loading...

«

»

აპრ 18

სერიალები საქართველოში

“ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორია”, “ერთ ქალზე მეოცნებე ორი მამაკაცი”, “ყველაზე ექსტრაგავანტური ექიმი მდიდარი სამედიცინო პრაქტიკით”, “დაკარგულებს უკანასკნელი გამოცდა ელით” – ეს ფრაზები ალბათ ბევრს ეცნო სხვადასხვა ტელეეთერიდან.

სერიალს საქართველოს და მთლიანად თანამედროვე მსოფლიოს კინო-ტელე ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

პირველი ტელენოველა 1930-იან წლებში ამერიკაში შეიქმნა და მას კომერციული დატვირთვა ჰქონდა. ტელე-რადიო კორპორაციების მიზანი იყო, ქალებისთვის სასიამოვნო და მარტივად აღსაქმელი სამყარო შეექმნათ. მათ საშუალება უნდა ჰქონოდათ, სერიალის ყურების პარალელურად საოჯახო საქმე ეკეთებინათ, შუალედებში კი, სარეცხი ფხვნილის რეკლამა ენახათ. სწორედ ამიტომ დაერქვა სერიალს – “საპნის ოპერა”.

დღესდღეობით, “საპნის ოპერის” პარალელურად, მსოფლიო ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკული და ევროპული სერიალები. ისინი ლათინო-ამერიკული ტელენოველისგან განსხვავებით, მხატვრულ ფილმს ჰგვანან გადაღების ხარისხით – მოქმედება არ მიმდინარეობს მხოლოდ პავილიონებში, ხშირია ქუჩის კადრები. ასევე განსხვავდება სტრუქტურით – ძირითადად, ყოველი სერია დამოუკიდებელი სიუჟეტია. გარდა ამისა, ამერიკული სერიალი შესაძლოა იყოს ძალიან ვიწრო თემატიკის. მაგალითად, დეტექტივი – მხოლოდ დაკარგულ ადამიანებზე ან ყველა სერია – მხოლოდ 25 წლის წინ გაუხსნელ საქმეზე. მაშინ როცა, “საპნის ოპერის” სიუჟეტებს საერთო ხაზი მუდამ გასდევს.

საქართველოში სერიალები 90-იან წლებში გამოჩნდა და დღემდე მზარდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც პროდიუსინგში ჩართული ადამიანები ამბობენ, სერიალების შერჩევისას თავად კონკრეტული ქვეყნის ბაზრის და არხის მოთხოვნით, ასევე, სერიალის ხარისხით ხელმძღვანელობენ. მნიშვნელობას მის ჟანრს და წარმომავლობას ანიჭებენ. იმასაც აქცევენ ყურადღებას, რამდენად მდიდრულად არის გადაღებული და რომელი მსახიობი მონაწილეობს. ამერიკულ სერიალებს კი, ხუთი დიდი მწარმოებელი ჰოლივუდის კომპანია ჰყავს, მათ შორის, “უნივერსალი”, “ბრადარსი” და “დისნეი” – რაც შერჩევის თვალსაზრისით დიდ როლს თამაშობს.

საქართველოში ყველაზე დიდი ადგილი ლათინო-ამერიკულ ტელენოველებს უჭირავს, რომელთა ძირითადი ბაზარი ყოფილი საბჭოთა კავშირის და ნაწილობრივ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია.

ვახო მაისურაძე 15 წლის მანძილზე “რუსთავი 2”-სთვის ყიდულობდა სერიალებს. ამჟამად, “პიკთან” თანამშრომლობს ამ კუთხით. ის საქართველოში ლათინო-ამერიკული სერიალების პოპულარობას – შეჩვევით ხსნის. მაისურაძის მტკიცებით, სატელევიზიო ბადეში ჩასმულ ამერიკულ სერიალს არ აქვს ისეთი რეიტინგი, როგორიც – კოლუმბიურს. ის საქართველოში წარმატებულ თითზე ჩამოსათვლელ ამერიკულ სერიალებს ასახელებს – “დაკარგულები”, “გაქცევა” და “ექიმი ჰაუსი”. მაისურაძის თქმით, ბოლო დროს ამერიკული სერიალების შესყიდვას ისიც ართულებს, რომ ახალი კანონი მაუწყებლებს ავალდებულებს – ინგლისურენოვანი სერიალი “გაატიტრონ”. მაისურაძე ამბობს, რომ ამის შემდეგ მკვეთრად დაეცა ამერიკული სერიალების რეიტინგი და “ექიმი ჰაუსიც” სწორედ ამიტომ შეაჩერა “რუსთავი 2”-მა – არ გარისკა მისი ყიდვა, რადგან ტიტრი მოქმედებს მაყურებლის აღქმაზე და შესაბამისად, რეიტინგზე. “მაუწყებელი ყიდულობს სერიალს, რომელსაც მოაქვს რეკლამა, რეკლამა კი მოაქვს ტელენოველას, რომელსაც უყურებენ ქალები. “საპნის ოპერა” უფრო ადვილად აღსაქმელი და ყოფასთან მიახლოებული ჟანრია, არ მოითხოვს დიდ ანალიზს. ჩვენი ბაზარი ამ ტიპის სერიალს ითხოვს და სხვა რამე რომ ჩაუსვა – მაღალღირებული და რეიტინგული, არ იმუშავებს. კლასიკურ სერიალებს ქმნის ამერიკის ბაზარი, ამერიკული სერიალი კი, არ არის პოპულარული. საპნის ოპერებიდან უკეთესი ხარისხისაა ბრაზილიური, ამასაც ნაკლებად უყურებენ ჩვენთან. მაყურებელი მექანიკურ სტილისტიკას მიეჩვია. მარტივ და გრძნობების გამომწვევ სიუჟეტს – მიტოვებული ბავშვი, მარტოხელა დედა, დაჩაგრული გმირი – ყოველთვის აქვს რეიტინგი,” – აღნიშნავს ვახო მაისურაძე.

რეიტინგს კი, ტელევიზიები ყოვედღიურად იგებენ. ასევე IPM-ს უკვეთავენ სოციოლოგიურ გამოკითხვებს და ფოკუს-ჯგუფებს. კომპანია შეფასებას ტელევიზიას აწვდის, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.

“თავის დროზე მარიო ჩიმარო დაიწუნა ფოკუს-ჯგუფმა, “იმედმა” გარისკა და ამან გაამართლა. რეიტინგული სერიალი იმუშავებს მხოლოდ რეიტინგულ არხზე. პირველი არხი არ არის ძალიან რეიტინგული, რადგან არ არის კომერციული,” – დასძენს მაისურაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მაუწყებელმა რამდენიმე წლის წინ თქვა საპნის ოპერებზე უარი და მძაფრსიუჟეტიანი ამერიკული “ექშენ” სერიალები არჩია. ევროპული სერიალებიდან კი, “პირველი არხი” ძირითადად, იტალიურს და ფრანგულს ირჩევს.

“რაც არ უნდა პოპულარული იყოს და ბევრი მაყურებელი ჰყავდეს, მაინც ვერ უარყოფ, რომ ლათინო-ამერიკული სერიალები უფრო დაბალი ხარისხისაა, ვიდრე ამერიკული ან ევროპული,” – შენიშნავს გაჩეჩილაძე.

თუმცა, რაკი ევროპაში ძირითადად მინისერიალებია (მაქსიმუმ 4-6-12 ეპიზოდი) გავრცელებული, ვაჭრობისას ამის გათვალისწინებაც უწევთ. პირველი არხის გენერალური პროდიუსერის თქმით, მინისერიალი შეიძლება ისე დაიწყოს და დამთავრდეს, რომ მაყურებელი ვერც ჩაუჯდეს – მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით უკეთესი ხარისხისაა.

“არჩევანის გაკეთებისას სულ მახსოვს, რომ ევროპული სერიალი არის ცოტა და თან, შეიძლება ჩაიკარგოს. ამიტომ, ვცდილობთ უფრო გრძელ სერიალებზე გვქონდეს გათვლა,” – დასძენს გაჩეჩილაძე.

რაც შეეხება ამერიკულ სერიალებს, საქართველოში მისი ჩვენების თავისებური მანერა ჩამოყალიბდა. ამერიკელები კვირაში სერიალის ერთ ეპიზოდს უშვებენ და მაყურებელს მისი მოლოდინი აქვს. საქართველოში კი, როცა ამერიკული სერიალები ახალი ხილი იყო, ყიდულობდნენ რამდენიმე სეზონს ერთად და აჩვენებდნენ ყოველ დღე. ახლა ცდილობენ, ამერიკულ მოდელს დაუბრუნდნენ, თუმცა, ჯერჯერობით არ გამოდის, რადგან მაყურებელი არ არის მიჩვეული და ის ერთი სერია იკარგება. ეს უკვე ქართულ სერიალებსაც შეეხო. “ჩემი ცოლის დაქალების” რეჟისორს, გიორგი ლიფონავას ხშირად სმენია პრეტენზია, რატომ არ გადის კვირაში ორი სერია.

“ფაქტობრივად, მხატვრული კინოა და კვირაში ორი სერიის გაშვება შეუძლებელია,” – აღნიშნავს ლიფონავა.

“ტელემუნდოს” სატელევიზიო ბადის მიხედვით, ყველა საათობრივი ზონის სერიალი არსებობს. საქართველოშიც ამის მიხედვით აწყობენ ბადეს. თუ ვერ ახერხებენ – ეს რეიტინგზეც აისახება. მაგალითად, 10-საათიანი ზონის სერიალის აღქმა 8 საათზე უფრო რთულია, შესაბამისად, რეიტინგი არ აქვს მაღალი. დღის საათების სერიალი უფრო მარტივად აღსაქმელი და გასაგებია. მაგალითად, მაყურებელი 10 საათზე ზის სავარძელში და უყურებს კინოს, 8 საათზე კი, თან ელაპარაკება ვინმეს, თან ჭამს და თან უყურებს სერიალს – ამ საათობრივი ზონის ტელენოველას უფრო მარტივი სქემა, ფაბულა და სიუჟეტი აქვს.

საქართველოში ტელესერიალები უფრო სოციალურად დაბალ ფენასა და ქალებზეა გათვლილი, ასაკობრივი კატეგორია კი – 35-40-დან ზემოთ ისაზღვრება. ეს ძირითადად “საპნის ოპერებს” ეხება. ამერიკული და ევროპული სერიალის მაყურებელი კი, ორივე სქესის წარმომადგენელია, თუმცა, ბევრ სროლას და სისხლს – ქალები ნაკლებად წყალობენ.

ამერიკაში პოპულარულ თინეიჯერულ სერიალებს საქართველოში ნაკლები რეიტინგი ერგო. ამიტომაც ახალგაზრდული სერიალის ზონაც საპნის ოპერით ჩაანაცვლეს. ახლა “რუსთავი 2”-ს შაბათ-კვირას დილის 10 საათზე აქვს ისრაელში ძალიან პოპულარული ახალგაზრდული სერიალი – “გაორება”.

“ძალიან ცუდი ზონაა, მაგრამ ეს რომ ჩავსვით 6-საათიანი კურიერის შემდეგ, რეიტინგი არ ჰქონდა. იძულებული გავხდით, შეგვეცვალა ჩვეულებრივი საპნის ოპერით, რომელსაც მეტი რეიტინგი ჰქონდა. ტელევიზია უყურებს რეიტინგს და არა – ამა თუ იმ ასაკობრივი აუდიტორიის მოთხოვნას,” – ამბობს ვახო მაისურაძე.

საქართველოში დაბალი რეიტინგი აქვთ ამერიკულ სიტუაციურ კომედიებსაც, რადგან იუმორის სხვა გარემოზე გადატანა რთულია – რაზეც ეცინებათ ნიუ იორკში, თბილისში არ გაეცინებათ და პირიქით. ის, ამერიკულ სიტუაციაზე მიბმული სუფთა ამერიკული შიდა მოხმარების პროდუქტია, ამიტომ, საქართველოში იღებენ ამერიკული “სიტკომის” ფორმატს და არგებენ ქართულ სიტუაციას, რაზეც მოთხოვნა ძალიან დიდია, მაგრამ რადგან ადგილობრივი წარმოება ძვირი ჯდება, ბევრი ვერ კეთდება. მაგალითად, ამერიკაში პოპულარული – Friends – სატელევიზიო ბადეში არის 7-8-საათიან ზონაში, მის ქართულ ანალოგს – “შუა ქალაქში” – ამ ზონაში ვერ გაუშვებენ, რადგან რეკლამა ნაკლებია. ამას გარდა, ქართული “სიტკომის” შემქმნელები იძულებულები არიან, თითო ან ორი სერია გაუშვან კვირაში, რაც მიჯაჭვულობას არ იწვევს.

პროდიუსინგში ჩართული ადამიანების თქმით, ქართული ადგილობრივი პროდუქცია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა. მათი ინფორმაციით, “იმედის” გადაღებული სერიალები ყოველთვის უწევდა კონკურენციას ამერიკულ სერიალებსაც კი. თუმცა, სერიალის გადაღება პატარა ქვეყნებისთვის ძვირი სიამოვნებაა – რთულია, რომ მან თავის თავი ამოიღოს. შედარებისთვის, ყველაზე პოპულარული ამერიკული სერიალის ერთი ეპიზოდი მაქსიმუმ 1 000 დოლარი ღირს, აქ კი, მართალია სიტუაციური კომედიები უფრო იაფია, თუმცა, ისეთი სერიალების ერთი ეპიზოდი, რომელიც წარმოების თვალსაზრისით ფილმს ჰგავს, 10 000 დოლარამდე ჯდება.

“ქართული სერიალის გადაღებით ორიენტირებული უნდა იყო, რომ სხვაგან გაყიდი, რაც ჯერჯერობით ნაკლებად ხდება. ქართული სერიალი ყველა უცხოურ სერიალს მოუგებს რეიტინგით, მაგრამ წარმოება ძვირია და ამიტომ ნაკლებად ვაწარმოებთ,” – ამბობს პირველი არხის გენერალური პროდიუსერი.

ქართული სერიალების გადაღებას ძირითადად ტელეკომპანია აფინანსებს. ზოგჯერ იდეას და პროექტს – გადამღები ჯგუფი აწვდის – ასე მოხდა, “ყავა და ლუდის” და “ჩემი ცოლის დაქალების” შემთხვევაში, ზოგჯერ კი, თავად ტელეკომპანია იჩენს ინიციატივას, მაგალითად, “ცხელი ძაღლი” და იმ პერიოდში გადაღებული არაერთი ქართული ტელესერიალი – “იმედის” იდეა იყო. ქართველი რეჟისორები სერიალებს უფრო ამერიკული სქემის მიხედვით იღებენ. წესია ასეთია: თუ ფორმატს ყიდულობ, მას ზუსტად უნდა მიყვე, არ უნდა შეცვალო სტრუქტურა და მხოლოდ გადმოაქართულო, ეს კი, საქართველოში არ ხდება. აქ უყურებენ ამერიკულ სერიალებს, იღებენ და არგებენ ახალ რეალობას.

“იმედის” სერიალი “გოგონა გარეუბნიდან” – “უშნო ბეტის” ფორმატია, რაც არაერთ ქვეყანას აქვს გაკეთებული. “შუა ქალაქში” – “ფრენდსის” სქემაზეა აგებული, ხოლო “ჩემი ცოლის დაქალები”-ს შემთხვევაში, პარალელებს სერიალებთან – “სექსი დიდ ქალაქში” და “სასოწარკვეთილი დიასახლისები” – ავლებენ. თუმცა, შემოქმედებითი ჯგუფები მიიჩნევენ, რომ დასახელებული ამერიკული სერიალები იმ კონკრეტული ქვეყნის ადამიანებს, იქაურ სიტუაციებს და პრობლემებს ასახავს, ესენი კი, ქართულ რეალობას არის მორგებული.

როგორც სერიალის – “გოგონა გარეუბნიდან” სცენარისტი ნიკა წულუკიძე ამბობს, მისი პერსონაჟები ზუსტად ისეთი ადამიანები არიან, როგორებიც საქართველოში გვხვდებიან “მარშრუტკაში”, გაჩერებაზე, თეატრში, გასვენებასა თუ ქორწილში.

“როცა თავიდან გადიოდა “გოგონა გარეუბნიდან”, ის ძალიან მოსწონდა თბილისს და ნაკლებად რეგიონებს, რადგან ვფიქრობ, მათთვის უინტერესო იყო ვაკელისა და გლდანელის კონსტრასტი, მაგრამ როცა დავამატეთ სოფელი გურიაში და იქაური პერსონაჟები, სოფელიც გამოყვა. სწორედ მათნაირმა ადამიანებმა გამოიწვიეს ინტერესი და შემდეგ რეიტინგი. ისედაც, თუ პერსონაჟები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მეტყველების მანერით, ლექსიკით, ქმედებით, ჩაცმით და ვიზუალით, მაყურებლისთვის უფრო საინტერესო და ყურებადია,” – დასძენს წულუკიძე და აღნიშნავს, რომ მათი სერიალი საზოგადოებისთვის მისაღებ ღირებულებებზეა ორიენტირებული. მისი თქმით, “შუა ქალაქში” არც ერთი ბოროტი გმირი არ არის, იქ არ გვხვდება ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლა, მაგრამ ამდენი წლის მანძილზე სერიალი მუდამ პირველი იყო რეიტინგში.

“რეალურ ამბებს” “ჩემი ცოლის დაქალების” რეჟისორი გიორგი ლიფონავაც წარმატების მთავარ მიზეზად მიიჩნევს. სცენარისტ ქეთი დევდარიანს სერიალის იდეა სწორედ ქართული “თბილისის ფორუმიდან” მოუვიდა, სადაც ქალები საკუთარ პრობლემებს განიხილავდნენ. “ჩემი ცოლის დაქალებს” კონკრეტული ჟანრი არც აქვს. სცენარისტები ამბობენ, რომ ეს უბრალოდ, მხიარული, რეალისტური სერიალია და თბილისურ ცხოვრებას ასახავს.

ე.წ ვერტიკალური სერიალი, რომელიც დამოუკიდებელი ამბებისგან შედგება, არც საქართველოსთვის არის უცხო. სერიალის – “ყავა და ლუდი” რეჟისორი ზაზა ბუაძე ამბობს, რომ ჰქონდათ ერთ, ორ, სამ და ოთხსერიანი ამბები. თავად სერიალი კი ორიგინალური იყო, თუმცა, ინსპირაცია რამდენიმე დეტექტივმა მოახდინა – “იქს ფაილზი”, “ლეიტენანტი კოლომბო” და “დეტექტიური სააგენტო მთვარის შუქი”. ირონიული დეტექტივის სცენარზე თავად ზაზა ბუაძე და გიორგი ახვლედიანი “ფანტაზიორობდნენ”.

“ვიღებდით ჩვენზე და ჩვენნაირებზე, ინსპირაცია კი რეალური ცხოვრებიდან იყო, იმის გამოკლებით, რომ ამდენი დეტექტიური ისტორია არ გადაგვხდენია თავს. მაგალითად, კოკა ჯაფარიძის ცოლს თამაშობს ჩემი რეალური მეუღლე, როცა კონფლიქტი გვქონია და მე გავჩუმებულვარ, მაიას უკივლია, ახლა ამას ისევ გამოიყენებ სერიალშიო,” – იხსენებს ზაზა ბუაძე.

კინომცოდნე მაია ლევანიძის შეფასებით, ბოლო წლებში ქართული სერიალების ტენდენციები შეიცვალა. მაგალითად, “ცხელი ძაღლი” და “ყავა და ლუდი” – განსხვავებული იყო, აქცენტი გმირებზე კეთდებოდა, ყოველი სერია იყო დასრულებული და მეორე ეპიზოდში სხვა სიუჟეტი ვითარდებოდა, ამ წყებას კი, რამდენიმე გმირი და საერთო პროფესია აერთიანებდა.

“ახლა საქართველოში გავრცელებული “სიტკომები” იგება რამდენიმე ტიპზე, მათ ხასიათსა და იმ სიტუაციაზე, რომელიც იქ ვითარდება. სერიალში – “შუა ქალაქში” – ყველაზე კარგად იყო დამუშავებული გმირები და მათი ხასიათები, მაგრამ პარალელურად არის “სიტკომები”, რომელიც გათვლილია ახალგაზრდებზე და არის მდარე ხარისხის. ეს გამოიხატება იმაში, რომ გმირების ხასიათი არ არის გამოკვეთილი, აქცენტია ადამიანებზე, რომლებიც სულელის როლის თამაშით ახერხებენ მაყურებლის გაცინებას. მასობრივ მაყურებელზეა გათვლილი, რომლის ერთი ნაწილი მიმბაძველობით ისევე იქცევა, როგორც სერიალის გმირები – აკოპირებს გმირების ცხოვრების სტილს, დიალოგებს, მეტყვეელებას,” – ამბობს ლევანიძე და აღნიშნავს, რომ საქართველოში არ მიყვებიან სერიალის დამახასიათებელ ფორმატს – რომ უნდა იყოს დადებითი და უარყოფითი გმირი, ინტრიგა, კულმინაცია და მოლოდინი..

“ახლა გადის ორი ძირითადი სერიალი – “გოგონა გარეუბნიდან” და “ჩემი ცოლის დაქალები”. ორივეს აქვს მცდელობა, განავითაროს და განფინოს სიუჟეტი, მაგრამ ინტრიგა არ არის, რაც აუცილებელია. ასევე, დასავლეთში ჟანრს დიდ ყურადღებას აქცევენ, ჩვენთან კი, იგნორირებულია. სერიალში ჟანრი თუ არაა, ან კომედიური, ან დეტექტიური, ან აღრეული – სიუჟეტები და ფაბულა ვერ ვითარდება.”

კინომცოდნე მანანა ლეკბორაშვილი კი ფიქრობს, რომ საქართველოში სერიალების არსი გაურკვეველია. მისი აზრით, გაუაზრებელია გადამწყვეტი განსხვავება მხატვრულ ფილმსა და სერიალს შორის. ამის თქმის საფუძველს ლეკბორაშვილს სერიალის – “ქაღალდის ტყვია” – რეჟისორის განცხადება აძლევს, რომელმაც ჯერ თქვა, რომ სერიალი გადაიღო როგორც მხატვრული ფილმი. შემდეგ კი, მაყურებელს ურჩია, პირველ სამ სერიას მოთმინებით უყუროს და შემდეგ “ყველაფერი გასაგები გახდება”.

“სხვადასხვა ტიპის ტელესერიალის შემთხვევაში მაყურებლისთვის გამიზნული სატყუარა სხვადასხვა ტიპის და სხვადასხვა ხარისხის შეიძლება იყოს – იქნება ეს ეგზოტიკური ანტურაჟი, მძაფრი ვნებები, მოულოდნელი სიუჟეტური სვლები, ჩახლართული ინტრიგა თუ სხვა, ეს უკვე დამოკიდებულია სერიალის ჟანრზე, მიზნობრივ აუდიტორიაზე, დაფინანსებაზე. მაგრამ სატყუარა უნდა არსებობდეს. როცა მაყურებელს სთხოვ, მოთმინებით უყუროს სამ სერიას და მხოლოდ მერე პირდები სიტუაციაში გარკვევას, ეს არასერიოზულია. სერიალი მაშინ ასრულებს თავის დანიშნულებას, თუ ის ნებისმიერ წერტილში ჩართვისას ახერხებს მაყურებლის “დაბმას”, ანუ თუ მას აქვს არამც თუ სერიათა შორის და შიდასერიული ინტრიგა, არამედ შიდა ეპიზოდური, შიდა სცენური და შიდა კადრულიც კი,” – მიიჩნევს ლეკბორაშვილი.

“მაყურებლის დაბმა” და უწყვეტი სერიები, რაც მაყურებელს აიძულებს, მუდმივად ადევნოს თვალი მათ, რეკლამის მიმწოდებლის ინტერესებში შედის. გართობის გარანტია კი დრამატურგიული სტრუქტურაა.

“თხრობა წყდება კულმინაციურ მომენტში, რაც მაყურებლის ცნობისმოყვარეობას ააქტიურებს და აიძულებს მომდევნო სერიის ყურებას. ყველა ეპიზოდი მთავრდება დაპირებით, რომ თხრობის ხაზი სხვა ეპიზოდში განვითარდება” – ვკითხულობთ მარიკა ასათიანის წიგნში – “კულტურის სოციოლოგია”.

სერიალის ძირითადი ფუნქცია კი, რეკლამასთან ერთად, ალბათ მაინც ამა თუ იმ მაუწყებლის ახალი ამბის “გასაღებაა”. “პიკის” გენერალური პროდიუსერი, ვახო მაისურაძე ამბობს, რომ ნებისმიერი არხის მამოძრავებელი ძალა ყოველდღიური და მრავალსერიიანი სერიალია, რადგან სწორედ მან უნდა მიიყვანოს მაყურებელი “ნიუსამდე”. მისი თქმით, ძლიერი საინფორმაციო სამსახურის მქონე ტელევიზიისთვის სერიალის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ მაყურებელი არხზე დატოვოს – 5-საათიანმა სერიალმა მიიყვანოს 6-საათიან საინფორმაციომდე, 7-საათიანმა სერიალმა კი, 8-საათიან საინფორმაციომდე ანუ ნებისმიერ ტელევიზიას, რომელიც ანიჭებს დიდ მნიშვნელობას “ნიუსს” – სჭირდება სერიალი.

 

ავტორი: მარი ახსიაშვილი

წყარო:24saati.ge