loading...

«

»

მარ 30

საინტერესო ამბები

  გერმანელი მამაკაცი სარეკლამო ადგილს საკუთარ სახეზე ყიდის

გერმანელმა უვე ტრიოშელმა მარკერის დახმარებით საკუთარი სახე რამდენიმე ნაწილად დაყო და მათში რეკლამების განთავსება გადაწყვიტა. თოთოეულ ზონას თავისი ფასიც დაუწესა, მაგალითად რეკლამის შუბლზე განთავსება 50 ათასი ევრო ღირს, ლოყაზე – 20 ათასი, ნიკაპზე – 5000, ხოლო თუკი რომელიმე კომპანიას საკუთარი რეკლამის მთელ სახეზე განთავსება მოუნდება, მაშინ მან 100 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. როგორც ტრიოშელი განმარტავს, ასეთი უცნაური გადაწყვეტილების მიღებისკენ მას ცხოველების, უფრო კონკრეტულად კი სენბერნარის ჯიშის ძაღლის სიყვარულმა უბიძგა. მამაკაცს სურს, რომ რეკლამების გზით ნაშოვნი ფულით სენბერნარის მუზეუმი გახსნას.

 

 

დომინო, ლეიბები და მსოფლიო რეკორდი 

აშშ-ში, ახალ ორლეანში 850 ადამიანმა ლეიბების დახმარებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ისინი ქალაქის ერთ-ერთ ფაბრიკაში შეიკრიბნენ, ლეიბები რამდენიმე მწკრივად განალაგეს, თავად წინ ამოუდგნენ და რამდენიმესაათიანი რეპეტიციის შემდეგ დომინოს პრინციპით დაცემა დაიწყეს. სანახაობა ძალიან მხიარული და შთამბეჭდავი გამოვიდა. რეკორდის დამყარების შემდეგ ყველა საკუთარ ლეიბზე ხტოდა და მღეროდა.

 

 

 

ინდოელ პოლიციელებს ჰიპნოზიორის დახმარება დასჭირდათ

ინდოეთის ცენტრალურ რეგიონებში სამართალდამცავებს შორის ბოლო დროს ჭარბწონიანების, ლოთებისა და მწეველების რაოდენობამ იმატა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პოლიციელები მავნე ჩვევებს ჰიპნიოზიორის დახმარებით ებრძვიან. იგი მათ სეანსებს ყოველდღე 30 წუთის განმავლობაში უტარებს და ირწმუნება, რომ მისი „პაციენტების“ მდგომარეობა უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გამოსწორდება. როგორც თავად სამართალდამცავები ამბობენ, მათ მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილება მძიმე სამუშაო გრაფიკით გამოწვეული სტრესის გამო გაუჩნდათ.

 

პროდუქტები, რომლებსაც ჭარბი მოხმარების შემთხვევაში ზიანის მოტანა შეუძლიათ

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ პროდუქტებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ ითვლება, ჭარბი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის, ზიანის მიყენება შეუძლიათ. ეს პროდუქტებია: კეფირი, ვაშლი, მსხალი, ნაღები, არაჟანი, ბარდა, ღორის ხორცი, შავი პური, მცენარეული ზეთი, კვერცხი და არაყი.

65 მილიონი წლის წინ ცხენი მხოლოდ 4 კგ-ს იწონიდა

უძველესი ცხენების ნაშთების კვლევის შემდეგ მიჩიგანის პალეონთოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პროფესორ ფილიპ ჯინჯერიჩის ხელმძღვანელობით დაასკვნეს, რომ ეს ოთხფეხა ცხოველი 65 მილიონი წლის წინ კატის ზომის იყო და მხოლოდ 4 კგ-ს იწონიდა.

სპეციალისტების აზრით, მისი სიმაღლეში და წონაში ზრდა გამყინვარების პერიოდმა განაპირობა. მკვლევარები ასევე ირწმუნებიან, რომ ტემპერატურის ცვლილება ადამიანის ორგანიზმის ზრდა-განვითარებაზეც ახდენს გავლენას.

მრავალფუნქციური ჯინსი

მათთვის, ვინც კომპიუტერის გარეშე დიდხანს ვერ ძლებს, ჰოლანდიური კომპანიის Nieuwe Heren–ის დიზაინერებმა მრავალფუნქციური ჯინსი შექმნეს.

მასში კლავიატურაა ჩაკერებული და მაუსიც მოყვება. შარვალი უსადენო ტექნოლოგიით უერთდება კომპიუტერს და მფლობელს გადაადგილების საშუალებას მაშინაც კი აძლევს, როცა იგი ტექსტს კრეფს. ამ ინოვაციურ სამოსს Beauty and the Geek დაარქვეს. იგი მაღაზიებში უახლოეს მომავალში გამოჩნდება და 400 დოლარი ეღირება.

გიგანტური ასთაკვი

დიდ ბრიტანეთში მენის სანაპიროსთან ერთ–ერთმა მეთევზემ გიგანტური ასთაკვი (lobster) დაიჭირა და მას სილვესტერ სტალონეს ცნობილი როლის საპატივსაცემოდ როკი დაარქვა. ასთაკვის სიგრძე 102 სმ–ია და 12 კგ–ს იწონის. მას შემდეგ, რაც როკი ადგილობრივმა მეცნიერებმა გაზომეს, აწონეს და კარგად შეისწავლეს, იგი ისევ ატლანტის ოკეანეს დაუბრუნეს.

 

რობოტი სახელად რომეო

ფრანგმა მეცნიერებმა ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასახმარებლად რობოტი შექმნეს სახელად რომეო.

მისი სიმაღლე 143 სმ-ია და საუბარიც შეუძლია. იმ შემთხვევაში თუკი რომეო ყველა ტესტს წარმატებით გაივლის, მისი შეძენა წელსვე იქნება შესაძლებელი.

 

 

ქალი, რომელიც 10 წელზე მეტია მხოლოდ ყველიან პიცას მიირთმევს

ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს ქალბატონი, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია, რაც უცნაურ დიეტას იცავს. 33 წლის კლერ სიმონსი მხოლოდ ყველიან პიცას მიირთმევს, ბევრ წყალს სვამს და ბევრსაც ვარჯიშობს.

ექიმების თქმით, თუკი იგი კვების რაციონს არ შეცვლის, უახლოეს მომავალში ჯანმრთელობის თვალსაზრისით კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. სპეციალისტები კლერის კვების მეთოდს ფსიკურ დაავადებად მიიჩნევენ, რომელსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა იწვევს.

წყარო: onlinenews.ge