loading...

«

»

მარ 30

დაავადებები, რომლებითაც გენეტიკა პატარას “ასაჩუქრებს”

ბავშვი მშობლებისგან არა მარტო გარეგნობას იღებს მემკვიდრეობით, არამედ ჯანმრთელობას, იმუნიტეტს, ტემპერამენტს, ამა თუ იმ დაავადებების მიმართ წინასწარგანწყობას. საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევაში, მემკვიდრული პროგრამა კორექციას ექვემდებარება, ამიტომ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ პატარას, რათა მშობლებისგან ყველაფერი საუკეთესო მიიღოს.

ცხოვრების ტონუსი: 

ახალშობილთა 20% დეპრესიისკენაა მიდრეკილი, რომელიც, როგორც წესი, დედის ხაზით გადაეცემა. დეპრესია შეიძლება გამოვლინდეს დაბადებიდან რამდენიმე დღეშიც კი. თუ ახალშობილის დედა ნატურით პესიმისტი გახლავთ და არც ბავშვის მამაა გამორჩეული მხიარული ბუნებით, ამ შემთხვევაში პატარას “საშუალება არა აქვს”, განსხვავებული ბუნების იყოს. რაც შეეხება იმუნიტეტს, რომელმაც ბავშვის ფსიქიკა დეპრესიისგან უნდა დაიცვას, ის ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. ასეთი ბავშვები იშვიათად იღიმებიან, გარშემომყოფთა მიმართ ინტერესს არ ავლენენ, ღამე ხშირად იღვიძებენ, უჭირთ დაძინება, არც კარგი მადით გამოირჩევიან. ამ დროს მშობელი ვალდებულია, შვილს ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმაროს, განუვითაროს ინტერესის არეალი, აუმაღლოს განწყობა. როცა პატარას შინაგანი განწყობა დადებითია, მისი ფიზიკური განვითარების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, ხოლო ნაწლავების არასაკმარისი აქტიურობა, რაც ხშირად ჭარბი აირების დაგროვების მიზეზი ხდება, არასწორი ფიზიკური განვითარების ბრალია. ასეთი პატარები ხშირად ცივდებიან და ავადმყოფობენ. საბედნიეროდ, ამ მემკვიდრული ფაქტორის გამოსწორება შესაძლებელია, რადგან წინასწარგანწყობა დაავადება არ არის. 
მოქმედების ტაქტიკა: 
მშობელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, შვილის მიმართ თბილი და ალერსიანი იყოს, დიდი დრო გაატარეთ მის გვერდით. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი ემოციებისა და გრძნობების აფიშირება, იმ მიზეზით, რომ ზედმეტმა სითბომ და სიყვარულმა შეიძლება პატარა გაათამამოს. ბავშვისთვის აუცილებელია, იცხოვროს მხიარულ, ბედნიერსა და ჰარმონიულ ოჯახში. ეს ყველაზე ეფექტური ვაქცინა გახლავთ დეპრესიის წინააღმდეგ.
ასთმა: 
თუ თქვენ ასთმა გაქვთ, დამშვიდდით, ეს არ ნიშნავს, რომ ის თქვენს შვილსაც აუცილებლად გამოჰყვება მემკვიდრეობით. საქმე ისაა, რომ მემკვიდრეობით არა თავად ასთმას, არამედ მის მიმართ წინასწარგანწყობას ვიღებთ. თუ მშობელი მოახერხებს და შვილს ამ დაავადებისთვის ხელსაყრელი პირობებისგან დაიცავს, სავსებით შესაძლებელია, პატარას ასთმით დაავადების ალბათობა მინიმუმამდე დავიდეს.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ასთმა თაობიდან თაობას გადაეცემა ორი მთავარი გენეტიკური ფაქტორით. პირველი, პასუხისმგებელია ბრონქების რეაქტიულობაზე, მეორე – ორგანიზმის მედეგობაზე ალერგიის მიმართ. დადგენილია, რომ თუ ერთ-ერთი მშობელი ასთმითაა დაავადებული, ამ შემთხვევაში რისკი, რომ ბავშვსაც შეაწუხებს ეს დაავადება, 20-30%-ია, ხოლო თუ ორივე მშობელია ასთმით დაავადებული, რისკი 70%-ს აღწევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიჭებში სამჯერ უფრო მეტად იჩენს თავს დაავადება, ვიდრე გოგონებში.
მოქმედების ტაქტიკა: 
მაქსიმალურად დაიცავით შვილი სტრესისგან. პატარაობიდანვე იზრუნეთ მის გაკაჟებაზე. დიდი დრო გაატარეთ მასთან ერთად სუფთა ჰაერზე, ყოველი დღე ისე დაგეგმეთ, რომ ბავშვმა მცირე ხნით მაინც მოახერხოს სუფთა ჰაერზე ყოფნა. სახლი ყოველდღიურად სველი წესით დაასუფთავეთ. თუ თქვენი შვილი რისკ-ჯგუფში შედის, მოერიდეთ სახლში ხალიჩების, რბილი ავეჯის ქონას, ნუ უყიდით მას პლუშის სათამაშოებს. თუ ასეთები აქვს, კვირაში ერთხელ მაინც უნდა გარეცხოთ.
ალერგია: 
ალერგია მემკვიდრული დაავადებების სიაში არ შედის, უფრო სწორად, მისი მხოლოდ გარკვეული ფორმა შედის, რომელსაც ჭეშმარიტ ალერგიას უწოდებენ (ატოპია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა). მიუხედავად დიდი მცდელობისა, ალერგიული მოვლენები დღემდე ბოლომდე შესწავლილი არ არის. ატოპური დაავადებების გამომწვევი ერთი მიზეზი კი სავსებით ცნობილია – ორგანიზმი პოტენციურად მიმართულია, რომ რეაქცია მოახდინოს ცილოვანი წარმოშობის აგენტზე და ეს გენებშია ჩადებული. თავად ალერგიული რეაქციის მექანიზმი კი გენებში ჩადებული არაა. მაგალითად, თუ დედა შეპყრობილია ბრონქული ასთმით, მამა კი კვებითი ალერგიით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ შვილს ორივე დაავადება განუვითარდება.
იმ შემთხვევაში, თუ ატოპია რომელიმე მშობელს აქვს, 20-25 %-ია შანსი, რომ ის ბავშვსაც განუვითარდეს, ხოლო თუ ორივე მშობელს აქვს, რისკი 5-15%-მდე კლებულობს.
მოქმედების ტაქტიკა: 
მინიმუმადე უნდა დაიყვანოთ ბავშვის კონტაქტი ალერგიის მაპროვოცირებელ გარემოსთან, საკვებთან. უნდა ეცადოთ, მაქსიმალურად მოარიდოთ ავადმყოფი ადამიანების გარემოცვას, რადგან მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები ხშირად ქმნიან ხელსაყრელ ფონს, რომ მოხდეს ალერგიის განვითარება. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც დაიბადნენ გაზაფხულსა და ზაფხულში. მომავალმა დედიკოებმა უნდა იცოდნენ, რომ ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში განსაკუთებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ გამონაბოლქვის, სიგარეტის კვამლის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე ერთი წევრი მაინც მწეველია და ეს დედაა, ალერგიის ჩამოყალიბების რისკი სამჯერ იზრდება. გაზაფხულსა და ზაფხულში დაბადებულ ბავშვებს უფრო ხშირად აღენიშნებათ პოლინოზი, რომელიც დაკავშირებულია მცენარეების ყვავილობასთან და მათ მტვერთან.
თამბაქოს კვამლი: 
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ სიგარეტის კვამლი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დნმ-ზე. თუ ქალი დაფეხმძიმებამდე მწეველი იყო და ორსულობის პერიოდშიც არ დაანება თავი, მის შვილს არა მარტო ბრონქული ასთმა, არამედ სხვა სერიოზული პრობლემებიც შეიძლება შეექმნას და ამის რისკი 1,5-ჯერ მეტია. ყველა დედამ უნდა გააცნობიეროს, რომ არ ღირს საკუთარი და მით უფრო, შვილის ჯანმრთელობის სასწორზე დადება.
მოქმედების ტაქტიკა: 
უნდა ვეცადოთ, იქ, სადაც პატარაა, არავინ მოსწიოს. პასიური მწეველის როლში ყოფნა უფრო საზიანოა. გარდა იმისა, რომ ჩვილი სიგარეტის გამონაბოლქვს სუნთქავს, თავისთავად მისი კვამლით უამრავ ტოქსინს შეიწოვს. ასეთ გარემოში გაზრდილი პატარები 4-ჯერ ხშირად ავადმყოფობენ ოტიტითა და ვირუსებით, ვიდრე არამწეველთა ოჯახში გაზრდილები.
დიაბეტი: 
დიაბეტის გარკვეული ფორმების მიმართ წინასწარგანწყობა მემკვიდრულია: რისკი მეტია მამის ხაზის არსებობის შემთხვევაში. დიაბეტის პირველი ფორმით, ინსულინდამოკიდებულით დაავადების ალბათობა 10-15%-ია. თუ ამ ფორმით დაავადებულია დედა, მაშინ მაჩვენებელი 2-2,5%-ია, უფროსი დის ან ძმის შემთხვევაში კი 5%-ს არ აღემატება.
თუ ორივე მშობელი დაავადებულია მეორე ტიპის დიაბეტით (ინსულინდამოუკიდებელი), ამ შემთხვევაში შვილის დაავადების რისკი 65-70%-ია. აბსოლუტურად შესაძლებელია, ამ ტიპის დიაბეტის განვითარება ბავშვობის ასაკში არ მოხდეს. იგი უმეტესად თავს იჩენს 40 წლის შემდეგ. ამ ფორმის დიაბეტისგან დაცვა შესაძლებელია, თუ მშობელი ამაზე ზრუნვას შვილის პატარაობიდანვე დაიწყებს.
მოქმედების ტაქტიკა: 
თუ არსებობს რისკი, რომ ბავშვი მემკვიდრული დიაბეტით დაიბადოს, სასურველია, სანამ შვილის ყოლას გადაწყვეტთ, კონსულტაციისთვის გენეტიკოსს მიმართოთ და მან დასახოს თქვენი სამოქმედო გეგმა და ტაქტიკა, რათა რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. თუ ორივე მშობელს შაქრიანი დიაბეტი აქვს, ამ დროს, რა თქმა უნდა, საქმე რთულადაა, რადგან პატარას, პრაქტიკულად შანსი არა აქვს, თავი დააღწიოს დიაბეტს. სწორედ ამიტომაა, რომ ექიმი ასეთ წყვილს ბიოლოგიური შვილის ყოლას არ ურჩევს და აყვანისკენ მოუწოდებს.
თუ მაინც არსებობს რისკი, რომ პატარას შაქრიანი დიაბეტი განუვითარდეს, მაქსიმალურად ეცადეთ, ძუძუ დიდხანს არ აწოვოთ, ხოლო ფაფებზე გადასვლის პერიოდიდან, უპირატესობა სოიას მინარევებზე მომზადებულს მიანიჭეთ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძროხის რძე, თუ მას ბავშვი ძალიან პატარა ასაკიდან იღებს, შეიძლება დაავადების დეტონატორად იქცეს და გამოიწვიოს პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი. 2 წლის ასაკიდან კი ძროხის რძისადმი დამოკიდებულება რადიკალურად უნდა შეიცვალოს. ამ ასაკიდან ძროხის რძის დიეტა დიაბეტის პროფილაქტიკისთვის საიმედო საშუალებაა.
მხედველობა: 
ალბათობა, რომ ახლომხედველ მშობლებს ახლომხედველი შვილი ჰყავდეთ (სკოლის ასაკიდანვე), 50%-ია. თუ მიოპიით (ახლომხედველობით) ერთ-ერთი მშობელია შეპყრობილი, ბავშვისთვის რისკი 2-ჯერ მცირდება. უნდა ვიცოდეთ, რომ თაობიდან თაობას გადაეცემა არა თავად დაავადება, არამედ წინასწარგანწყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არაა აუცილებელი ბავშვსაც იგივე პრობლემა შეექმნას, რაც მშობლებს.
მოქმედების ტაქტიკა: 
რისკ-ჯგუფში შემავალ პატარებს 4-წლამდე ტელევიზორის ყურების საშუალება 15 წუთზე მეტ ხანს არ უნდა მისცეთ. რაც შეეხება წერა-კითხვის პროცესს, პატარას თვალების გადაძაბვა არ უნდა დავუშვათ. უპირატესობა მიანიჭეთ დიდ შრიფტს.
ფერადი სამყარო: 
სტატისტიკურად ბიჭების მხოლოდ 8 %-ია აბსოლუტურად დალტონიკი, ხოლო გოგონებში ეს მაჩვენებელი 0,5%-ის ფარგლებშია. დალტონიზმი მემკვიდრეობით გადადის და უპირატესად თავს მაშინ იჩენს, თუ დედის მამა ანუ პაპა დალტონიკი გახლდათ. თუ ფერების მიმართ სიბრმავეს ორივე მშობელი უჩივის, ეს იმის გარანტიაა, რომ შვილიც დალტონიკი იქნება. ამას განაპირობებს განაყოფიერების დროს ქრომოსომული გენების დარღვევა.
მოქმედების ტაქტიკა: 
თუ ბავშვი დალტონიზმისადმი წინასწარგანწყობილია, პატარა ასაკიდანვე მიიყვანეთ შესაბამის სპეციალისტთან. ფერების მიმართ აბსოლუტური სიბრმავე ძალიან იშვიათია, ამიტომ მნიშვნელოვანია მოხდეს ყველაფრის სწორი განსაზღვრა. ბუნებრივია, ასეთი პატარას მშობლები განსაკუთრებით ყურადღებითა და სიფრთხილით უნდა იყვნენ და შვილის მდგომარეობას გაგებით მოეკიდონ.

ავტორი: თეონა სირბილაძე

წყარო: sana.ge