loading...

«

»

მაი 28

ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის სრული ტექსტი

ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით მიმართა:

ჩემო საყვარელო ხალხო, მოგესალმებით!

ბედნიერი ვარ, რომ თქვენ გვერდით, საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი სამშობლოს გვერდით ვდგავარ!
საქართველოს გარდა მე სხვა სამშობლო არ გამაჩნია! მე საქართველოს მოქალაქეობა თქვენ უკვე მომანიჭეთ! მე საქართველოს მოქალაქე ვარ, რადგან არავინ მიყვარს ისე, როგორც ჩემი ხალხი, ჩვენი საქართველო!
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიწყებთ ბრძოლას ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის!

დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა პასუხისმგებლობამ ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე. ჩვენი ერთობა, ჩვენი სიმრავლე ადასტურებს იმას, რომ ფუჭად არ ჩაუვლია ჩვენი წინაპრების ბრძოლას და თავდადებას. გავიხსენოთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი გმირები. გავიხსენოთ, აი, აქ, ამ მოედანთან ახლოს, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულები. გავიხსენოთ ისინიც, ვინც შარშან 26 მაისის ღამეს ხელისუფლების გაუგონარი ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. მოდით, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას…
ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ძლიერი, განვითარებული, ბედნიერი საქართველო. ჩემი ოცნება იყო ქართული სახელმწიფო, როგორც თავისუფალი ადამიანების საზოგადოება, სახელმწიფო, სადაც მისი ყოველი მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, სადაც პატივს სცემენ ადამიანის ღირსებას და ყველას აქვს საშუალება, საკუთარი ნიჭითა და შრომით მიაღწიოს წარმატებას.
ასეთი იყო ჩემი ოცნება და ასეთად რჩება დღესაც. მთელი ჩემი ცხოვრება, შეძლებისდაგვარად, ვცდილობდი, ვყოფილიყავი არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ქვეყნის სამსახურში; ჩემი რესურსების გამოყენებით ხელი შემეწყო სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის, ვცდილობდი დავხმარებოდი ადამიანებს გარდამავალი პერიოდის სირთულეების გადატანაში, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ გარდამავალი პერიოდის დასრულებას არა და არ დაადგა საშველი.

იცვლებოდა ხელისუფლება, მაგრამ ქვეყანა ერთი ჩიხიდან მეორე ჩიხში შედიოდა. ასეა დღესაც, ამ მოჯადოებულ წრეში ტრიალი უკვე კრიტიკულ ზღვრამდე მივიდა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვყავს უგუნური მმართველი, რომელიც დღითი დღე კარგავს საღ აზრს! ამას ყოველი ჩვენგანი კარგად ხედავს. ხედავენ ისინიც, ვინც ჯერ კიდევ იძულებულნი არიან შეასრულონ მისი უკანონო, ხშირ შემთხვევაში, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები!
ჩვენ კარგად ვიცით, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე. მე ნათლად დავინახე, რომ ხელისუფლების უგუნურება იქამდე მივიდა, რომ ის უკვე სერიოზული საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის. მე დავინახე, რომ თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ყველანი სამშობლოს დავკარგავთ.
ამიტომაც, პოლიტიკაში ყოფნა, პოლიტიკური ბრძოლა მმართველი რეჟიმის შესაცვლელად, ჩემი სურვილი კი არ არის, არამედ ჩემი მოვალეობაა. ეს არის თითოეული ჩვენგანის, საქართველოს ყველა მოქალაქის მოვალეობა, ეს არის ჩვენი ღირსების საქმე!

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, ყოფნა-არყოფნის საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! თუმცა, გამარჯვებისთვის მარტო სურვილი არ კმარა, გამარჯვებისთვის არ კმარა თავდადებული შრომაც კი, გამარჯვებისთვის არ კმარა არც მხოლოდ თავგანწირვა, გამარჯვებისთვის აუცილებელია კარგად გააზრებული, მკაფიო გეგმა, რომელიც სურვილსაც, თავგანწირვასაც და შრომასაც ერთიან კალაპოტში მოაქცევს და ერთი მიზნისკენ მიმართავს.
მიზნის მისაღწევად პროცესის თავიდან ბოლომდე გააზრება და დაგეგმვა ბუნებაში მაქვს, ეს ჩემი ხასიათია. ჩემი პირველი განცხადებიდან 7 თვე გავიდა და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც ვგეგმავდი და გააზრებული მქონდა.
ამ გააზრებული გეგმით მოვედით დღემდე და გარწმუნებთ, დღეიდან პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს, უკვე შეუძლებელია დაწყებული პროცესების შეჩერება, მით უფრო, ამ პროცესების შემობრუნება. ხელისუფლებამ რაც არ უნდა დაგეგმოს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ეს ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე მივა და ჩვენი გამარჯვებით დასრულდება!

გასული შვიდი თვის განმავლობაში ჩვენ შევძელით ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ერთ გუნდად გაერთიანება. და ეს, არც ისე ადვილი იყო. ჩემი კოლეგები უნდა დამერწმუნებინა, რომ დროებით გადაედოთ ყველა სადავო საკითხი და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შეთანხმებულიყვნენ ერთიან პლატფორმაზე.
ამ თვეების განმავლობაში ჩვენმა გუნდმა უზარმაზარი სამუშაო გასწია. ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“, ჩვენ შევძელით და მთელ საქართველოში შევქმენით რეგიონალური სტრუქტურები – შტაბები. ყოველივე ამას ჩვენ ვაკეთებდით ხელისუფლების მხრიდან ისტერიული ძალადობისა და უბადრუკი საძაგლობების ფონზე. ჩვენ ეს შევძელით, რადგან ამ ბრძოლაში ჩვენ მხარესაა ქართველი ხალხის ნება, რომელსაც არ სჩვევია მონობაში ცხოვრება. ჩვენ მხარესაა თანამედროვე პოლიტიკური და კულტურული ტრადიცია, ჩვენ მხარეს არიან ქვეყნები, რომლებმაც დემოკრატია და თავისუფლება სახელმწიფოს ფუნდამენტში ჩადეს. ხოლო ჩვენ წინააღმდეგ არის ერთი მშიშარა კაცი – ტრადიციას, თანამედროვეობას, რეალობას მოწყვეტილი, რომელსაც სიცრუისა და ძალადობის გარდა, არგუმენტი აღარ დარჩენია.

ჩვენ დღეს ვიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრძოლაში თქვენ გვერდით ვარ, საქართველოს მოქალაქეების გვერდით, სამშობლოს გვერდით!
ჩვენი მიზანია არა ვინმეს დამარცხება, არამედ საქართველოს გამარჯვება.
დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას იმისთვის, რომ მკვეთრად შევცვალოთ საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრება უკეთესობისკენ.
მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო ეს, რადგან ბავშვობიდან ვშრომობ, კარგად ვიცი, რას ნიშნავს მრავალშვილიანი ოჯახის გაჭირვება. გლეხის შრომის ფასიც ვიცი, სწავლასთან ერთად მუშაობის სიმძიმეც გამომიცდია. მძიმე შრომის ფასად ბიზნესში დიდ წარმატებასაც მივაღწიე და კეთილსინდისიერებაც შევინარჩუნე, თუმცა, ეს არ იყო ადვილი საქმე.
ისიც კარგად ვიცი, რომ ერთი ადამიანი ვერ იქნები ბედნიერი, რაც არ უნდა წარმატებული იყო, თუ შენს სამშობლოს მრავალი გასაჭირი ადგას.

სწორედ ამიტომ, თავს უფლებას მივცემ და ხელისუფლების მაღალი ეშელონებისა და ქართველი ბიზნესმენების გასაგონად ვიტყვი: ვერანაირი პირადი მატერიალური კეთილდღეობა ვერ მოგანიჭებს ბედნიერებას, როდესაც შენი ხალხი უბედურია, როდესაც მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ბანკის ვალი ახრჩობს, როდესაც გისოსებს მიღმა უდანაშაულო ადამიანები იტანჯებიან, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. ეს უნდა დასრულდეს!
დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას იმისთვის, რომ სახელმწიფოს მთავარი ღირებულება და საზრუნავი გახდეს ადამიანი და რომ ყველა მოქალაქე თანასწორი იყოს კანონის წინაშე.
ჩვენ ვიწყებთ, რათა დავამკვიდროთ თავისუფალი ბიზნესგარემო, ხელი შევუწყოთ მეწარმეობის განვითარებას, შევქმნათ საკუთრების ხელშეუხებლობისა და დასაქმებულთა სოციალური დაცვის გარანტიები, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს უმუშევრობის დაძლევას და სამუშაო ადგილების შექმნას.
უმუშევრობის პრობლემა მოკლე ხანში მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი შესაძლებლობის შესატყვისი სამსახურის პოვნა და ამით ოჯახის რჩენა და ჩვენ ამას შევძლებთ!

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დასაქმება, რათა მათ ჰქონდეთ შრომისა და წარმატებული კარიერის პერსპექტივა საკუთარ სამშობლოში და არა სადმე სხვაგან.
ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას სამართლიანი სასამართლოსთვის და სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებისათვის, რათა სამართალი დავუბრუნოთ ხალხს.
ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას საქართველოს გაერთიანებისთვის, რათა გამთლიანებული, დემოკრატიული და წელში გამართული საქართველო გახდეს ეროკავშირის, ნატო-ს, საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი.
ჩვენ შემუშავებული გვაქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების დეტალური პროგრამა ყველა მიმართულებით. ჩვენ არ დაგპირდებით არაფერს ისეთს, რისი შესრულებაც არ არის შესაძლებელი და რაც არ შეგვიძლია. ყოველი ჩვენი დაპირება რეალური და კარგად დათვლილია.

რეალური პოლიტიკა, რეალური ნაბიჯები, ეს არის ის, რასაც გპირდებით. ჩვენ ვერ მოვახდენთ სასწაულს, მაგრამ გავაკეთებთ შესაძლებლის მაქსიმუმს.
საარჩევნო კამპანიის განმავლობაში წარმოგიდგენთ ჩვენს გეგმებს და თქვენთან ერთად, თქვენი თანამონაწილეობით მივცემთ საბოლოო სახეს საქართველოს განვითარების პროგრამას. ამჯერად კი, ორიოდ სიტყვით შევჩერდები ჩვენს პრიორიტეტებზე.
თუკი ამ ხელისუფლების პრიორიტეტი არის საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება და შენარჩუნება, ჩვენი პრიორიტეტი იქნება თითოეული მოქალაქის თავისუფლება და კეთილდღეობა.
არ არსებობს იმაზე დიდი ღირებულება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეა. საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი, ცივილიზებული სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა.

დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას, რათა დავძლიოთ ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კატასტროფული ვითარება. მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის სამედიცინო მომსახურება ხელმიუწვდომელია. ძვირი ღირს საავადმყოფოში დაწოლა, ძვირია წამლები, ძვირია ოპერაციის გაკეთება. ჩვენ დღეს პირველები ვართ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მოზარდთა სიკვდილიანობით, ჩვენ დღეს პირველები ვართ დედათა და 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობით.
ჩვენი პოლიტიკა ჯანდაცვის სფეროში ორიენტირებული იქნება ადამიანზე, თითოეულ მოქალაქეზე. ჩვენ მოვსპობთ მონოპოლიებს და შევქნით კონკურენტუნარიან გარემოს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო სამედიცინო მომსახურების სადაზღვევო პაკეტს საქართველოს ყველა მოქალაქეს და არა ყოველ მეორეს, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება ჰპირდება ხალხს და მისი დაპირების ფასიც კარგად ვიცით.

დღეს ჩვენ ვიწყებთ, რათა ისე შევცვალოთ ქვეყნის მართვა, რომ უმოკლეს დროში ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლება. აუცილებელია ყველა სოფელში მოქმედებდეს სკოლა, რომელთა უმრავლესობა ეგრეთწოდებული ოპტიმიზაციის საბაბით დაიხურა. სოფლის სკოლაზეა დამოკიდებული არა მარტო განათლების საკითხი, არამედ მოსახლეობის ადგილზე დამაგრება, ისტორიული კუთხეების დაცლისგან გადარჩენა.
მრავალი გაჭირვება გამოიარეს ჩვენმა პედაგოგებმა და თითქმის უხელფასობის პირობებში უარი არ უთქვამთ პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე. ახლა კი, სულ იმის შიში აქვთ, რომ შეიძლება, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვონ სკოლებიდან. ვპირდებით მათ, რომ მიეცემათ ღირსეული საქმიანობის შესაძლებლობა, ექნებათ სათანადო ხელფასი, სოციალური დაცვა და, რაც ყველაზე მთავარია, მათ ვერავინ ვეღარ გაათავისუფლებს სამსახურიდან პირადი თუ პოლიტიკური მოტივების გამო.

დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას სოფლის ფეხზე დაყენებისთვის. დღეს სოფელი დაცლილი და წელში გატეხილია. გლეხს აკლია ტექნიკა, თესლი, აკლია საწვავი, აკლია სასუქი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკის აღმავლობაში მნიშვნელოვანი წილი სოფლის მეურნეობაზე მოდიოდეს. დღეს საქმე იქამდეა მისული, რომ ხშირად გლეხს გადასახადისა და სხვა ხარჯების შესატყვისი მოსავლის აღებაც უჭირს.
ჩვენ გვაქვს სათანადო გამოცდილება და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ გამოცდილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით შევასხამთ ხორცს. შემუშავებული გვაქვს პროგრამები იმისათვის, რომ ფეხზე დავაყენოთ თითოეული გლეხი, თითოეული ოჯახი, ავაღორძინოთ სოფელი, რომელიც საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის აღორძინებას ნიშნავს. ხელი შევუწყოთ როგორც ფერმერული, ისე საოჯახო და კოოპერაციული მეურნეობების შექმნას ქვეყანაში. შევქმნით სპეციალურ ფონდს, რომელიც დაეხმარება ყველას, ვინც დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. ამით სოფელში გლეხი დამაგრდება, ახალგაზრდობას სტიმული მიეცემა და ქვეყანაც წელში გაიმართება.

ჩვენ ვიწყებთ, რათა პენსიონერებს ჰქონდეთ ისეთი პენსია, რომ ღირსეულად ცხოვრება შეეძლოთ; ჩვენს ომისა და შრომის ვეტერანებს პატივი მივაგოთ და სათანადო სოციალური შეღავათებით უზრუნველვყოთ.
ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, როგორ უნდა დავძლიოთ და გადავჭრათ ეს პრობლემები.
ჩვენ დღეს ვიწყებთ, რათა ხვალ საქართველოსა და მთელი მისი მოსახლეობის მდგომარეობა შევცვალოთ უკეთესობისკენ, სამართლიანობისა და თანასწორობისკენ. ვიწყებთ სრულფასოვან საარჩევნო კამპანიას და უკვე ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს ქვეყანაშიც და საზღვარგარეთაც.
ბევრი ლაპარაკია იმაზე, რომ მთავარი საფრთხე შიშის დაძლევაა და რომ ქართველი ამომრჩეველი შიშის გამო საარჩევნო ურნებთან თავისუფალ არჩევანს ვერ გააკეთებს.

მეც ასე მეგონა, თუმცა დღეს დავრწმუნდი, რომ გამბედაობაზე და შიშის დათრგუნვაზე ლაპარაკი იმ ხალხთან, იმ ქალაქში, რომელიც არ შეშინებია ყველაზე სასტიკ დამპყრობელსაც კი, სასაცილოა. არ შეიძლება, ქართველებს ჰკადრო, რომ სააკაშვილის ეშინიათ. რეალურად ეს შიში კი არ არის, ეს უნდობლობაა, რომელიც გაუჩნდა ჩვენს ხალხს, რადგან ბევრჯერ დარჩა პოლიტიკოსებისგან გაწბილებული.
ამიტომ დღეს, პირველ რიგში, თქვენი ნდობა გვაქვს მოსაპოვებელი. ამჯერად თქვენი იმედი არ გაცრუვდება, მოქალაქეობრივი ღირსება არ შეილახება. ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით ბოლომდე. და დღეს, აქ, საზეიმოდ, მე გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთან ერთად, რათა ყველამ ერთად ავიხდინოთ ჩვენი ოცნება!

ჩემი ოცნებაა, დადგეს ის დღე, როდესაც ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, სადაც მათზე იმსჯელებენ არა სოციალური მდგომარეობის, არამედ იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენენ ისინი!
ჩვენი ოცნებაა, თითოეული ადამიანი იყოს სამშობლოს სამსახურში, იყოს ბედნიერი და წელგამართული.
ჩვენი ოცნებაა, საქართველოში დაცული იყოს ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება; სასამართლო იყოს სამართლიანი, მედია – დამოუკიდებელი, ბიზნესი – ხელშეუხებელი.
ჩვენი ოცნებაა, ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და პოლიციელებს მიეცეთ შესაძლებლობა, ღირსეულად ემსახურონ სახელმწიფოს და არა რომელიმე ხელისუფალს.

ჩვენი ოცნებაა, ისეთი ქვეყანა, სადაც არავის აღარ დასჭირდება ლუკმაპურის საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწა და მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველებიც უკან დაბრუნდებიან.
ჩვენი ოცნებაა, ისეთი საქართველო, სადაც ჩვენი დევნილები თავიანთ სახლებში შეძლებენ ცხოვრებას.
ჩვენი ოცნება საერთოა – ქართველების, ოსების, აფხაზების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, სომხების, რუსების, ბერძენებისა და სხვა ერების – მშვიდობიანად აღვადგინოთ ქვეყნის ერთიანობა და შევქმნათ ისეთი ქვეყანა, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის!

ჩვენი ოცნება ისეთი ქვეყნის შექმნაა, რომლითაც იამაყებენ ჩვენი თანამედროვენი და მომავალი თაობები! ჩვენი ოცნებაა საქართველო იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი!
დღეიდან საქართველოში თუ საქართველოს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან მივიტანთ ჩვენს სათქმელს; ხმას მივაწვდენთ ყველას – ყველა ქალაქს, ყველა რეგიონს, ყველა სოფელს!
ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო თანამებრძოლებო!

ამ ბრძოლაში ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით! მხოლოდ ერთად დგომით მოვიგებთ ამ ბრძოლას!
ჩვენ ვიწყებთ დღეიდან, რადგან ჩვენ გვწამს და მტკიცედ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში, საქართველო გაიმარჯვებს, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას.

ჩემო საყვარელო ხალხო!
ჩვენი დღევანდელი შეხვედრის დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. დღეს ჩვენ დავიწყეთ საარჩევნო კამპანია, დავიწყეთ თქვენთან ერთად. ხვალიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება ჩვენი შტაბები – ყველგან, მთელს საქართველოში. გელოდებით ყველას! აქტიურად ჩაერთეთ მუშაობაში! თითოეული თქვენგანის მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენ ერთი წამითაც არ შევწყვეტთ მუშაობას. ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩება არც ერთი ქალაქი, არც ერთი სოფელი, ყველას შევხვდებით.
7 ივნისს ქუთაისი გველოდება, ასეთი აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართება და შემოდგომისთვის მთელ საქართველოს ერთ მუშტად შევკრავთ!
ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ბრძოლას, გპირდებით!
გვახსოვდეს, შემოდგომაზე არჩევნებში გამარჯვებით ჩვენი ოცნებების ასრულება იწყება!

 

წყარო: opinion.ge