loading...

«

»

აპრ 06

სისხლიანი 9 მარტი – პირველი საპროტესტო გამოსვლა საბჭოეთში

სისხლიანი 9 მარტი - პირველი საპროტესტო გამოსვლა საბჭოეთშიბოლშევიკური ხელისუფლების მიერ 1924 წლის აჯანყების ჩახშობამ და 37 წლის რეპრესიებმა, რომელმაც ერის რჩეული შვილები შეიწირა, სისხლიანი ფურცლები ჩაწერა ქართულ მატიანეში. ამას მოჰყვა მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც ისედაც მცირერიცხოვან ერს 300 ათასი ჯანღონით სავსე ვაჟკაცი გამოაცალა. თავს დატეხილი კატასტროფების მიუხედავად, ქართველმა მაინც “ვერ ისწავლა ჭკუა”. ომის დასრულებიდან 11 წლის თავზე თბილისი და სრულიად საქართველო სახალხო გამოსვლებმა და მანიფესტაციებმა შეძრა, კვლავ დაიღვარა სისხლი…
1956 წლის მარტის სისხლიანი დღეებიდან 56 წელი გავიდა.

– 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა სტალინი. ბნელი რუსული მასა, რომლის ერთი ელემენტიც იყო ხრუშჩოვი, თვლიდა, რომ ქართველები, სტალინ-ბერიას წყალობით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში. “პიროვნების კულტის” გაუქმებისკენ მიმართულმა ოფიციალურმა კამპანიამ რუსი მასის შოვინისტურ ინსტინქტებს მისცა გზა და აქტიური ანტიქართული ცნობიერება შექმნა. ჯარში, ანდა საერთოდ, რუსეთში მყოფი ქართველებისადმი მტრულმა გამოხდომებმა სისტემატური ხასიათი მიიღო.

– საქართველოში უყვარდათ სტალინი?

– სტალინი რომ საქართველოს მოძულე იყო და მოძულედ დარჩა, სანამ თავისი სამშობლო იმდენად არ მოსპო, რომ მისგან ატენური ღვინის, თონის პურისა და ქართული ცეკვის მეტი სხვა აღარაფერი დატოვა მტრისა თუ მოყვრისთვის საყურადღებო, ეს ეხლაც ცნობილია და მაშინაც ცნობილი იყო. გლეხებისთვის ის კოლმეურნეობის, ხოლო მთლიანად საზოგადოებისათვის რეპრესიების ავტორი იყო, მაგრამ ომის შემდეგ ფაშიზმზე გამარჯვებული სტალინის კოლოსალურმა ფიგურამ დათრგუნა ადამიანთა ფანტაზია. მასში მსოფლიოს ნახევარზე გაბატონებულ გენიალურ ქართველს ხედავდნენ, რომელმაც თავისი სიდიდით ქართველთა თვითდამკვიდრება განახორციელა საკაცობრიო ასპარეზზე. ქართველებში ბავშვმაც კი იცოდა, რომ სტალინს აძაგებდნენ იმის გამო, რომ იგი ქართველი იყო და არავის უფიქრია მის მიერ შექმნილი რეჟიმის საფუძვლების მორყევა.

– ისევ საპროტესტო გამოსვლებს დავუბრუნდეთ.

– ეს ჯერ კიდევ 54 წლის მარტში დაიწყო. 3-დან 9 მარტის ჩათვლით ადამიანები მიდიოდნენ სანაპიროზე, მშრალ ხიდთან ბაღში მდებარე სტალინის ძეგლთან და ყვავილებს აწყობდნენ. თანდათან ეს ერთგვარ მდუმარე მიტინგს დაემსგავსა, თანაც ხელისუფლებისგან არასანქცირებულს, რაც იმ დროისათვის წარმოუდგენელი იყო. 55-ში ძეგლთან კიდევ უფრო მეტი ხალხი მივიდა და საპროტესტო მუხტიც ბევრად დიდი იყო.
ამას ახალი გარემოებაც დაერთო – ოფიციოზისაგან სტალინის უფრო და უფრო მეტი ლანძღვა და გინება, რაც ხალხში ზოგადად ქარტველების გინებად აღიქმებოდა.

ყოველივე ამან კულმინაციას 56 წელს მიაღწია. 25 თებერვალს ხრუშჩოვმა კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე სტასლინის კულტი დაგმო, 3 მარტს კი თბილისში და საქართველოს დიდ ქალაქებში საბჭოთა სინამდვილისათვის გაუგონარი, საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. 4, 5, 6 რიცხვში გამოსვლების მასშტაბი სულ უფრო მეტად იზრდებოდა, ხოლო 7-ში სტალინის ძეგლთან და ლენინის მოედანზე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) გამართულ მიტინგებზე 70-80 ათასამდე ადამიანი იდგა. მათ შორის უმეტესობას თბილისში მცხოვრები და რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტები შეადგენდნენ. ქალაქში აქა-იქ სტალინის სურათები გამოფინეს, მათ შორის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის შენობაზეც.

– ადგილობრივი ოფიციალური ხელისუფლება რას აკეთებდა ამ დროს, ან საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები თუ ჩანდნენ მიტინგებზე? 

– ცნობილებიდან არავინ გამოჩენილა. ერთი კომპოზიტორი მახსოვს მხოლოდ, გვარად მირიანაშვილი და კიდევ ლევან გოთუა, რომელსაც ათწლეულები ჰქონდა გატარებული სტალინის საკონცენტრაციო ბანაკებში, აფრთხილებდა ახალგაზრდებს: “მე ამ მთავრობის ზნე ვიცი: ასე მაშინ იქცევიან, როცა სროლას აპირებენო.” გოთუა მთავრობის მხრიდან გამოსვლების სრულ იგნორირებას გულისხმობდა. მართლაც, ხალხი თითქოს თავის ნებაზე იყო მიშვებული და ქუჩებში მილიციელები საერთოდ არ ჩანდნენ. მხოლოდ ერთხელ მოხდა უცნაური შემთხვევა: 7 თუ 8 რიცხვში სტუდქალაქიდან ძეგლისკენ უზარმაზარი დემონსტრაცია დაიძრა და შემთხვევით წყნეთიდან მომავალი პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძის მანქანას შეეჩეხა. მანქანამ ხალხის მასის გარღვევა დააპირა, მაგრამ არ დაანებეს, მჟავანაძეს მანქანიდან გადმოსვლა აიძულეს, შუაში ჩაიყენეს და უნივერსიტეტანდე “გაიმარჯოს სტალინის” ძახილით ატარეს. მჟავანაძე 9 მარტსაც გამოვიდა მიტინგზე და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა. რა თქმა უნდა, მის მოწოდებას ყური არავინ ათხოვა.

თუმცა, საფრთხის მოლოდინი იყო. ასეთი ეპიზოდიც მახსოვს: შემთხვევით სტალინის ძეგლს თავზე მტრედი დააჯდა. მასა ყიჟინით შეეგება ამ ფაქტს. მტრედი დაფრთხა და აფრინდა. ხალხმა თვალი გააყოლა და უცებ ცაში გამანადგურებელი შენიშნა, რომლის ხმასაც მანამდე ყურადღებას არავინ აქცევდა. გაისმა შეძახილები: ხალხო, ხომ არ გვბომბავენო.

– სროლა როდის დაიწყო?

– 9-ში ღამეს მომიტინგეთა გადაწყვეტილებით ხუთი ახალგაზრდა რუსთაველის პრისპექტზე მდებარე კავშირგაბმულობის სახლში გაგზავნეს, რათა დეპეშა  გაეგზავნათ მოლოტოვისთვის სტალინის რეაბილიტაციის მოთხოვნით. ნახევარ საათში უკან მხოლოდ ერთი დაბრუნდა და დანარჩენების დაკავების ამბავი მოიტანა. შეიძლება 4-ის დაკავება და ერთის გამოშვება  სპეციალურად იყო მოწყობილი მთავრობის მიერ ხალხის პროვოცირების მიზნით. ფაქტია, რომ ამ ამბის გაგების შემდეგ ხალხმა იხუვლა და კავშირგაბმულობის შენობისკენ დაიძრა, რომლის წინ და გვერდითა ქუჩებში ავტომატიანი ჯარისკაცები და ჯავშანმანქანები იდგნენ. როგორც კი ხალხმა შენობის კიბეებზე დაიწყო ასვლა, რამდენიმე მწკრივად ჩამდგარმა ჯარისკაცებმა ავტომატის ჯერით მოწინავეები მოცელეს. ხალხმა უკან დაიხია, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ სცადა შენობაშის კიბეებზე ასვლა, რასაც კვლავ მოჰყვა სროლა და მოწინავეთა ხოცვა.

ჯარისკაცები ამას სრულიად აუღელვებლად აკეთებდნენ. ის კი არა, ერთმანეთში საუბრობდნენ და დამცინავად გადმოჰყურებდნენ ბრბოს. ასე გაგრძელდა დაახლოებით ერთ საათს, შემდეგ შენობაში და მის ორგვლივ მდგარმა ჯარისკაცებმა, ხან ხალხის მიმართულებით, ხანაც ჰაერში სროლით, ქვემოთ ჩამოწევა და ხალხის მასის დაფანტვის ოპერაცია დაიწყეს, გამოჩნდნენ ტანკებიც, რომლებიც ცალ მუხლუხოზე ტრიალით ცდილობდნენ შეჯგუფებული ხალხის დაფანტვას. თუმცა, ამან ახალგაზრდები ვერ შეაშინა. ისინი ტანკებს ზედ ახტებოდნენ, ცდილობდნენ ლუკები გაეღოთ, დროშებს არჭობდნენ ზედ (ბედის ირონიაა, რომ ეს დროშები საბჭოთა იყო), ერთმა ლულაზე საფურთხებელი ურნაც კი ჩამოაცვა.

ასე გაიყვანეს ხალხი ლენინის მოედნისკენ, იქ კი ხიშტებწამოცმული ავტომატებით შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა პუშკინის ქუჩით ხალხის სანაპიროსკენ გარეკვა დაიწყეს. ეს გაგრძელდა ღამის სამ საათამდე.  დაფანტულმა ხალხმა კვლავ ძეგლთან დაიწყო შეგროვება, იქნებოდა ასე 1000-1500 კაცი. როდესაც მიმოფანტული ხალხი შეგროვდა და მიტინგი განახლდა, ჯარისკაცებმა ადამიანების ძეგლის კვარცხლბეგიდან ჩამოყრა დაიწყეს. მათ დაუნდობლად აგებდნენ ხიშტებზე. საშინელი მოთქმა და გოდება იდგა. ბოლოს ხიშტიანმა ჯარისკაცებმა სამკუთხედი შეკრეს და ხალხს მიაწვნენ. ხალხი სანაპიროზე და მის მიმდებარე ქუჩებსა და ჩიხებში გაიფანტა. ზოგიერთი სიცოცხლის გადასარჩენად მტკვარშიც ცვიოდა. მათ აღმოსაჩენად მეავტომატეების ჯგუფები დადიოდნენ და დაუნდობლად ცხრილავდნენ.

– მაშინდელი ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით 9 მარტს 27(!) ადამიანი დაიღუპა, რაც სრულიად დაუჯერებელია. თქვენი აზრით, რამდენი ქართველი ემსხვერპლა ამ სასაკლაოს?

– იმის მიხედვით, რაც მე საკუთარი თვალით ვნახე, ჩემი აზრით, დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 500 მაინც იქნებოდა. როგორც ამბობდნენ, ყველაზე პატარა დაღუპული 12 წლის ბავშვი იყო. ისინი ჩუმად, ყოველგვარი რიტუალის გარეშე დაკრძალეს. დასაფლავებები უშიშროების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

– საინტერესოა, ასეთი ტრაგედიის შემდეგ ქვეყანამ როგორ განაგრძო ცხოვრება. ტრაგედიიდან მეორე დღეს ადამიანებს როგორი განწყობა ჰქონდათ, რას ამბობდნენ?

– სროლების კვალი ქალაქში მალევე წაშალეს, ასფალტი მორეცხეს, კიბეები ძეგლთან, რომელიც სისხლით იყო სავსე, გამოცვალეს. 10-ში კავშირგაბმულობის სახლთან ისევ მივიდნენ ახალგაზრდები, ასე 500 კაცი და დადგნენ პირქუშად ავტომატიანი ჯარისკაცების წინ. დროდადრო ვიღაც რაღაცას ამოიძახებდა და ხალხი მოზიდული კუნთივით შეიკვრებოდა, ამ დროს ჯარისკაცები ავტომატებს გადმოიღებდნენ და მათ მიუშვერდნენ. ასე გაგრძელებულა დაღამებამდე. ისე კი, ხალხის უდიდესი ნაწილი, მიუხედავად უქმად გაღებული უზარმაზარი მსხვერპლისა, გულის სიღრმეში ამ გამოსვლებს გამარჯვებად თვლიდა – ეს რა გავბედეთ და როგორ “შეგვრჩაო”.

Share Button

3 comments

  1. avatar
    ზურა

    avatarმაინც იმ ჯოჯოხეთისაკენ მივდივართ

  2. avatar
    tamashebi.com.ge

    avatarსტალინ

  3. avatar
    ეთო

    avatarასეთი რამდენი დღე ახსოვს ქართულ მატეანეს?! საცოდავი ერი ვართ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>