთში ფაშიზმი საბჭოთა სისტემით შეიცვალა.

1945 წლის გაზაფხულზე, ფაშისტური ოკუპაციის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიაში სახალხო მთავრობა ჩამოყალიბდა. ამ მთავრობაში ჩეხოსლოვაკიის კომპარტია 7 მინისტრით იყო წარმოდგენილი. ხელისუფლების სამოქმედო პროგრამას, საფუძვლად კომუნისტების მიერ შექმნილი პროექტი დაედო, სადაც მოსკოვთან ურთიერთობა პრიორიტეტად სახელდებოდა.

1948 წლიდან ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტებმა მთელი ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრირება შეძლეს და ქვეყანა მთლიანად კომუნისტურ მოდელზე გადაიყვანეს. ჩეხოსლოვაკიაში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. საერთო ჯამში, ციხეში 200 ათასზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა. აქტიური რეპრესიული პოლიტიკა მხოლოდ 50-იანი წლების ბოლოს შემსუბუქდა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი და ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ლიდერის პოსტი ნიკიტა ხრუშჩოვის პროტეჟემ, ანტონინ ნოვოტნიმ დაიკავა. ქვეყანაში შედარებითი ლიბერალიზაციის პროცესი დაიწყო. ამის შედეგად, ჩეხოსლოვაკია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველზე კონსერვატიულ სახელმწიფოდ ითვლებოდა, მოკლე დროში სოციალისტური ბლოკის ყველაზე ლიბერალურ სახელმწიფოდ გადაიქცა. ნაწილობრივ ეს ანტონინ ნოვოტნის წყალობით მოხდა. თუმცა შემდეგ ნოვოტნიმ უკვე გააცნობიერა, რომ პროცესები მისი ნების საწინააღმდეგოდ განვითარდა და თავს ზედმეტის უფლება მისცა. 1967 წელს ნოვოტნიმ ვითარების შეცვლა სცადა, მაგრამ ამან უკუშედეგი გამოიწვია. საზოგადოება, რომელსაც შედარებითი თავისუფლება მისცეს, ძველ დროში დაბრუნებას აღარ აპირებდა. სოციალისტური მმართველობის წინააღმდეგ 1967 წელს პრაღაში სტუდენტთა გამოსვლები გაიმართა. უკმაყოფილება მწიფდებოდა თავად პარტიის რიგებშიც. 1967 წლის ოქტომბერში, პრაღაში კომპარტიის პლენუმი გაიმართა. სხდომაზე ცკ-ს წევრებმა, ანტონინ ნოვოტნი კოლექტიური მმართველობის უგულებელყოფაში დაადანაშაულეს და მოსთხოვეს უარი ეთქვა პრეზიდენტის ან პარტიის პირველი მდივნის თანამდებობაზე.

ნოვოტნის კომპარტიის მდივნის პოსტის დატოვება მოუწია. 1968 წლის 4 იანვარს, ცკ-ს პლენუმმა, კომპარტიის პირველ მდივნად, ნოვოტნის ნაცვლად 47 წლის ალექსანდრე დუბჩეკი აირჩია, რომელიც მანამდე სლოვაკეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო. ეს არჩევანი საბჭოთა კავშირისთვისაც მისაღები აღმოჩნდა. დუბჩეკი 50-იან წლებში მოსკოვის უმაღლეს პარტიულ სკოლაში სწავლობდა და კარგად საუბრობდა რუსულად. მისი მშობლები საბჭოთა კავშირში საცხოვრებლად მაშინ გადავიდნენ, როდესაც იგი ჯერ ბავშვი იყო. დუბჩეკის ოჯახი ჯერ ყირგიზეთში ცხოვრობდა, შემდეგ კი ნიჟნი ნოვგოროდში გადასახლდა. მამამისი საავტომობილო ქარხანაში მუშაობდა. საერთო ჯამში მას რუსეთში 16 წელი ჰქონდა გატარებული.

მიუხედავად იმისა, რომ დუბჩეკს მოსკოვთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მან საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო. პარტიული და სახელმწიფო აპარატიდან გაათავისუფლა სტალინის პერიოდის ფუნქციონერები, მათ ნაცვლად კი ახალგაზრდა პარტიული მუშაკები დანიშნა. 1968 წლის თებერვალში, დუბჩეკი სოფლის მეურნეობის კოოპერატორთა ყრილობაზე გამოვიდა და განაცხადა, რომ აუცილებელია ჩეხოსლოვაკიაში განხორციელდეს სოციალიზმის დემოკრატიზაცია. ამ მხრივ მთავრობამ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი 3 მარტს გადადგა, როდესაც პრესაზე ნაწილობრივ გაუქმდა ცენზურა.

დანიელ პოვოლნი (ისტორიკოსი): “როდესაც 1968 წლის იანვარში, დუბჩეკი ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის პირველ მდივნად აირჩიეს, მოსახლეობა ამას კოსმეტიკურ ცვლილებად აღიქვამდა და ამისთვის სერიოზული ყურადღება არავის მიუქცევია. მაგრამ უკვე მარტში, დუბჩეკის დანიშვნიდან ორ თვეში, ხალხი მიხვდა, რომ რეალური ცვლილებები მიმდინარეობდა და ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო. ყველაზე შესამჩნევი ცვლილება მაინც 1968 წლის თებერვალში, ცენზურის არაფორმალური, ხოლო 1968 წლის მარტში უკვე ოფიციალურად გაუქმება გახდა. პრესას, რადიოს, ტელევიზიას საშუალება მიეცათ მოქალექეებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ იმ რეალურ მოვლენებზე, რომლებიც 1948 წლის შემდეგ ვითარდებოდა.”

დუბჩეკი არ იყო ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური წყობის დემონტაჟის მომხრე. მას არც პრაღის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დაუყენებია ეჭვქვეშ. ის მარქსისტად თვლიდა თავს და მიაჩნდა, რომ ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური სამართლიანობის აღდგენა, მხოლოდ სტალინის და მისი მიმდევრების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებით იყო შესაძლებელი. საქმე ეხებოდა კომუნისტური რეჟიმის გარკვეულ ჰუმანიზაციას – კომუნისტური იდეოლოგია უნდა გაადამიანურებულიყო, ხალხის მასებთან უნდა დაახლოებულიყო. ეს იყო ამ რეფორმების იდეოლოგიური საფუძველი. ასეთი პოლიტიკის გატარება, იმ დროს, საკმარისი აღმოჩნდა, რათა ხალხში დუბჩეკს უდიდესი პოპულარობა მოეპოვებინა.

1968 წლის 5 აპრილს, ცენტრალურმა გამოცემებმა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის მიერ შემუშავებული პროგრამა გამოაქვეყნეს, რომელიც ქვეყნაში ძირეულ რეფორმებს ითვალისწინებდა. დუბჩეკისა და მისი გუნდის მიერ მომზადებული პროგრამით უქმდებოდა ცენზურა, გარანტირებული იყო სიტყვის და შეკრების თავისუფლება, მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ საზღვარგარეთ გამგზავრება. პროგრამა ითვალისწინებდა ეკონომიკურ რეფორმებსაც: შესაძლებელი ხდებოდა ინდივიდუალური საქმიანობა, ხოლო სახელმწიფო საწარმოები ეკონომიკურ თავისუფლებას იღებდნენ. გამარტივდა ჩეხოსლოვაკიის სასაზღვრო რეჟიმი. მოქალაქეებს საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცათ. ქვეყანაში სხვადასხვა საზოგადოებრივი ტიპის ორგანიზაციები ჩამოყალიბდა, რომელსაც კომუნისტები ვერ აკონტროლებდნენ. მმართველობითი სისტემის რადიკალურ რეფორმირებას უკვე კომპარტიაშიც ემხრობოდნენ. ზოგიერთი კომუნისტი ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის შემოღებასაც კი ითხოვდა.

ჩეხოსლოვაკიაში დაწყებულ პროცესებს საბჭოთა კავშირის ხელისუფლება თვალს შეშფოთებული ადევნებდა. ვარშავის ხელშეკრულების წევრი ყველა სახელმწიფოს ლიდერი დუბჩეკის მიმართ უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა. ჩეხოსლოვაკიაში ვითარების შესაცვლელად კრემლში რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის სამხედრო ჩარევასაც განიხილავდნენ.

1968 წლის 4 მაისს მოსკოვში საბჭოთა კავშირის კომპარტიის ხელმძღვანელის ლეონიდ ბრეჟნევისა და ალექსანდრე დუბჩეკის შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრაზე ბრეჟნევმა ჩეხოსლოვაკიის ლიბერალიზაციის პოლიტიკა გააკრიტიკა. კრემლის განსაკუთრებულ გაღიზიანებას კომპარტიის როლის შესუსტება და ადგილობრივი პრესაში გამოქვეყნებული ანტისაბჭოთა მასალები იწვევდა. დუბჩეკი აღიარებდა, რომ ქვეყანაში მართლაც შეიმჩნეოდა ანტისაბჭოთა განწყობა, მაგრამ მიაჩნდა, რომ მის მიერ დაწყებული რეფორმები ჩეხოსლოვაკიაში სოციალიზმს საფრთხეს არ უქმნიდა.

ვაცლავ ჰაველი (ჩეხეთის ექს-პრეზიდენტი): “1968 წელს, ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებას ილუზიები ჰქონდა. დუბჩეკი ცდილობდა საბჭოთა კავშირისთვის აეხსნა, რომ მას კარგი იდეები აქვს, რომ ჩაფიქრებული რეფორმები ქვეყანაში კომუნიზმს მხოლოდ სახეს შეუცვლიდა, იგი უფრო მომხიბვლელი გახდებოდა, ხოლო თავად სისტემას საფრთხე არ შეექმნებოდა. ეს გულუბრყვილო პოზიცია იყო. რეფორმების პროცესი ისე განვითარდა, რომ მან გარკვეულწილად ხელისუფლებაც კი გააოცა. ჩეხოსლოვაკიის კომპარტია არ ელოდა მოსახლეობის ასეთ მხარდაჭერას და ამის გამო ცოტათი დაიბნენ კიდეც. ხალხი ხელისუფლებას ისეთი ნაბიჯებისკენ უბიძგებდა, რომელიც მათ წარმოდგენას ცდებოდა. ამიტომ დუბჩეკი დაბნეული იყო. ერთის მხრივ მას ბრეჟნევისთვის უნდა ემტკიცებინა, რომ ჩეხოსლოვაკიაში კომუნიზმის საწინააღმდეგო არაფერი ხდებოდა. მაგრამ ამავე დროს საზოგადოება მას სულ სხვა მოთხოვნებს უყენებდა. იგი გრძნობდა, რომ ხალხს რეფორმების გაგრძელება სურდა. მოქალაქეებს სურდათ, რომ დუბჩეკის დევიზი: “სოციალიზმი ადამიანური სახით”, მხოლოდ დევიზად არ დარჩენილიყო. მათ თავისუფლება და დემოკრატია უნდოდათ.”

დუბჩეკის მიერ შემუშავებულმა პროგრამამ, რეალური სახე რამდენიმე თვეში მიიღო. 1968 წლის 26 ივნისს ჩეხოსლოვაკიის ფედერალურმა კრებამ, ოფიციალურად გააუქმა ცენზურა. მეორე დღესვე გაზეთში თავისუფალი პუბლიკაციები გამოჩნდა. მათ შორის განსაკუთრებით გამოსარჩევია მანიფესტი, რომელსაც 2 ათასი სიტყვა ერქვა. იგი რამდენიმე გაზეთმა ერთდროულად გამოაქვეყნა. მანიფესტის ავტორი მწერალი ლუდვიგ ვაცულეკი იყო და მას ჩეხოსლოვაკიის ინტელიგენციის 70-მდე წარმომადგენელი აწერდა ხელს. პუბლიკაციის ავტორები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსულ კომუნისტურ მმართველობას აკრიტიკებდნენ და მხარს უჭერდნენ დუბჩეკის მიერ წამოწყებულ რეფორმებს. მანიფესტში ღიად იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურ პარტიაში არსებულ კონსერვატიულ ფრთას, რომელიც რეფორმებს ეწინააღმდეგებოდა მხარს მოსკოვი უჭერდა. წერილის ავტორები არ გამორიცხავდნენ, რომ ჩეხოსლოვაკიაში მიმდინარე რეფორმების შესაჩერებლად, საბჭოთა კავშირს შეეძლო ღია სამხედრო აგრესიისთვის მიემართა.

3 ივლისს საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა, რომელშიც კრემლი ჩეხი კომუნისტებისგან ანტისოციალისტური ძალების წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების გატარებას მოითხოვდა. მოსკოვი განსაკუთრებით ვაცულეკის მანიფესტის გამოქვეყნებით იყო გაღიზიანებული.

ჩეხოსლოვაკიაში შექმნილი ვითარების განსახილველად, 1968 წლის 29 ივლისს ქალაქ ჩერნა-ნად-ტისოუ-ში დუბჩეკისა და ბრეჟნევის შეხვედრა შედგა. იგი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. კრემლი დუბჩეკის ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით ესაუბრებოდა. საბჭოელები ამ შეხვედრაზე რამდენიმე ძირითად მოთხოვნას აყენებდნენ. მოსკოვი ითხოვდა საინფორმაციო საშუალებებზე ცენზურის აღდგენას, რეფორმების შეჩერებას და ჩეხოსლოვაკიის მთავრობაში იმ თანამდებობის პირთა გადაყენებას, ვინც ამ რეფორმებთან იყო დაკავშირებული. შეხვედრაზე დუბჩეკმა საბჭოეთის ყველა პირობის შესრულებაზე სიტყვიერი თანხმობა მისცა, თუმცა როგორც მომავალში გაირკვა, იგი ამ მოთხოვნების შესრულებას არც კი აპირებდა.

3 აგვისტოს საბჭოთა ბლოკის ერთიანობის დემონსტრაციის მიზნით, ბრატისლავაში 5 სოციალისტური ქვეყნის ლიდერის შეხვედრა შედგა. პოლნეთმა, გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, ბულგარეთმა, უნგრეთმა და საბჭოთა კავშირმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, სადაც ეწერა, რომ სოციალიზმის დაცვა ყველა სოციალისტური სახელმწიფოს მოვალეობას წარმოადგენდა. განცხადება მთლიანად სოციალისტურ ბანაკს ეხებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი უშუალოდ ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლების გაფრთხილებას წარმოადგენდა.

საბჭოთა ხელისუფლება დუბჩეკის მხრიდან მოლაპარაკებების დროს აღებული ვალდებულებების შესრულებას ითხოვდა. ამის თაობაზე ბრეჟნევი ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ლიდერს ტელეფონით ორჯერ ესაუბრა. დუბჩეკი თავს იმართლებდა და ბრეჟნევს უხსნიდა, რომ ამ გადაწყვეტილებების შესრულებას დრო სჭირდება. დუბჩეკი დროს წელავდა. იგი შემოდგომაზე დაგეგმილი პარტიის მე-14 ყრილობისთვის ემზადებოდა, რომელსაც ქვეყანაში დამატებითი დემოკრატიული ცვლილებები უნდა მიეღო. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა თანდათან რწმუნდებოდა, რომ დუბჩეკს კრემლისთვის სასურველი ცვლილებების გატარება არ სურდა.

იან დოსკოჩილი (ისტორიკოსი): “ბრეჟნევმა დუბჩეკს ტელეფონით რამდენჯერმე დაურეკა და მისგან შეთანხმების შესრულება მოითხოვა. დუბჩეკი პასუხობდა, რომ ამას შესაბამისი მომზადება და დრო სჭირდებოდა. ბრეჟნევის უკანასკნელი საუბარი დუბჩეკთან გადამწყვეტი გამოდგა. იგი დუბჩეკს ეუბნებოდა, რომ შეთანხმებიდან 2 კვირა გავიდა, მაგრამ ვითარება კვლავ უცვლელია. ბრეჟნევი ეკითხებოდა: “საშა რას აპირებ? რას გააკეთებ”? დუბჩეკი ამაზე გაღიზიანებული რეაგირებდა. მაშინ ბრეჟნევმა უთხრა, რომ იძულებულები ვიქნებით, სხვა ღონისძიებები გავატაროთო. მიანიშნა, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდებოდა, ქვეყანას ოკუპაცია დაემუქრებოდა. ამაზე დუბჩეკმა აღშფოთებულმა უპასუხა: “რაც გინდათ ის ქენით”. შესაძლოა იგი შეეგუა იმ აზრს, რომ ოკუპაცია უსათუოდ მოხდებოდა და მაშინ მის წინაშე არსებული დილემა თავისთავად გადაწყდებოდა.”

ბრეჟნევისთვის ცხადი ხდებოდა, რომ თუ ვითარება არ შეიცვლებოდა, ადრე თუ გვიან ჩეხოსლოვაკია სოციალისტურ ბანაკს დატოვებდა. ჩეხოსლოვაკიაში რეფორმების შესაჩერებლად, მოსკოვმა სამხედრო ოპერაციის განხორციელება გადაწყვიტა.

20 აგვისტოს, 22 საათსა და 15 წუთზე, საზღვართან განლაგებულმა საბჭოთა დივიზიებმა ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის ბრძანება მიიღეს. სამხედრო ოპერაცია, რომელსაც კოდური სახელი “დუნაი” ერქვა, საბჭოთა სადესანტო დივიზიის მიერ პრაღის აეროპორტ “რუზინეს” აღებით დაიწყო. მეორე დღეს ვარშავის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოების ნახევარმილიონიანმა არმიამ, ჩეხოსლოვაკიის საზღვრები ყველა მიმართულებით გადაკვეთა და ქვეყნის ოკუპაცია დაიწყო. ინტერვენციაში საბჭოთა კავშირთან ერთად, აღმოსავლეთ გერმანიის, ბულგარეთის, უნგრეთის და პოლონეთის სამხედრო ძალები მონაწილეობდნენ. ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციაში 5 ქვეყნის 26 დივიზია და 5 000 ტანკი მონაწილეობდა. კრემლმა ინტერვენციის დაწყებისთანავე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჯარების შეყვანა მიმდინარეობდა მოძმე ჩეხოსლოვაკიელი ხალხის დასახმარებლად.

იან დოსკოჩილი (ისტორიკოსი): “რა თქმა უნდა, ინტერვენციის ინიციატივა საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა. სხვა ქვეყნების სამხედრო კონტინგენტი მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. სცენარი ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორიც უნგრეთში იყო 1956 წელს. ჩეხოსლოვაკიაში შეიქმნებოდა ახალი მთავრობა. შემდეგ კი ეს მთავრობა საბჭოთა ჯარის შეყვანას მოითხოვდა, რითიც ოკუპაციას გაამართლებდნენ.”

პრაღის რადიომ ღამის 2 საათზე გაავრცელა ცნობა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების შემოჭრის შესახებ. მთავრობამ ჩეხოსლოვაკიის შეიარაღებულ ძალებს ყაზარმებში დარჩენა უბრძანა, მოსახლეობას კი სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ამის მიუხედავად, შუაღამისას უბრალო მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ და საოკუპაციო ძალების საწინააღმდეგო დემონსტრაციები დაიწყეს.

საბჭოთა დესანტის პირველი სამიზნე დუბჩეკი და მისი თანაგუნდელები იყვნენ. რუსმა ჯარისკაცებმა გამთენიისას, კომპარტიის შენობას, სადაც დუბჩეკი იმყოფებოდა ალყა შემოარტყეს. შენობასთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, მაგრამ საბჭოთა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დუბჩეკი და რამდენიმე თანამდებობის პირი შენობაშივე დააპატიმრეს. ისინი იმავე დღეს გადაიყვანეს საბჭოთა კავშირში.

21 აგვისტოს, საოკუპაციო ნაწილებმა მთავრობის სახლი, პრეზიდენტის სასახლე, გენერალური შტაბი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე რამდენიმე გამომცემლობა და ცენტრალური ტელეცენტრის და რადიოს შენობა. ბრძოლა გაიმართა რადიოს შტურმის დროს, სადაც 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რუსმა ჯარისკაცებმა რადიოს შენობა დაიკავეს, მაგრამ პირდაპირი ეთერი მაინც არ შეწყდა. სამხედროებმა იმ პატარა ოთახს ვერ მიაგნეს, საიდანაც პირდაპირი ეთერი ხორციელდებოდა. ოკუპირებული შენობიდან თავისუფალი სიტყვა მთელი დღის განმავლობაში ისმოდა.

დანიელ პოვოლნი (ისტორიკოსი): “ხმა გავრცელდა, რომ საბჭოები რადიოს დაკავებას შეეცდებოდნენ, ამიტომ ხალხმა რადიოს შენობასთან დაიწყო შეკრება. ისინი ავტომობილებისა და ტრამვაის საშუალებით ბარიკადების აგებას შეუდგნენ, რომელსაც შემდეგ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ. რადიოსთან შეტაკებისას რამდენიმე ათეული მოქალაქე დაიღუპა. საბჭოეთმა რამდენიმე საათში შეძლეს შენობის დაკავება, მაგრამ რადიოს მაუწყებლობა მაინც გრძელდებოდა – მაუწყებლობა სათადარიგო სტუდიებიდან ხორციელდებოდა. ეს პრინციპში საბჭოელების უზარმაზარი მარცხი იყო”

სტიქიური მშვიდობიანი წინააღმდეგობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაიშალა. პრაღის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანები საოკუპაციო ძალების მიმართ ზიზღს დაუფარავად გამოხატავდნენ. მოქალაქეები ქუჩებს სატვირთო ავტომობილებით ხერგავდნენ და მძიმე ტექნიკის გადაადგილებას აფერხებდნენ. ტანკებზე ანტისაბჭოურ ლოზუნგებს წერდნენ და ნაცისტურ სიმბოლიკას ხატავდნენ.

მოსახლეობა ოკუპანტებს პასიურ წინააღმდეგობის უწევდა. ჯარისკაცებს ქვებს, ასფალტის ნატეხებს, “მოლოტოვის კოქტეილს” უშენდნენ. ჩეხოსლოვაკიის ბევრმა მოქალაქემ რუსული იცოდა და ცდილობდნენ საბჭოთა სამხედროებისთვის აეხსნათ, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს და უიარაღო ხალხის წინააღმდეგ გამოიყვანეს. თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

პრაღის ქუჩებში არმიასა და უბრალო მოქალაქეებს შორის სპონტანური დაპირისპირება ხდებოდა, რომლის დროსაც საბჭოთა არმია უიარაღო დემონსტრანტების წინააღმდეგ ავტომატურ იარაღს იყენებდა. ინტერვენციის პირველ დღეს ოკუპანტებმა პრაღაში, ლიბერეცსა და კოშიცეში 20-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და 200-მდე მძიმედ დაჭრეს. პრაღაში კომენდანტის საათი გამოაცხადდა. შეჭრიდან 36 საათის შემდეგ ვარშავის პაქტის ჯარებმა ჩეხოსლოვაკიაზე სრული კონტროლი დააწესეს. ქალაქები საბჭოთა ჯარისკაცებით გაივსო.

ვაცლავ ჰაველი (ჩეხეთის ექს-პრეზიდენტი): “პრაღის გაზაფხულის მოვლენები ნათლად მახსოვს. მაშინ უკვე საკმაოდ აქტიურად ვმონაწილეობდი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ოკუპაციის საწინააღმდეგო მშვიდობიან მოძრაობაში მაშინვე ჩავები. იმ დღეებში ქალაქ ლიბერეცში ვიმყოფებოდი. ერთი კვირის განმავლობაში სახალხო წინააღმდეგობაში ვმონაწილეობდი. ძალიან ბევრი ილუზია გვქონდა. განსაკუთრებით ეს ხელისუფლებაში მყოფ რეფორმატორებზე ითქმის. მაშინ ხელისუფლების სათავეში კომუნისტური პარტიის რეფორმატორული, თავისუფლად მოაზროვნე, გონიერი ფრაქცია მოექცა, რომელსაც შეიძლება ითქვას სახალხო მხარდაჭერა ჰქონდა. მიუხედვად ამისა, საერთაშორისო სიტუაცია არ იყო ჩვენთვის ისეთი ხელსაყრელი, როგორც იყო მაგალითად 1989 წელს. ნათელი იყო, რომ დასავლეთი ჩვენ რაიმე მნიშვნელოვან დახმარებას ვერ გაგვიწევდა.” საბჭოთა ხელისუფლებამ ქვეყნის ოკუპაცია წარმატებით განახორციელა, მაგრამ პოლიტიკური და მორალური კუთხით სრული კრახი განიცადა. მოსკოვის მოქმედებას მხარი ჩეხოსლოვაკიის კომპარტიამაც კი არ დაუჭირა, რომელმაც 22 აგვისტოს პრაღაში საიდუმლოდ ჩატარებულ ყრილობაზე კრემლის მოქმედება დაგმო.

ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკების პროცესი დაიწყო. 23 აგვისტოს მოსკოვში ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ლუდვიკ სვობოდა ჩავიდა. სვობოდას თხოვნით, კრემლმა ალექსანდრე დუბჩეკი პატიმრობიდან გაათავისუფლა და იგი მოლაპარაკების პროცესში ჩართო. 3 დღის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიის დელეგაციამ ხელი მოაწერა პროტოკოლს, რომელიც ქვეყანაში ცენზურის აღდგენას, ოპოზიციის აკრძალვას და რეფორმატორულად განწყობილი ცკ-ს წევრების დათხოვნას ითვალისწინებდა. დოკუმენტის თანახმად, ჩეხოსლოვაკიას საოკუპაციო ძალები მხოლოდ მას შემდეგ დატოვებდნენ, როდესაც ქვეყანაში სოციალიზმის არსებობას საფრთხე აღარ დაემუქრებოდა.

ალექსანდრე დუბჩეკი სამშობლოში 26 აგვისტოს დაბრუნდა და მეორე დღეს მოსახლეობას რადიოთი მიმართა. “ჩეხოსლოვაკია მომავალშიც გააგრძელებს სოციალიზმის გზით სიარულს… დღეს რეალობის იგნორირება იმას ნიშნავს, რომ საქმე გვექნება ავანტურასთან და ანარქიასთან”, – ამბობდა კომპარტიის პირველი მდივანი. მას მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ მოვლენების შემდგომი განვითარება იმაზე მიანიშნებდა, რომ პრაღის გაზაფხული დასრულდა.

ინტერვენციის შედეგად აგვისტოსა და სექტემბერში ჩეხოსლოვაკიის 108 მოქალაქე დაიღუპა, 500-მდე კი დაიჭრა. საბჭოთა არმიის დანაკარგმა 98 ჯარისკაცი შეადგინა. სექტემბერში ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ მოსკოვის პროტოკოლით გათვალისწინებული პირობების შესრულება დაიწყო.

1968 წლის 18 ოქტომბერს ჩეხოსლოვაკიის ფედერალური კრების სხდომა გაიმართა. კრებაზე ერთადერთ საკითხს განიხილავდნენ – ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე საბჭოთა საჯარისო კონტინგენტის განთავსებას. ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის დაკანონებას სხდომაზე მხოლოდ 4 დეპუტატი შეეწინააღმდეგა, დანარჩენებმა თანხმობა განაცხადეს. საბჭოთა ჯარის ყოფნა, რომ დაკანინდებოდა, ეს ყველასთვის გასაგები იყო: 2 დღით ადრე 16 ოქტომბერს პრაღაში საბჭოთა სამთავრობო დელეგაცია ჩამოვიდა, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის მთავრობასთან სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით, შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ქვეყანაში საბჭოთა ჯარი დროებით, სიტუაციის ნორმალიზაციამდე უნდა დარჩენილიყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის დროებითი ყოფნა 23 წელი გაიწელა.

საბჭოთა კავშირმა, ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 5 დივიზია განალაგა. მთლიანობაში მათი რაოდენობა 70-დან 85 ათას ჯარისკაცსა და ოფიცერს შეადგენდა. საოკუპაციო ნაწილების სამეთაურო შტაბმა, პრაღიდან 38 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ მილოვიცეში დაიწყო ფუნქციონირება. 1945 წლის შემდეგ საბჭოთა ჯარები ჩეხოსლოვაკიაში კვლავ დაბრუნდნენ.

1968 წლის შემოდგომაზე სულ უფრო გაძლიერდა კონსერვატიული ძალების შეტევა რეფორმატორთა ჯგუფზე. გუსტავ ჰუსაკი – სლოვაკეთის კომპარტიის პირველი მდივანი – საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეჭრამდე დუბჩეკის მხარდამჭერი იყო, მაგრამ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მან პოზიცია შეცვალა. ჰუსაკის მოთხოვნით, 14 ნოემბერს გამართულმა ცკ-ს პლენუმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პარტიაში მემარჯვენე ოპორტუნიზმს გმობდა.

ოქტომბერსა და ნოემბერში ჩეხოსლოვაკიის რამდენიმე ქალაქში სტუდენტთა მასობრივი გამოსვლები ჩატარდა. ახალგაზრდები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ შეეჩერებინა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და გაეგრძელებინა რეფორმები. 7 ნოემბერს პრაღაში, ბრატისლავასა და ბრნოში ახალგაზრდებმა საბჭოთა დროშები დაწვეს. პოლიციამ სტუდენტები ხელკეტების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. იმ დღეს ჩეხოსლოვაკიის ქალაქებში 176 ადამიანი დააპატიმრეს. საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი იმდენად მაღალი იყო, რამდენჯერმე საჯარო სუიციდის ფაქტიც კი დაფიქსირდა.

1969 წლის 19 იანვარს საბჭოთა ოკუპაციისადმი პროტესტის ნიშნად პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე, ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა სტუდენტმა იან პალახმა. 25 იანვარს პალახის დაკრძალვა, პრაღაში დემონსტრაციად გადაიქცა. ქუჩაში ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა. იან პალახი ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლის სიმბოლო გახდა.

პალახს მალე მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. ერთი თვის შემდეგ, 25 თებერვალს, ვაცლავის მოედანზე თავი დაიწვა რკინიგზის ტექნიკუმის სტუდენტმა 18 წლის იან ზაიცმა. სულ ჩეხოსლოვაკიაში 1969 წლის იანვარ-აპრილში თავის დაწვის 25 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 7 სიკვდილით დასრულდა.

1969 წლის აპრილში, თანამდებობიდან გადადგა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე დუბჩეკი. ქვეყანაში ჰუსტავ გუსაკის მმართველობა დაიწყო, რომელიც 20 წელი მიმდინარეობდა.

1968 წლის მოვლენების შემდეგ, ჩეხოსლოვაკია რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა დატოვა. ემიგრანტთა შორის ყველაზე მეტად ინტელიგენციის წარმომადგენლები ჭარბობდნენ – მათი რიცხვი 30 ათასს აღწევდა. პრაღის გაზაფხულის შემდეგ, ემიგრაციაში აღმოჩნდა ჩეხი რეჟისორი მილოშ ფორმანი. ვინც ქვეყანაში დარჩა, მათ კომუნისტური რეჟიმი ყოველმხრივ ზღუდავდა. თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეებს, რომლებიც ღიად გამოხატავდნენ პროტესტს და საბჭოთა სისტემას არ ემორჩილებოდნენ, სამსახურიდან ათავისუფლებდნენ და დევნიდნენ. რამდენჯერმე დააპატიმრეს ჩეხეთის მომავალი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, ანტისაბჭოური შემოქმედების გამო, ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გაასახლეს მწერალი მილან კუნდერა. კომუნისტურმა საზოგადოებამ გარიყა და საარსებო წყაროს გარეშე დატოვა ყველა ის ადამიანი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობდა.

ავტორი: მიხეილ ბასილაძე

წყარო: 24saati.ge

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>