loading...

«

»

აპრ 06

საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობას მტკიცე მეცნიერული საფუძვლები უნდა შეექმნას

2010-2011 წელი მნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნა.

ჯერ თბილისში ჩატარდა მეღვინეობის საერთაშორისო კონგრესი, ხოლო 15-18 სექტემბერს კახეთში, ალავერდის მონასტერში გაიმართა ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი. ორივე ეს მოვლენა საქართველოს ვაზის კულტურისა და ღვინისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას ცხადყოფს. ორასი წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა რუსეთის იმპერიის კოლონია იყო და საერთაშორისო ასპარეზი დახშული ჰქონდა. დამოუკიდებლობის ოცი წლის თავზე თითქოს “ცა გაიხსნა” და საქართველოს, როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლოს აღმოჩენა ხელახლა მოხდა. ამ თვალთახედვით პირველი შემეცნებითი წიაღსვლები XIX ს-ის შუა ხანებს ეკუთვნის, როცა მახლობელ აღმოსავლეთში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სრულიად უცნობი უძველესი სახელმწიფოები გამოვლინდა და კაცობრიობის ისტორია უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენებით შეივსო, უფრო სწორად, ხელახლა დაიწერა. იმთავითვე ნათელი გახდა, რომ სამხრეთ კავკასია, მცირე აზია, ეგვიპტე და შუამდინარეთი პირველადი ცივილიზაციის წარმოშობის არეალი იყო. აქ ჩაისახა და განვითარდა ბინადარი ცხოვრება, მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეტალურგია და ა.შ.

აქ ათასწლეულთა მანძილზე მიმდინარეობდა მცენარეთა და ცხოველთა მოშინაურება-გაკულტურება, კულტურის მიღწევების საყოველთაოდ გავრცელება. ამ საშვილიშვილო საქმეში ქართველ ხალხს ლომის წილი მიუძღვის. ახლა უკვე აღარავინ დაობს, რომ თანამედროვე მოქმედი ხალხებიდან ქართველობა ერთ-ერთი უძველესია და თან მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული. რაც შეეხება მევენახეობა-მეღვინეობას, მეურნეობის ეს უძველესი დარგი საქართველოს ბუნებრივ-ეკოლოგიურ პირობებს, ქართველი ხალხის ცოცხალ ეთნოგრაფიულ ყოფას, საწარმოო ცოდნა-გამოცდილებას, წეს-ჩვეულებებს, რწმენა-წარმოდგენებს ისეა შესისხლხორცებული, რომ კაცობრიობის ისტორიამ მეორე მსგავსი მაგალითი არ იცის. ცალკეულმა მკვლევარებმა როგორი ნიჰილისტური მოსაზრებანიც არ უნდა გამოთქვან, მათი მცდელობა ყოველთვის ყინულზე დაწერილი იქნება. ქართველ ერს კულტურული ფაზისა და ღვინის სამშობლოს პრიორიტეტს ვერავინ წაართმევს. რა თქმა უნდა, უსამართლო კრიტიკა საწყენია, მაგრამ თუ კრიტიკას კვალიფიციური პასუხი გაეცემა, როგორც ამჯერად მოხდა, ეს ფრიად დადებითი მოვლენაა, თუმცა უცხოელის უბოდიშო გამოსვლამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. მრავალთა შორის ისიც მაწუხებს, რომ ღვინის კლუბის ხელმძღვანელის – მალხაზ ხარბედიას მიერ დაარსებული ყოველკვირეული გაზეთი “მარანი” ერთადერთია, სადაც მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული საკითხები შეძლებისდაგვარად შუქდება. “მარანი” და მისი რედაქტორი რომ არა, გერმანულენოვანი ავტორის ეკჰარდ ზუპის სტატია გამომწვევი სათაურით – “არა, საქართველო არ არის ღვინის აკვანი”! (იხ. “მარანი”, 2011, ¹36, 2 დეკემბერი, გვ. 26-27) ისე ჩაივლიდა, ვერაფერს გავიგებდით. ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ უნარი, რიყეში ისე გაიარონ, ქვა არ დაინახონ. სწორედ ასეთ კაცად მესახება ბატონი ზუპი: ჩვენთან ჩამოსულა, ჩასაფრებულა, ხმა არ ამოუღია, უკან დაბრუნდა და სილასავით გაგვაწნა – არაო, საქართველო არ არისო ღვინის აკვანი!

რამდენადაც ვიცი, ამ უსამართლობის გასანეიტრალებლად ერთი რადიოგადაცემა ჩატარდა, ხოლო ბეჭდურად ისევ “მარანი” აღმოჩნდა, რომელმაც უშურველად დაუთმო თავისი ფურცლები თვალსაჩინო სპეციალისტებს: თეიმურაზ ღლონტს (იხ. “მარანი”, 2011,¹39, გვ. 24-27, 23 დეკემბერი) და ბონდო კალანდაძეს (იქვე); იმდენად ამომწურავადაა პასუხი გაცემული, ვფიქრობ, საკამათო და დასამატებელი აღარაფერია, ოღონდ უკმარობის გრძნობა იმიტომ მეუფლება, რომ ვერც ახლახან ჩატარებული მეღვინეობის საერთაშორისო კონგრესი და ვერც აღნიშნული სიმპოზიუმი სათანადოდ ვერ შევაფასეთ. უფრო მეტიც, ბ-ნ ზუპს რომ არ გამოვეწვიეთ, დარწმუნებული ვარ, ეს რეაქციაც არ იქნებოდა. არადა, რაც მსოფლიომ კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლოდ გვაღიარა, ორი საუკუნე გავიდა და ფრიად დასანანია, რომ ამისი მეცნიერული საფუძვლები ვერა და ვერ შევქმენით. საერთაშორისო კავშირებს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული უმდიდრესი მასალებიც არ გვაქვს სისტემაში მოყვანილი. ეს მრავალი მიზეზითაა გამოწვეული, ამჯერად მხოლოდ საგაზეთო წერილის შესაფერის მცირე ექსკურსს გავაკეთებთ.

XIX ს-ის მეორე ნახევრიდან, როდესაც ჩვენში ვაზის სოკოვანი დაავადებანი და ფილოქსერა შემოიჭრა, ადგილობრივი მევენახეობა ყოფნა-არყოფნის წინაშე დადგა. ეს გახლდათ პერიოდი, როდესაც მეფის რუსეთის მერკანტილური ხელისუფლება დარწმუნდა, რომ თუ საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილებას გაითვალისწინებდნენ, კავკასიასა და ყირიმში ვაზს გადაარჩენდნენ, ამით უცხოური ღვინოების ძვირად ღირებულ ექსპორტს თავს დააღწევდნენ და ქართული ღვინოების ფართოდ გამოყენებით მნიშვნელოვან მოგებას მიიღებდნენ. ამ მიზნით მაშინ მართლაც ყოველივე შესაძლებელი გაკეთდა. მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა თითქმის ყველა სოფელში შეაღწიეს და ვენახების ნამყენი ვაზით გასაშენებლად ადგილობრივი მევენახეები მოამზადეს, თან საქართველოს მევენახეობის თითოეული მხარე მეცნიერულად შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ქართული მევენახეობა-მეღვინეობა, როგორც ამპელოგრაფული, ისე ღვინის ტექნოლოგიის თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი თვალსაჩინო იყო. ქართველი მეურნენი შთამომავლობით გადმოცემული, მამაპაპური ცოდნა-გამოცდილებით უაღრესად განსწავლულნი, შეუდარებლები იყვნენ. საქართველოს თითოეულ მხარეს საკუთარი ვაზის ჯიშები და ღვინის დაყენების შესაბამისი ტექნოლოგია ჰქონდა, რომელიც ტოლს არ უდებდა საფრანგეთისა და სხვა მოწინავე ევროპული ქვეყნების ვაზის კულტურას. მიუხედავად ამისა, რუსი ჩინოვნიკები ცდილობდნენ სამამულო ისტორიული მიღწევები მიეჩქმალათ და ეროვნული გზის ნაცვლად საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა ე.წ. “ევროპეიზაციის” გზით წაეყვანათ. სწორედ მაშინ აღიმაღლა ხმა სულმნათმა ილია ჭავჭავაძემ და ბრწყინვალე ნაშრომით – “ღვინის ქართულად დაყენება” მსოფლიოს აჩვენა, რომ ქართული ვაზის კულტურა საპატიო სიძველის, თავისთავადი, ორიგინალური მოვლენაა. მისი უმთავრესი ღირსება ღვინის აბსოლუტური სიწმინდე, ბუნებრიობაა და ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე ამ სახით უნდა გასულიყო, მაგრამ დაპყრობილ, კოლონიურ ქვეყანაში ეს ვერ განხორციელდა. შემდგომ ცარიზმის ბატონობა ბოლშევიკების დიქტატურამ შეცვალა, კომუნისტური 70 წელი – ეს იყო ვაზის კულტურის გაუხამსების, გიგანტომანიის პერიოდი. ყურძნის ხარისხი გიჟურ, არარეალურ გეგმებს ეწირებოდა, ღვინის გრანდიოზული ფალსიფიკაცია სახელმწიფოებრივ დონეზე მიმდინარეობდა, “კოლმეურნეებად” გარდასახულ შთამომავლობით პროფესიონალ ქართველ მევენახეებს ღვინის საყოველთაო გაყალბების გამო სულიც ებღალებოდათ. სამწუხაროდ, საყოველთაო კრიზისს თავი ვერც დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე დავაღწიეთ. თუ წარსულში ქართველთა დასაქმების უმთავრესი საშუალება ვაზის კულტურა იყო, დღეს ვენახის გამშენებელი და ღვინის დამყენებელი მეურნე თითებზე ჩამოსათვლელია. რაც დრო გადის, კრიზისი შეუქცევად სახეს იღებს. უკუღმართად მიმდინარე ე.წ. “აგრარული რეფორმის” მეოხებით სოფლები უკაცრიელდება, მამაპაპური საცხოვრისიდან აყრილი მოსახლეობა ხსნას უცხოეთში ამაოდ ეძებს, ქართული სოფელი კი ჩვენ თვალწინ კვდება. ასეთ პირობებში მევენახეთა საშუალო ფენის შექმნაზე ლაპარაკი ზედმეტია. მრავალათასწლოვანი ქართული ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობა არსებობის საშიშ ზღვარზეა. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება სათანადო დასკვნებს გააკეთებს, მიმდინარე უარყოფით მოვლენებს კრიტიკულად შეაფასებს და აგრარულ რეფორმას ილია ჭავჭავაძისა და ივანე ჯავახიშვილის გზით წაიყვანს. მით უმეტეს, დღეს შველა შეიძლება, ხვალ გვიან იქნება…

ბუნებრივია, ყველა დარგის გარდაქმნა-განვითარება მეცნიერულ საფუძველზე უნდა წარიმართოს, ამიტომ ჯერ კიდევ მოქმედ, ცოცხალ მეცნიერებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ოცი წელია საბჭოური წეს-წყობილებით ორგანიზებული მეცნიერული უწყებების ნგრევა მიმდინარეობს, ხოლო ახალი, თანამედროვე, მეცნიერული შრომის მეცნიერული ორგანიზაცია არა და არ ჩანს. მეცნიერთა საშუალო ასაკი საგანგაშოა – 70-80 წელი. ვინც ჯერ კიდევ გადარჩენილია და აზროვნებს, მათ მაინც უნდა შეექმნათ მოღვაწეობის ნორმალური პირობები…

დამოუკიდებლობის ოცი წელი საკმარისია, რომ მეცნიერული კვლევა-ძიება, საბჭოური სტერეოტიპების ნაცვლად, ჭეშმარიტად ეროვნულ ნიადაგზე წარიმართოს. მადლობა უფალს, ის ხანა ისტორიას ჩაბარდა, როცა მოსკოვის ნებართვის გარეშე საქართველოში ბროშურასაც ვერავინ დაბეჭდავდა. ახლა გზა ხსნილია, მაგრამ ეროვნული მეცნიერული შრომის ორგანიზაცია ჯერჯერობით, რატომღაც, გამოკვეთილი არ არის. საჭიროა დაუყოვნებლივ გატარდეს ქმედითი ღონისძიებანი. განვითარებად ქვეყნად აღიარებამ ქართული სამამულო მეცნიერება არ უნდა შეიწიროს. უფრო მეტიც, ქვეყნის მართვა დარგობრივად მეცნიერულ საფუძველზე უნდა წარიმართოს.

Mევენახეობა-მეღვინეობა ყოველთვის იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგი და მისი განვითარება, ბუნებრივია, ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან ცოდნა-გამოცდილებას უნდა ეყრდნობოდეს. ამ ცოდნა-გამოცდილებას ეთნოგრაფიული მეცნიერება სწავლობს, რომელიც, ცალკეული მოჩვენებითი წარმატებების მიუხედავად, მძიმე კრიზისშია…

მსოფლიომ კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლოდ რომ გვაღიარა, ამას ვიმსახურებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ენის წიაღი ვაზისა და ღვინის ტერმინოლოგიითაა გაჟღენთილ-გაჯერებული, ისევე, როგორც ბედუინების ენა აქლემის ლექსიკით, საბოლოოდ კი თვით “ღვინის” ეტიმოლოგიაც არ გვაქვს დადგენილი და დილეტანტური ძიებანი დაუსრულებლივ გრძელდება…

უზარმაზარი არქეოლოგიური მასალა, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალური შესწავლისათვის არქეოლოგიური გათხრები არასდროს ჩატარებულა, ფაქტიურად მიტოვებულია და თვით პირველად კლასიფიკაციასაც კი მოკლებულია…

მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ადგილობრივი გარეული ვაზისა და გაველურებული ჯიშების ბოტანიკური და პალეობოტანიკური კვლევა-ძიება სასურველი სიღრმით არ მიმდინარეობს. ამ “ხმების” სასარგებლოდ მეტყველებს, რომ კარგა ხანია, მოცემულ დარგში ჯერჯერობით ფასეული არაფერი გამოქვეყნებულა…

უსათუოდ დიდი მონაპოვარია თანამედროვე გენეტიკის მიღწევების გამოყენებით ქართული ვაზის ჯიშების აბორიგენობის დამტკიცება, მაგრამ ყოველივე ამას მეტი აღიარება და პროპაგანდა სჭირდება…

ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება, დამოუკიდებლობის ოცი წლის მანძილზე საკოლექციო ვენახები, ვაზის ჯიშთა ადგილებზე შემსწავლელი და გადამრჩენი სადგურები, რატომ გავანადგურეთ?!

საქართვლოს თითქმის ყველა სოფელს საკუთარი ვაზის ჯიში ჰქონდა გამოყვანილი, ახლა მათი სახსენებელი ამპელოგრაფიულ ცნობარებშიღა დარჩა, ბევრი მათგანი კი საერთოდ აღურიცხავია. აღარას ვამბობ გვარებზე, რომლებიც თავიანთი საგვარეულო ვაზის ჯიშებით დღესაც თავს იწონებენ, თუმცა ზოგიერთს, რა განძის მფლობელი იყო, წარმოდგენა არა აქვს…

ღვინის ტურიზმზე ლაპარაკით დავიღალეთ, მაგრამ პრაქტიკულად ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა. მართალია, ზოგიერთი მეურნე ტურისტების მასპინძლობას იბრალებს, მაგრამ მეცნიერულად რამდენად გამართულია მისი მეურნეობა, არც თვითონ და არც მეცნიერებს წარმოდგენა არა აქვთ. ტურიზმის მესვეურები კი რატომღაც მეცნიერებას და მეცნიერებს არ წყალობენ…

ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების წლებში, საოჯახო-კომლურმა მეურნეობამ, რომელსაც კერძო მეურნეობად თვლიდნენ, დამღუპველი დევნა განიცადა. ბოლო წლებში, როცა საბჭოთა ხელისუფლება სასტიკ კრიზისში აღმოჩნდა, ჰიპერბოლური გეგმების შესასრულებლად მევენახეებს უკანასკნელ ბიმბილ (მარცვალ) ყურძენს ართმევდნენ და ღვინის ქარხანას აბარებდნენ, ქარხნიდან კი ფასლიფიცირებული, ყალბი ღვინის გასაკეთებლად ჭაჭას აძლევდნენ. ამ დამოკიდებულებამ მატერიალურ ზარალთან ერთად შთამომავლობით პროფესიონალი, ამაყი, პატიოსანი ქართველი მეღვინის სუფთა სული შებღალა. ალბათ ყველას გინახავთ ცნობილი კინოფილმი – “გიორგობის თვე” და სიტყვას აღარ გავაგრძელებთ…

დამოუკიდებლობის ოცი წელი გავიდა და ტრადიციულ ეროვნულ მეურნეობას ვერა და ვერ დავუბრუნდით. დაკნინება და დეგრადაცია, უპირველეს ყოვლისა, სამამულო მეურნეობის ისეთ სათუთ დარგში იგრძნობა, როგორიც მევენახეობა-მეღვინეობაა. ამჟამად უკიდურესად შეზღუდულია ვაზის ჯიშობრივი ასორტიმენტი, ხოლო მამაპაპური მარნების უმეტესობა გაჩანაგებულია. სადაც ნაგებობანი და იარაღ-ჭურჭელი გადარჩენილია, ფაქტიურად უმოქმედოდაა. თუ სადმე ოჯახში დღეს ღვინოს აყენებენ, ძირითადი ჭურჭელი შუშისაა, ხოლო ამ ბოლო ხანებში – პლასტმასისა. საწნახლები და ქვევრები დეკორაციებად იქცნენ… ამას წინათ, მევენახეობა-მეღვინეობის “გაცოცხლებულმა” ინსტიტუტმა თავის პრიორიტეტად ღვინის ტურიზმი გამოაცხადა, მაგრამ თუ ქართული, ეროვნული ეთნოგრაფია მკვდრეთით არ აღდგა, ღვინის ტურიზმს არაფერი ეშველება.

მეცნიერებაში დავბერდი და დღეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია საქართველოს მეცნიერების სადავეები ხელთ ვის უპყრია. მეცნიერებათა აკადემია სულს ღაფავს, ივანე ჯავახიშვილის ეროვნული დედა-უნივერსიტეტი განადგურებულია. ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ საჭირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები ყოფნა-არყოფნის აგონიაშია. ინტელექტუალური და შემოქმედებითი შრომა საერთოდ არ ნაზღაურდება, ქველმოქმედთა სტიპენდიებიც დაფინანსებულთ ხელიდან ეცლებათ. თუ კულტურის სამინისტროა მეცნიერების შემფარე და მასაზრდოებელი, რატომ არ ამხელს?!

მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ერთხელ კიდევ ჩამოვთვლით იმ ღონისძიებებს, რომლებიც პრაქტიკულად დაუყოვნებლივ გადასაწყვეტი და საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისათვის ჰაერივით საჭიროა.

თითქმის ორსაუკუნოვანი კვლევა-ძიების შედეგად საყოველთაოდ ნათელი გახდა, რომ კულტურული მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი კერა საქართველოა. ყოველივე ეს ფრიად საამაყოა და აგრეთვე დიდად საპასუხისმგებლო. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცალკეულ მეცნიერთა ნაშრომები არსებულ ვაკუუმს ვერ ავსებენ. ჩვენი ნახევარსაუკუნოვანი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ შევძელით შესაბამისი უწყებების საერთო ღვაწლით შექმნილიყო ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით მოწყობილი ჰერბარიუმი, სადაც თავს მოიყრიდა და უსაფრთხოდ დაცული იქნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი როგორც ველური, ისე კულტურული ვაზის წიპწები, რითაც ამპელოგრაფები ჩვენს ქვეყანას, სხვა ფაქტორებთან ერთად, კულტურული მევენახეობის პირველადი კერის პრიორიტეტს ანიჭებენ.

ჰერბარიუმში დაცული უნდა იყოს მარცვლეული კულტურებიც. განათხარი წიპწებისა და მარცვლეულის სიძველითა და რაოდენობით ჩვენი ქვეყანა პირველობს. ეს იშვიათი მონაპოვარი, რომელსაც ეროვნულის გარდა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა აქვს, სამწუხაროდ, გაბნეულია და დაცვა-შენახვა-შენარჩუნების არავითრი პირობები არ გააჩნია. რაც მთავარია, პალეობოტანიკური მონაპოვრების მეცნიერული კატალოგიც კი სანატრელი გაგვხდომია.

ყოველივე ამის მოგვარება ხელეწიფება საქართველოს ეროვნულ მუზეუმს – კავკასიაში ერთ-ერთ უძველეს მეცნიერულ კომპლექსურ დაწესებულებას, სადაც თავმოყრილია ბუნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უმდიდრესი მონაპოვრები.

პალეობოტანიკური კატალოგი უნდა მოიცავდეს საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე ვაზის გამოვლინებებს, როგორც გეოლოგიურ, ისე ისტორიულ ეპოქებში, რა თქმა უნდა, ქრონოლოგიური თანმიმდევრობითა და თანამედროვე თვალსაჩინოების სრული გამოყენებით.

მევენახეობისა და მარცვლეული კულტურების კატალოგი, ბუნებრივია, ცალ-ცალკე გამოიცემა. ეპოქები დათარიღებული ექსპონატების მიხედვით განისაზღვრება. ეს მასალები მოძიებული უნდა იქნეს საქართველოს ყველა შესაბამისი მუზეუმის ფონდებსა და არქეოლოგიურ ბაზებში. სასურველია საგანგებო გათხრების ჩატარებაც.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა, თბილისის შესაბამის მუზეუმებში, ასევე ქვეყნის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში დაცულია როგორც არქეოლოგიური, ისე ეთნოგრაფიული კოლექციები, რომლებიც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ეპოქალური განვითარების საგულისხმო სურათს გვაძლევენ. ყოველივე ამის კატალოგიზაცია გადაუდებელია, რითაც ნეოლითიდან დღემდე ვაზისა და ღვინის ეროვნული კულტურის ჩასახვა-განვითარების უწყვეტ პროცესს ავსახავთ.

და ეს რომ პრაქტიკულად განხორციელდეს, აუცილებელია შეიქმნას სპეციალისტთა კომისია, რომელიც შესასრულებელი სამუშაოს დაწვრილებით პროექტს და ხარჯთაღრიცხვას გააკეთებს.

ფინანსები მოძიებული უნდა იქნეს როგორც ხელისუფლებაში, სათანადო ფონდებში, ასევე სპონსორებთან.

ტურიზმის ინდუსტრია დღეს სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოსათვის, როგორც კულტურული მევენახეობა-მეღვინეობის სამშობლოსათვის, უპირველესი დარგია ღვინის ტურიზმი და ეს რომ პრაქტიკულად განხორციელდეს, ყოველი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ბაზაზე, შემდეგი ღონისძიებები უნდა გატარდეს:

1. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციულ კერებში აღირიცხოს დღეს მოქმედი მევენახე-მეღვინეები, რომლებიც შთამომავლობით მისდევენ მეურნეობის ამ დარგს; აქვთ ტრადიციული მარნები და ინვენტარი, ფლობენ მამაპაპურ წესზე ღვინის დაყენების ხელოვნებას. ადგილებზე თითოეული ასეთი ოჯახი, ფიქსაციის თანამედროვე საშუალებებით, შესწავლილი უნდა იყოს და სათანადო მომზადების შემდეგ ჩაირიცხოს ღვინის ტურიზმის მარშრუტში.

ასეთი ღონისძიებების გარეშე საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარება წარმოუდგენელია.

2. ეროვნულმა ქვევრმა და ქვევრის ღვინომ ქრისტეს აქეთ მესამე ათასწლეულში, როგორც იქნა, აღიარება ჰპოვა. საქართველო მექვევრეობის ერთ-ერთი უპირველესი და უძველესი კერაა. უმი – სველი თიხისგან ამხელა ჭურჭლის აშენება მსოფლიოში უნიკალური მოვლენაა და ამ სასწაულის პრაქტიკული განხორციელება მხოლოდ საქართველოში შეუძლიათ. ჯერჯერობით მექვევრეობის კერები ცოცხალია და გადაუდებელია მოქმედ მექვევრეთა აღრიცხვა. მათ კულტურული მემკვიდრეობის გადამრჩენ ხელოვანთა ტიტული უნდა მიენიჭოთ და მოქმედების სრული თავისუფლება და მუშაობის ხელსაყრელი პირობები შეექმნათ.

საუკეთესო მექვევრეთა გამოვლენის მიზნით საქართველოს მასშტაბით უნდა ჩატარდეს კონკურსი – ვინც ყველაზე დიდ ქვევრს ააშენებს! ყველა მექვევრეს, რომელიც ამ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს, შრომა უნდა აუნაზღაურდეს. კონკურსში გამარჯვებულები არა მარტო დაჯილდოვდნენ, არამედ სახალხო ოსტატებად უნდა აღიარონ, მუშაობისა და ნედლეულის მოპოვების თავისუფლება უნდა მიეცეთ.

ქვევრი და საერთოდ თიხის ეროვნული ჭურჭელი ქართველი ხალხის ყოფას უნდა დაუბრუნდეს.

საქართველოს მასშტაბით უნდა ჩატარდეს საველე-ეთნოგრაფიული კვლევა-ძიება, რათა გამოვლინდეს მივიწყებული და მოქმედი ტრადიციული მარნები, საწნახლები, საწნეხები (წბერები) და ამ დარგთან დაკავშირებული ყველა ინვენტარი, რომლითაც მოფენილია მთელი ჩვენი ქვეყანა. მათი აღრიცხვა და დაცვა მხარეთმცოდნეობის მუზეუმების ბაზაზე უნდა განხორციელდეს. გადაუდებელი სამუშაოებია ჩასატარებელი დასავლეთ საქართველოში, სადაც გრანდიოზული ხის საწნახლები და სხვა ინვენტარი ხელაღებით ისპობა. მარნებს და იმ ნივთებს, რომლებიც მეცნიერულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძეგლის პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ და სახელმწიფოს მიერ უნდა იყვნენ დაცულნი. სასურველია, ისინი ტურისტულ მარშრუტებშიც იყვნენ გათვალისწინებულნი.

ვიდრე საქართველოს მეცნიერული პოტენციალი გააჩნია, ამ ურთულეს და უდიდეს სამუშაოს მეცნიერები სიამოვნებით შეასრულებენ, თუ მინიმალური დაფინანსება და მუშაობის პირობები ექნებათ.

ვიმედოვნებთ, ხელისუფლება და შესაბამისი დარგების მესვეურები კეთილ ნებას გამოიჩენენ და ამ საშვილიშვილო საქმის შესასრულებლად სათანადო ღონისძიებებს დროულად გაატარებენ.

ავტორი: ლევან ფრუიძე

წყარო: 24saati.ge

1 comment

  1. avatar
    Tamashebi

    avatarკარგია ძალიან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>